წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2015

თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!

„თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმ. 127:1ა).

1—3. რა სირთულეებს ხვდებიან წყვილები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

„თუ გულით გსურთ, რომ ბედნიერი ქორწინება გქონდეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ, იეჰოვა გაკურთხებთ, — თავის აზრს გვიზიარებს ერთი მამაკაცი, რომელიც უკვე 38 წელია, დაოჯახებულია და ტკბება ოჯახური იდილიით. ნამდვილად, ყველა წყვილს შეუძლია, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ და ერთმანეთს ჭირ-ვარამში გვერდით დაუდგნენ (იგავ. 18:22).

2 თუმცა ბუნებრივია, რომ დაქორწინებულები ზოგჯერ „ხორციელ გასაჭირს“ ხვდებიან (1 კორ. 7:28). ამის მიზეზი შეიძლება ყოველდღიური საზრუნავი იყოს. გაუგებრობამ, წყენამ და შედეგად, კომუნიკაციის ნაკლებობამ შესაძლოა ყველაზე შეხმატკბილებულ ოჯახსაც კი შეუყენოს წყალი (იაკ. 3:2, 5, 8). ზოგ ოჯახში პრობლემების მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ზოგი ცოლ-ქმარი ოჯახის სარჩენად ბევრს შრომობდეს და ამასთანავე, ბავშვების აღზრდაც უწევდეს. დამქანცველი და სტრესული დღის შემდეგ ბევრ წყვილს ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩება. შესაძლოა ცოლ-ქმარს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლენა ფინანსური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა სახის პრობლემების გამოც გაუძნელდეს. ერთი შეხედვით, მტკიცე ქორწინებასაც კი შეიძლება ძირი გამოუთხაროს „ხორცის საქმეებმა“: სიძვამ, თავაშვებულობამ, მტრობამ, დავამ, ეჭვიანობამ, განრისხებამ და შუღლმა (გალ. 5:19—21).

 3 ოჯახებში შექმნილ სურათს ისიც ამძიმებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ და წინასწარმეტყველების თანახმად, ადამიანები ღვთისგან გაუცხოებულები და ეგოისტები არიან (2 ტიმ. 3:1—4). ამასთანავე, წყვილებმა დაუძინებელი მტრის თავდასხმებიც უნდა მოიგერიონ, რომლის თვითმიზანია, გაანადგუროს ქორწინების ინსტიტუტი. მოციქული პეტრე სწორედ ამ მტრის შესახებ საუბრობდა, როცა გაგვაფრთხილა: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:12).

4. რა დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახი?

4 იაპონიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული მამაკაცი გვიზიარებს: „ფინანსური პრობლემების გამო დაძაბული ვიყავი და ამ საკითხზე ცოლთან საუბარს გავურბოდი, რამაც ჩემი მეუღლეც დათრგუნა. ამას ისიც დაერთო, რომ მას ჯანმრთელობა შეერყა. ეს ყველაფერი ხშირად ხდებოდა ჩვენ შორის უთანხმოებების მიზეზი“. უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები ქორწინებაში გარდაუვალია, მაგრამ არა — მოუგვარებელი. იეჰოვას დახმარებით წყვილებს შეუძლიათ, ჰქონდეთ მყარი და ბედნიერი ოჯახები (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:1). ახლა განვიხილავთ ხუთ რჩევას, რაც დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრება. სტატიის დასასრულს იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რამხელა წვლილი შეაქვს სიყვარულს ოჯახის ბედნიერებაში.

ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს

5, 6. რა უნდა გააკეთონ წყვილებმა, რომ იეჰოვას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს?

5 წარმატებული ქორწინების საწინდარი ქორწინების დამფუძნებლის მიმართ ერთგულება და მორჩილებაა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12). როცა ცოლ-ქმარი მოსიყვარულე ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება, მათ ქორწინებაში იეჰოვა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომ მოუწოდა ღმერთმა ძველ დროში მცხოვრებ თავის მსახურებს: «თუ მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალ, შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“» (ეს. 30:20, 21). დღესაც, თუ წყვილები ერთად წაიკითხავენ ღვთის სიტყვას, ამგვარად მოუსმენენ იეჰოვას „ხმას“ (ფსალმ. 1:1—3). ისინი თავიანთ ქორწინებას იმითაც განამტკიცებენ, თუ ოჯახში ყოველთვის ჩაატარებენ თაყვანისცემის საღამოს, რაც სასიამოვნოც იქნება და სულიერად გამომაცოცხლებელიც. ამას გარდა, ერთობლივი, ყოველდღიური ლოცვები მათ ოჯახს კიდევ უფრო განამტკიცებს და ისინი შეძლებენ სატანის ქვეყნიერების თავდასხმების მოგერიებას.

როდესაც წყვილები სულიერ საქმეებს ერთად უთმობენ დროს, ამით ღმერთსაც უახლოვდებიან და ერთურთსაც (იხილეთ მე-5 და მე-6 აბზაცები)

6 „როცა სირთულეები და გაუგებრობები სიხარულს გვიკარგავს, ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები გვეხმარება, გამოვავლინოთ მოთმინება და ვიყოთ მიმტევებლები. შეიძლება ითქვას, ეს თვისებები ბედნიერი ოჯახის წარმატების გასაღებია“, — გვიზიარებს გერმანიაში მცხოვრები ძმა, გერჰარდი. როდესაც წყვილები სულიერ საქმეებს ერთობლივად აკეთებენ, ამით ცხადყოფენ, რომ იეჰოვას მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია; ისინი უფრო უახლოვდებიან ღმერთსაც და ერთმანეთსაც და მათ ოჯახში სიხარული და ბედნიერება ისადგურებს.

ქმრებო, სიყვარულით უხელმძღვანელეთ ოჯახებს

7. როგორ უნდა უხელმძღვანელონ ქმრებმა თავიანთ ოჯახებს?

7 ოჯახის ბედნიერება და სიმტკიცე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობს ქმარი ოჯახს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3). ამ მუხლის კონტექსტში საუბარია იმაზე, რომ ოჯახისთავებმა თავიანთ ოჯახებს სწორედ ისე უნდა უხელმძღვანელონ, როგორც ქრისტე ხელმძღვანელობდა თავის მიმდევრებს. იესო არასდროს ყოფილა დესპოტი და უხეში, პირიქით, ის ყოველთვის მოსიყვარულე, კეთილი, გამჭრიახი, რბილი და გულით თავმდაბალი პიროვნება იყო (მათ. 11:28—30).

8. როგორ დაიმსახურებს ქმარი ცოლისგან პატივისცემასა და სიყვარულს?

 8 ქრისტიან ქმრებს გამუდმებით არ უნდა სჭირდებოდეთ თავიანთი ცოლებისთვის იმის შეხსენება, რომ პატივი სცენ მათ. ქმრები უნდა მიჰყვნენ ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას და „შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძონ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგონ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტ. 3:7). როდესაც ქმრები, შინ თუ გარეთ, პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს არ იშურებენ ცოლებისთვის და მათ თანაგრძნობით ეპყრობიან, ამით ცხადყოფენ, რომ ისინი მათთვის ძვირფასნი არიან (იგავ. 31:28). ასეთი ქმარი ნამდვილად დაიმსახურებს ცოლისგან პატივისცემასა და სიყვარულს და მათ ოჯახს იეჰოვა კურთხევებს არ მოაკლებს.

ცოლებო, იყავით თავმდაბალნი და მორჩილნი

9. როგორ შეუძლია ცოლს, თავმდაბლობა გამოავლინოს და დაემორჩილოს ქმარს?

9 იეჰოვასადმი უანგარო და პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული გვეხმარება, დავიმდაბლოთ თავი მის ძლევამოსილ ხელქვეშ (1 პეტ. 5:6). როცა ცოლი ქმართან თანამშრომლობს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს, ამით საუკეთესოდ აჩვენებს, რომ მორჩილი ცოლია და პატივს სცემს იეჰოვას ძალაუფლებას. ბიბლია ცოლებს მოუწოდებს: „ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი“ (კოლ. 3:18). ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შესაძლოა ცოლისთვის ქმრის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არ იყოს მისაღები. თუმცა, თუ ქმრის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ღვთის პრინციპებს, მორჩილი ცოლი მიჰყვება მის ხელმძღვანელობას (1 პეტ. 3:1).

10. რატომ უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს?

10 ცოლს ოჯახში ღირსეული ადგილი უკავია; მას ბიბლია ქმრის მეგობარს უწოდებს (მალ. 2:14). მორჩილი ცოლი ისე გამოხატავს თავის გრძნობებს და ისე გამოთქვამს საკუთარ აზრს, რომ ღირსებას არ ულახავს ქმარს, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში. გონიერი ქმარი კი გულისყურით უსმენს თავის მეუღლეს და ითვალისწინებს მის აზრს (იგავ. 31:10—31). თუ ცოლი მორჩილია, ოჯახში სიხარული, მშვიდობა და ჰარმონია ისადგურებს. იმავდროულად, ცოლსაც და ქმარსაც  კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, რადგან იციან, რომ მათ საქციელს ღმერთი იწონებს (ეფეს. 5:22).

ყოველთვის მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

11. რატომ არის პატიება აუცილებელი?

11 თქვენი ქორწინება წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მიმტევებლები იყოთ. თუ ცოლ-ქმარი მოთმინებას ავლენს და მთელი გულით პატიობს ერთურთს, ეს კიდევ უფრო ამყარებს მათ ქორწინებას (კოლ. 3:13). მაგრამ წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, როცა ცოლი ან ქმარი იმახსოვრებს მეუღლის შეცდომას და პრობლემების დროს წამოაძახებს ამას. როგორც ბზარები უკარგავს სიმტკიცეს შენობას, ისე გულში დაგროვილი წყენა და ბრაზი აძნელებს პატიებას. იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ისევე პატიობს ერთმანეთს, როგორც მათ — იეჰოვა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ ოჯახურ კვანძებს (მიქ. 7:18, 19).

12. რა გაგებით ფარავს სიყვარული „უამრავ ცოდვას“?

12 ნამდვილი სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“. როგორც ბიბლია გვაუწყებს: „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 კორ. 13:4, 5; წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ნამდვილად გვიყვარს ადამიანი, მას უსასრულოდ ვპატიობთ. ერთხელ, როცა მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა თავისი ძმისთვის, იესომ მიუგო: „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათ. 18:21, 22). ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ არ არსებობს ცოდვების პატიების ზღვრული ნორმა (იგავ. 10:12). *

13. რა დაგვეხმარება, ვიყოთ მიმტევებლები?

13 „თუ წყვილი ერთმანეთს არ პატიობს, — ამბობს ანეტი, — წყენას წყენა ემატება და ცოლ-ქმარი უფრო და უფრო კარგავს ერთმანეთისადმი ნდობას; ეს კი, თავის მხრივ, ძირს უთხრის ქორწინებას. მაგრამ, როცა წყვილი ერთმანეთს თავისუფლად პატიობს, ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც უფრო მტკიცდება“. თუ გიჭირთ პატიება, ეცადეთ, იყოთ მადლიერნი. ყოველთვის გულწრფელად შეაქეთ თქვენი მეუღლე (კოლ. 3:15). თუ მიმტევებლები ვიქნებით, მოვიპოვებთ სულის სიმშვიდეს, ერთობასა და ღვთის კურთხევებს (რომ. 14:19).

იხელმძღვანელეთ ოქროს წესით

14, 15. რა არის „ოქროს წესი“ და რატომ უნდა იხელმძღვანელონ მისით წყვილებმა ოჯახში?

14 ცხადია, ყველას გვსიამოვნებს, როცა ღირსეულად და პატივისცემით გვეპყრობიან — ითვალისწინებენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებს. ალბათ, გსმენიათ ფრაზა: „მაგას ვაჩვენებ სეირს“. შესაძლოა თქვენც მოგინდეთ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუ იტყვი: რაც იმან გამიკეთა, მეც იმავეს გავუკეთებ“ (იგავ. 24:29). იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს მეტად მნიშვნელოვანი მითითება მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაერთმიათ თავი რთული სიტუაციებისთვის. ეს მითითება დღეს ყველასთვის კარგად ცნობილია და მას „ოქროს წესს“ უწოდებენ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31). ამ სიტყვებში იესომ ის იგულისხმა, რომ ჩვენ ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც თავად გვსურს, რომ მოგვექცნენ და ბოროტს ბოროტი არ მივუზღათ. „ოქროს წესის“ გამოყენება ოჯახშიც პრაქტიკულია; წყვილებმა ერთმანეთისთვის ის უნდა გასცენ, რის მიღებასაც თავად ისურვებდნენ.

15 ოჯახური კვანძები მტკიცდება, როცა მეუღლეები ერთმანეთის გრძნობებს ითვალისწინებენ. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები  ერთი ოჯახისთავი ამბობს: «გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრებაში „ოქროს წესით“ გვეხელმძღვანელა. ხანდახან ერთმანეთზე გული მოგვდის ხოლმე, მაგრამ ასეთ დროს ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ და ღირსეულად მოვეპყროთ, სწორედ ისე, როგორც თავად ვისურვებდით».

16. როგორ არ უნდა მოეპყრონ მეუღლეები ერთმანეთს?

16 მეუღლის ნაკლოვანებებსა და ცუდ ზნე-ჩვეულებებზე არც კი იხუმროთ. ერთი რამ კარგად დაიხსომეთ: ქორწინება არაა შეჯიბრი იმის გამოსავლენად, თუ ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის ან ვის უფრო მწარე ენა აქვს. ფაქტია, ჩვენ ყველას რაღაც ნაკლოვანება გვაქვს, რითაც ვაღიზიანებთ სხვებს. თუმცა არც ცოლსა და არც ქმარს არა აქვთ უფლება, რომ ერთმანეთს სარკასტული და დამამცირებელი სიტყვებით მიმართონ; ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (წაიკითხეთ იგავების 17:27; 31:26).

17. როგორ უნდა იხელმძღვანელონ ქმრებმა „ოქროს წესით“?

17 ზოგ კულტურაში, ვაჟკაცობად ითვლება, როცა მამაკაცი ცოლს აშინებს და მასზე ხელს სწევს. თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგავ. 16:32). ადამიანს ძალიან დიდი შინაგანი ძალა სჭირდება საიმისოდ, რომ მიჰბაძოს ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს, იესო ქრისტეს, და გამოავლინოს თავშეკავება. კაცი, რომელიც თავის ცოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ძალიან სუსტი ადამიანია; ასეთი კაცი იეჰოვასთან ურთიერთობასაც იფუჭებს. დავითმა, რომელიც ძლიერი და გაბედული მამაკაცი იყო, დაწერა: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“ (ფსალმ. 4:4).

„შეიმოსეთ სიყვარულით“

18. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული ყოველთვის?

18 წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—7. სიყვარული ქორწინებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ბიბლია მოგვიწოდებს: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12, 14). ქრისტეს მსგავსი, თავგანწირული სიყვარული ის „დუღაბია“, რომელიც კრავს ოჯახს. ასეთ სიყვარულზე დაფუძნებულ ოჯახს ვერაფერს დააკლებს პიროვნული ნაკლოვანებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, ფინანსური პრობლემები თუ მეუღლის ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი უთანხმოებები.

19, 20. ა) რა დაგვეხმარება, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 სიყვარული, ერთგულება და ძალისხმევა წარმატებული ქორწინების საწინდარია. როდესაც ოჯახში პრობლემები წამოიჭრება, მეუღლეებმა განქორწინებაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ ოჯახის განმტკიცებაზე. ქრისტიან წყვილებს, რომელთაც იეჰოვა ღმერთიც უყვართ და ერთმანეთიც, პრობლემების მოსაგვარებლად სწორედ სიყვარული აღძრავთ, ვინაიდან „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორ. 13:8; მათ. 19:5, 6; ებრ. 13:4).

20 უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, ამ მძიმე დროს, ადვილი არ არის, გვქონდეს მტკიცე და ბედნიერი ოჯახები (2 ტიმ. 3:1). თუმცა იეჰოვას დახმარებით ეს ნამდვილად შესაძლებელია. ქრისტიანმა წყვილებმა ამ წამხდარ ქვეყნიერებაში გაბატონებულ სულსაც უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. სწორედ ამიტომ, მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გააკეთონ ცოლებმა და ქმრებმა იმისათვის, რომ უზნეობამ წყალი არ შეუყენოს მათ ქორწინებას.

^ აბზ. 12 ღალატის შემთხვევაში ბიბლია ერთგულ მეუღლეს უტოვებს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, აპატიებს, თუ გაეყრება მოღალატე მეუღლეს. თუმცა შესაძლოა, წყვილმა გადაწყვიტოს, მაინც ერთად განაგრძონ ცხოვრება და გადალახონ სირთულეები (მათ. 19:9). იხილეთ 1997 წლის აპრილ-ივნისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — მრუშობა მისატევებელია თუ არა?“.