არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აპრილი 2015

რამდენად რეალურია იეჰოვასთან შენი ურთიერთობა?

რამდენად რეალურია იეჰოვასთან შენი ურთიერთობა?

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8)

1. რატომ უნდა მივმართოთ ყოველ ღონეს იმისათვის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა განვიმტკიცოთ?

მიუძღვენი თავი იეჰოვა ღმერთს და მოინათლე? თუ დიახ, შენ არნახულ სიმდიდრეს ფლობ — გაქვს პირადი ურთიერთობა ღმერთთან! თუმცა ამ ურთიერთობას ძირს უთხრის როგორც სატანის ქვეყნიერება, ისე — არასრულყოფილება. ასეთი რეალობის წინაშე თითოეული ქრისტიანი დგას. აქედან გამომდინარე, ყოველ ღონეს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდეს.

2. როგორ შეგვიძლია იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცება?

2 რამდენად რეალურია იეჰოვასთან შენი ურთიერთობა? გსურს, რომ ის უფრო მეტად განამტკიცო? იაკობის 4:8-ში ვკითხულობთ, თუ რა დაგეხმარება ამაში: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. ყურადღება მიაქციე, ამ მუხლში საუბარია ურთიერთობაზე, რომელშიც ორივე მხარე იღებს მონაწილეობას. თუ ღმერთთან დასაახლოებლად ნაბიჯებს გადადგამ, ისიც აუცილებლად დაგიახლოვდება. ღმერთსა და ჩვენ შორის უწყვეტი კავშირი კიდევ უფრო განამტკიცებს მასთან ჩვენს ურთიერთობას. შედეგად, ეს ურთიერთობა ჩვენთვის უფრო რეალური გახდება და ჩვენც ისეთივე ნდობა გაგვიჩნდება ღვთისადმი, როგორიც მის ძეს ჰქონდა,  რომელმაც თქვა: „ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს . . . მე ვიცნობ მას“ (იოან. 7:28, 29). თუმცა უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იეჰოვასთან დასაახლოებლად?

როგორ შეგიძლია ღმერთთან ურთიერთობის დამყარება? (იხილეთ მე-3 აბზაცი)

3. როგორ შეგიძლია იეჰოვასთან ურთიერთობის დამყარება?

3 იეჰოვასთან გამუდმებული ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაუახლოვდე მას. მაგრამ, როგორ შეგიძლია მასთან ურთიერთობის დამყარება? მაგალითად, როგორ ურთიერთობ მეგობართან, რომელიც შენთან ახლოს არ ცხოვრობს? ალბათ, ხშირად წერ მას წერილებს და ტელეფონითაც ესაუბრები. მსგავსად ამისა, როდესაც იეჰოვას ხშირად მიმართავ ლოცვით, შეიძლება ითქვას, რომ მას ესაუბრები (წაიკითხეთ ფსალმუნის 142:2). და, როცა რეგულარულად კითხულობ ღვთის სიტყვას და ფიქრობ მასზე, იეჰოვას შენთან საუბრის საშუალებას აძლევ (წაიკითხეთ ესაიას 30:20, 21). მოდი, ამ სტატიაში ვისაუბროთ, თუ როგორ შეგიძლია ამგვარად განიმტკიცო იეჰოვასთან ურთიერთობა, რათა ის შენთვის კიდევ უფრო რეალური გახდეს.

იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გესაუბრება

4, 5. როგორ გესაუბრება იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით? მოიყვანე მაგალითი.

4 ალბათ, ეჭვი არ გეპარება იმაში, რომ ბიბლია ადამიანებისთვის მიწერილი ღვთის წერილია. მაგრამ ისმის კითხვა: საუბრობს ბიბლია იმაზეც, პირადად შენ როგორ შეგიძლია მასთან დაახლოება? რა თქმა უნდა! ბიბლიის კითხვისა და მისი შესწავლის დროს გააანალიზე ის, რასაც კითხულობ და დაფიქრდი, როგორ შეგიძლია მისი ცხოვრებაში გამოყენება. ამრიგად, შენ იეჰოვას საშუალებას მისცემ, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით დაგელაპარაკოს. ეს კი უფრო და უფრო დაგაახლოებს მასთან (ებრ. 4:12; იაკ. 1:23—25).

5 მაგალითად, დაფიქრდი იესოს სიტყვებზე: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე“. თუ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ფიქრობ, რომ შენს ცხოვრებაში ღვთის სამეფოს უპირველესი ადგილი უკავია, იგრძნობ, რომ იეჰოვა შენი მსახურებით კმაყოფილია. იმ შემთხვევაში კი, თუ დაინახავ, რომ ცხოვრების გამარტივება გჭირდება, რათა მსახურებას მეტი დრო დაუთმო, ჩათვალე, რომ იეჰოვა გაფრთხილებს და გეხმარება იმის დანახვაში, თუ რაში გესაჭიროება გაუმჯობესება მასთან დასაახლოებლად (მათ. 6:19, 20).

6, 7. ა) რა გავლენას ახდენს ბიბლიის შესწავლა იეჰოვასა და ჩვენ შორის არსებულ სიყვარულზე? ბ) რა მიზნით უნდა შევისწავლოთ ბიბლია?

6 როგორც დავინახეთ, საღვთო წერილის შესწავლა საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენასა და სულიერ ზრდაში გვეხმარება. ამასთანავე, ეს წიგნი გვიღრმავებს მადლიერებას  იეჰოვას დიდებული საქმეების მიმართ, რაც უფრო მეტად გვაყვარებს მას; რაც უფრო მეტად გვიღრმავდება ღვთისადმი სიყვარული, მით მეტად ვუყვარდებით მასაც. შედეგად, იეჰოვასთან ჩვენი მეგობრობაც ძლიერდება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:3).

7 თუმცა იმას, თუ რა მიზნით შევისწავლით ბიბლიას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იეჰოვასთან დასაახლოებლად. იოანეს 17:3-ში ვკითხულობთ: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“. აქედან გამომდინარე, ბიბლიის შესწავლის დროს ჩვენი მიზანი უბრალოდ ცოდნის მიღება კი არ უნდა იყოს, არამედ იეჰოვას პიროვნების უკეთესად გაცნობა (წაიკითხეთ გამოსვლის 33:13; ფსალმ. 25:4).

8. ა) რა ეჭვი შეიძლება გაგვიჩნდეს 2 მეფეების 15:1—5 კითხვისას? ბ) რა მხრივ გაგვიქარწყლებს ეჭვებს იეჰოვას პიროვნების უკეთ გაცნობა?

8 რაც უფრო ახლოს გავიცნობთ იეჰოვას, მით უფრო ნაკლები ეჭვი გაგვიჩნდება იმ ბიბლიური მონაკვეთების კითხვისას, საიდანაც აშკარად არ ჩანს, თუ რატომ მიიღო მან ესა თუ ის გადაწყვეტილება. მაგალითად, რას ფიქრობ იეჰოვას მიერ იუდას მეფე აზარიასთვის გამოტანილ განაჩენზე? (2 მეფ. 15:1—5). მართალია, „ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს“, მაგრამ მათგან განსხვავებით, აზარია „სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში“. ამის მიუხედავად, „იეჰოვამ უბედურება დაატეხა მეფეს; იგი სიკვდილამდე კეთროვანი იყო“. ყურადღება მიაქციე, ბიბლიის ამ მონაკვეთიდან არ ჩანს, თუ რატომ მოიქცა იეჰოვა ასე. ნუთუ ამან უნდა გვაფიქრებინოს, რომ ღმერთმა უსამართლოდ დასაჯა აზარია?! იეჰოვას გადაწყვეტილებაში ეჭვს არ შევიტანთ, თუ კარგად გავიცნობთ მის პიროვნებას. იეჰოვას გაცნობა ნიშნავს, იცოდე, რომ ის ადამიანებს ყოველთვის სამართლიანად სჯის (იერ. 30:11). ეს კი ერთ რამეში გვარწმუნებს: მაშინაც კი, თუ არ ვიცით, რატომ მოექცა იეჰოვა ასე აზარიას, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანი იყო.

9. რა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ შეჰყარა იეჰოვამ კეთრი აზარიას?

9 თუმცა ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, თუ რატომ დასაჯა იეჰოვამ აზარია. როგორც ვიცით, ბიბლია მეფე აზარიას უზიას სახელითაც იხსენიებს (2 მეფ. 15:7, 32). მაგალითად, 2 მატიანეს 26:3—5, 16—21-დან ვიგებთ, რომ მართალია, უზია თავიდან სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მაგრამ მოგვიანებით „გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად“. მეფე იმდენად გაკადნიერდა, რომ გააკეთა ის, რაც მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა — იგი შეეცადა, მღვდლის მოვალეობა შეესრულებინა. მას წინ აღუდგა 81 მღვდელი; ისინი უზიას შეჩერებას ცდილობდნენ. მაგრამ, როგორ მოიქცა უზია? მეფე იმდენად გაამაყებულიყო, რომ მღვდლებსაც კი განურისხდა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ალბათ აღარ გვიკვირს, თუ რატომ შეჰყარა იეჰოვამ მას კეთრი.

10. რატომ არ არის ყოველთვის საჭირო, რომ ახსნა-განმარტება მოვუძებნოთ იეჰოვას ყოველ ქმედებას და რა გვიმტკიცებს ნდობას მისი სამართლიანობისადმი?

10 რას ვსწავლობთ აქედან? როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, როცა ბიბლია დაწვრილებით არ გვიხსნის მიზეზებს, თუ რატომ მიიღო იეჰოვამ ესა თუ ის გადაწყვეტილება? დააყენებ ღვთის სამართლიანობას ეჭვქვეშ? თუ პირიქით, იფიქრებ, რომ ბიბლია საკმარის ინფორმაციას გვაწვდის და არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ეჭვი გვეპარებოდეს მის სამართლიან გადაწყვეტილებებში, რადგან მას აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის სწორი და რა — არასწორი? (კან. 32:4). ბუნებრივია, რაც უფრო ეცნობი იეჰოვას პიროვნებას, მით უფრო გიყვარდება იგი და აფასებ მას; შესაბამისად, აღარ იქმნება იმის საჭიროება, რომ მის ყოველ საქციელს ახსნა-განმარტება მოუძებნო. როგორც აღვნიშნეთ, იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გესაუბრება; ამიტომ, თუ შეისწავლი მის სიტყვას და იფიქრებ მასზე, შედეგად, გაგიღრმავდება იეჰოვასადმი  მადლიერება (ფსალმ. 77:12, 13). ეს კი, თავის მხრივ, განამტკიცებს იეჰოვასთან შენს ურთიერთობას და უფრო რეალურს გახდის მას.

ესაუბრე იეჰოვას ლოცვის მეშვეობით

11—13. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს? (იხილეთ სურათი მე-19 გვერდზე)

11 ჩვენ იეჰოვას ლოცვის მეშვეობით ვუახლოვდებით. მას ლოცვაში განვადიდებთ, მადლობას ვუხდით და ხელმძღვანელობას ვთხოვთ (ფსალმ. 32:8). მაგრამ იმისათვის, რომ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა რეალური იყოს, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ იგი გვისმენს.

12 ზოგი ფიქრობს, რომ ლოცვას მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა შეუძლია. ასეთების აზრით, თუ ადამიანს ჰგონია, რომ ღმერთი ლოცვაზე პასუხობს, ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ლოცვისას ფიქრებს სიტყვებად აქცევს, პრობლემის რაობას ადგენს და გამოსავლის პოვნას ცდილობს. შესაძლოა ლოცვას მართლაც შეუძლია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, მაგრამ წამოიჭრება კითხვა: რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ნამდვილად ისმენს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს?

13 დაფიქრდი: ჯერ კიდევ განკაცებამდე იესო ხედავდა, რომ ღმერთი პასუხობდა დედამიწაზე მცხოვრებ თავის მსახურთა ლოცვებს. უკვე განკაცებული კი დედამიწაზე მსახურების დროს ლოცვის მეშვეობით თავის გულისნადებს ზეციერ მამას უზიარებდა. იესომ ერთხელ მთელი ღამეც კი გაატარა ლოცვაში; როგორ ფიქრობ, ილოცებდა ღვთის ძე მთელი ღამის განმავლობაში, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ მამა უსმენდა?! (ლუკ. 6:12; 22:40—46). შენი აზრით, მოუწოდებდა იესო ლოცვისკენ თავის მოწაფეებს, თუ ლოცვას მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა შეეძლო? უდავოდ, მან იცოდა, რომ ლოცვა მამასთან ურთიერთობის რეალური საშუალებაა. გაიხსენე, რა უთხრა მან ერთხელ მამას ლოცვაში: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე. ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ“. ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (იოან. 11:41, 42; ფსალმ. 65:2).

14, 15. ა) რა მხრივ წაგვადგება, თუ კონკრეტული თხოვნით მივმართავთ იეჰოვას? ბ) როგორ დაეხმარა ერთ დას ლოცვები, რომ უფრო დაახლოებოდა ღმერთს?

14 როდესაც კონკრეტული სათხოვრით მიმართავ ღმერთს, უკეთ შენიშნავ, როგორ  გპასუხობს ის, მაშინაც კი, როცა პასუხი არც ისე თვალსაჩინოა. ამ შემთხვევაში, იგი უფრო რეალური გახდება შენთვის. ამას გარდა, რაც უფრო მეტად გაანდობ ღმერთს შენს გრძნობებს, ის უფრო დაგიახლოვდება.

15 მოდი, ერთ ჩვენს დაზე, ქეთიზე, ვისაუბროთ. * მართალია მას, მსახურება დიდად არ ეხალისებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ქადაგებდა. იგი გვიზიარებს: „მსახურება არ მიყვარდა. მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტანდი. როდესაც პენსიაზე გავედი, უხუცესმა მირჩია, რომ პიონერად მემსახურა და ბლანკიც მომცა. ბლანკი შევავსე და თან ყოველდღე ვემუდარებოდი იეჰოვას, რომ როგორმე შეეყვარებინა ჩემთვის მსახურება“. უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? ქეთი დასძენს: „უკვე მესამე წელია, პიონერად ვმსახურობ. რაკიღა მეტ დროს ვატარებ მსახურებაში და ბევრს ვსწავლობ გამოცდილი დებისგან, უფრო და უფრო კარგი მქადაგებელი ვხდები. დღეს მსახურება არათუ მიყვარს, არამედ უდიდეს სიამოვნებას მგვრის. ამასთანავე, ასეთი ახლო ურთიერთობა ღმერთთან ჯერ არასდროს მქონია“. დიახ, ქეთის სწორედ ლოცვები დაეხმარა, რომ იეჰოვასთან მისი ურთიერთობა რეალური გამხდარიყო.

გულხელს ნუ დაიკრეფ

16, 17. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო და უფრო გავიღრმაოთ იეჰოვასთან ურთიერთობა? ბ) რა კითხვას გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?

16 იეჰოვასთან ურთიერთობის გაღრმავება მთელი სიცოცხლის მანძილზეა შესაძლებელი. თუ გსურს, რომ ღმერთი დაგიახლოვდეს, თავად უნდა გადადგა მისკენ ნაბიჯები. ამიტომ, მოდი, შევისწავლოთ ბიბლია და ვილოცოთ; ეს ყოველივე დაგვეხმარება, რომ არ გავწყვიტოთ ჩვენს მამასთან ურთიერთობა. შედეგად, რაც უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება იეჰოვასთან, მით მეტი წარმატებით გავუმკლავდებით განსაცდელებს.

იეჰოვასთან ურთიერთობის გაღრმავება მთელი სიცოცხლის მანძილზეა შესაძლებელი (იხილეთ მე-16 და მე-17 აბზაცები)

17 თუმცა შეიძლება გული გაგვიტყდეს, როცა ვხედავთ, რომ გულმხურვალე ლოცვების მიუხედავად, ჩვენი პრობლემები პრობლემებად რჩება. ამ დროს შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვაზე მინდობა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ჩვენს ლოცვებს არ ისმენს ან თავის მეგობრებად არ გვთვლის. საინტერესოა, როგორ უნდა გადავლახოთ ეს რთული ეტაპი ისე, რომ არ გაგვიჩნდეს კითხვა: არის კი იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა რეალური? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

^ აბზ. 15 სახელი შეცვლილია.