არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2015

უხუცესებო, მოამზადეთ ძმები!

უხუცესებო, მოამზადეთ ძმები!

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლ. 3:1).

1, 2. რა შენიშნეს სარაიონო ზედამხედველებმა მრავალი კრების მონახულების შემდეგ?

სარაიონო ზედამხედველი უხუცესთა საბჭოსთან შეხვედრას ასრულებს. იგი გამრჯე უხუცესების სახეებს შეჰყურებს და მათ მიმართ თბილი გრძნობებით იმსჭვალება. ამ უხუცესთა შორის ზოგი მას ასაკით მამად ეკუთვნის. თუმცა სარაიონო ზედამხედველი ცოტა შეწუხებულიცაა. ამიტომ იგი უხუცესებს კითხვას უსვამს: „ძმებო, რა იღონეთ იმისათვის, რომ თქვენს კრებაში ძმები პასუხისმგებლობების მისაღებად მოგემზადებინათ?“. უხუცესებს გაახსენდათ, თუ რისკენ მოუწოდა მათ სარაიონო ზედამხედველმა ბოლო მონახულების დროს — მათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექციათ ძმებისთვის და ისინი პასუხისმგებლობების მისაღებად მოემზადებინათ. როგორც იქნა, ერთმა ძმამ გაბედა და თქვა: „გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი არაფერი გაგვიკეთებია“. სხვა უხუცესებმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს.

2 უხუცესებო, სარაიონო ზედამხედველს თქვენთვისაც რომ დაესვა ეს კითხვა, ალბათ მსგავს პასუხს გასცემდით. სარაიონო ზედამხედველებმა მთელი მსოფლიო მასშტაბით მრავალი კრების მონახულების შემდეგ შენიშნეს, რომ უხუცესებს მეტი შრომა მართებთ ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ძმების მოსამზადებლად, რათა ისინი მათ სამწყსოზე ზრუნვაში შეეხიდონ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი საქმე არ არის. რატომ ვამბობთ ამას?

3. ა) როგორ ამახვილებს წმინდა წერილები ყურადღებას ძმების მომზადების აუცილებლობაზე და რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ რჩევით ჩვენც? (იხილეთ სქოლიო) ბ) რატომ შეიძლება ზოგ უხუცესს გაუჭირდეს კრებაში ძმების მომზადება?

 3 თქვენ, როგორც კრების სულიერ მწყემსს, ალბათ კარგად გესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძმების მომზადება. * კრების სულიერად განმტკიცებისთვის და ახალი კრებების ჩამოსაყალიბებლად უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებელი ძმაა საჭირო (წაიკითხეთ ესაიას 60:22). უხუცესებო, თქვენ ისიც კარგად უწყით, რომ ღვთის სიტყვა სხვების სწავლებისკენ მოგიწოდებთ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:2). ამის მიუხედავად, სტატიის დასაწყისში მოხსენიებული უხუცესების მსგავსად, შესაძლოა თქვენთვისაც რთულია ძმების მომზადება. როგორც წესი, თქვენ ზრუნავთ ოჯახზე, მუშაობთ, კრებაში უამრავი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და არაერთ გადაუდებელ საქმეს ხართ შეჭიდებულნი. ამ ყველაფრის გამო, ერთი შეხედვით, დრო არ გრჩებათ კრებაში ძმების მოსამზადებლად. სწორედ ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძმების მომზადება.

მომზადება აუცილებელია

4. რა შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგი უხუცესი დროს ვერ გამოყოფს ძმების მოსამზადებლად?

4 რა შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგი უხუცესი დროს ვერ გამოყოფს ძმების მოსამზადებლად? უხუცესი შესაძლოა ფიქრობს: „მართალია, ძმების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ კრების სხვა გადაუდებელ საქმეებთან შედარებით, ეს საქმე მოიცდის. თუ ცოტა ხნით გადავდებ ძმების მომზადების საქმეს, ამით არც არაფერი დაშავდება და არც კრებას მიადგება ზიანი“. უხუცესებო, მართალია, თქვენ ბევრი გადაუდებელი საქმე გაქვთ, მაგრამ, თუ ძმების მომზადებას გადადებთ, ამან შესაძლოა კრების სულიერობას შეუქმნას საფრთხე.

5, 6. რის სწავლა შეგვიძლია მძღოლის მაგალითზე კრებაში ძმების მომზადებასთან დაკავშირებით?

5 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მძღოლმა იცის, მანქანამ რომ გამართულად იმუშაოს და ძრავა მწყობრიდან არ გამოვიდეს, აუცილებელია ზეთის რეგულარულად გამოცვლა. თუმცა შესაძლოა ფიქრობს, რომ ზეთის შეცვლა ისეთი საჩქარო არაა, როგორც ავზის საწვავით შევსება, ვინაიდან საწვავის გარეშე მანქანა ვერ გადაადგილდება. ამიტომ მძღოლმა შეიძლება იფიქროს: „ახლა ზეთის შესაცვლელად დრო არა მაქვს, ძრავა ჯერ კიდევ იმუშავებს . . . ცოტა ხნით მაინც“. მაგრამ არსებობს საშიშროება: თუ მძღოლი დროულად არ გამოცვლის ძრავაში ზეთს, ერთ მშვენიერ დღეს მანქანა მწყობრიდან გამოვა, მის შეკეთებას კი უფრო მეტი დრო და სახსრები დასჭირდება. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან?

6 კრებაში უხუცესებს მრავალი გადაუდებელი საქმის კეთება უწევთ. თუ ისინი სხვაგვარად მოიქცევიან, ეს კრებაზე უარყოფითად აისახება. მაგალითში მოხსენიებული მძღოლის მსგავსად, რომელიც გამუდმებით ამატებს ავზში საწვავს, უხუცესებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თუმცა ისინი უნდა დარწმუნდნენ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10). მაგრამ ზოგი უხუცესი იმდენად დაკავებულია კრების გადაუდებელი საქმეებით, რომ შესაძლოა მხედველობიდან რჩებათ ძმების მომზადების საქმე, ანუ მაგალითის ენით რომ ვთქვათ, აღარ ცვლიან ძრავაში ზეთს. ასე რომ, თუ უხუცესები ძმების მომზადების საქმეს ყოველთვის სამომავლოდ გადადებენ, ადრე თუ გვიან, კრებაში ამა თუ იმ პასუხისმგებლობის  შესასრულებლად აღარ იქნებიან საკმარისი რაოდენობით გამოცდილი ძმები.

7. რა აზრისანი უნდა ვიყოთ უხუცესებზე, რომლებიც გამოუცდელი ძმების მოსამზადებლად დროს არ იშურებენ?

7 ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ძმების მომზადების საქმე ნაკლებად მნიშვნელოვანია. უხუცესები, რომელთაც კრების მომავალი აღელვებთ და გამოუცდელი ძმების მოსამზადებლად დროს გამოყოფენ, გონიერი მმართველები არიან და კრებისთვის ნამდვილად კურთხევას წარმოადგენენ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:10). თუმცა, ისმის კითხვა: რატომ ვამბობთ ამას?

დროის გონივრულად გამოყენება

8. ა) რა თვისებები უნდა ჰქონდეს უხუცესს და რა უნდა აფიქრებდეს მას, რომ შეძლოს ძმების მომზადება? ბ) რა უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, რომლებიც იქ მსახურობენ, სადაც დიდი საჭიროებაა? (იხილეთ ჩარჩო „ უდიდესი პასუხისმგებლობა“)

8 ყველაზე გამოცდილმა უხუცესებმაც კი, თავმდაბლობა უნდა გამოავლინონ და აღიარონ, რომ რაც უფრო მოემატებათ წლები და ხანში შევლენ, მით უფრო ნაკლებად შეძლებენ კრებისთვის დახარჯვას (მიქ. 6:8). ამასთანავე, ისინი რეალისტები უნდა იყვნენ და მხედველობაში იქონიონ, რომ „დრო და შემთხვევის“ გამო, მათ შესაძლოა გაუჭირდეთ კრებაში თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება (ეკლ. 9:11, 12; იაკ. 4:13, 14). ამგვარად, „ცხვრის“ კეთილდღეობით დაინტერესებული შორსმჭვრეტელი უხუცესები ახალგაზრდა ძმებს უზიარებენ იეჰოვასადმი წლების მანძილზე მსახურებაში დაგროვილ გამოცდილებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:17, 18).

9. მომავალში მოსახდენი რომელი მოვლენის გამო არის მეტად მნიშვნელოვანი ძმების მომზადება?

9 კიდევ რატომ წარმოადგენენ კრებისთვის კურთხევას ის უხუცესები, რომლებიც ძმებს პასუხისმგებლობების მისაღებად ამზადებენ? ისინი განამტკიცებენ კრებას. მათი ძალისხმევის წყალობით უფრო მეტი ძმა შეძლებს კრების დახმარებას, რათა ის იყოს მტკიცე და ერთიანი, არა მარტო ახლა, არამედ განსაკუთრებით დიდი გასაჭირისას, როდესაც მშფოთვარე პერიოდი დადგება (ეზეკ. 38:10—12; მიქ. 5:5, 6). ამრიგად, ძვირფასო უხუცესებო, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გადადებთ და დღესვე დაიწყეთ ძმების მომზადება!

10. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დროის გამონახვა ძმების მოსამზადებლად?

10 უხუცესებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენ ისედაც გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, ვინაიდან კრებაში მნიშვნელოვან საქმეებზე გიწევთ ზრუნვა. თუმცა, კრების საქმეებისთვის გამოყოფილი დრო შეგიძლიათ ძმების მომზადებასაც დაუთმოთ (ეკლ. 3:1). თუ ასე მოიქცევით, დროს გონივრულად გამოიყენებთ.

შექმენით სასიამოვნო გარემო

11. ა) რა მხრივ აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები უხუცესების მიერ გამოთქმული აზრები საინტერესო? ბ) რატომ ღირს უხუცესების რჩევების განხილვა, თუ მხედველობაში მივიღებთ იგავების 15:22-ში ჩაწერილ სიტყვებს?

11 ახლახან მრავალ ქვეყანაში გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოცდილ უხუცესებს ვთხოვეთ, საკუთარი აზრები გაეზიარებინათ იმის თაობაზე, თუ როგორ აღწევენ წარმატებას ძმების მომზადების საქმეში. * მართალია, ამ ძმების მდგომარეობა არსებითად განსხვავდება ერთიმეორისგან, მაგრამ მათი რჩევები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ბიბლიაზე დაფუძნებულ სწავლებას მოსწავლეებისთვის სიკეთე მოაქვს „ყველგან, ყველა კრებაში“ — სწორედ ისე, როგორც პავლე მოციქულის დროს (1 კორ. 4:17). წინამდებარე და მომდევნო სტატიებში განვიხილავთ ზემოთ მოხსენიებული უხუცესების რჩევებს (იგავ. 15:22). ამ სტატიებში უხუცესს პირობითად მასწავლებელს ვუწოდებთ, გამოუცდელ ძმას კი — მოსწავლეს.

12. როგორი გარემო უნდა შექმნას მასწავლებელმა და რატომ?

 12 მასწავლებელმა მოსწავლეს სასიამოვნო გარემო უნდა შეუქმნას. მებაღის მსგავსად, რომელიც თესლის დათესვამდე ჯერ მიწას ამუშავებს, მასწავლებელმაც მოსწავლის გული სწავლის დაწყებამდე უნდა მოამზადოს. წამოიჭრება შეკითხვა: როგორ უნდა შექმნას მასწავლებელმა სწავლისთვის სასიამოვნო გარემო? მან ისეთივე მეთოდს უნდა მიმართოს, როგორსაც ძველად მცხოვრები ერთი წინასწარმეტყველი მიმართავდა. საინტერესოა, რა მეთოდს იყენებდა იგი?

13—15. ა) რა დაავალა ღმერთმა წინასწარმეტყველ სამუელს? ბ) როგორ გაართვა სამუელმა თავი დავალებას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე) გ) რატომ უნდა მიიქციოს განსაკუთრებით უხუცესების ყურადღება სამუელის შემთხვევამ დღეს?

13 ეს შემთხვევა 3 000-ზე მეტი წლის წინათ მოხდა. იეჰოვამ ხანში შესულ წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „ხვალ ამ დროს, ბენიამინელ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად“ (1 სამ. 9:15, 16). სამუელი მიხვდა, რომ ის მეტად აღარ იქნებოდა ისრაელი ერის წინამძღოლი; მას იეჰოვას დავალებით უნდა დაენიშნა ის, ვინც ისრაელს უხელმძღვანელებდა. ალბათ, სამუელმა იფიქრა: „როგორ გავართმევ თავს ამ დავალებას, შევძლებ კი მოვუმზადო ერს წინამძღოლი?!“. თუმცა წინასწარმეტყველმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

14 მომდევნო დღეს, როდესაც სამუელმა საული დაინახა, იეჰოვამ მას უთხრა: „აი ის კაცი“. წინასწარმეტყველმა დაიწყო გეგმის თანახმად მოქმედება. სამუელმა საული სასადილო დარბაზში მიიწვია, მსახურთან ერთად საუკეთესო ადგილზე დასვა, ხორცის რჩეული ნაჭერი მიართვა და უთხრა: „ჭამე. ამ დროისთვის გადაგინახეს“. შემდეგ სამუელი და საული სასადილო დარბაზიდან გამოვიდნენ, სამუელის სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ და თან საუბრობდნენ. სამუელს სურდა, რომ სასიამოვნო დღე ასე არ დასრულებულიყო, ამიტომ მან საული თავისი სახლის ბანზე მიიპატიჟა. საღამო იყო, გრილი სიო ქროდა. სამუელი და საული ბანზე მუსაიფობდნენ. მეორე დილით, წინასწარმეტყველმა საული ერის წინამძღოლად სცხო, აკოცა, მითითებები მისცა და გაუშვა. საული უკვე მზად იყო იმისთვის, რაც წინ ელოდა (1 სამ. 9:17—27; 10:1).

15 რა თქმა უნდა, ერის წინამძღოლად დანიშვნა და კრებაში ძმების უხუცესებად და მომსახურეებად მომზადება განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა სამუელისგან უხუცესებს რამდენიმე ფასდაუდებელი გაკვეთილის სწავლა შეუძლიათ. განვიხილოთ ორი მათგანი.

გულიანი მასწავლებლები და ერთგული მეგობრები

16. ა) რა გრძნობები დაეუფლა სამუელს, როცა ისრაელმა მეფის დანიშვნა მოსთხოვა? ბ) როგორ შეასრულა სამუელმა ღვთის დავალება?

16 ასწავლეთ გულიანად, და არა — უხალისოდ. როდესაც სამუელმა შეიტყო, რომ ისრაელს მეფის ყოლა სურდა, გული გაუტყდა და თავი საკუთარი ხალხისგან უარყოფილად იგრძნო (1 სამ. 8:4—8). მას იმდენად არ სურდა, რომ ერის ნებას დაჰყოლოდა, იეჰოვას სამჯერ მოუწია თქმა, ყურად ეღო ხალხის თხოვნა (1 სამ. 8:7, 9, 22). მიუხედავად ყველაფრისა, სამუელს თავის შემცვლელში, ისრაელის მომავალ მეფეში, მეტოქე არ დაუნახავს და მისადმი მტრულად არ განწყობილა. როდესაც იეჰოვამ წინასწარმეტყველს უთხრა, რომ საული მეფედ ეცხო, იგი მორჩილად მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას და დავალება არა უხალისოდ, არამედ მთელი გულით შეასრულა.

17. როგორ ჰბაძავენ უხუცესები დღეს სამუელს და რას მოაქვს მათთვის კმაყოფილება?

17 სამუელის მსგავსად, გამოცდილი უხუცესებიც კეთილად ეპყრობიან იმ ძმებს, რომლებსაც ამზადებენ (1 პეტ. 5:2). ისინი სიამოვნებით ასწავლიან ახალბედებს და არ შიშობენ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მოსწავლეები მათ პასუხისმგებლობებში შეეცილებიან. ეს გულიანი მასწავლებლები გულმოდგინე მოსწავლეებს მეტოქეებად არ მიიჩნევენ; ისინი მათთვის თანამშრომლები არიან — ძვირფასი  საჩუქარი კრებისთვის (2 კორ. 1:24; ებრ. 13:16). წარმოიდგინეთ, რამხელა კმაყოფილებას გრძნობენ უანგარო უხუცესები, როდესაც ხედავენ, რომ გამოუცდელი ძმები თავიანთ ნიჭსა თუ უნარს კრების საკეთილდღეოდ იყენებენ (საქ. 20:35).

18, 19. როგორ შეუძლია უხუცესს მოსწავლის გულის მომზადება და რატომ არის სწავლების ამგვარი მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი?

18 იყავით არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ — მეგობრებიც. სამუელს შეეძლო, რომ საულთან პირველი შეხვედრისთანავე აეღო დოქით ზეთი, თავზე ეცხო მისთვის და ისრაელის მეფედ დაენიშნა. უდავოდ, მეფე ღვთისგან ცხებული იქნებოდა, თუმცა დავალების შესასრულებლად — სრულიად მოუმზადებელი. მაგრამ, რა გააკეთა წინასწარმეტყველმა? მან საული ჯერ შეამზადა — მასთან ერთად ისადილა, ისეირნა, დიდხანს ისაუბრა და მოასვენა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დადგა საულის მეფედ ცხების დრო.

ჯერ დაუმეგობრდით ძმებს და შემდეგ მოამზადეთ ისინი (იხილეთ მე-18 და მე-19 აბზაცები)

19 წინასწარმეტყველის მსგავსად, კარგი იქნება, თუ მასწავლებელიც ვიდრე მოსწავლის მომზადებას დაიწყებს, მას სასიამოვნო ატმოსფეროს შეუქმნის და დაუმეგობრდება. უხუცესებმა ადგილობრივი კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეუქმნან მოსწავლეს მყუდრო და სასიამოვნო გარემო. უხუცესებო, მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობთ; თუ თქვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროს უთმობთ მოსწავლეს, ფაქტობრივად, ამით ეუბნებით: „შენ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის“ (წაიკითხეთ რომაელების 12:10). გჯეროდეთ, უხუცესების მიერ გამოვლენილი ამგვარი ყურადღება არც ერთ ქვეყანაში მცხოვრებ მოსწავლეს არ დარჩება შეუმჩნეველი.

20, 21. ა) როგორ დაახასიათებდით გულიან მასწავლებელს? ბ) რა კითხვას გასცემს პასუხს მომდევნო სტატია?

20 უხუცესებო, გახსოვდეთ: გულიან მასწავლებელს სხვისთვის მხოლოდ რაიმეს სწავლება კი არ უყვარს, არამედ ის ადამიანიც უყვარს, ვისაც ასწავლის (შეადარეთ იოანეს 5:20). თუ მასწავლებელს ასეთი დამოკიდებულება ექნება მოსწავლისადმი, ის ამას აუცილებლად შენიშნავს და უფრო მეტი მონდომებით ისწავლის. მაშ ასე, ძვირფასო უხუცესებო, იყავით არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ — მეგობრებიც (იგავ. 17:17; იოან. 15:15).

21 მოსწავლის გულის მომზადების შემდეგ უხუცესი მას თავის გამოცდილებას უზიარებს და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. წამოიჭრება მორიგი შეკითხვა: რა მეთოდებს მიმართავს უხუცესი ამ დროს? ამ კითხვას მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.

^ აბზ. 3 მართალია, ეს და მომდევნო სტატიები ძირითადად უხუცესების საყურადღებოდ დაიწერა, მაგრამ კრების თითოეული წევრი უნდა დავინტერესდეთ ამ სტატიებში მოცემული აზრებით. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ ამ სტატიებში მოცემული რჩევები ყველა მონათლულ ძმას დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად მათ აუცილებლად სჭირდებათ მომზადება. ერთი რამ ცხადია: როდესაც კრებაში ბევრი პასუხისმგებელი ძმა მსახურობს, ამას ყველასთვის სიკეთე მოაქვს.

^ აბზ. 11 გამოკითხული უხუცესები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრალია, ბანგლადეში, ბელგია, ბრაზილია, გვიანა საფრანგეთისა, იაპონია, კორეა, მექსიკა, ნამიბია, ნიგერია, რეიუნიონი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.