არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2014

ერთად გადავიტანოთ ამ დრომოჭმული ქვეყნიერების აღსასრული!

ერთად გადავიტანოთ ამ დრომოჭმული ქვეყნიერების აღსასრული!

„ერთმანეთს ვეკუთვნით“ (ეფეს. 4:25).

1, 2. ღვთის ნების თანახმად, როგორ უნდა სცემდნენ მას თაყვანს როგორც ახალგაზრდები, ისე უფროსი ასაკის ქრისტიანები?

თუ ახალგაზრდა ხარ, დარწმუნებული იყავი, რომ შენ მსოფლიო საძმოს ღირსეული წევრი ხარ და და-ძმები მეტად გაფასებენ. მრავალ ქვეყანაში ახალმონათლულთა შორის სწორედ რომ ახალგაზრდები ჭარბობენ. რა სასიხარულოა, რომ ისინი იეჰოვას მსახურთა რიგებს უერთდებიან!

2 ახალგაზრდებო, ალბათ, გსიამოვნებთ თანატოლთა წრეში ყოფნა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან, როგორც წესი, ყველას სიამოვნებს თავისი ასაკის ადამიანებთან დროის გატარება. მაგრამ ასაკისა თუ წარმომავლობის მიუხედავად, ღმერთს სურს, რომ მას გაერთიანებულად ვცეთ თაყვანი. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). გამოცხადების 7:9-დან ვიგებთ, რომ ღვთის თაყვანისმცემლები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ გამოკრებილი ადამიანები არიან.

3, 4. ა) როგორი სულია დღეს გავრცელებული ახალგაზრდებში? ბ) ეფესოელების 4:25-ის თანახმად, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს საძმოსთან?

3 იეჰოვას ახალგაზრდა მსახურები მართლაც დიდად განსხვავდებიან  იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც მას არ იცნობენ. ბევრს, ვინც იეჰოვას არ ემსახურება, მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებს; ისინი საკუთარ გულისთქმებს არიან აყოლილნი. ზოგი ფსიქოლოგის შეფასებით, ეს თაობა მეტად ეგოცენტრულია. მათი საუბარი და ჩაცმულობა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი უფროს თაობას არაფრად აგდებენ და ჩამორჩენილებადაც კი მიიჩნევენ.

4 დღევანდელი მსოფლიო ამგვარი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. სწორედ ამიტომ იეჰოვას ახალგაზრდა მსახურებს დიდი ბრძოლა უწევთ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ სულს და მის მოსაწონად მოიქცნენ. ეს პრობლემა პირველ საუკუნეშიც არსებობდა, რის გამოც პავლემ თანაქრისტიანები გააფრთხილა, არ ევლოთ „იმ სულის გავლენით, რომელიც . . . ურჩობის ძეებში“ მოქმედებდა და რომლითაც ერთ დროს დადიოდნენ (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3). ნამდვილად ქებას იმსახურებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც არ ექცევიან ამ სულის გავლენის ქვეშ და ცდილობენ, ახლო ურთიერთობა იქონიონ საძმოსთან. ისინი ითვალისწინებენ პავლეს სიტყვებს: „ერთმანეთს ვეკუთვნით“ (ეფეს. 4:25). ბუნებრივია, რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო უნდა დავუახლოვდეთ საძმოს. ახლა განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი, რაც დაგვეხმარება იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარში დგომა და სიახლოვე.

ძალა ერთობაშია

5, 6. რას ვსწავლობთ ლოტისა და მისი ქალიშვილების მაგალითიდან?

5 როდესაც გასაჭირში მყოფი ისრაელი ერთ მუშტად იყო შეკრული, იეჰოვა ყოველთვის იცავდა მას. დღეს ღვთის ერთგულ მსახურებს, ახალგაზრდებსა თუ ხანში შესულთ, ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითებიდან. მოდი, ჯერ ლოტზე ვისაუბროთ.

6 ლოტი და მისი ოჯახი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ქალაქი სოდომი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უნდა განადგურებულიყო. ღვთის ანგელოზები აჩქარებდნენ ლოტსა და მის სახლეულობას, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და თავი მთებისთვის შეეფარებინათ; ისინი მათ ეუბნებოდნენ: „გაიქეცით, რომ გადარჩეთ!“ (დაბ. 19:12—22). ლოტი და მისი ქალიშვილები მიჰყვნენ ანგელოზების მითითებას და დატოვეს ქალაქი. სამწუხაროდ, მათმა ახლობლებმა ყურად არ იღეს გაფრთხილება. ახალგაზრდა სიძეებს ასაკოვანი ლოტის სიტყვები „ხუმრობა ეგონათ“, რაც ძვირად დაუჯდათ (დაბ. 19:14). ერთობის წყალობით ლოტი და მისი ქალიშვილები გადაურჩნენ მოსალოდნელ უბედურებას.

7. როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ მუშტად შეკრულ თავის ერს?

7 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ისრაელები, რომლებმაც თავი დააღწიეს ეგვიპტელთა მონობას, არ დაქსაქსულან. როდესაც ისინი წითელ ზღვას მიადგნენ, მოსემ „ხელი ზღვისკენ“ გაიწოდა, იეჰოვამ კი ზღვა შუაზე გაყო. მოსეს ზღვა არც მარტოს გადაუკვეთავს და არც თითო-ოროლა თანამემამულესთან ერთად; მან იეჰოვას მეოხებით მთელ ისრაელთან ერთად ზურგს უკან მოიტოვა წითელი ზღვა (გამ. 14:21, 22, 29, 30). ერთ მუშტად შეკრულ ისრაელს თან „გაჰყვა . . . უამრავი ჭრელი ხალხი“ (გამ. 12:38). თუ მათ გამოეყოფოდა მცირერიცხოვანი ჯგუფი, თუნდაც ახალგაზრდების, რომლებიც საკუთარი ჭკუით მოქმედებას გადაწყვეტდნენ და სხვა გზას აირჩევდნენ, ეს მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა! ისინი ამგვარად იეჰოვას მფარველ კალთას მოსწყდებოდნენ (1 კორ. 10:1).

8. როგორ ცხადყო ღვთის ხალხმა იეჰოშაფატის მმართველობის დროს, რომ ისინი ერთსულოვანნი იყვნენ?

8 ახლა ბიბლიიდან სხვა შემთხვევაც გავიხსენოთ. მეფე იეჰოშაფატის მმართველობის დროს ისრაელების წინააღმდეგ დაუძინებელმა მტრებმა, მეზობელმა ერებმა, გაილაშქრეს. ღვთის ხალხი „დიდი ბრბოს“ პირისპირ აღმოჩნდა (2 მატ. 20:1, 2). ისინი ბრძნულად მოიქცნენ; საკუთარი ძალით არ შესჭიდებიან მტერს. მათ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეს (წაიკითხეთ 2 მატიანეს 20:3, 4). ღვთის ხალხს თვითნებურად არ უმოქმედია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ამ დროს იუდას მკვიდრნი  იეჰოვას წინაშე იდგნენ თავიანთი ბავშვებით, ცოლებითა და ვაჟებით“ (2 მატ. 20:13). მთელი ერი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ერთმანეთის გვერდით დადგა, რწმენა გამოავლინა და მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას. შედეგად, ისინი იეჰოვამ მტრის ხელიდან დაიხსნა (2 მატ. 20:20—27). ამ შემთხვევიდან ვიგებთ, თუ როგორ უნდა გადალახოს ღვთის ხალხმა განსაცდელები.

9. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთსულოვანნი იყვნენ?

9 მსგავსი ერთობა პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორისაც იყო. მაგალითად, გაქრისტიანებული იუდეველები და პროზელიტები მოციქულებისგან „სწავლობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ, ერთად ჭამდნენ და ლოცულობდნენ“ (საქ. 2:42). მათი ერთსულოვნება განსაკუთრებით დევნის დროს გამოჩნდა, სწორედ მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ერთმანეთის გვერდში დგომა (საქ. 4:23, 24). ნამდვილად, გასაჭირს მხოლოდ ერთობა თუ გადაგვატანინებს!

გაერთიანდით, იეჰოვას დღე ახლოვდება!

10. როდის მართებს ღვთის ხალხს ერთობა ისე, როგორც არასდროს?

10 ახლოვდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემზარავი დღე. წინასწარმეტყველი იოელი ამ დღეს „სიბნელისა და წყვდიადის დღედ“ მოიხსენიებს (იოელ. 2:1, 2; სოფ. 1:14). ამ დღეს ღვთის ხალხი ერთ მუშტად შეკრული დაუხვდება. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა, იესომ თქვა: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება“ (მათ. 12:25).

11. რა შედარებაა მოყვანილი ფსალმუნის 122:3, 4-ში და დღეს რის სწავლა შეგვიძლია ამ შედარებიდან? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)

11 ქვეყნიერების აღსასრულის დროს ჩვენ შორის ნამდვილი ერთობა უნდა სუფევდეს. ჩვენი სულიერი ერთობა შეგვიძლია შევადაროთ ძველ იერუსალიმში მიჯრით ჩამწკრივებულ სახლებს. იერუსალიმში სახლები ისე ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „იერუსალიმი ისეა ნაშენი, როგორც ერთი მთლიანი ქალაქი“. ქალაქის ამგვარი დაგეგმარების წყალობით მის მკვიდრთ თავისუფლად შეეძლოთ, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ. ამასთანავე, მიჯრილი სახლები ფსალმუნმომღერალს „იაჰის ტომებს“ მოაგონებდა, რომლებიც იეჰოვას თაყვანსაცემად იერუსალიმში იკრიბებოდნენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 122:3, 4). ერთობა დღესაც უნდა შევინარჩუნოთ და მომავალშიც, როცა უფრო ძნელად ასატანი დრო დადგება.

12. როგორ გადავურჩებით სატანის თავდასხმას?

12 რატომ იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი დიდი გასაჭირის დროს ერთად ყოფნა? ეზეკიელის 38-ე თავში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღვთის ხალხს თავს დაესხმება „გოგი მაგოგის მიწიდან“. იმ დროს არავის და არაფერს უნდა დავრთოთ ნება, რომ ჩვენს ძმებს დაგვაშოროს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ქვეყნიერება ვერაფრით დაგვეხმარება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტად უნდა მივეკრათ ერთმანეთს. თუმცა გადარჩენისთვის მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. იეჰოვა და იესო იმ თავზარდამცემ დღეს მათ იხსნიან, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს (იოელ. 2:32; მათ. 28:20). თუმცა გადარჩებიან ისინი, რომლებიც შეგნებულად ჩამოშორდნენ ღვთის ფარას?! (მიქ. 2:12).

13. რის სწავლა შეუძლიათ ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს ზემოთ განხილული აზრებიდან?

13 ნამდვილად არაგონივრულია, მივბაძოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც და-ძმებს ერიყებიან და თავიანთ ნაჭუჭში იკეტებიან. მალე დადგება დრო, როცა ყველას, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, ერთმანეთის მხარში დგომა დაგვჭირდება! თუ დღესვე ამოვუდგებით მხარში ერთმანეთს და გვექნება ერთობა, ეს მოსალოდნელ გასაჭირსაც გადაგვატანინებს.

ჩვენ „ერთმანეთს ვეკუთვნით“

14, 15. ა) რა მიზნით გვმოძღვრავს იეჰოვა? ბ) რას გვირჩევს იეჰოვა, რა დაგვეხმარება ერთობის შენარჩუნებაში?

14 იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს, რომ „მხარდამხარ ემსახურონ მას“ (სოფ. 3:8, 9).  ღმერთი გვმოძღვრავს იმისათვის, რომ შევესაბამებოდეთ მის განზრახვას. მისი განზრახვა კი ისაა, რომ „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს“ (წაიკითხეთ ეფესოელების 1:9, 10). დიახ, იეჰოვას სურვილია, რომ ყველა, ვინც მას გააზრებულად ემსახურება, გააერთიანოს, რაშიც მას ხელს ვერავინ შეუშლის. ახალგაზრდებო, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ დაუახლოვდეთ იეჰოვას ორგანიზაციას და გადარჩეთ?

15 იეჰოვა დღესვე გვასწავლის, ვიყოთ ერთსულოვანნი. ეს დაგვეხმარება, მარადიულობის განმავლობაში შევინარჩუნოთ ერთობა. ბიბლიაში არაერთხელ ვხვდებით მოწოდებას, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გვქონდეს სათუთი გრძნობები, ვანუგეშოთ და აღვაშენოთ ერთმანეთი (1 კორ. 12:25; რომ. 12:10; 1 თეს. 4:18; 5:11). იეჰოვამ იცის, რომ ჩვენი არასრულყოფილების გამო ზოგჯერ გვიჭირს ერთობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ გვმართებს მთელი გულით პატიების სწავლა (ეფეს. 4:32).

16, 17. ა) რა არის ქრისტიანული შეხვედრების უმთავრესი მიზანი? ბ) რას ვსწავლობთ პატარა იესოს მაგალითიდან?

16 იეჰოვა ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობითაც გვასწავლის ერთსულოვნებას. ჩვენ არაერთხელ წაგვიკითხავს ებრაელების 10:24, 25-ში ჩაწერილი მოწოდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრების შეხვედრებზე დასწრება. კრების შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“. თუმცა, უმთავრესი მიზანი მაინც ის არის, რომ „გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“.

17 იესომ, ჯერ კიდევ მოზარდმა, კარგი მაგალითი დაგვიტოვა, რომ უნდა ვაფასებდეთ ასეთ შეკრებებს. ბიბლია მოგვითხრობს ერთი შემთხვევის შესახებ, როცა 12 წლის იესო მშობლებთან ერთად პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში იყო ჩასული. უამრავ ხალხს შორის მშობლებმა იგი თვალსაწიერიდან დაკარგეს. მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ პატარა იესო თანატოლებთან ერთობოდა. როდესაც მშობლებმა მას მიაკვლიეს, იგი ტაძარში მასწავლებლებს შორის იჯდა და სულიერ საკითხებზე მსჯელობდა (ლუკ. 2:45—47).

18. როგორ უწყობს ლოცვები ხელს ჩვენს ერთობას?

18 როგორც დავინახეთ, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. იმავდროულად, განვიმტკიცოთ ერთობა ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით. კიდევ რა მოგვეთხოვება? ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ერთმანეთისთვისაც უნდა ვილოცოთ. თუ და-ძმებისთვის აღვლენილი ჩვენი ლოცვები კონკრეტულია, ამით ცხადვყოფთ, რომ თითოეული მათგანის  კეთილდღეობა გულწრფელად გვაღელვებს. თანამორწმუნეებზე ლოცვა მხოლოდ უფროსი ასაკის ქრისტიანებს როდი მოეთხოვებათ. თუ ახალგაზრდა ხარ, ითვალისწინებ ყოველივე ზემოთქმულს და აკეთებ ყველაფერს, რათა სულიერი ოჯახის წევრებს უფრო მეტად დაუახლოვდე? ახალგაზრდებო, თუ ყურად იღებთ ამ რჩევებს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას ცოცხალი გადაურჩებით!

ჩვენ ვლოცულობთ და-ძმებისთვის (იხილეთ მე-18 აბზაცი)

როგორ ცხადვყოთ, რომ „ერთმანეთს ვეკუთვნით“?

19—21. ა) როდის ხდება ყველაზე თვალსაჩინო, რომ „ერთმანეთს ვეკუთვნით“? მოიყვანეთ მაგალითები. ბ) რას ვსწავლობთ იმ ძმებისგან, რომლებიც სტიქიური უბედურებების დროს მხარში ამოუდგნენ თანამორწმუნეებს?

19 იეჰოვას ხალხი დღეს უკვე ცხოვრობს იმ პრინციპის თანახმად, რომლის შესახებაც რომაელების 12:5-ში ვკითხულობთ: „ერთმანეთს ვეკუთვნით“. ეს სიტყვები განსაკუთრებული სიცხადით მაშინ სრულდება, როცა თავს სტიქიური უბედურებები გვატყდება. მაგალითად, 2011 წლის დეკემბერში ფილიპინების კუნძულ მინდანაოს ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა, რამაც საშინელი წყალდიდობა გამოიწვია. ერთ ღამეში 40 000-ზე მეტი სახლი დაიტბორა, მათ შორის, ბევრი ჩვენი და-ძმის სახლიც. ქვეყნის ფილიალის ანგარიშში ასეთი რამ ეწერა: „სანამ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი გამოგვიგზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას, მანამდე სხვა რეგიონებში მცხოვრებმა და-ძმებმა გაგვიმართეს ხელი“.

20 იაპონელი და-ძმებიც დააზარალა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომელსაც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე საშინელი ცუნამიც მოჰყვა. ბევრი ჩვენი თანამორწმუნე ცარიელ-ტარიელი დარჩა. იოშიკო სამეფო დარბაზიდან დაახლოებით 40 კილომეტრში ცხოვრობდა. მას სტიქიის შედეგად სახლი დაენგრა. ის გვიყვება: „გავოცდით, როცა გავიგეთ, რომ მიწისძვრიდან მეორე დღესვე სარაიონო ზედამხედველი ერთ ძმასთან ერთად ჩვენს საძებნელად წამოსულიყო“. იოშიკო ღიმილით დასძენს: „ძალიან მადლიერნი დავრჩით, რომ კრების წევრებმა ჩვენ გასამხნევებლად ყველაფერი გააკეთეს. ამასთანავე, მათ მატერიალური დახმარებაც აღმოგვიჩინეს — გამოგვიგზავნეს ქურთუკები, ფეხსაცმელები, ჩანთები და საღამურები“. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს: «იაპონელი და-ძმები ერთმანეთის დასახმარებლად ერთ მუშტად შეიკვრნენ. თანაქრისტიანები შეერთებული შტატებიდანაც კი ჩამოვიდნენ. როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გამოიარეს ამხელა გზა, მათ გვიპასუხეს: „ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ?! ჩვენს იაპონელ ძმებს უჭირთ და ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ“». განა არ გეამაყებათ, რომ იმ ორგანიზაციის წევრი ხართ, რომელიც ასე ზრუნავს თავის ხალხზე?! გჯეროდეთ, რომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა ხედავს ასეთ ერთობას.

21 თუ დღესვე გვაქვს ამგვარი სულისკვეთება, ეს სამომავლოდაც წაგვადგება. ჩვენ ერთად შევერკინებით ნებისმიერ პრობლემას მაშინაც კი, თუ მსოფლიო საძმოსგან მოწყვეტილი აღმოვჩნდებით. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ერთსულოვნება გვამზადებს ქვეყნიერების მიწურულს მოსალოდნელი განსაცდელების ასატანად. ერთი იაპონელი და, ფუმიკო, რომელიც ტაიფუნმა დააზარალა, გვიზიარებს: „აღსასრული მართლაც ახლოსაა და სანამ სტიქიური უბედურებების საფრთხე იარსებებს, ჩვენ თანამორწმუნეები გასაჭირში არ უნდა მივატოვოთ და ყოველთვის გვერდში უნდა ამოვუდგეთ“.

22. რას მოემსახურება ჩვენი ერთობა?

22 ახალგაზრდებო და ხანდაზმულებო, თუ დღესვე ერთსულოვნები ხართ, ნამდვილად გადაურჩებით ამ დაქსაქსული, ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას. ღმერთი ამჯერადაც ისე იხსნის თავის ხალხს, როგორც — წარსულში (ეს. 52:9, 10). ნურასდროს დაგავიწყდებათ: თუ დღესვე თანამშრომლობთ ღვთის ხალხთან, თქვენ აუცილებლად იქნებით იმ ხალხს შორის, რომელთაც ღმერთი ხსნას მოუვლენს! ღმერთმა რომ სასწაულებრივად გიხსნათ, მადლიერიც უნდა იყოთ იმ ყველაფრისთვის, რითაც იგი უზრუნველგვყოფს. სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი შემდეგ სტატიაში.