წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2015

სამქადაგებლო საქმეს მთელ მსოფლიოში იეჰოვა ხელმძღვანელობს

სამქადაგებლო საქმეს მთელ მსოფლიოში იეჰოვა ხელმძღვანელობს

„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ეს. 48:17).

1. რა სირთულეებს შეხვდნენ ჩვენი დროის ქრისტიანები?

ბიბლიის მკვლევრები * XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის გარიჟრაჟზე უამრავ სირთულეს შეხვდნენ. I საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ისინიც მეტად არაპოპულარულ ცნობას ქადაგებდნენ. თავიდან ბიბლიის მკვლევრები თითო-ოროლა იყვნენ და საზოგადოება მათ გაუნათლებელ ადამიანებად თვლიდა. ამას გარდა, გავიდოდა დრო და მათ უნდა მოეგერიებინათ „დიდად განრისხებული“ სატანა ეშმაკის თავდასხმა (გამოცხ. 12:12). უფრო მეტიც, მათ უნდა ექადაგათ ბოლო დღეებში, რომელსაც ბიბლია „ძნელად ასატან დროს“ უწოდებს (2 ტიმ. 3:1).

2. როგორ გვეხმარება იეჰოვა სასიხარულო ცნობის ქადაგებაში?

2 თუმცა იეჰოვას განზრახვა იყო, რომ მის ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასიხარულო ცნობა ეუწყებინა. ჩვენ ვიცით, რომ მისი განზრახვის შესრულებას წინ ვერავინ აღუდგება. იეჰოვამ, როგორც წარსულში დაიხსნა თავისი ერი ბაბილონის ტყვეობიდან, ჩვენც ისევე გაგვათავისუფლა „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, კლანჭებიდან (გამოცხ. 18:1—4). ჩვენი ზეციერი მამა ჩვენდა სასიკეთოდ გვასწავლის, გვაძლევს მშვიდობას და გვეხმარება, რომ სხვებსაც  გავუზიაროთ მისი ძვირფასი სწავლებები (წაიკითხეთ ესაიას 48:16—18). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა წინასწარგანჭვრეტის უნარს იყენებს იმისათვის, რომ შეცვალოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ამგვარად ხელი შეგვიწყოს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაში. საბედნიეროდ, ზოგმა გარემოებამ სამქადაგებლო საქმის წისქვილზე დაასხა წყალი, თუმცა ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია, გადავლახოთ სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში შექმნილი სირთულეები, მაგალითად, დევნა თუ სხვა, რაც ხელს გვიშლის ჩვენი ქრისტიანული დავალების შესრულებაში (ეს. 41:13; 1 იოან. 5:19).

3. როგორ მრავლდება „ჭეშმარიტი ცოდნა“?

3 იეჰოვას სულით შთაგონებულმა წინასწარმეტყველმა დანიელმა თქვა, რომ უკანასკნელ დროს „ჭეშმარიტი ცოდნა“ გამრავლდებოდა (წაიკითხეთ დანიელის 12:4). ღმერთი ბიბლიის მკვლევრებს იმ ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული სამყარო აბუნდოვნებდა. დღეს იეჰოვა თავისი ხალხის მეშვეობით ჭეშმარიტ ცოდნას მთელი დედამიწის მკვიდრთ ამცნობს. რა სასიხარულოა, რომ ჩვენ თვალწინ სრულდება დანიელის წინასწარმეტყველება. თითქმის 8 000 000-მა ადამიანმა გაითავისა ბიბლიური ჭეშმარიტება და ამის შესახებ სხვებსაც აუწყებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა უწყობს ხელს ამ საერთაშორისო სამქადაგებლო საქმეს?

ბიბლიის თარგმნა

4. რამდენ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი ბიბლია XIX საუკუნეში?

4 ერთ-ერთი საშუალება, რაც ხელს უწყობს სასიხარულო ცნობის გაცხადებას ისაა, რომ ბიბლია ფართოდ გავრცელებული წიგნია, რომელზეც მრავალს მიუწვდება ხელი. საუკუნეების განმავლობაში კი ქრისტიანული სამღვდელოება ხალხს ბიბლიის კითხვის უფლებას არ აძლევდა; უფრო მეტიც, მათ ბიბლიის ზოგი მთარგმნელი სიცოცხლესაც კი გამოასალმეს. თუმცა XIX საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ბიბლიური საზოგადოების თაოსნობით, ბიბლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, დაახლოებით 400 ენაზე ითარგმნა. ამავე საუკუნის დასასრულს, მართალია, ბევრს უკვე საკუთარი ბიბლია ჰქონდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ წმინდა წერილების საფუძვლიანი ცოდნა.

5. რა წარმატებას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის თარგმნის სფეროში?

5 ბიბლიის მკვლევრებმა იცოდნენ, რომ უნდა ექადაგათ. ისინი ასეც იქცეოდნენ და დაუღალავად უხსნიდნენ ხალხს ბიბლიურ სწავლებებს. იეჰოვას მოწმეები ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს თავადაც იყენებდნენ, ბეჭდავდნენ კიდეც და მსახურებაშიც ავრცელებდნენ. 1950 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა დაიწყეს და დღეისათვის ეს თარგმანი, მთლიანად ან ნაწილობრივ, 120-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წელს კი გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ინგლისურ ენაზე, რომლის სხვა ენებზე თარგმნაც მთარგმნელებს უფრო გაუადვილდებათ. ამას გარდა, გასაგებ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი მაუწყებლებს ქადაგებასაც გაუადვილებს.

მშვიდობა

6, 7. ა) რამდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა ომებმა და კონფლიქტებმა თანამედროვე მსოფლიოში? ბ) როგორ უწყობს ხელს სამქადაგებლო საქმეს ზოგ ქვეყანაში არსებული შედარებით მშვიდობიანი ვითარება?

6 შეიძლება იკითხოთ: არის მსოფლიოში მშვიდობა? და ეს ბუნებრივიცაა, რადგან XX საუკუნეში მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა ომებს, ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო სურათი I და II მსოფლიო ომში დაიხატა. როცა 1942 წელს II მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ნეითან ნორმა, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობდა, წარმოთქვა მოხსენება სახელწოდებით „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“. ამ მოხსენებაში ძმა ნორმა ნათელი მოჰფინა გამოცხადების მე-17 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის შემდეგ არმაგედონი კი არ დაიწყებოდა, არამედ მშვიდობიანი ხანა დადგებოდა (გამოცხ. 17:3, 11).

7 თუმცა II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთელ მსოფლიოში ნამდვილად არ დამყარებულა მშვიდობა. ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 1946—2013 წლებში მთელ მსოფლიოში 331 შეიარაღებული კონფლიქტი დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც  მილიონობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ამ წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში შედარებით მშვიდობიანი ვითარება იყო. ეს ვითარება იეჰოვას ხალხმა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გამოიყენა. რა შედეგი გამოიღო ამან? 1944 წელს მსოფლიოში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 110 000-ზე ნაკლები იყო, ხოლო დღეს დაახლოებით 8 000 000-ს ითვლის! (წაიკითხეთ ესაიას 60:22). ჩვენ ნამდვილად მადლიერნი ვართ, რომ მსოფლიოში მეტ-ნაკლებად მშვიდობაა, რაც ქადაგების საშუალებას გვაძლევს.

მოსახერხებელი ტრანსპორტი

8, 9. როგორ განვითარდა სატრანსპორტო საშუალებები და რა მხრივ გვეხმარება დღეს ტრანსპორტი?

8 სამქადაგებლო საქმეს სატრანსპორტო სფეროში მიღწეულმა წარმატებებმაც შეუწყო ხელი. 1900 წელს, „საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომრის გამოცემიდან დაახლოებით 21 წლის შემდეგ მთელ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 8 000 ავტომობილი იყო და საავტომობილო გზა მხოლოდ ასობით კილომეტრზე იყო დაგებული. დღეს კი მსოფლიოში მილიარდ-ნახევარზე მეტი ავტომობილია და გზების საერთო სიგრძე მილიონობით კილომეტრს აღწევს. ავტომობილები და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მრავალ ჩვენგანს გვეხმარება, რომ სასიხარულო ცნობა დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთაც მივაწვდინოთ. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც მოსახერხებელი ტრანსპორტი არ დადის და დიდი მანძილის ფეხით გავლაა საჭირო, ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიმოწაფოთ ხალხი (მათ. 28:19, 20).

9 სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც ვიყენებთ. მაგალითად, ბიბლიურმა ლიტერატურამ რამდენიმე კვირის განმავლობაში შორეულ ადგილებამდე რომ ჩააღწიოს, ამაში დიდ დახმარებას სატვირთო მანქანები, გემები და მატარებლები გვიწევს. გარდა ამისა, სარაიონო ზედამხედველები, ფილიალის კომიტეტის წევრები, მისიონერები თუ სხვა და-ძმები კონგრესებზე დასასწრებად და სხვა თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად თვითმფრინავების მეშვეობით უფრო სწრაფად ჩადიან თავიანთი დანიშნულების ადგილებზე. ამას გარდა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები და მსოფლიოს მთავარ სამმართველოში მომსახურე ძმები სწორედ თვითმფრინავით ჩადიან სხვა ქვეყნებში, რათა გაამხნეონ თანამორწმუნეები და მითითებები მისცენ მათ. ამგვარად, სატრანსპორტო სფეროში მიღწეული წარმატებები მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ღვთის ხალხის ერთობას (ფსალმ. 133:1—3).

ენა

10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა?

10 პირველ საუკუნეში ბერძნულ კოინე ენაზე რომის მთელ იმპერიაში ლაპარაკობდნენ. საინტერესოა,  დღეს რომელი ენაა მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული? ბევრის აზრით, ასეთი ენა ინგლისურია. ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ: „მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ინგლისურ ენას ან კარგად ფლობს, ან მეტ-ნაკლებად ესმის ის“ (English as a Global Language). მთელ მსოფლიოში უცხო ენებს შორის ყველაზე მეტად ინგლისური ისწავლება და სწორედ ეს ენა გამოიყენება მსოფლიო კომერციაში, პოლიტიკაში, მეცნიერებასა თუ ტექნოლოგიაში.

11. როგორ უწყობს ინგლისური ენა ხელს წმინდა თაყვანისმცემლობის წინსვლას?

11 საყოველთაოდ გავრცელებული ინგლისური ენა წმინდა თაყვანისმცემლობის წინსვლასაც ემსახურება. წლების განმავლობაში ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და სხვა ბიბლიური პუბლიკაციები მხოლოდ ინგლისურ ენაზე იბეჭდებოდა. იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს ოფიციალური ენა სწორედ ინგლისურია. ამავე ენაზე მიმდინარეობს სასწავლო კურსი პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ) მდებარე „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში.

12. რამდენ ენაზე ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ბიბლიური ლიტერატურა და როგორ უწყობს ამას ხელს ტექნოლოგიური პროგრესი?

12 ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ვაუწყოთ ყველა ერს; ამიტომ ჩვენი ლიტერატურა დაახლოებით 700 ენაზე ითარგმნება. ამ საქმეში ლომის წილი ტექნოლოგიურ პროგრესს მიუძღვის. მაგალითად, კომპიუტერული პროგრამის, MEPS-ის (მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემა), წყალობით სამეფოს შესახებ ცნობას მთელ მსოფლიოში ვავრცელებთ და ჩვენ შორის ერთობა სუფევს. მაგრამ ჩვენს ერთობას უმთავრესად ის უწყობს ხელს, რომ ვსაუბრობთ მართლაც უნიკალურ, ჭეშმარიტების „სუფთა ენაზე“ (წაიკითხეთ სოფონიას 3:9).

კანონი

13, 14. როგორ ეხმარება დღეს ქრისტიანებს კანონი და სასამართლო გადაწყვეტილებები?

13 წინა სტატიაში ვისაუბრეთ, თუ როგორ უწყობდა ხელს პირველი ქრისტიანების საქმიანობას რომაული კანონმდებლობა, რომელიც მთელ იმპერიაში ვრცელდებოდა. კანონი დღეს ღვთის მსახურებსაც იცავს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო მდებარეობს, კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის, სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს კი გვეხმარება, რომ თავისუფლად შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ ბიბლიაზე და სხვებსაც გავუზიაროთ ნასწავლი. თუმცა ზოგჯერ ჩვენი უფლებების დასაცავად სასამართლოებსაც მივმართავთ (ფილ. 1:7). მაგალითად, შეერთებულ შტატებში არაერთხელ აღიძრა საქმე იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ყოველ ჯერზე ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება.

 14 საბედნიეროდ, სხვა ქვეყნების სასამართლოებიც იცავენ იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობის თავისუფლებასა და საკუთარ მრწამსზე საჯაროდ საუბრის უფლებას. მართალია, იეჰოვას მოწმეებმა ზოგ ქვეყანაში სასამართლო პროცესი წააგეს, მაგრამ გამოტანილი განაჩენი მათ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში გაასაჩივრეს. მაგალითად, 2014 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 57 საქმე მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და შესაბამისად, ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებებს. მართალია, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად ქვეყნიერებას ვძულვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაერთი ქვეყნის სასამართლო ჩვენ სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს და ამგვარად, გვეძლევა კანონიერი უფლება, ჭეშმარიტ ღმერთს ვცეთ თაყვანი (მათ. 24:9).

ტექნოლოგიური პროგრესი

ბიბლიურ ლიტერატურაზე მსოფლიოს ყველა მკვიდრს მიუწვდება ხელი

15. რა არსებითი ცვლილებები შეინიშნა პოლიგრაფიულ სფეროში და როგორ აისახა ეს ჩვენს საქმიანობაზე?

15 სასიხარულო ცნობის გავრცელებაში პოლიგრაფიულ სფეროში მიღწეულმა პროგრესმა თავისი წვლილი შეიტანა. იოჰან გუტენბერგის მიერ დაახლოებით 1450 წელს გამოგონებულმა ტიგელიანმა ბრტყლად საბეჭდმა მანქანამ საუკუნეების განმავლობაში მცირედი ცვლილებები თუ განიცადა. მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში არსებითი ცვლილებები შეინიშნა. საბეჭდი დაზგები უფრო მასიური და სწრაფი გახდა და ტექნიკურადაც დაიხვეწა. შედეგად, ქაღალდის წარმოება და აკინძვა უფრო იაფი გახდა. სასტამბო საბეჭდი დაზგები ოფსეტურმა მანქანებმა ჩაანაცვლა, რის შედეგადაც დაჩქარდა ბეჭდვის პროცესი და გაუმჯობესდა ილუსტრაციების ხარისხი. საინტერესოა, როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენს საქმიანობაზე? მაგალითად, ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომერი 1879 წლის ივლისში, სულ რაღაც, 6 000 ეგზემპლარად გამოიცა, თანაც ილუსტრაციების გარეშე და მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დღეს კი, 136 წლის შემდეგ, ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თითოეული ნომრის 50 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი იბეჭდება; მასში მოცემულია შესანიშნავი ფერადი ილუსტრაციები და ის 200-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი.

16. რა საშუალებებმა შეუწყო ხელი მთელი დედამიწის ზურგზე სასიხარულო ცნობის გავრცელებას? (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)

16 მოდი, ახლა ვისაუბროთ ზოგიერთ საშუალებაზე, რომელიც ღვთის ხალხმა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად გამოიყენა. ზემოთ მოვიხსენიეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენს საქმიანობას სატრანსპორტო საშუალებები, მაგალითად, მატარებელი, ავტომობილი და თვითმფრინავი. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება გააიოლა ისეთმა საშუალებებმაც, როგორიცაა: ველოსიპედი, საბეჭდი დაზგა, ბრაილის საბეჭდი მანქანა, ტელეგრაფი, ტელეფონი, კინოაპარატი, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რადიო, ტელევიზია, სლაიდები, კომპიუტერი და ინტერნეტი. ეს ყოველივე ნამდვილად გვეხმარება, რომ პირნათლად გავართვათ თავი ჩვენზე დაკისრებულ დავალებას და მოვიმოწაფოთ ხალხი. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მსახურები „ხალხთა რძეს“ მოწოვდნენ. ეს ასეც მოხდა. ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის მრავალ ენაზე გამოსაცემად ჩვენ ბრძნულად ვიყენებთ ადამიანთა მიღწევებს, მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიებს (წაიკითხეთ ესაიას 60:16).

17. ა) რას ვხედავთ საკუთარი თვალით? ბ) რატომ სურს ჩვენს მოსიყვარულე მამას, რომ მასთან ვითანამშრომლოთ?

17 ნამდვილად, საკუთარი თვალით ვხედავთ, თუ რა უხვად დაიბერტყა ღმერთმა ჩვენზე თავისი კურთხევების კალთა! რა თქმა უნდა, იეჰოვა თავის განზრახვებს ჩვენი დახმარების გარეშეც განახორციელებდა. მაგრამ ჩვენს მოსიყვარულე მამას სურს, რომ ვითანამშრომლოთ მასთან და ამგვარად დავუმტკიცოთ სიყვარული როგორც მას, ისე მოყვასს (1 კორ. 3:9; მარ. 12:28—31). ამიტომ, მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში ჩავებათ — ვაუწყოთ ხალხს სამეფოს შესახებ ცნობა! დაბოლოს, არასოდეს დაგვავიწყდეს მადლიერების გამოხატვა იეჰოვასადმი, რომელიც ხელმძღვანელობს და აკურთხებს საერთაშორისო სამქადაგებლო საქმიანობას!

^ აბზ. 1 ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები 1931 წელს ეწოდათ (ეს. 43:10).