წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2015

საჩუქარი იაპონელ მკითხველს!

საჩუქარი იაპონელ მკითხველს!

ნაგოიაში (იაპონია) 2013 წლის 28 აპრილს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, შეკრებილ აუდიტორიას აუწყა, რომ იაპონურ ენაზე გამოიცა ახალი პუბლიკაცია სახელწოდებით „ბიბლია — მათეს სახარება“. ამ სასიხარულო განცხადებას 210 000-ზე მეტი დამსწრე მქუხარე ტაშით შეეგება. მათგან ნაწილი პროგრამას ვებ-ტრანსლაციით ისმენდა.

ახალ იაპონურ გამოცემაში „მათეს სახარება“ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდანაა“ აღებული. ის 128-გვერდიანია და მართლაც უნიკალურია. ძმა მორისმა განაცხადა, რომ იგი მთლიანად „იაპონელი მკითხველის საჭიროებებსაა მორგებული“. და მაინც, რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს ახალი პუბლიკაცია? რატომ გახდა საჭირო მისი მომზადება? და, რა რეზონანსი მოჰყვა მას საზოგადოებაში?

ახალი პუბლიკაციის თავისებურებები

ორგანიზაციის მიერ გამოცემული „მათეს სახარების“ ფორმატმა სასიამოვნოდ გააოცა დამსწრე საზოგადოება. იაპონური ტექსტის დაწერა შესაძლებელია როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. დღესდღეობით ამ ენაზე გამომავალ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში ძირითადად წერის ჰორიზონტალურ სტილს იყენებენ. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენი საზოგადოების მიერ ბოლო დროს გამოცემულ პუბლიკაციებზეც. თუმცა ორგანიზაციის მიერ გამოცემული ახალი პუბლიკაცია ერთი თავისებურებით გამოირჩევა — მასში იეროგლიფები ვერტიკალურად იკითხება. როგორც წესი, ქვეყანაში ამ სტილით იწერება საგაზეთო სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები. იაპონელ მკითხველთა უმეტესობას უადვილდება ასეთი სტილით დაბეჭდილი ტექსტის წაკითხვა. ამასთანავე, „მათეს სახარების“ ახალ გამოცემაში კოლონტიტულები ტექსტის ნაწილადაა ქცეული და ქვესათაურების სახითაა მოცემული, რაც იაპონელ მკითხველს მნიშვნელოვანი აზრების გაგებას უადვილებს.

იაპონიაში და-ძმებს დიდად წაადგა ეს ახალი გამოცემა. ერთმა 80 წლის დამ თქვა: «მართალია, „მათეს სახარება“ მანამდეც არაერთხელ მქონდა წაკითხული, მაგრამ ვერტიკალური სტილით დაბეჭდილი ტექსტისა და ქვესათაურების წყალობით ბოლომდე ჩავწვდი იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ აზრებს». ერთმა ახალგაზრდა დამ კი მოგვწერა: «„მათეს სახარება“ ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა. მართალია, ჰორიზონტალურად დაბეჭდილ ტექსტსაც ვკითხულობ, მაგრამ ბევრ იაპონელს ვერტიკალური სტილით დაბეჭდილი ტექსტი ურჩევნია».

იაპონელ მკითხველზე მორგებული

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წიგნი სწორედ იაპონელი მკითხველის საჭიროებებსაა მორგებული? მართალია, ამ ქვეყანაში ბევრისთვის ბიბლია უცხო ხილია, მაგრამ მათ სურთ ბიბლიურ სიბრძნესთან ზიარება. „მათეს სახარების“ ახალი გამოცემა ბიბლიით დაინტერესებულთ საშუალებას მისცემს, რომ გაეცნონ ერთ-ერთ წიგნს ღვთის წმინდა სიტყვიდან.

რატომ შეირჩა დასაბეჭდად მაინცდამაინც მათეს სახარება? ბევრ იაპონელს სიტყვა „ბიბლიის“ ხსენებაზე იესო ქრისტე ახსენდება. სწორედ ამიტომ არჩია ორგანიზაციამ, გამოეცა „მათეს სახარება“, რომელშიც მოცემულია ვრცელი ინფორმაცია იესოს გენეალოგიისა და დაბადების შესახებ, ასევე დაწვრილებითაა ჩაწერილი საქვეყნოდ ცნობილი იესოს მთაზე ქადაგება და შთამბეჭდავი წინასწარმეტყველება ბოლო დღეების რაობაზე; ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც იაპონელ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.

ღვთის სამეფოს მაუწყებლებმა არც აცივეს, არც აცხელეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს ამ ახალი პუბლიკაციის გავრცელება მსახურებაში, როგორც მობინადრეებთან პირველი  ვიზიტის დროს კარდაკარ, ისე განმეორებითი მონახულებებისას. ერთმა დამ თქვა: «ახლა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ღვთის სიტყვა უფრო მეტ ადამიანს ვამცნოთ ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე, „მათეს სახარების“ ერთი ეგზემპლარი იმავე შუადღით გავავრცელე, როცა ეს წიგნი მივიღეთ».

რეზონანსი

როგორ სთავაზობენ მაუწყებლები მსახურებაში „მათეს სახარებას“? ბევრი მობინადრისთვის მეტად ნაცნობია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „შედით ვიწრო ჭიშკრით“, „ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს“, „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“ (მათ. 6:34; 7:6, 13). მათ აოცებთ, როცა იგებენ, რომ ამ სიტყვების ავტორი იესოა. ნაცნობ ფრაზებს „მათეს სახარებაში“ რომ ნახულობენ, ამბობენ: „ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მაინც წამეკითხა ბიბლია“.

როდესაც მაუწყებლები განმეორებით ინახულებენ მათ, ვისაც დაუტოვეს „ბიბლია — მათეს სახარება“, მობინადრეები ამბობენ, რომ პუბლიკაციის დატოვებისთანავე დაიწყეს სახარების კითხვა. ზოგმა კითხვა დაწყებისთანავე დაასრულა. 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ერთ მაუწყებელს უთხრა: „წიგნი უკვე არაერთხელ წავიკითხე და დიდად გავმხნევდი. გთხოვთ, მეტი რამ მომიყევით ბიბლიიდან“.

„მათეს სახარებას“ იეჰოვას მოწმეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ავრცელებენ. ერთ-ერთი ასეთი მსახურების დროს, ერთმა ჩვენმა დამ თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ერთ ახალგაზრდა ქალბატონს დაუტოვა, რომელმაც აიღო „ბიბლია — მათეს სახარება“. ერთი საათის გასვლის შემდეგ ამ ქალმა ჩვენს დას მისწერა, რომ სახარების გარკვეული მონაკვეთი უკვე წაეკითხა და სურდა მეტის გაგება. ამ შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე მასთან ბიბლიის შესწავლა ჩატარდა და მან მალევე დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება.

იაპონიაში კრებებმა წიგნის „ბიბლია — მათეს სახარება“ 1 600 000-ზე მეტი ეგზემპლარი მიიღეს. იაპონელი მაუწყებლები ყოველთვიურად ათი ათასობით ეგზემპლარს ავრცელებენ. დადებითი რეზონანსი, რომელიც ახალი წიგნის გამოცემას მოჰყვა, ნამდვილად ამართლებს ახალი პუბლიკაციის გამომცემლების მოლოდინს, რომლებიც წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავენ: „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბიბლიის ეს მონაკვეთი გაგიღვივებთ ღვთის სიტყვისადმი ინტერესს“.