წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2015

გარიცხვა სიყვარულის გამოხატულებაა

გარიცხვა სიყვარულის გამოხატულებაა

„როდესაც კრებაზე გამოცხადდა, რომ ჩემი ვაჟი გაირიცხა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცხოვრება დასრულდა. ის უფროსი შვილი იყო. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ბევრ რამეს ერთად ვაკეთებდით. ჩემი ვაჟი ყოველთვის სამაგალითო იყო, მაგრამ უცებ რატომღაც ყველაფერი შეიცვალა — ის ღვთისმოსაწონად აღარ იქცეოდა. ჩემი საყვარელი მეუღლე ვერაფრით ეგუებოდა ამ ამბავს და დღემუდამ ტიროდა; სამწუხაროდ, არ ვიცოდი, რით მენუგეშებინა. მოსვენებას არ გვაძლევდა კითხვა: სად დავუშვით შეცდომა?“, — იხსენებს ერთი ძმა, ხულიანი.

ალბათ, ყველას გვაინტერესებს პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ შეიძლება ქრისტიანის კრებიდან გარიცხვა სიყვარულის გამოხატულება იყოს, როცა ის ამხელა ტკივილს აყენებს ადამიანებს? არსებობს გარიცხვის ბიბლიური საფუძველი? და, რა მიზეზების გამო ირიცხება ქრისტიანი კრებიდან?

კრებიდან გარიცხვის მიზეზები

ქრისტიანი კრებიდან ძირითადად ორი მიზეზის გამო ირიცხება. პირველი, როდესაც მონათლული ქრისტიანი სერიოზულ ცოდვას ჩადის და მეორე, როცა ის არ ინანიებს.

მართალია, იეჰოვა ღმერთი ჩვენგან სრულყოფილებას არ ითხოვს, მაგრამ ის მოელის, რომ მისი მსახურები სიწმინდესთან დაკავშირებულ მის მოთხოვნებს დაიცავენ. მაგალითად, იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს, რომ თავი ავარიდოთ ისეთ სერიოზულ ცოდვებს, როგორიცაა: სიძვა, კერპთაყვანისმცემლობა, ქურდობა, გამოძალვა, მკვლელობა და სპირიტიზმი (1 კორ. 6:9, 10; გამოცხ. 21:8).

ნუთუ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ იეჰოვას წმინდა ნორმები გონივრულია და ისინი ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება?! ვის არ სურს მშვიდობიანი, პატიოსანი და სანდო ადამიანების გვერდით ცხოვრება?! ასეთი ადამიანები ჩვენი ქრისტიანი და-ძმები არიან; ჩვენ მათ გვერდით მიძღვნისას დადებული აღთქმის წყალობით ვართ, როდესაც ღმერთს დავპირდით, რომ ვიცხოვრებდით მის სიტყვაში ჩაწერილი მოთხოვნების შესაბამისად.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მონათლული ქრისტიანი ადამიანური სისუსტის გამო სერიოზულ ცოდვას სჩადის? სისუსტეების გამო უწინ მცხოვრებმა ერთგულმა მსახურებმაც შესცოდეს, თუმცა ღმერთს მათთვის საბოლოოდ არ შეუქცევია ზურგი. ამის თვალსაჩინო მაგალითი მეფე დავითია. მან მძიმე ცოდვები ჩაიდინა — იმრუშა და უდანაშაულო კაცის სისხლშიც გაისვარა ხელი. ამის მიუხედავად, ნათან წინასწარმეტყველმა უთხრა: „იეჰოვა გვერდს აუვლის შენს ცოდვას“ (2 სამ. 12:13).

ღმერთმა დავითს იმიტომ მიუტევა, რომ მან ჩადენილი ცოდვა გულწრფელად მოინანია (ფსალმ. 32:1—5). მაგრამ ის, ვინც ჩადენილ დანაშაულს არ ინანიებს და არ წყვეტს ცუდის კეთებას, ქრისტიანული კრებიდან ირიცხება (საქ. 3:19; 26:20). თუ სამართლებრივ კომიტეტში მომსახურე უხუცესები დაინახავენ, რომ შემცოდველი არ ინანიებს, ისინი ვალდებულნი არიან, მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან გარიცხონ.

თავიდან, როდესაც შემცოდველის გარიცხვის ამბავს ვიგებთ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება უსამართლო და მკაცრი გვეჩვენოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარიცხული ჩვენი ახლობელია. თუმცა ღვთის სიტყვაში  საფუძვლიანი მიზეზებია მოყვანილი, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა სიყვარული დგას.

რა სიკეთე მოაქვს გარიცხვას

იესომ ცალსახად თქვა: „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19). მართლაც, მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვა ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან ამ გადაწყვეტილებას კარგი შედეგები მოჰყვება. მოდი, ამ შედეგებზე ქვემოთ ვისაუბროთ:

შემცოდველის გარიცხვა იეჰოვას სახელს განადიდებს. ვინაიდან იეჰოვას სახელით ვიწოდებით, ჩვენი საქციელით ან განვადიდებთ მის სახელს, ან შეურაცხვყოფთ (ეს. 43:10). მაგალითად, შვილი თავისი საქციელით ან ასახელებს, ან არცხვენს მშობლებს; ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც — ჩვენი მოქმედებით ხალხს ან ვიზიდავთ იეჰოვასკენ, ან პირიქით, ვუკარგავთ მისი გაცნობის სურვილს. იეჰოვას სახელი განდიდდება, თუ ის ხალხი, ვინც მისი სახელით იწოდება, გაითავისებს მის მაღალზნეობრივ მოთხოვნებს. ჩვენი პერიოდი რაღაცით ეზეკიელის დროს ჰგავს; იმხანად მცხოვრები უცხოტომელები იუდეველებს იეჰოვას სახელთან აიგივებდნენ (ეზეკ. 36:19—23).

თუ უზნეობას ჩავიდენთ, იეჰოვას წმინდა სახელს ჩირქს მოვცხებთ. პეტრე მოციქულმა ქრისტიანები დაარიგა: «როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ, ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“» (1 პეტ. 1:14—16). დიახ, ჩვენ უბიწო და წმინდა საქციელით ღვთის სახელს ვასხამთ ხოტბას.

თუ იეჰოვას მოწმე სცოდავს, დიდია ალბათობა, რომ ამის შესახებ მისი მეგობრები და ახლობლები შეიტყობენ. კრებიდან ქრისტიანის გარიცხვა იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ და ისინი სიწმინდის შესანარჩუნებლად მთელი გულით იცავენ ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს. ერთხელ შვეიცარიის ერთ-ერთ სამეფო დარბაზში უცნობი მამაკაცი შევიდა და იეჰოვას მოწმეებს უთხრა, რომ სურდა, მათი კრების წევრი გამხდარიყო. როგორც გაირკვა, მისი და უზნეობის ჩადენის გამო კრებიდან გაერიცხათ. მან აღნიშნა, რომ მასაც სურდა, ყოფილიყო ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც უმსგავსო საქციელს არ იწყნარებს.

გარიცხვა ქრისტიანული კრების სიწმინდეს იცავს. პავლე მოციქულმა კორინთელი ქრისტიანები გააფრთხილა, რომ მოუნანიებელი შემცოდველებისთვის ხელი არ დაეფარებინათ. მოციქულმა შემცოდველების გავლენა შეადარა საფუარს, რომელიც ცომს აფუებს. მან თქვა: „მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს“. შემდეგ კორინთელებს მოუწოდა: „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“ (1 კორ. 5:6, 11—13).

როგორც ჩანს, პავლე „ბოროტ ადამიანებში“ მას გულისხმობდა, ვინც დაუფარავად სჩადიოდა უზნეობას. კრების წევრები ამ ქრისტიანის საქციელს ამართლებდნენ კიდეც (1 კორ. 5:1, 2). და თუ შემცოდველი საკადრისად არ დაისჯებოდა, სხვა ქრისტიანებიც გადაიღებდნენ იმ უზნეო ცხოვრების წესს, რითაც მათი თავაშვებული თანამოქალაქენი ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არავინ აგებინებს, ის ღვთის მოთხოვნებს ზერელედ ეკიდება (ეკლ. 8:11). ამას გარდა, მოუნანიებელი შემცოდველები ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, „წყალქვეშა კლდეები“ არიან და კრების წევრებსაც უნგრევენ რწმენას (იუდ. 4, 12).

გარიცხვის შედეგად შემცოდველი შეიძლება გონს მოეგოს. ერთხელ იესო მოჰყვა იგავს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მამის სახლიდან წავიდა, აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი და მემკვიდრეობა გაანიავა. მამისეულ თბილ კერას მოწყვეტილმა შვილმა მწარე გამოცდილებიდან დაინახა, რომ მის ირგვლივ გარემო ცივი და დაუნდობელი იყო. ბოლოს იგი გონს მოეგო, მოინანია და მამას დაუბრუნდა (ლუკ. 15:11—24). იესოს იგავში მოხსენიებული მოსიყვარულე მამა, რომელმაც მომნანიე ვაჟის დაბრუნებით გაიხარა, საუკეთესოდ გვიხატავს იეჰოვას გრძნობებს. ღმერთი გვაიმედებს: „ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს, არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი თავისი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკ. 33:11).

გარიცხულმა, რომელიც ქრისტიანული კრების, სულიერი ოჯახის, წევრი აღარ არის, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიეროს, თუ რა დაკარგა. ის შეიძლება გონს მოეგოს, როცა არასწორი არჩევნის მწარე ნაყოფს მოიმკის; აგრეთვე როცა გაიხსენებს, თუ რა ბედნიერი იყო მაშინ, როცა იეჰოვასთან და თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

სასურველ შედეგს სიყვარულისა და სიმტკიცის გარეშე ვერ მოვიმკით. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „მართლის დარტყმა სიკეთე იქნება ჩემთვის, მისი შეგონება — ზეთი ჩემი თავისთვის“ (ფსალმ. 141:5). წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: სუსხიანი ზამთრის დღეა. ღონემიხდილი მთამსვლელი თოვლში ვეღარ მიიკვლევს  გზას. მისი სხეულის ტემპერატურა ეცემა და რულიც ეკიდება. ერთი რამ დღესავით ნათელია: თუ ჩაეძინება, სიკვდილს ვერ გადაურჩება. მაშველი ჯგუფის მოსვლამდე მას თანამგზავრი სახეში სილას აწნავს, რომ არ ჩაეძინოს. შესაძლოა მთამსვლელისთვის სილის გაწვნა მტკივნეულია, მაგრამ სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე. მეფე დავითსაც კარგად ესმოდა, რომ თავისივე კეთილდღეობისთვის შესაძლოა დასჭირვებოდა მართალი ადამიანისგან შენიშვნის მიღება, რაც მისთვის მტკივნეული იქნებოდა.

გარიცხვა უმეტესწილად შემცოდველის სულიერ აღზრდას ემსახურება. მაგალითად, ეს ასე მოხდა ზემოთ მოხსენიებული ხულიანის ვაჟის შემთხვევაშიც. გარიცხვიდან დაახლოებით ათ წელიწადში მან მიატოვა არასწორი ცხოვრების გზა, დაუბრუნდა ქრისტიანულ კრებას და ამჟამად უხუცესად მსახურობს. იგი იხსენებს: „კრებიდან გარიცხვამ უფრო აშკარად დამანახვა ის მწარე შედეგები, რაც არასწორი ცხოვრების წესს მოჰყვება. გარიცხვა ნამდვილად იყო ის აღმზრდელობითი ზომა, რომელიც მჭირდებოდა“ (ებრ. 12:7—11).

როგორ უნდა მოვეპყროთ გარიცხულს

მართალია, ქრისტიანის კრებიდან გარიცხვა სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გარიცხვა თავის მიზანს ემსახურება.

უხუცესები ყველაფერს აკეთებენ, რომ მომნანიე შემცოდველი იეჰოვას დაუბრუნდეს

უხუცესები, რომლებიც სამართლებრივ კომიტეტში მსახურობენ, ცდილობენ, იეჰოვას სიყვარული აირეკლონ. როდესაც ისინი ამ გადაწყვეტილებას შემცოდველს ატყობინებენ, რბილად და გასაგებად უხსნიან მას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ ქრისტიანულ კრებას დაუბრუნდეს. უხუცესები შესაძლოა დროდადრო შეხვდნენ გარიცხულს, რომელიც თავისი ნაბიჯებით აჩვენებს, რომ კრებაში დაბრუნების სურვილი აქვს. შეხვედრის მიზანი ისაა, რომ უხუცესებმა გარიცხულს მითითებები მისცენ იმის თაობაზე, თუ კიდევ რის გაკეთება შეუძლია მას კრებაში დასაბრუნებლად. *

ოჯახის წევრები კრების წევრებისა და შემცოდველისადმი სიყვარულს იმით გამოხატავენ, თუ პატივისცემით მოეკიდებიან უხუცესების მიერ მისი კრებიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას. ხულიანი ამბობს: „მართალია, გარიცხვის შემდეგ ჩემი შვილი ჩემს შვილადვე დარჩა, მაგრამ მისი არასწორი არჩევნის გამო ჩვენ შორის ზღუდე აღიმართა“.

კრების წევრები გარიცხულისადმი სიყვარულს იმით გამოხატავენ, თუ მოერიდებიან მასთან ურთიერთობასა და საუბარს (1 კორ. 5:11; 2 იოან. 10, 11). ამგვარად ისინი მხარს დაუჭერენ იეჰოვას ღონისძიებას და უხუცესების გადაწყვეტილებას. ამას გარდა, მათ შეუძლიათ უფრო მეტად გამოხატონ სიყვარული გარიცხულის ოჯახის წევრების მიმართ და გვერდში დაუდგნენ მათ. გარიცხულის ოჯახის წევრები ისედაც დათრგუნულნი არიან და კრების წევრებმა მათ თავი ისე არ უნდა აგრძნობინონ, რომ თითქოს ისინიც გარიცხულები იყვნენ (რომ. 12:13, 15).

ხულიანი ბოლოს დასძენს: „გარიცხვა აუცილებელია. ეს აღმზრდელობითი ზომა გვეხმარება, რომ ყოველთვის დავიცვათ იეჰოვას ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ჩემი შვილის გარიცხვამ ძალიან მატკინა გული, დღეს ვხვდები, რომ, საბოლოო ჯამში, ეს მისსავე კეთილდღეობას მოემსახურა. მე რომ ჩემი შვილის საქციელზე თვალი დამეხუჭა, ის შესაძლოა იეჰოვას აღარასდროს დაბრუნებოდა“.

^ აბზ. 24 იხილეთ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23 (რუს.)