წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2015

რატომ აღვნიშნავთ უფლის გახსენების საღამოს?

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:24).

1, 2. რა გააკეთა იესომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის საღამოს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

დაღამდა, მაგრამ იერუსალიმს სავსე მთვარე დაჰნათის და ვერცხლისფერ საბურველში ხვევს. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი დგას. იესომ და მისმა მოციქულებმა იმის აღსანიშნავად, რომ 15 საუკუნით ადრე ისრაელებმა ეგვიპტელთა მონური უღელი გადაიგდეს, ეს-ესაა პასექი იზეიმეს. სწორედ ამ საღამოს იესომ თავის 11 ერთგულ მოციქულთან ერთად უკანასკნელად ივახშმა და ახალ დღესასწაულს, თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს, ჩაუყარა საფუძველი. იესო იმავე დღეს მოკლეს * (მათ. 26:1, 2).

2 იესომ აიღო უფუარი პური, ილოცა, გადააწოდა მოციქულებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ“. შემდეგ აიღო სასმისით ღვინო, ღმერთს კვლავ მადლობა გადაუხადა და თქვა: „ყველამ შესვით“ (მათ. 26:26, 27). მართალია, იესოს მოციქულებისთვის პურისა და ღვინის გარდა სხვა არაფერი გადაუწოდებია, მაგრამ ამ ისტორიულ ღამეს მან თავის მოციქულებს დეტალურად აუხსნა ამ ორი სიმბოლოს მნიშვნელობა.

3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი წინამდებარე სტატიაში?

 3 ამგვარად, იესომ დააფუძნა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, რომელიც „უფლის ვახშმის“ სახელითაცაა ცნობილი (1 კორ. 11:20). ამ მოვლენის აღნიშვნასთან დაკავშირებით შესაძლოა წამოიჭრას კითხვები: რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს? რისი სიმბოლოებია პური და ღვინო? როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის? ვინ უნდა მიიღოს სიმბოლოები? რამდენად ძვირფასია ქრისტიანებისთვის ღვთისგან ბოძებული იმედი, რომლის შესახებაც წმინდა წერილებში ვკითხულობთ?

რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს?

4. რა გახდა ჩვენთვის შესაძლებელი იესოს გამოსასყიდის საფუძველზე?

4 ჩვენ, უკლებლივ ყველამ, საერთო წინაპრისგან, ადამისგან, ცოდვა და სიკვდილი ვიმემკვიდრეთ (რომ. 5:12). ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ წარუდგენდა ღმერთს გამოსასყიდს ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც — სხვებისთვის (ფსალმ. 49:6—9). ეს მხოლოდ იესომ შეძლო, რომელმაც ჩვენთვის სისხლი დაღვარა, თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო და ღმერთს ჩადენილი ცოდვის შესაბამისი გამოსასყიდი წარუდგინა. იესომ ამგვარად გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა (რომ. 6:23; 1 კორ. 15:21, 22).

5. ა) რა ამტკიცებს, რომ ღმერთსა და იესოს უყვართ კაცობრიობა? ბ) რატომ უნდა დავესწროთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს?

5 გამოსასყიდი იმაზე მოწმობს, რომ ღმერთს უყვარს კაცობრიობა (იოან. 3:16). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი იმასაც ამტკიცებს, რომ მასაც თბილი გრძნობები აქვს ჩვენდამი. ფაქტია, იესოს, რომელსაც განკაცებამდე ბიბლია ღვთის ოსტატად მოიხსენიებს, უყვარდა „ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:30, 31). ღვთისა და მისი ძისადმი მადლიერების გრძნობამ უნდა გვიბიძგოს, დავესწროთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს და მივყვეთ მის მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:23—25).

რისი სიმბოლოებია პური და ღვინო?

6. რის თქმა შეიძლება გახსენების საღამოზე წარმოდგენილ პურსა და ღვინოზე?

6 როდესაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა, მას პური და ღვინო სასწაულებრივად თავის ხორცად და სისხლად არ უქცევია. მან პურზე თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“. ღვინოზე კი თქვა: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს» (მარ. 14:22—24). სწორედ ამიტომ პური და ღვინო მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოები იყო.

7. რას განასახიერებს გახსენების საღამოზე წარმოდგენილი პური?

7 ახ. წ. 33 წელს ახალი დღესასწაულის დაარსების დროს იესომ საპასექო უფუარი პური გამოიყენა (გამ. 12:8). წმინდა წერილებში საფუარი ხანდახან ცოდვისა და ხრწნის სიმბოლოა (მათ. 16:6, 11, 12; ლუკ. 12:1). ამრიგად, ის ფაქტი, რომ იესომ უფუარი პური გამოიყენა ამ დღესასწაულის დაფუძნების დროს, მეტად საგულისხმოა, ვინაიდან იგი საუკეთესოდ განასახიერებდა მის უცოდველ სხეულს (ებრ. 7:26). სწორედ ამიტომ ვიყენებთ უფუარ პურს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნისას.

8. რას განასახიერებს გახსენების საღამოზე წარმოდგენილი ღვინო?

8 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს გამოყენებული ღვინო განასახიერებდა იესოს სისხლს და ეს დღესაც ასეა. იესოს სისხლი იერუსალიმთან ახლოს, გოლგოთაზე, მრავალთათვის „ცოდვების მისატევებლად“ დაიღვარა (მათ. 26:28; 27:33). გახსენების საღამოზე წარმოდგენილი პური და ღვინო განასახიერებს იესოს ძვირფას სიცოცხლეს, რომელიც მან მორჩილი კაცობრიობისათვის გაიღო. ჩვენ მადლიერება აღგვძრავს, რომ ყოველწლიურად მოვემზადოთ უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად.

როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის?

9. ა) რატომ უნდა მივყვეთ ბიბლიის კითხვის გეგმას გახსენების საღამოსთვის? ბ) რა გრძნობები გეუფლებათ, როცა გამოსასყიდზე ფიქრობთ?

9 თუ მივყვებით ბიბლიის კითხვის გეგმას  გახსენების საღამოსთვის, რომელიც მოცემულია ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“, შევძლებთ, ვიფიქროთ იმაზე, რაც იესომ სიკვდილამდე გააკეთა. ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება, რომ გული უფლის გახსენების საღამოსთვის განვაწყოთ. * ერთმა დამ დაწერა: „მოუთმენლად ველით გახსენების საღამოს. იგი წლიდან წლამდე უფრო და უფრო განსაკუთრებული მოვლენა ხდება ჩემთვის. მახსენდება, როცა დამკრძალავ ბიუროში . . . მამაჩემის ცხედარს დავცქეროდი. გამოსასყიდზე ფიქრი გულს მადლიერებით მივსებდა . . . მართალია, აღდგომის იმედზე უამრავი მუხლი ვიცოდი და მათი ახსნაც შემეძლო, მაგრამ, როცა სიკვდილმა ჩემს უძვირფასეს ადამიანს დარია მსახვრალი ხელი, მხოლოდ მაშინ გავისიგრძეგანე, თუ რამხელა სიხარული დაგვეუფლება, როცა გამოსასყიდის წყალობით ღვთის დიდებული დაპირებები შესრულდება“. ასე რომ, როცა გახსენების საღამოსთვის თადარიგს დავიჭერთ, კარგია იმაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ გვათავისუფლებს იესოს მსხვერპლი ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან.

გამოიყენეთ ბიბლიის კითხვის გეგმა გახსენების საღამოსთვის, რათა ამ მოვლენისთვის გული განაწყოთ (იხილეთ მე-9 აბზაცი)

10. კიდევ რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვემზადებით გახსენების საღამოსთვის?

10 გახსენების საღამოს სამზადისში ისიც შედის, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ მსახურებას, მაგალითად, ვიმსახუროთ დამხმარე პიონერად. ჩვენ სიხარულს მოგვგვრის, თუ ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვებს უფლის გახსენების საღამოზე დავპატიჟებთ და ვისაუბრებთ მათთან ღმერთზე, მის ძესა და იმ კურთხევებზე, რომლებსაც ისინი მიიღებენ, ვინც გულს უხარებს იეჰოვას და განადიდებს მას (ფსალმ. 148:12, 13).

11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ზოგი კორინთელი ქრისტიანი გახსენების საღამოზე უღირსად იღებდა სიმბოლოებს?

11 უფლის გახსენების საღამოსთვის მომზადების დროს იფიქრეთ იმ სიტყვებზე, რაც მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს მისწერა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 11:27—34). პავლემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე უღირსად შეჭამდა ამ პურს და უღირსად შესვამდა ღვინოს, „დამნაშავე იქნებოდა უფლის [იესო ქრისტეს] სხეულისა და სისხლის წინაშე“. ამიტომ ცხებულ ქრისტიანს გულდასმით უნდა შეემოწმებინა საკუთარი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო სიმბოლოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საკუთარი თავის გასასამართლებლად“ შეჭამდა და შესვამდა. უღირსი საქციელის გამო ბევრი კორინთელი ქრისტიანი იყო „სუსტი და ავადმყოფი, ბევრს კი [სულიერად] სიკვდილის ძილით ეძინა“. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი იმდენს ჭამდა გახსენების საღამომდე ან გახსენების საღამოს  განმავლობაში, რომ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, თვლემდა. ასეთ მდგომარეობაში სიმბოლოების მიღება ღვთის თვალში ნამდვილად უღირსი საქციელი იყო.

12. ა) რას შეადარა პავლე მოციქულმა გახსენების საღამო და რა გაფრთხილება მისცა ცხებულ ქრისტიანებს? ბ) რა უნდა გააკეთოს ცხებულმა ქრისტიანმა, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს?

12 პავლე მოციქულმა გახსენების საღამო შეადარა მრავალთათვის გაშლილ სუფრას და ცხებულები გააფრთხილა: «შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორ. 10:16—21). თუ ქრისტიანი, რომელიც გახსენების საღამოზე იღებს სიმბოლოებს, სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, მან სულიერი დახმარება უნდა ითხოვოს (წაიკითხეთ იაკობის 5:14—16). თუ იგი „გამოიღებს მონანიების შესაფერის ნაყოფს“, გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება მას უღირს საქციელში არ ჩაეთვლება (ლუკ. 3:8).

13. რატომ არის უპრიანი, ვილოცოთ ღვთისგან ნაბოძებ იმედზე?

13 გახსენების საღამოსთვის მოსამზადებელ პერიოდში უპრიანია, თუ ვილოცებთ და ღვთისგან ნაბოძებ იმედზე ვიფიქრებთ. იეჰოვას არც ერთ მიძღვნილ მსახურსა და მისი ძის არც ერთ ერთგულ მიმდევარს არ სურს, იესოს მსხვერპლისადმი უპატივცემულობა გამოავლინოს და მიიღოს გახსენების საღამოს სიმბოლოები, თუ ის ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ ცხებული ქრისტიანია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება ლოგიკური შეკითხვა: რა დაეხმარება ადამიანს იმის განსაზღვრაში, უნდა მიიღოს თუ არა სიმბოლოები გახსენების საღამოზე?

ვინ უნდა მიიღოს სიმბოლოები?

14. რა კავშირია ახალ შეთანხმებასა და სიმბოლოების მიღებას შორის?

14 ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს, ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი შეთანხმების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს. ღვინოზე იესომ თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“ (1 კორ. 11:25). ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ ახალი შეთანხმებით შეცვლიდა ისრაელთან დადებულ კანონის შეთანხმებას (წაიკითხეთ იერემიას 31:31—34). ღმერთმა ახალი შეთანხმება სულიერ ისრაელს დაუდო (გალ. 6:15, 16). ეს შეთანხმება ძალაში შევიდა და ამოქმედდა იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისა და დაღვრილი სისხლის საფუძველზე (ლუკ. 22:20). ახალი შეთანხმების შუამავალი იესო ქრისტეა; ერთგული ცხებულები, რომლებთანაც მან ეს შეთანხმება დადო, ზეციურ ჯილდოს მიიღებენ (ებრ. 8:6; 9:15).

15. ვისთან დაიდო შეთანხმება სამეფოსთვის და რა პატივი ელის მათ, თუ ბოლომდე ერთგულები დარჩებიან?

15 სიმბოლოების მიმღებთ ისიც ესმით, რომ მათთან სხვა შეთანხმებაცაა დადებული — შეთანხმება სამეფოსთვის (წაიკითხეთ ლუკას 12:32). იესოს ცხებული მიმდევრები, რომლებიც მისი ერთგულები არიან და მის ტანჯვას იზიარებენ, მომავალში მის ტახტსაც გაიზიარებენ (ფილ. 3:10). ვინაიდან მათთან დაიდო შეთანხმება სამეფოსთვის, ისინი იესოსთან ერთად მარადიულად იმეფებენ (გამოცხ. 22:5). ამრიგად, ისინი უფლის გახსენების საღამოზე სამართლიანად იღებენ სიმბოლოებს.

16. მოკლედ ახსენით რომაელების 8:15—17 მუხლები.

16 გახსენების საღამოზე სიმბოლოები მხოლოდ მათ უნდა მიიღონ, ვისაც სული უმოწმებს, რომ ღვთის შვილები არიან (წაიკითხეთ რომაელების 8:15—17). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ გამოიყენა არამეული სიტყვა „აბბა“, რაც ნიშნავს „მამას“. ეს სიტყვა იმითაა გამორჩეული, რომ ის თავის თავში აერთიანებს მშობლისადმი მოწიწებულ მიმართვას — „მამა“ და სითბოს გამომხატველ — „მამიკოს“. ვინც ღვთისგან „შვილების სულს“ იღებს, ღვთის სულით შობილი შვილი ხდება. ღვთის სული მათ სულთან ერთად მოწმობს ანუ შთააგონებს მათ, რომ ისინი იეჰოვას ცხებული ძეები არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დედამიწაზე ცხოვრების ინტერესი დაკარგეს, უბრალოდ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქრისტეს თანამემკვიდრენი იქნებიან მის ზეციერ  სამეფოში, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან. დღეს 144 000 ცხებულ ქრისტიანთაგან, რომელთა „ცხება . . . წმინდისგან [იეჰოვასგან] არის“, მცირე ნაწილიღაა დედამიწაზე დარჩენილი (1 იოან. 2:20; გამოცხ. 14:1). ცხებული ქრისტიანები სწორედ ღვთის სულით ღაღადებენ: „აბბა, მამა!“. დღესავით ნათელია, რომ მათ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ღმერთთან, ზეციერ მამასთან!

დააფასეთ ბიბლიური იმედი!

17. რისი იმედი აქვთ ცხებულებს და როგორ ხვდებიან ისინი ამას?

17 თუ თვლი, რომ ცხებული ქრისტიანი ხარ, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე: ხშირად ესაუბრები მამას პირად ლოცვებში შენს ზეციურ იმედზე? როცა ბიბლიაში კითხულობ ზეციურ პატარძალზე, რომელიც ნეფეზე, იესო ქრისტეზეა, დანიშნული, იღებ ამას საკუთარ თავზე და შენც ერთი სული გაქვს, გახდე ქრისტეს „პატარძლის“ ნაწილი? (2 კორ. 11:2; იოან. 3:27—29; გამოცხ. 21:2, 9—14). როდესაც ღვთის სიტყვაში კითხულობ, თუ რაოდენ უყვარს თავისი ცხებული შვილები იეჰოვას, თვლი, რომ იეჰოვა ამ სიტყვებს შენი მისამართითაც ამბობს? როცა იეჰოვას სიტყვაში ცხებული ქრისტიანების საყურადღებოდ ჩაწერილ მითითებებს ეცნობი, აღგძრავს წმინდა სული, რომ დაემორჩილო ამ მითითებებს და გაქვს განცდა, რომ ისინი სწორედ შენ გეხება? თუ ამ კითხვებზე შენი პასუხები დადებითია, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სული შენს სულთან ერთად მოწმობს, რომ ზეციური იმედი გაქვს.

18. რისი იმედი აქვს „სხვა ცხვარს“ და პირადად შენ რა გრძნობა გეუფლება, როცა ამ იმედზე ფიქრობ?

18 მაგრამ, თუ „უამრავი ხალხის“, „სხვა ცხვრის“ ნაწილი ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ ღმერთმა არც შენ დაგტოვა უიმედოდ — შენ დედამიწაზე იცხოვრებ! (გამოცხ. 7:9; იოან. 10:16). დაფიქრდი რამდენიმე კითხვაზე: გსურს სამოთხეში მარადიული ცხოვრება და გსიამოვნებს, როცა ბიბლიაში ამ გასაოცარი დანაპირების შესახებ კითხულობ? ელი იმ დროს, როცა მშვიდობიან დედამიწაზე შენს მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან და სხვა მართალ ადამიანებთან ერთად ცხოვრებით გაიხარებ? ერთი სული გაქვს, იცხოვრო იმ დროს, როცა საკვების უკმარისობა, სიღარიბე, ტანჯვა, ავადმყოფობა და სიკვდილი წარსულში დარჩება და კაცობრიობა შვებით ამოისუნთქავს? (ფსალმ. 37:10, 11, 29; 67:6; 72:7, 16; ეს. 33:24). მთელი გულით გწადია, შეხვდე მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მარადიულად იცხოვრებ დედამიწის ზურგზე? (იოან. 5:28, 29). ხარ მადლიერი, რომ იეჰოვამ ასე გაკურთხა და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი გიბოძა? მართალია, გახსენების საღამოზე სიმბოლოებს არ იღებ, მაგრამ შენ ესწრები ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რითაც მადლიერებას გამოხატავ იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი.

დაესწრებით?

19, 20. ა) რა შემთხვევაში არ გაგიცრუვდებათ იმედი? ბ) რატომ უნდა დაესწროთ უფლის გახსენების საღამოს?

19 თუ რწმენას გამოავლენთ იეჰოვას, იესო ქრისტესა და გამოსასყიდისადმი, დარწმუნებულნი იყავით, რომ, იმედი არასდროს გაგიცრუვდებათ და მიიღებთ თქვენთვის განკუთვნილ ჯილდოს — იქნება ეს ზეცაში ცხოვრება თუ დედამიწაზე. გახსენების საღამოზე დასწრების შემთხვევაში, საშუალება მოგეცემათ, რომ დაფიქრდეთ თქვენს იმედზე და იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იესოს სიკვდილს თქვენთვის. მაშ ასე, მიზნად დაისახეთ, რომ იყოთ იმ მილიონობით ადამიანს შორის, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უფლის გახსენების საღამოს, 2015 წლის 3 აპრილს, პარასკევს, მზის ჩასვლის შემდეგ, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებსა თუ სხვა შესაკრებელ ადგილებში დაესწრებიან.

20 თუ გახსენების საღამოს დაესწრებით, ალბათ, უფრო მეტად დააფასებთ გამოსასყიდს. მოსმენილი მოხსენება დაგეხმარებათ, შეიყვაროთ მოყვასი და ესაუბროთ მას, თუ როგორი მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა და რა დიდებული განზრახვა აქვს კაცთა მოდგმის მიმართ (მათ. 22:34—40). ასე რომ, მიზნად დაისახეთ, დაესწროთ უფლის გახსენების საღამოს!

^ აბზ. 1 ებრაელებისთვის დღე მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა და მომდევნო დღის დაისამდე გრძელდებოდა.

^ აბზ. 9 იხილეთ ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“, ნაწილი 16.