არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  თებერვალი 2015

ერების განსწავლა „იეჰოვას სწავლებით“

ერების განსწავლა „იეჰოვას სწავლებით“

„პროკონსულმა . . . ირწმუნა და განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით“ (საქ. 13:12).

1—3. რა სირთულეებს შეიძლება შეხვედროდნენ მოწაფეები „ყველა ხალხისთვის“ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას?

იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს საკმაოდ რთული დავალება მისცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. მოწაფეები იესოს დავალებას უნდა შესჭიდებოდნენ, რის შედეგადაც სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ექადაგებოდა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს (მათ. 24:14; 28:19).

2 მოწაფეებს მთელი გულით უყვარდათ როგორც იესო, ისე მის მიერ ნაქადაგები სასიხარულო ცნობა. მაგრამ შესაძლოა ისინი შიშობდნენ, გაართმევდნენ კი თავს ამ დავალებას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ხომ თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ?! იესო ქრისტე, ღვთის ძე, რომლის შესახებაც მოწაფეებს უნდა ექადაგათ, უკვე მკვდარი იყო. საზოგადოება კი მათ „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ თვლიდა (საქ. 4:13). თქვენ წარმოიდგინეთ, მათ უნდა ექადაგათ ცნობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საუკუნოვანი რაბინული ტრადიციებით ნასაზრდოებ რელიგიურ წინამძღოლთა სწავლებებს! და თუკი მოწაფეების სიტყვას საკუთარ სამშობლოში ჩალის ფასი ექნებოდა, მათ შესაძლოა ეფიქრათ, რომ თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძლევამოსილი რომის იმპერიაში ვინღა ათხოვებდა ყურს?!

 3 გარდა ამისა, იესოს თავისი მოწაფეები გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მათ შეიძულებდნენ, განდევნიდნენ და ზოგიერთებს მოკლავდნენ კიდეც (ლუკ. 21:16, 17). იესოს ისიც ჰქონდა ნათქვამი, რომ მათ შორის გამოჩნდებოდნენ გამცემები, ცრუწინასწარმეტყველები და ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ „უკანონობის გამრავლებას“ (მათ. 24:10—12). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწაფეების ნაქადაგებ ცნობას ყველა გამოეხმაურებოდა, წამოიჭრებოდა კითხვა: როგორ შეძლებდნენ მოწაფეები „დედამიწის კიდით კიდემდე“ ქადაგებას? (საქ. 1:8). ეს სირთულეები მათ შესაძლოა გადაულახავად მოსჩვენებოდათ.

4. რამდენად წარმატებულად ქადაგებდნენ მოწაფეები პირველ საუკუნეში?

4 ზემოთ მოყვანილი დაბრკოლებების მიუხედავად, მოწაფეებმა მაინც შეძლეს სასიხარულო ცნობის ქადაგება არა მარტო იერუსალიმსა და სამარიაში, არამედ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მართალია, მოწაფეები ქადაგებისას არაერთ სიძნელეს შეხვდნენ, მაგრამ სამქადაგებლო საქმის დაწყებიდან 30 წელიწადში უკვე შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ — მას ნაყოფი გამოჰქონდა და ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში (კოლ. 1:6, 23). მაგალითად, კუნძულ კვიპროსზე პავლე მოციქულის ქადაგებისა და მის მიერ მოხდენილი სასწაულის შედეგად, რომის პროკონსულმა სერგიუს პავლუსმა სასიხარულო ცნობა ირწმუნა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „[ის] განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით“ (წაიკითხეთ საქმეების 13:6—12).

5. ა) რაში დაარწმუნა იესომ თავისი მოწაფეები? ბ) რა დასკვნამდე მიიყვანა ზოგი პირველ საუკუნეში შექმნილმა ვითარებამ?

5 იესოს მოწაფეებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ საკუთარი ძალით სამქადაგებლო საქმეს თავს ვერ გაართმევდნენ. მათ იესო დაჰპირდა, რომ მათთან იქნებოდა და წმინდა სულით დაეხმარებოდა (მათ. 28:20). ერთიცაა, სამქადაგებლო საქმეს იმდროინდელ მსოფლიოში შექმნილი ვითარებაც უწყობდა ხელს. ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „სავარაუდოდ, კაცობრიობის ისტორიაში ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეზე უფრო ხელსაყრელი პერიოდი არ არსებობდა იმისათვის, რომ მის წიაღში ახალი, ქრისტიანული ეკლესია, აღმოცენებულიყო . . . მეორე საუკუნეში ქრისტიანები . . . ფიქრობდნენ, რომ ამაში უშუალოდ ღვთის ხელი ერია“ (Evangelism in the Early Church).

6. რას განვიხილავთ ა) წინამდებარე სტატიაში? ბ) მომდევნო სტატიაში?

6 ბიბლია არ გვაუწყებს, თუ როგორ წარმართა ღმერთმა პირველ საუკუნეში მსოფლიო მოვლენები, რათა სამქადაგებლო საქმეს არნახული მასშტაბებისთვის მიეღწია. თუმცა ერთი რამ დღესავით ნათელია: იეჰოვას სურდა, რომ სასიხარულო ცნობა გაცხადებულიყო, ეშმაკს კი — არა. ამ სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ ფაქტორს, რამაც გააადვილა სასიხარულო ცნობის ქადაგება პირველ საუკუნეში, რაც ძნელად თუ მოხერხდებოდა კაცობრიობის ისტორიის სხვა მონაკვეთში. შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ დღეს რა უწყობს ხელს სასიხარულო ცნობის ქადაგებას დედამიწის კიდით კიდემდე.

„რომაული ზავი“

7. რას წარმოადგენდა „რომაული ზავი“ და რით იყო ეს პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული?

7 პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ზეობის ხანაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატი, გარკვეულწილად, ხელს აძლევდა ქრისტიანებს, რომ მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ სასიხარულო ცნობა. ეს შედარებით მშვიდობიანი ხანა რომის ისტორიაში „რომაული ზავის“ სახელით შევიდა. იმპერია თავის ვრცელ ტერიტორიებზე მკვიდრი ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფდა. თუმცა იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ დროდადრო იქნებოდა ომები და ხალხი მოისმენდა „ცნობებს ომების შესახებ“ (მათ. 24:6). მაგალითად, ახ. წ. 70 წელს რომის ჯარმა აიღო იერუსალიმი; იმავდროულად, რომის იმპერიის საზღვრებთან მცირემასშტაბიანი დაპირისპირებებიც ხდებოდა. თუმცა იესოს დედამიწაზე ცხოვრებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირა  ქვეყნებში მეტ-ნაკლებად მშვიდობა სუფევდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „კაცობრიობის ისტორიას არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ახსოვს, რომ ამდენ ადამიანს და ასე ხანგრძლივად მშვიდობიანად ეცხოვროს“.

8. რა მხრივ აღმოჩნდა პირველი ქრისტიანებისთვის სასიკეთო რომის იმპერიაში არსებული პოლიტიკური ვითარება?

8 მესამე საუკუნის თეოლოგმა ორიგენემ თავისი შეხედულება წერილობით ასე ჩამოაყალიბა: „იესოს სწავლების გავრცელებას უდავოდ ხელს შეუშლიდა უამრავი სახელმწიფოს არსებობა . . . ასეთ შემთხვევაში ყველა მამაკაცს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად მოუწევდა ბრძოლა . . . და თუკი იესოს დედამიწაზე მოღვაწეობის პერიოდში მსოფლიოში არ იქნებოდა მშვიდობა, გავრცელდებოდა კი რელიგია, რომელიც მშვიდობას ქადაგებდა და კაცს მტრისთვის სამაგიეროს გადახდასაც კი უკრძალავდა?!“. მართალია, რომის იმპერიაში სამეფოს მაუწყებლები იდევნებოდნენ, მაგრამ მათ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ და იმპერიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას თავიანთდა სასიკეთოდ იყენებდნენ (წაიკითხეთ რომაელების 12:18—21).

გამარტივებული მიმოსვლა

9, 10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ რომის იმპერიაში ქრისტიანები ადვილად გადაადგილდებოდნენ?

9 რომის იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებს მიმოსვლას უადვილებდა გამართული საგზაო სისტემა. იმპერიას თავისი მოქალაქეების დასაცავად და გასაკონტროლებლად ძლიერი და კარგად მომზადებული ჯარი ჰყავდა. ბუნებრივია, ჯარის სწრაფად გადასაადგილებლად აუცილებელი იყო კარგი გზები, რომელთა დაგებაშიც რომაელებს ბადალი არ ჰყავდათ. რომაელმა მშენებლებმა მთლიანობაში 80 000 კმ-ზე მეტი სიგრძის გზა გაიყვანეს. ეს გზები ერთმანეთთან აკავშირებდა თითქმის ყველა პროვინციას და ისინი ტყეებზე, უდაბნოებსა თუ კლდოვან მთებზე გადიოდნენ.

10 გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, რომის იმპერიაში მცხოვრებთ შეეძლოთ გადაადგილება მდინარეებითა და არხებით, რომელთა საერთო სიგრძეც დაახლოებით 27 000 კმ-ს შეადგენდა. რომაული ხომალდები მიმოდიოდნენ დაახლოებით 900 საზღვაო გზაზე, რომლებიც, თავის მხრივ, ასობით პორტთან იყვნენ დაკავშირებული. ამის წყალობით ქრისტიანები მთელ რომაულ სამყაროში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მართალია, მოგზაურობის დროს ხანდახან სირთულეებიც იჩენდა თავს, მაგრამ პავლე მოციქული და სხვა ქრისტიანები პირადობის დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთისა თუ სპეციალური ნებართვის გარეშე მგზავრობდნენ. რომის იმპერიაში არც საემიგრაციო სამსახური არსებობდა და არც საბაჟო კონტროლი. მგზავრობა მეტწილად უსაფრთხო იყო, ვინაიდან რომაული სამართალი ბოროტმოქმედებს სასტიკად უსწორდებოდა. ზღვაზე მგზავრობაც უსაფრთხო იყო, რადგან საზღვაო გზებს რომაული საზღვაო ფლოტი მეკობრეებისგან იცავდა. მართალია, პავლემ რამდენიმეჯერ გადაიტანა ხომალდის მსხვრევა და არაერთხელ აღმოჩნდა საფრთხის პირისპირ ზღვაზე, მაგრამ წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ მას თავს დასხმოდნენ მეკობრეები (2 კორ. 11:25, 26).

საერთო საკომუნიკაციო ენა

კოდექსის წყალობით გაადვილდა ბიბლიური მუხლების მოძებნა (იხილეთ მე-12 აბზაცი)

11. რატომ იყენებდნენ მოწაფეები ბერძნულ კოინე ენას?

11 საერთო ბერძნულ ენას, კოინეს, ქრისტიანები ერთმანეთთან საურთიერთოდ იყენებდნენ, რის წყალობითაც ქრისტიანულ კრებებში ერთობა სუფევდა. ალექსანდრე მაკედონელის ექსპანსიურმა პოლიტიკამ ბერძნული ენის საერთაშორისო სტატუსი განაპირობა — ეს ენა თითქმის ყველას ესმოდა და მასზე თითქმის ყველა საუბრობდა. ამგვარად, ღვთის მსახურებს საზოგადოების ყველა ფენის ადამიანთან შეეძლოთ საუბარი და სასიხარულო ცნობის გაზიარება. ამასთანავე, იმ დროისათვის უკვე არსებობდა ეგვიპტეში მცხოვრები იუდეველების მიერ შესრულებული ებრაული წერილების ბერძნულენოვანი თარგმანი, რომელიც „სეპტუაგინტის“ სახელით  იყო ცნობილი. „სეპტუაგინტა“ ხალხისთვის უცხო არ იყო და პირველ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ბიბლიის ამ თარგმანიდან ციტირება. გარდა ამისა, ბერძნული ენა პირველი საუკუნის ქრისტიანთათვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა ქრისტიანული წერილების დასაწერად. ბერძნულ კოინეს მდიდარი ლექსიკური მარაგი გააჩნდა, რაც მის დამწერთ სულიერი საკითხების ახსნა-განმარტებას უადვილებდა.

12. ა) რა არის კოდექსი და რით უპირატესობდა ის გრაგნილზე? ბ) როდის დაიწყეს ქრისტიანებმა კოდექსების ფართოდ მოხმარება?

12 ისმის კითხვა: როგორ იყენებდნენ ქრისტიანები მსახურებაში წმინდა წერილებს? გრაგნილები თავიანთი მოცულობის გამო გამოსაყენებლად მოუხერხებელი იყო — საჭირო იყო მათი გაშლა და შემდგომ დახვევა. ამას გარდა, ნაწერი გრაგნილზე, ჩვეულებრივ, ცალ გვერდზე იყო შესრულებული. მაგალითად, ერთი გრაგნილი მხოლოდ მათეს სახარებას იტევდა. მოგვიანებით, გაჩნდა კოდექსი — წიგნის პირველსახე — აკინძული გვერდების ერთობლიობა. ეს ეხმარებოდა მკითხველს, მარტივად გადაეშალა კოდექსი და მიეგნო ამა თუ იმ მონაკვეთისთვის. მართალია, რთულია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყეს ქრისტიანებმა კოდექსების გამოყენება, მაგრამ ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „II საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანთა მიერ კოდექსების ფართო მოხმარება გვაფიქრებინებს, რომ ქრისტიანებმა მათით სარგებლობა ახ. წ. 100 წლამდე დაიწყეს“.

რომაული სამართალი

13, 14. ა) როგორ ისარგებლა პავლემ იმ უფლებებით, რომელსაც მას რომის მოქალაქეობა ანიჭებდა? ბ) როგორ შეუწყო ხელი სასიხარულო ცნობის გავრცელებას რომაულმა კანონმდებლობამ?

13 რომაული კანონმდებლობა მთელი იმპერიის მასშტაბით ვრცელდებოდა; რომის მოქალაქეები დაცულნი იყვნენ და მთელი რიგი უფლებებით სარგებლობდნენ. მაგალითად, პავლემ რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ რომის მოქალაქე იყო. ერთხელ, როცა იგი იერუსალიმში უნდა გაეშოლტათ, რომაელ ასისთავს ჰკითხა: „განა გაქვთ იმის უფლება, რომ რომაელი კაცი გაუსამართლებლად გაშოლტოთ?“. ამის უფლება მათ ნამდვილად არ ჰქონდათ და როცა პავლემ თქვა, რომ დაბადებიდან რომის მოქალაქე იყო, „მათ, ვინც წამებით უპირებდა დაკითხვას, მიატოვეს ის. ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ ის რომაელი ყოფილა, რადგან მან შებოჭა იგი“ (საქ. 22:25—29).

14 როცა ფილიპეში შეიტყვეს, რომ პავლე რომის მოქალაქე იყო, მისადმი დამოკიდებულება შეიცვალეს (საქ. 16:35—40). მას შემდეგ, რაც ქალაქის მწერალმა ეფესოში ბრბო დააშოშმინა, შეკრებილთ რომის კანონები შეახსენა (საქ. 19:35—41). კესარეაში პავლემ მოითხოვა, რომ მისი, როგორც რომის მოქალაქის საქმე, კეისარს განეხილა. შედეგად, იგი წარდგა კეისრის  წინაშე და დაიცვა კიდეც თავისი რწმენა (საქ. 25:8—12). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ რომაული სამართალი „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებას“ მოემსახურა (ფილ. 1:7).

იუდეველთა დიასპორა

15. რამდენად მრავალრიცხოვანი იყო იუდეველთა დიასპორა პირველი საუკუნის რომის იმპერიაში?

15 ქრისტიანებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას ისიც უადვილებდა, რომ იუდეველთა სათვისტომოები მთელი რომის იმპერიაში იყო მიმოფანტული. საუკუნეებით ადრე, ჯერ ასურელებმა, შემდეგ კი ბაბილონელებმა იუდეველები თავიანთი სამშობლოდან აყარეს და ტყვედ წაასხეს. ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისისთვის, სპარსეთის იმპერიის 127-ვე სამთავროში იუდეველები მკვიდრობდნენ (ესთ. 9:30). იუდეველთა სათვისტომოები იესოს დედამიწაზე ყოფნისასაც არსებობდა ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ტერიტორიებზე, გარდა ამისა — მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთსა და შუამდინარეთში. რომის იმპერიაში მცხოვრები დაახლოებით 60 მილიონი ადამიანიდან ყოველი მე-14 იუდეველი იყო. ისინი კი, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ყველგან იუდეველებად რჩებოდნენ (მათ. 23:15).

16, 17. ა) რა მხრივ აღმოჩნდა იუდეველთა გაფანტვა სასიკეთო არაიუდეველთათვის? ბ) რაში მიჰბაძეს ქრისტიანებმა იუდეველებს?

16 მთელ იმპერიაში მიმოფანტული იუდეველების წყალობით, ებრაულ წერილებს მრავალი არაიუდეველი გაეცნო. მათ შეიტყვეს, რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის თაყვანისმცემლებიც ზნეობრივად სუფთად უნდა ცხოვრობდნენ. მათ ისიც გაიგეს, რომ ებრაულ წერილებში მესიაზე არაერთი წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი (ლუკ. 24:44). არც იუდეველებს და არც ქრისტიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ებრაული წერილები ღვთისგან იყო შთაგონებული. შესაბამისად, პავლეს არ გაუჭირდებოდა გულმართალ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და მათთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება. ამიტომ, ჩვეულებისამებრ, იგი შედიოდა იუდეველთა სინაგოგებში და მათთან ერთად წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა (წაიკითხეთ საქმეების 17:1, 2).

17 იუდეველებს შემუშავებული ჰქონდათ თაყვანისცემის ერთგვარი სისტემა. ისინი რეგულარულად იკრიბებოდნენ სინაგოგებსა თუ ღია ცისქვეშ, მღეროდნენ სადიდებლებს, ლოცულობდნენ და განიხილავდნენ სხვადასხვა მონაკვეთს ბიბლიიდან. სწორედ ამ სახით ტარდება დღეს ჩვენი ქრისტიანული კრების შეხვედრებიც.

იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია

18, 19. ა) რა საქმეს შეუწყო ხელი პირველ საუკუნეში რომის იმპერიაში არსებულმა პოლიტიკურმა კლიმატმა? ბ) რა მხრივ განგიმტკიცათ ამ სტატიაში განხილულმა ინფორმაციამ იეჰოვასადმი რწმენა?

18 როგორც დავინახეთ, ზემოთ მოყვანილმა გარემოებებმა — „რომაულმა ზავმა“, გამარტივებულმა მიმოსვლამ, საერთო საკომუნიკაციო ენამ, იმპერიის კანონმდებლობამ და იუდეველთა მიმოფანტვამ — მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი რომის იმპერიაში ქრისტეს მოწაფეთა მიერ სასიხარულო ცნობის ქადაგებას.

19 იესოს დედამიწაზე მოსვლამდე 400 წლით ადრე ბერძენმა ფილოსოფოსმა, პლატონმა, თავის ერთ-ერთ ლიტერატურულ გმირს ათქმევინა: „ნამდვილად ძნელია, მივაკვლიოთ ჩვენს მამასა და სამყაროს უზენაეს შემოქმედს. და, თუ მაინც მივაკვლევთ, ნამდვილად ვერ შევძლებთ იმას, რომ მის შესახებ ყველას მოვუთხროთ“. თუმცა იესომ თქვა: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკ. 18:27). სამყაროს შემოქმედს სურს, რომ ადამიანებმა იპოვონ და გაიცნონ იგი. უფრო მეტიც, მან დაგვავალა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის დახმარებით ამ დავალებას თავს გავართმევთ. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ სრულდება მოწაფეების მომზადების საქმე ჩვენს დროში.