არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2015

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ განიხილება ნაკლებად ამ ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები?

1950 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ტიპი და ანტიტიპი შემდეგნაირად განიმარტებოდა: «„ტიპი“ მომავლის პირველსახეა; ვისიმე ან რისამე უფრო მნიშვნელოვნის, იქნება ეს ადამიანი, მოვლენა თუ საგანი. „ანტიტიპი“ კი ისაა, ვისაც ან რასაც პირველსახე განასახიერებს. „ტიპს“ შეიძლება მართებულად ეწოდოს ჩრდილი, ხოლო „ანტიტიპს“ — სინამდვილე».

წლების განმავლობაში ჩვენს პუბლიკაციებში იწერებოდა, რომ ისეთი ერთგული მამაკაცები და ქალები, როგორებიც იყვნენ: დებორა, ელიჰუ, იობი, იფთახი, რახაბი, რებეკა და სხვა მრავალი, ცხებულებისა თუ „უამრავი ხალხის“ ტიპები ანუ პირველსახენი იყვნენ (გამოცხ. 7:9). მაგალითად, იფთახს, იობსა და რებეკას ცხებული ქრისტიანების პირველსახედ მიიჩნევდნენ, დებორასა და რახაბს კი — „უამრავი ხალხის“. თუმცა ამ ბოლო წლებში ასეთ პარალელებს აღარ ვავლებთ. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ.

ტიპი

კრავი, რომელსაც ძველად ისრაელში პასექისთვის სწირავდნენ (რიცხ. 9:2).

ანტიტიპი

პავლემ ქრისტე საპასექო კრავთან გააიგივა (1 კორ. 5:7).

საღვთო წერილი კონკრეტულად ასახელებს პიროვნებებს, რომლებიც მომავლის ტიპებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, გალატელების 4:21—31-ში პავლე მოციქული საუბრობს სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქალს უკავშირდება. პირველი ქალი, აბრაამის მოახლე, აგარია. იგი განასახიერებს ხორციელ ისრაელს, რომელიც იეჰოვასთან მოსეს კანონით იყო შეკრული. მეორე ქალი, სარაა, რომელსაც ბიბლია „თავისუფალ ქალს“ უწოდებს და ღვთის ცოლის — ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის სიმბოლოა. ებრაელებისადმი მიწერილ წერილში კი პავლე მეფესა და მღვდელს მელქისედეკს, იესო ქრისტეს, უკავშირებს და კონკრეტულად საუბრობს ამ ორ პიროვნებას შორის მსგავსებაზე (ებრ. 6:20; 7:1—3). ამას გარდა, პავლე ესაია წინასწარმეტყველსა და მის ძეებს იესო ქრისტესა და მის ცხებულ მიმდევრებს ადარებს (ებრ. 2:13, 14). ჩვენ კარგად ვიცით, რომ პავლემ ეს სიტყვები ღვთის სულის შთაგონებით დაწერა; ასე რომ, ჩვენთვის სავსებით მისაღებია ამგვარი შედარებები.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ამა თუ იმ ადამიანს ტიპად მოიხსენიებს, არ უნდა დავასკვნათ, რომ მის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ შემთხვევასა თუ წვრილმანს უფრო მასშტაბური, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. მართალია, პავლემ  აღნიშნა, რომ მელქისედეკი იესო ქრისტეს პირველსახეა, მაგრამ მას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ გამოუტანა მან პური და ღვინო ოთხ მეფეზე გამარჯვებულ აბრაამს. აქედან გამომდინარე, ბიბლია არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ შემთხვევის მიღმა რაიმე ქვეტექსტი ვეძიოთ (დაბ. 14:1, 18).

ქრისტეს სიკვდილიდან მალევე, შემდგომ საუკუნეებში ზოგი სწავლული შეცდომაში შევიდა — ისინი ბიბლიაში აღწერილი ყოველი მოვლენის მიღმა მომავლის პირველსახეს ხედავდნენ. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედიაში“ ორიგენეს, ამბროსისა და იერონიმეს სწავლებების შესახებ ვკითხულობთ: „ისინი წმინდა წერილებში აღწერილი ყოველი შემთხვევისა თუ მოვლენის მიღმა ტიპებს ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც. ერთი შეხედვით, ყოფით სიტუაციებშიც კი დაფარულ ჭეშმარიტებას ხედავდნენ . . . მაგალითად, ზოგი სწავლული მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოცხადების ღამეს მოწაფეების მიერ დაჭერილ თევზების რაოდენობას, 153-საც კი, სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა“.

ავგუსტინე ნეტარმა ბიბლიის იმ ეპიზოდს, როდესაც იესომ 5 ქერის პურითა და 2 თევზით დაახლოებით 5 000 კაცი დააპურა, ამგვარი ახსნა მოუძებნა: ვინაიდან ქერის ფქვილი ხორბლის ფქვილთან შედარებით დაბალი ხარისხისა იყო, იგი ფიქრობდა, რომ 5 ქერის პური განასახიერებდა მოსეს ხუთწიგნეულს (მდარე ხარისხის „ქერი“ წარმოადგენდა შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მქონე „ძველ აღთქმას“), ხოლო 2 თევზი — მეფესა და მღვდელს. ბიბლიურ ისტორიებში ტიპებისა და ანტიტიპების ძიებით დაინტერესებული კიდევ ერთი სწავლული ესავის მიერ იაკობისთვის პირმშოობის მიყიდვის ეპიზოდს ამგვარად ხსნიდა: როგორც იაკობმა იყიდა ესავისგან ერთ ჯამ წითელ შეჭამანდად პირმშოობა, ასევე იესომ თავისი წითელი სისხლით კაცობრიობას ზეციური მემკვიდრეობა მოუპოვა.

თუ ბიბლიური ისტორიების ამგვარი ინტერპრეტაცია გადაჭარბებულად მიგაჩნიათ, სავსებით ლოგიკურია. ადამიანებს არ შეუძლიათ სრულად ჩასწვდნენ, თუ რომელი ბიბლიური ისტორია წარმოადგენს მომავლის ჩრდილს და რომელი — არა. ერთი რამ კარგად ვუწყით: როდესაც ბიბლია ამა თუ იმ ადამიანს, მოვლენასა თუ საგანს მომავლის პირველსახედ მიიჩნევს, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ. სხვა შემთხვევაში კი, ბიბლიურ პერსონაჟებსა თუ მოვლენებში ანტიტიპებს არ ვეძებთ, რასაკვირველია, თუ ამის საფუძველს თავად წმინდა წერილები არ გვაძლევს.

ჩნდება კითხვა: მაშ, რა მხრივ გვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი მოვლენები და მაგალითები? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ვნახოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელსაც რომაელების 15:4-ში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. პავლეს ამით იმის თქმა სურდა, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ ღვთის სიტყვიდან. თუმცა როგორც წარსულში, ისე დღეს, ბოლო დღეებში მცხოვრებ ღვთის ხალხს, იქნებიან ისინი ცხებულები თუ „სხვა ცხვარი“, ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ იმ ყველაფრიდან, რაც წინათ დაიწერა (იოან. 10:16; 2 ტიმ. 3:1).

ბიბლიაში ჩაწერილი თითოეული მოვლენა კონკრეტულად ცხებულებს, „უამრავ ხალხს“ ან დროის რომელიმე მონაკვეთს არ უნდა დავუკავშიროთ. ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრებ ღვთის მსახურს, იქნება ეს ცხებული თუ „სხვა ცხვარი“, ამ მოვლენებიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. მაგალითად, იობის ტანჯვა მხოლოდ იმ განსაცდელებთან არ უნდა გავაიგივოთ, რომელთა გადატანაც I მსოფლიო ომის დროს ცხებულ ქრისტიანებს მოუხდათ, როგორც ამას ადრე ვამბობდით. ღვთის ბევრ მსახურს, მამაკაცსა თუ ქალს, ცხებულსა თუ „სხვა ცხვარს“, იობის განსაცდელების მსგავსი სირთულეები გადაუტანიათ და საკუთარი თვალითაც უნახავთ, თუ რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის, როგორი სათუთი გრძნობები აქვს მას და რაოდენ გულმოწყალე ღმერთია (იაკ. 5:11).

მაგალითად, დაფიქრდით: ნუთუ არ გვყავს კრებებში დებორასავით ერთგული, ხანდაზმული დები, ელიჰუსავით ბრძენი, ახალგაზრდა უხუცესები, იფთახივით გაბედული, ენთუზიაზმით აღსავსე პიონერები და იობივით მომთმენი, ერთგული და-ძმები?! გული მადლიერებით გვევსება, როდესაც ვფიქრობთ, თუ როგორ შემოგვინახა იეჰოვამ „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა . . . რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“.

სწორედ ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში ყურადღება მახვილდება ბიბლიური ისტორიების პრაქტიკულ ღირებულებაზე და არა — ტიპებსა თუ ანტიტიპებზე.