წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2015

ერთგულად დაუჭირეთ მხარი ქრისტეს ძმებს!

ერთგულად დაუჭირეთ მხარი ქრისტეს ძმებს!

„რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათ. 25:40).

1, 2. ა) რომელი იგავები მოუყვა იესომ თავის ერთგულ მოციქულებს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არის ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი, ჩავწვდეთ ცხვრებისა და თხების იგავის მნიშვნელობას?

იესო კვლავაც თავის ერთგულ მოციქულებს, პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს, ესაუბრება. მათ ახლახან თავიანთი მოძღვრისგან მოისმინეს იგავები ერთგულ და გონიერ მონაზე, ათ ქალწულსა და ტალანტებზე. მოწაფეებთან საუბრის დასასრულ, იესოს კიდევ ერთი იგავი მოჰყავს. მისი მორიგი იგავი იმ დროის შესახებაა, როდესაც „კაცის ძე“ ყველა ხალხის გასასამართლებლად მოვიდოდა. ეჭვგარეშეა, ეს იგავი მოწაფეებს ცხოველ ინტერესს გაუღვიძებდა. ამ იგავში იესო ადამიანთა ორ ჯგუფზე, ცხვრებსა და თხებზე, საუბრობს. თუმცა იესო მესამე მნიშვნელოვან ჯგუფსაც ახსენებს, რომელსაც იგი „მეფის ძმებს“ უწოდებს (წაიკითხეთ მათეს 25:31—46).

2 იეჰოვას ხალხს დიდი ხნის მანძილზე სურდა, ჩასწვდომოდა ამ იგავის არსს, ვინაიდან მისი მნიშვნელობის გაგებაზე იყო დამოკიდებული მათი მომავალი კეთილდღეობა. ამ იგავში საუბარია იმაზე, რომ ზოგი მარადიულად იცოცხლებს და ზოგიც სამუდამოდ მოიკვეთება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე იესოს  სიტყვების სწორად გაგებასა და შესაბამისად მოქცევაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვებს: როგორ მოჰფინა იეჰოვამ ნათელი ამ იგავის მნიშვნელობას? რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ეს იგავი ყურადღებას ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებს? ვის დაავალა იესომ ქადაგება? და რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი დღეს ისე, როგორც არასდროს „მეფესა“ და მის „ძმებს“?

როგორ მოეფინა მეტი ნათელი იგავს ცხვრებსა და თხებზე?

3, 4. ა) რა მნიშვნელოვან ფაქტორებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ გვსურს, ჩავწვდეთ ცხვრებისა და თხების იგავის მნიშვნელობას? ბ) როგორ იხსნებოდა ეს იგავი 1881 წლის „სიონის საგუშაგო კოშკში“?

3 ცხვრებისა და თხების იგავის მნიშვნელობას სწორად რომ ჩავწვდეთ, ყურადღება სამ მნიშვნელოვან ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ. კერძოდ, ვინ იგულისხმებიან იგავში მოხსენიებულ პერსონაჟებში, როდის უნდა მომხდარიყო გასამართლება და რის საფუძველზე უნდა გადარჩეულიყვნენ ადამიანები „ცხვრებად“ და „თხებად“?

4 „სიონის საგუშაგო კოშკში“ 1881 წელს აიხსნა, რომ „კაცის ძე“, იგივე მეფე, იყო იესო. თავდაპირველად, ბიბლიის მკვლევრები ძმებში მოიაზრებდნენ როგორც ქრისტეს თანამმართველებს, ისე დედამიწაზე გასრულყოფილებულ კაცთა მოდგმას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გადარჩევა ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მოხდებოდა. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ „ცხვრებად“ ისინი ჩაითვლებოდნენ, რომელთაც ღვთის კანონი ეყვარებოდათ.

5. როგორ მოეფინა მეტი ნათელი 1920-იანი წლების დასაწყისში ცხვრებისა და თხების იგავის მნიშვნელობას?

5 იეჰოვამ იზრუნა, რომ 1920-იანი წლების დასაწყისში მისი ხალხი უკეთ ჩასწვდომოდა ცხვრებისა და თხების იგავის არსს. 1923 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ „კაცის ძე“ იესო ქრისტე იყო. თუმცა ბიბლიური მუხლების საფუძველზე გამოაშკარავდა ქრისტეს ძმების ვინაობა — მათში მხოლოდ მისი თანამმართველები იგულისხმებოდნენ. რაც შეეხება იგავში მოხსენიებულ ცხვრებს, ისინი იქნებოდნენ ქრისტიანები, რომლებსაც ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე ცხოვრების იმედი ექნებოდათ. მაგრამ როდის მოხდებოდა „ცხვრებისა“ და „თხების“ გადარჩევა? სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან ქრისტეს ძმები მისი ათასწლიანი მეფობის დროს ზეცაში იმმართველებდნენ, დედამიწაზე მცხოვრებნი მათ ვერც ვერაფერში დაეხმარებოდნენ და ვერც ხელს შეუშლიდნენ. გამომდინარე აქედან, „ცხვრებისა“ და „თხების“ გადარჩევა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო. სტატიაში ეწერა, რომ ადამიანი იმის საფუძველზე ჩაითვლებოდა „ცხვრად“, თუ იგი ქრისტეს თავის უფლად აღიარებდა და იმედი ექნებოდა, რომ მისი სამეფო საუკეთესო პირობებს დაამყარებდა დედამიწაზე.

6. როგორ მოეფინა კიდევ უფრო მეტი ნათელი 1990-იანი წლების შუახანებში ცხვრებისა და თხების იგავის მნიშვნელობას?

6 ამგვარი ახსნის საფუძველზე ღვთის მსახურები ფიქრობდნენ, რომ ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გადარჩევა მთელი ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას. თუმცა 1990-იანი წლების შუახანებში ამ საკითხს მეტი ნათელი მოეფინა. 1995 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ორი სტატია, რომელშიც ყურადღება გამახვილდა, თუ რა მსგავსება იყო მათეს 24:29—31-სა (წაიკითხეთ) და მათეს 25:31, 32-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილ სიტყვებს შორის. * პირველ სტატიაში ეწერა: «„ცხვრებისა“ და „თხების“ შესახებ განაჩენის შესრულება მოხდება მომავალში». მაგრამ საინტერესოა  როდის? ამავე სტატიაში ვკითხულობთ: «მას ადგილი ექნება მათეს 24:29, 30-ში მოხსენიებული „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგ, როცა კაცის ძე „მოვა თავისი დიდებით“ . . . მაშინ, მთელი ბოროტი სისტემის აღსასრულთან ერთად, იესო წარუძღვება სასამართლო პროცესს და შეასრულებს გამოტანილ განაჩენს».

7. რაზე შეგვექმნა ნათელი წარმოდგენა დღეს?

7 ახლა უკვე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნა ცხვრებისა და თხების იგავზე. მაშ ასე, შევაჯამოთ იგავში მოხსენიებული პერსონაჟების ვინაობა: იესო არის „კაცის ძე“, მეფე, ხოლო „ძმები“ — ცხებული მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებენ (რომ. 8:16, 17). „ცხვრებსა“ და „თხებში“ მოიაზრებიან ადამიანები ყველა ერიდან, რომლებიც არ არიან სულითცხებული ქრისტიანები. საინტერესოა, როდის უნდა მოხდეს გასამართლება? ეს მოხდება დიდი გასაჭირის მიწურულს. დაბოლოს, რის საფუძველზე მოხდება ადამიანთა „ცხვრებად“ და „თხებად“ გადარჩევა? ეს იმის მიხედვით მოხდება, თუ როგორ ეპყრობოდნენ ისინი ბოლო დღეებში მცხოვრებ ქრისტეს ცხებულ ძმებს. მართლაც, ძალიან მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვამ ამ ქვეყნიერების დასასრულს, ასე მოჰფინა ნათელი მათეს 24-ე და 25-ე თავებში ჩაწერილ ამ თუ სხვა იგავების მნიშვნელობას.

იგავი ყურადღებას ამახვილებს ქადაგების აუცილებლობაზე

8, 9. რატომ უწოდებს იესო იგავში „ცხვრებს“ მართლებს?

8 ცხვრებისა და თხების იგავში იესო პირდაპირ სამქადაგებლო საქმეზე არ საუბრობს. მაშ, საიდან ვასკვნით, რომ ეს იგავი ყურადღებას ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებს?

9 უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო იგავის მეშვეობით გვასწავლის. ეჭვი არავის გვეპარება იმაში, რომ ის პირდაპირი გაგებით ცხვრების თხებისგან გამორჩევაზე არ საუბრობს. ამას გარდა, იგი არ გულისხმობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც „ცხვრებად“ ჩაითვლებოდნენ, პირდაპირი გაგებით უნდა დაეპურებინათ, შეემოსათ, მოენახულებინათ საპყრობილეში მყოფი ქრისტეს ძმები და ეზრუნათ მათზე. იესომ ამ იგავში სიმბოლური ენით ახსნა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა „ცხვარს“ მისი ცხებული ძმების მიმართ. ქრისტე ამ იგავში „ცხვრებს“ მართლებს უწოდებს, ვინაიდან ისინი აღიარებენ, რომ ქრისტეს დედამიწაზე ჰყავს ცხებული ძმები და ამ ბოლო დღეების განმავლობაში მათ ერთგულად უჭერენ მხარს (მათ. 10:40—42; 25:40, 46; 2 ტიმ. 3:1—5).

10. როგორ შეუძლია „ცხვარს“, მხარი დაუჭიროს ქრისტეს ძმებს?

10 მეორე, მიმოვიხილოთ ამ იგავის კონტექსტი. იესომ ეს იგავი მაშინ წარმოთქვა, როდესაც საუბრობდა თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე (მათ. 24:3). მან საუბრის დასაწყისში თქვა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იქნებოდა (მათ. 24:14). ბიბლიიდან ვხედავთ, რომ იესომ თხებისა და ცხვრების იგავის მოყოლამდე, ჯერ ტალანტების იგავი მოუთხრო მსმენელთ. როგორც წინა სტატიაში ვიმსჯელეთ, იესომ ტალანტების იგავით სულითცხებულ ძმებს გულმოდგინედ ქადაგების აუცილებლობაზე გაუმახვილა ყურადღება. მაგრამ მას შემდეგ, რაც იესო ზეცაში გამეფდა, მისი ცხებული მიმდევრების მცირერიცხოვანი ჯგუფი რთული ამოცანის წინაშე დადგა — მათ აღსასრულამდე ყველა ხალხს უნდა უქადაგონ. თუმცა ცხვრებისა და თხების იგავიდან ვხედავთ, რომ სულითცხებულებს ამ საქმეში „ცხვარი“ უნდა დახმარებოდა. სწორედ ამგვარი მხარდაჭერა იქნებოდა იმის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ ვინ ჩაითვლებოდა „ცხვრად“. მაგრამ „ცხვრის“ მიერ აღმოჩენილ დახმარებაში მხოლოდ მატერიალური და ემოციური მხარდაჭერა იგულისხმება, თუ კიდევ სხვა რამ?

 ვის დაავალა იესომ ქადაგება?

11. რა კითხვა წამოიჭრება და რატომ?

11 დღეს იესო ქრისტეს 8 მილიონამდე მოწაფე ჰყავს, რომელთა უმეტესობაც ცხებული ქრისტიანი არ არის. როგორც ტალანტების იგავიდან გამოჩნდა, ქრისტემ „ტალანტები“ მხოლოდ თავის ცხებულ მიმდევრებს გადასცა (მათ. 25:14—18). აქედან გამომდინარე, წამოიჭრება კითხვა: მათაც ევალებათ ქადაგება, რომლებსაც „ტალანტები“ არ მიუღიათ? დიახ, ევალებათ. მოდი, ამის რამდენიმე მიზეზზე ქვემოთ ვიმსჯელოთ.

12. რას გვიმჟღავნებს მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები?

12 იესომ ქადაგება ყველა მოწაფეს დაავალა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და ესწავლებინათ მათთვის იმ „ყველაფრის დაცვა“, რაც მან მცნებად დაუდო. ამ მცნებაში სასიხარულო ცნობის ქადაგებაც შედიოდა (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). ამრიგად, ქრისტეს ყველა მოწაფემ უნდა იქადაგოს, იმისდა მიუხედავად, მათ ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ, თუ — დედამიწაზე (საქ. 10:42).

13. რას ვხედავთ თვალნათლივ ხილვიდან და რატომ?

13 წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ქადაგების პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც ცხებულებს, ისე სხვებს. იესო ქრისტემ იოანე მოციქულს ხილვა უჩვენა; ამ ხილვიდან ვიგებთ, რომ „პატარძალი“, ქრისტეს 144 000 ცხებული თანამმართველი, ხალხს იწვევს, უსასყიდლოდ აიღონ „სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 14:1, 3; 22:17). ხილვაში მოხსენიებული „წყალი“ გამოსასყიდის სიმბოლოა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვამ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილისგან დაიხსნა (მათ. 20:28; იოან. 3:16; 1 იოან. 4:9, 10). ქრისტეს გამოსასყიდი ჩვენი ქადაგების ერთ-ერთი მთავარი თემაა; სწორედ ამ საქმეს ხელმძღვანელობენ სულითცხებულები — ისინი ზრუნავენ, რომ ხალხის ყურამდე მივიდეს ცნობა გამოსასყიდზე, რათა იესოს გაღებული მსხვერპლი მათ კეთილდღეობას მოემსახუროს (1 კორ. 1:23). ამავე ხილვაში იოანე მოციქული ხედავს  ხალხს, რომელიც „პატარძლის“ კლასს არ მიეკუთვნება. თუმცა მათაც მოუწოდებენ, რომ სხვებსაც უთხრან, „მოდი!“. ისინი ემორჩილებიან ამ მოწოდებას და სხვებსაც იწვევენ „სიცოცხლის წყლის“ ასაღებად. მათ დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. მაშასადამე, ხილვიდან თვალნათლივ ვხედავთ, რომ ქადაგების პასუხისმგებლობა აკისრია ყველას, ვინც ეხმაურება მოწვევას, „მოდი!“.

14. რა იგულისხმება „ქრისტეს კანონის“ დაცვაში?

14 ვინც „ქრისტეს კანონს“ ემორჩილება, მან უნდა იქადაგოს (გალ. 6:2). იეჰოვას კანონები ყველასთვის ერთია. მაგალითად, გავიხსენოთ, რა უთხრა ღმერთმა ისრაელს: „ერთი კანონი იქნება როგორც მკვიდრისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები ხიზნისთვის“ (გამ. 12:49; ლევ. 24:22). მართალია, ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ თითოეული ჩვენგანი, ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ „ქრისტეს კანონი“. ამ კანონში შედის ქრისტეს სწავლებები, რომელთა შორის უმთავრესი სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას (იოან. 13:35; იაკ. 2:8). სიყვარულს კი ღმერთს, ქრისტესა და მოყვასს ყველაზე საუკეთესოდ იმით დავუმტკიცებთ, თუ სასიხარულო ცნობას ვიქადაგებთ (იოან. 15:10; საქ. 1:8).

15. რატომ ვამბობთ, რომ ქრისტეს დავალება მის ყველა მიმდევარს ეხება?

15 ერთეულებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვები ზოგჯერ მრავალს ეხება. მართალია, იესომ შეთანხმება სამეფოსთვის 11 მოციქულს დაუდო, მაგრამ ეს შეთანხმება მის 144 000 მიმდევარზეც ვრცელდება (ლუკ. 22:29, 30; გამოცხ. 5:10; 7:4—8). მსგავსად ამისა, ქრისტემ ქადაგება თავის მიმდევართა მცირე ჯგუფს დაავალა — მათ, ვისაც იგი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა (საქ. 10:40—42; 1 კორ. 15:6). თუმცა პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს სხვა ერთგულ მიმდევრებს ესმოდათ, რომ ეს დავალება მათაც ეხებოდა, ვისაც პირადად არ ჰქონდა მოსმენილი იესოს სიტყვები (საქ. 8:4; 1 პეტ. 1:8). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, არც დღეს მცხოვრებ 8 მილიონამდე ერთგულ მქადაგებელს მოუსმენია საკუთარი ყურით იესოს დავალება. მიუხედავად ამისა, მათ შესანიშნავად უწყიან, რომ უნდა ერწმუნონ ქრისტეს და თავიანთი რწმენა ქადაგებით გამოხატონ (იაკ. 2:18).

ვიყოთ ერთგულნი დღეს, ისე როგორც არასდროს

16—18. როგორ შეუძლიათ ქრისტეს ცხებული ძმებისადმი მხარდაჭერის აღმოჩენა მათ, ვისაც სურს, რომ „ცხვრად“ ჩაითვალოს და რატომ უნდა მოიქცნენ ისინი ასე?

16 სატანა ებრძვის დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ცხებულ ძმებს. მომავალში ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება, ვინაიდან ეშმაკმა იცის, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:9, 12, 17). სატანის გაშმაგებული შემოტევების მიუხედავად, ცხებული ქრისტიანები ერთგულად უდგანან სათავეში მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს. უდავოდ, იესო მათ გვერდითაა და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას (მათ. 28:20).

17 ღვთის ორგანიზაციაში დღითი დღე მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც იესო მომავალში „ცხვრად“ ჩათვლის; მათთვის უდიდესი პატივია, გვერდში დაუდგნენ ქრისტეს ძმებს არა მარტო ქადაგებისას, არამედ სხვა საქმეებშიც. მაგალითად, ისინი ფინანსურ შესაწირავებსაც იღებენ და ფიზიკურადაც ეხმარებიან ცხებულებს — მონაწილეობენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების და ფილიალების მშენებლობაში. ამასთანავე, ემორჩილებიან „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ დანიშნულ ძმებს, რომლებსაც ხელმძღვანელობა აკისრიათ (მათ. 24:45—47; ებრ. 13:17).

ცხვრისმაგვარი ადამიანები ქრისტეს ძმებს სხვადასხვა სახით ეხმარებიან (იხილეთ მე-17 აბზაცი)

18 მალე ანგელოზები ხელს გაუშვებენ დიდი გასაჭირის გამანადგურებელ ქარებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ძმებს საბოლოოდ დაესმებათ ბეჭედი (გამოცხ. 7:1—3). არმაგედონის დაწყებამდე იესო ცხებულებს ზეცაში შეკრებს (მათ. 13:41—43). აქედან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, ქრისტეს ძმების მიმართ ერთგულება უნდა გამოავლინონ მათ, ვისაც სურს, რომ ქრისტემ „ცხვრებად“ ჩათვალოს.

^ აბზ. 6 ამ იგავთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ სტატიები: „როგორი წარსდგები სასამართლოს წინაშე?“ და „როგორი მომავალი მოელის ცხვრებსა და თხებს?“. br-10, გვერდები 23—32.