წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2015

მათ მზადყოფნა გამოავლინეს ნიუ-იორკი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს ნიუ-იორკი

რამდენიმე წლის წინ სეზარი და მისი მეუღლე როსიო კალიფორნიაში მეტად კომფორტულად ცხოვრობდნენ. სეზარი გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელოსანია და მთელ დროს სამუშაოს ახმარდა, როსიო კი ერთ-ერთ კლინიკაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, შვილები არ ჰყავდათ. თუმცა მოხდა რაღაც, რამაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. მაინც, რა მოხდა ასეთი?

2009 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში კრებებმა ფილიალიდან წერილი მიიღეს. წერილში იმ და-ძმებს, რომლებიც ამა თუ იმ ხელობას ფლობდნენ, მოუწოდებდნენ, რომ შეევსოთ ანკეტა დროებით მოხალისედ მსახურებისთვის, რათა უოლკილში (ნიუ-იორკი, აშშ) ბეთელის გაფართოების პროექტში მიეღოთ მონაწილეობა. ანკეტის შევსება მათაც შეეძლოთ, ვინც ვერ ხვდებოდა ბეთელში მსახურების მსურველთა ასაკობრივ კატეგორიაში. სეზარი და როსიო გვიყვებიან: „ჩვენ იმ ხნისანი აღარ ვიყავით, რომ ბეთელში მსახურება დაგვეწყო. ერთ რამეს მივხვდით: ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ თუ მოგვეცემოდა, ის ხელიდან არ უნდა გაგვეშვა“. სეზარმა და როსიომ აღარ დაახანეს და შეავსეს ანკეტები.

უორიკში მომუშავე ზოგი მოხალისე

გავიდა წელიწადზე მეტი, მაგრამ ბეთელიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. თუმცა სეზარსა და როსიოს იგივე მიზანი ჰქონდათ და დაიწყეს ცხოვრების გამარტივება. სეზარი გვიყვება: „ავტოფარეხი სტუდიის ტიპის საცხოვრებელ ოთახად გადავაკეთეთ, რათა შეგვძლებოდა სახლის გაქირავება. ამგვარად, შეველიეთ ჩვენს ახალაშენებულ ოცნების სახლს (200 კვ. მ) და გადავედით ყოფილ ავტოფარეხში (25 კვ. მ). შეცვლილი ცხოვრების ნირი კიდევ უფრო გაგვიადვილებდა ბეთელში მსახურების დაწყებას, თუ მოწვევას მივიღებდით“. საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები. როსიო აგრძელებს: „ჩვენს პატარა ბინაში ერთი თვის გადასულები ვიყავით, როცა ფილიალიდან მოწვევა მივიღეთ. გვაცნობეს, რომ შეგვეძლო უოლკილში, სამშენებლო პროექტზე დროებით მოხალისეებად გვემსახურა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ცხოვრების გამარტივების შედეგად, იეჰოვამ გვაკურთხა“.

ჯეისონი, სეზარი და უილიამი

თავგანწირვის სული ჯილდოვდება

სეზარისა და როსიოს მსგავსად, ასობით და-ძმამ გაიმარტივა ცხოვრება, რათა ნიუ-იორკის შტატში მიმდინარე  სამშენებლო პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის ზოგი უოლკილში არსებული კომპლექსის გაფართოებაზე მუშაობს, ზოგიც — უორიკში, მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე. * იეჰოვასთვის რომ დახარჯულიყვნენ, ბევრმა დაქორწინებულმა წყვილმა თავისი კეთილმოწყობილი სახლი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და საყვარელი შინაური ცხოველები დათმო. იეჰოვას დაუჯილდოებელი არ დარჩენია ისინი!

უეი

მაგალითად, ელექტრიკოსი უეი და მისი მეუღლე, დებრა, 60 წელს მიტანებულნი არიან. მათ გაყიდეს კანზასში თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი და უოლკილში გადავიდნენ, რათა ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლებად ემსახურათ. * მართალია, მათ მსხვერპლზე წასვლა მოუხდათ, მაგრამ ისინი ამას არ ნანობენ. დებრა ამბობს: „ხანდახან მგონია, რომ ჩემ თვალწინ ჩვენს პუბლიკაციებში დახატული ახალი ქვეყნიერების პეიზაჟები ცოცხლდება, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და მეც ერთ-ერთი მშენებელი ვარ“.

მელვინმა და შერონმა სამხრეთ კაროლინაში თავიანთი ქონება გაყიდეს, რათა უორიკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილს დიდ მსხვერპლზე წასვლა მოუხდა, ისინი არ ნანობენ ამას. პირიქით, მათ ეამაყებათ, რომ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მშენებლობაში მონაწილეობენ. მელვინი და შერონი გვიზიარებენ: „უდიდესი კმაყოფილება მოაქვს იმის გაანალიზებას, რომ შენი შრომა იეჰოვას ორგანიზაციის წინსვლას ემსახურება“.

კენეთი

კენეთი, ყოფილი მშენებელი და მისი მეუღლე, მორინი, რომლებიც დაახლოებით 55 წლისანი არიან, უორიკში კალიფორნიიდან ჩავიდნენ. კენეთი და მორინი ერთ დას შეუთანხმდნენ, რომ თავიანთი არყოფნის პერიოდში მათ სახლზე ეზრუნა, ხოლო ნათესავებს სთხოვეს, რომ კენეთის მოხუცებული მამისთვის მიეხედათ. ხომ არ ნანობენ ისინი, რომ ბეთელში მსახურებისთვის ასეთი ცვლილებების მოხდენა დასჭირდათ? არავითარ შემთხვევაში! ვნახოთ, რას ამბობს კენეთი: „ბეთელში მსახურებამ ბევრი რამ გვასწავლა. სიძნელეებს დღემდე ვხვდებით, მაგრამ უამრავი კურთხევა გვაქვს, რის გამოც ყველას ვურჩევთ, რომ ეს თავადაც გამოსცადონ!“.

სიძნელეების გადალახვა

ბევრ და-ძმას არაერთი სირთულის გადალახვა უწევს, რომ გააფართოოს მსახურება. მაგალითად, 60 წელს გადაცილებული წყვილი, უილიამი და სანდრა, პენსილვანიაში ცხოვრობდნენ და ტკბებოდნენ თავიანთი სტაბილური ცხოვრებით. ისინი ერთ საამქროს ამუშავებდნენ, სადაც 17 კაცი ჰყავდათ დასაქმებული. უილიამი და სანდრა ბავშვობიდან ერთ კრებაში იყვნენ და ნათესავების უმეტესობაც მათ სიახლოვეს ცხოვრობდა. როდესაც შეიტყვეს, რომ მათაც შეეძლოთ უოლკილში ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლებად ემსახურათ, მიხვდნენ, რომ თუ ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობა სურდათ,  მშობლიურ გარემოს, ყველას და ყველაფერს, უნდა შელეოდნენ. მოდი, თავად უილიამს მოვუსმინოთ: „გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად ჩემთვის კომფორტულ გარემოზე უარის თქმა გამიჭირდა“. ბევრი ლოცვის მერე უილიამმა და სანდრამ გადაწყვიტეს, რომ უოლკილში გადასულიყვნენ. ისინი წამითაც არ ნანობენ ამას. უილიამი დასძენს: „არაფერი შეედრება ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებასა და მსახურებას. მე და სანდრა ასეთი ბედნიერები ჯერ არასდროს ვყოფილვართ.“

უოლკილში მომუშავე ზოგი წყვილი

რიკიც, რომელიც ჰავაიზე სხვადასხვა სამშენებლო პროექტებს ხელმძღვანელობდა, უორიკში ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლად მიიწვიეს. მის მეუღლეს, კენდრას, უნდოდა, რომ მის ქმარს მიეღო მიწვევა. თუმცა ისინი ფეხს ითრევდნენ ერთი მიზეზის გამო: მათ 11 წლის ვაჟი, ჯეიკობი, ჰყავდათ და აფიქრებდათ, რამდენად შეეგუებოდა პატარა ჯეიკობი ახალ გარემოს და თუ იქნებოდა გონივრული მთელი ოჯახით ნიუ-იორკის შტატში გადაბარგება.

რიკი ამბობს: „ჩვენს ერთ-ერთ საფიქრალს ის წარმოადგენდა, ვიპოვიდით თუ არა ისეთ კრებას, სადაც ბევრი სულიერად მოწიფული ახალგაზრდა იქნებოდა. გვსურდა, ჯეიკობს კარგი სამეგობრო წრე ჰყოლოდა“. რიკის ოჯახი იმ კრებაში გადავიდა, სადაც არცთუ ისე ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ სამაგიეროდ იყვნენ ბეთელელები. რიკი იხსენებს: «მას შემდეგ, რაც ახალ კრებაში პირველად დავესწარით შეხვედრას, ჯეიკობს ვკითხე, მოეწონა თუ არა ახალი კრება, რადგან შევნიშნე, რომ მისი თანატოლი არავინ იყო. ჯეიკობმა მომიგო: „კი, მა! ჩემზე არ იდარდო. ჩემი მეგობრები ახალგაზრდა ბეთელელები იქნებიან“».

ჯეიკობი და მისი მშობლები სამეფო დარბაზში ბეთელელებთან საუბრობენ

ახალგაზრდა ბეთელელები ჯეიკობს დაუმეგობრდნენ. რა მხრივ წაადგა პატარა ჯეიკობს მათთან მეგობრობა? რიკი გვიყვება: «ერთხელ, ღამით შევნიშნე, რომ ჯეიკობის ოთახში შუქი ენთო. მისი ოთახისკენ გავეშურე. მეგონა, კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა, მაგრამ ოთახში შესული სასიამოვნოდ გავოცდი: იგი ბიბლიას კითხულობდა! როდესაც ვკითხე, რატომ არ ეძინა აქამდე, მიპასუხა: „მეც ბეთელელი ვარ და სხვა ახალგაზრდა ბეთელელების მსგავსად, ბიბლია ერთ წელიწადში უნდა წავიკითხო“». რიკი და კენდრა უზომოდ გახარებულნი არიან. მათი სიხარულის მიზეზი მხოლოდ ის კი არაა, რომ რიკის თავისი წვლილი შეაქვს უორიკში მიმდინარე მშენებლობაში, არამედ ისიც, რომ ეს ყოველივე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს პატარა ჯეიკობზე (იგავ. 22:6).

იმედის თვალით უცქირეთ მომავალს

ლუისი და დეილი

უორიკსა და უოლკილში მიმდინარე მშენებლობები ადრე თუ გვიან დასრულდება. მშენებლებს ესმით, რომ ისინი დროებით მსახურობენ ბეთელში. დარდობენ ეს და-ძმები იმაზე, თუ სად წავლენ ან რას გააკეთებენ მშენებლობის დასრულების შემდეგ? სრულებითაც არა! მრავალი მათგანი იზიარებს ორი, შუახნის ასაკის, ფლორიდელი წყვილის — ჯონისა და კარმენის, და ლუისისა და კენიას — განწყობას. ჯონი, რომელსაც არაერთი სამშენებლო პროექტისთვის უხელმძღვანელია და მისი მეუღლე,  კარმენი, რომლებიც უორიკში დროებით მოხალისეებად მიიწვიეს, ამბობენ: „თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ აკმაყოფილებს იეჰოვა დღემდე ჩვენს ყველა მოთხოვნილებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ იეჰოვამ აქამდე მოგვიყვანა და ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე, არც მერე დაგვტოვებს უყურადღებოდ“ (ფსალმ. 119:116). ლუისი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს ამონტაჟებს და მისი მეუღლე, კენია, უოლკილში მსახურობენ. თავიანთ გრძნობებს ისინიც გვიზიარებენ: „ვხედავთ, რომ იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლებულა და ის ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს. მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ სად, როდის ან როგორ ვიმსახურებთ, მაგრამ  ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: იეჰოვა მომავალშიც იზრუნებს ჩვენზე“ (ფსალმ. 34:10; 37:25).

„უხვი კურთხევა“

ჯონი და მელვინი

მათგან უმრავლესობას, ვინც ნიუ-იორკის შტატში მიმდინარე სამშენებლო პროექტებში იღებს მონაწილეობას, შეეძლო ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ემსახურა მოხალისედ. თუმცა მათ გამოსცადეს იეჰოვა, რისკენაც თავად მოგვიწოდებს იგი: „გამომცადეთ . . . თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალ. 3:10).

გსურთ, თქვენც გამოსცადოთ იეჰოვა და მიიღოთ უხვი კურთხევა? ილოცეთ და ნახეთ, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ დიდებულ სამშენებლო პროექტებში, იქნება ეს ნიუ-იორკის შტატში თუ სხვაგან. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ იეჰოვა არც თქვენთვის დაიშურებს კურთხევებს (მარ. 10:29, 30).

გარი

ალაბამელი ინჟინერ-მშენებელი დეილი და მისი მეუღლე, კეტი, ძლიერ აფასებენ, რომ უოლკილში მოხალისეებად მსახურობენ. ისინი ამბობენ: „თუ გეყოფა გამბედაობა, შეელიო შენთვის კომფორტულ გარემოს, ნახავ, როგორ დაგეხმარება იეჰოვა“. თუ თქვენც გსურთ, რომ ამგვარად გამოგიყენოთ იეჰოვამ, ნახეთ, რას გირჩევთ დეილი: „გაიმარტივე, გაიმარტივე და კიდევ ერთხელ, გაიმარტივე ცხოვრება! ამას არასდროს ინანებ!“. ჩრდილოეთ კაროლინელ გარის სამშენებლო დარგში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ის და მისი მეუღლე, მორინი, ამბობენ, რომ უორიკში მსახურებას მათთვის აურაცხელი კურთხევა მოაქვს. ამ კურთხევათა შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ისინი მხარდამხარ მსახურობენ ძვირფას და-ძმებთან, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბეთელში, იეჰოვას მსახურებაში, გალიეს. გარი ამბობს: „ვისაც ბეთელში მსახურება სურს, უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს; სწორედ გამარტივებული ცხოვრების წყალობით გადავიტანთ ამ ქვეყნიერების მოახლოებულ აღსასრულს“. ილინოისელი ელექტრიკოსი, ჯეისონი და მისი მეუღლე, ჯენიფერი, თვლიან, რომ უოლკილში ბეთელის გაფართოების პროექტზე მომუშავენი სწორედ იმ საქმეებს აკეთებენ, რის კეთებაც ახალ ქვეყნიერებაში ღვთის გადარჩენილ მსახურებს მოუწევთ. ჯენიფერი ამბობს: „განუმეორებელია იმის განცდა, რომ ჩვენს გარჯას იეჰოვა აფასებს. იგი არასდროს დაივიწყებს ჩვენს შრომას და არც ჯილდოს დაგვიკავებს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ აუწყველი კურთხევები გადმოგვაცალოს“.

^ აბზ. 6 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2014 წლის წელიწდეული“, გვერდები 12, 13.

^ აბზ. 7 არასრული დატვირთვით მომუშავე ბეთელის შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებიც ბეთელში კვირაში ერთ ან რამდენიმე დღეს მუშაობენ, თავად ზრუნავენ საცხოვრებლის ქირასა თუ სხვა პირად ხარჯებზე.