წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2015

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რით შეგვიძლია დავეხმაროთ და-ძმებს, რომლებიც სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობიარენი არიან?

ისინი, ვისაც სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობელობა ანუ მომეტებული მგრძნობელობა გააჩნიათ, ხშირად მეტად არასახარბიელო ვითარებაში ხვდებიან. ყოველდღიურად მათ შესაძლოა ბევრ სრულიად უცნობ ადამიანთან მოუწიოთ ურთიერთობა. ამის გამო, ნამდვილად რთულია იმის გაკონტროლება, რომ არ მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც სუნამო არავის ექნება ნაპკურები. ამ პრობლემის მქონე ზოგმა ქრისტიანმა ისიც კი ითხოვა, რომ და-ძმები კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე მორიდებოდნენ სუნამოებისა და ოდეკოლონების გამოყენებას.

რა თქმა უნდა, არც ერთ ქრისტიანს არ სურს, რომ განგებ შეუქმნას დისკომფორტი თეოკრატიულ ღონისძიებებზე დამსწრე თანაქრისტიანებსა თუ სხვებს, ვინაიდან კრების შეხვედრები თითოეული ჩვენგანის გამხნევებას ემსახურება (ებრ. 10:24, 25). ამიტომ, მათ, ვისაც სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობელობა იმდენად სტანჯავთ, რომ უჭირთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, შეუძლიათ დახმარებისთვის უხუცესებს მიმართონ. თუ უხუცესები კონკრეტულ წესებს დაადგენენ სუნამოების მოხმარებასთან დაკავშირებით, ეს გაუმართლებელი და ბიბლიურ საფუძველს მოკლებული იქნება; თუმცა მათ შეუძლიათ კრების წევრებს ამ პრობლემის თაობაზე რაიმე სახით მიაწოდონ ინფორმაცია, რათა უკეთ გაუგონ სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობიარე და-ძმებს. ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე, კრების უხუცესებს შეუძლიათ, ეს საკითხი სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოსადგენ ადგილობრივ მოთხოვნილებებში ჩართონ და მოხსენება ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ამის შესახებ ტაქტიანად გააკეთონ განცხადება კრების შეხვედრაზე. * თუმცა მსგავსი სახის განცხადებებმა პერმანენტული ხასიათი არ უნდა შეიძინოს. ჩვენი კრების შეხვედრებზე ყოველთვის იმყოფებიან სტუმრები ან ახლად დაინტერესებულები, რომლებმაც უხერხულად არ უნდა იგრძნონ თავი. ამასთანავე, არც მათ უნდა შეექმნათ უხერხულობა, რომლებიც ზომიერად მოიხმარენ სუნამოებს.

თუ კრებაში სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობიარე და-ძმები გვყავს და არის საშუალება, რომ სამეფო დარბაზში მათთვის სპეციალური ადგილი გამოიყოს, უხუცესთა საბჭოს შეუძლია იზრუნოს ამაზე. მაგალითად, თუ სამეფო დარბაზში არის ოთახი, სადაც ხმის გამაძლიერებელი სისტემის მეშვეობით პროგრამის მოსმენა შესაძლებელია, ამგვარი პრობლემის მქონე და-ძმებს შეუძლიათ იქ დასხდნენ. თუ საკითხი არც ასე გვარდება, ძმებს შეუძლიათ, იზრუნონ კრების პროგრამის აუდიოჩანაწერის გაკეთებაზე ან თადარიგი დაიჭირონ, რომ სუნამოებისადმი ჰიპერმგრძნობიარე და-ძმებს ტელეფონის მეშვეობით მოასმენინონ პროგრამა, როგორც ეს მათ შემთხვევაში ხდება, ვინც სახლიდან ვერ გადის.

თუ უკანასკნელ წლებში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ დაბეჭდილ მითითებებს გადახედავთ, აუცილებლად შენიშნავთ არაერთ მოწოდებას, რომ ვერიდოთ სუნამოებისა და ოდეკოლონების გამოყენებას რეგიონულ კონგრესებზე, რათა ამგვარად მოვუფრთხილდეთ სხვადასხვა სუნისადმი სენსიტიურ და-ძმებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონგრესების უმეტესობა დახურულ სივრცეში ტარდება და დარბაზი საკმარისად არ ნიავდება, დამსწრეთ უმორჩილესად სთხოვენ, რომ მინიმუმამდე შეზღუდონ ასეთ შეხვედრებზე მძაფრი სუნამოებისა თუ ოდეკოლონების გამოყენება. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება რეგიონულ კონგრესებზე ექცევა, სადაც ერთი დიდი დარბაზია და როგორც წესი, შეუძლებელია ამ პრობლემის მქონეთათვის იზოლირებული ადგილის მოძებნა. თუმცა ეს წესი ნაკლებად ვრცელდება კრების შეხვედრებზე და ის კანონად არავინ უნდა აქციოს.

ამ ქვეყნიერების მიწურულს მცხოვრებნი მთელი სიმძაფრით შევიგრძნობთ არასრულყოფილების სავალალო შედეგებს. ამიტომ, ძალიან ვაფასებთ და-ძმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა შეგვიმსუბუქონ ისედაც აუტანელი ყოფა. ზოგმა შესაძლოა უარიც კი თქვას საყვარელ სუნამოსა თუ ოდეკოლონზე, რომ კრების შეხვედრებზე დამსწრეთ დისკომფორტი არ შეუქმნან. დიახ, ქრისტიანულმა სიყვარულმა სწორედ ამისკენ უნდა გვიბიძგოს!

 ადასტურებს ისტორიული წყაროები პონტიუს პილატეს არსებობას?

ქვის ფილა, რომელზეც ლათინურად იკითხება პონტიუს პილატეს სახელი

ბიბლიის მკითხველი პონტიუს პილატეს კარგად იცნობს, ვინაიდან მან იესო ქრისტეს გასამართლებასა და სიკვდილში ლომის წილი შეიტანა (მათ. 27:1, 2, 24—26). თუმცა მის სახელს სხვა თანამედროვე ისტორიული წყაროებიც იხსენიებს. ერთ-ერთი ცნობარის თანახმად, პილატეს შესახებ „უფრო მეტი ისტორიული წყარო მოგვითხრობს და თანაც უფრო დაწვრილებით, ვიდრე იუდეის რომელიმე რომაელი მმართველის შესახებ“ (The Anchor Bible Dictionary).

პილატეს სახელს ყველაზე ხშირად იხსენიებს ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელმაც თავის მატიანეში აღწერა ის სამი ძირითადი სირთულე, რომელიც მას, როგორც იუდეის გამგებელს, შეხვდა ცხოვრების გზაზე. მეოთხე რთულ პერიოდზე, რომელიც მას მმართველობის დროს დაუდგა, ისტორიკოსი, ფილონ ალექსანდრიელი, მოგვითხრობს. რაც შეეხება რომაელ ისტორიკოსს, ტაციტუსს, რომელმაც რომის იმპერატორების ისტორია დაწერა, იგი ადასტურებს, რომ ტიბერიუსის მმართველობის დროს იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯის ბრძანება სწორედ პონტიუს პილატემ გასცა.

1961 წელს კესარეაში (ისრაელი) მდებარე ძველ რომაულ თეატრში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქვის ფილა, რომელიც თავის დროზე ტიბერიუმის შენობას ეკუთვნოდა. ქვის ფილაზე ლათინურად პონტიუს პილატე იკითხება. ეს წარწერა (ქვემოთ) გახლავთ ამონარიდი ტექსტიდან, რომელიც სავარაუდოდ თავდაპირველად იყო შესრულებული ქვაზე: „იუდეის პრეფექტმა, პონტიუს პილატემ, ტიბერიუმი მიუძღვნა პატივდებულ ღმერთებს“. ტიბერიუმის შენობა, როგორც ჩანს, რომის იმპერატორ ტიბერიუსის პატივსაცემად აგებული ტაძარი იყო.

უნდა ეფაროს თუ არა დას თავზე, როდესაც ბიბლიის შესწავლას მოუნათლავ მაუწყებელ მამაკაცთან ერთად ატარებს?

2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“ ნათქვამი იყო, რომ როდესაც და ბიბლიის შესწავლას ატარებს, იმისდა მიუხედავად, მას მონათლული ძმა ახლავს თუ მოუნათლავი მაუწყებელი, თავზე უნდა ეფაროს. თუმცა გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით მცირედი ცვლილება გაგაცნოთ.

თუ და ბიბლიის შესწავლას მონათლული ძმის თანხლებით ატარებს, მას თავზე უნდა ეფაროს. ის ამგვარად პატივისცემას ავლენს იეჰოვას მიერ ქრისტიანულ კრებაში დადგენილი მეთაურობის პრინციპისადმი, რომლის მიხედვითაც, წესით, სწავლების პასუხისმგებლობა კრებაში ძმებს აკისრიათ (1 კორ. 11:5, 6, 10). მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძმას ბიბლიის შესწავლის ჩატარების უნარიც აქვს და შესაძლებლობაც, დას შეუძლია, მას სთხოვოს ამის გაკეთება.

მეორე მხრივ, თუ და ბიბლიის შესწავლას ატარებს მამაკაცის თანდასწრებით, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელია და მისი მეუღლე არაა, იგი წმინდა წერილების საფუძველზე ვალდებული არაა, რომ თავზე დაიფაროს. თუმცა ზოგმა დამ შეიძლება საკუთარი სინდისის საფუძველზე გადაწყვიტოს, რომ ამ შემთხვევაშიც დაიფაროს თავზე.

^ აბზ. 4 ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ 2000 წლის 8 აგვისტოს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია: „დახმარება მათთვის, ვისაც ქმმ აწუხებს“, გვერდები 8, 9.