არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2014

მან იცოდა გზა

მან იცოდა გზა

გაი ჰოლის პირსმა, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, თავისი მიწიერი ცხოვრება დაასრულა 2014 წლის 18 მარტს, სამშაბათს. 79 წლის ასაკში მისი იმედი, ყოფილიყო ქრისტეს აღდგენილ ძმებს შორის, რეალობად იქცა (ებრ. 2:10—12; 1 პეტ. 3:18).

გაი პირსი 1934 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ობურნში (კალიფორნია, აშშ) დაიბადა და 1955 წელს მოინათლა. 1977 წელს დაქორწინდა თავის საყვარელ მეუღლე პენიზე. ისინი ერთად ექვს შვილს ზრდიდნენ. დიდ ოჯახზე ზრუნვამ და შვილების სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ძმა გაი პირსი ყველას მამასავით ეპყრობოდა. 1982 წელს ის და პენი პიონერულ მსახურებას შეუდგნენ, ხოლო 1986 წლიდან მათ მიმოსვლითი მსახურება დაიწყეს და 11 წლის მანძილზე ინახულებდნენ კრებებს მთელ შეერთებულ შტატებში.

1997 წელს გაი და პენი პირსები შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრები გახდნენ. ძმა პირსი სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობდა. 1998 წელს ის ხელმძღვანელი საბჭოს კადრების კომიტეტის დამხმარედ დაინიშნა. 1999 წლის 2 ოქტომბერს პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება, რომ ძმა პირსი ხელმძღვანელი საბჭოს წევრად დაინიშნა. მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებში კი თანამშრომლობდა კადრების, სამწერლო, საგამომცემლო და კოორდინატორთა კომიტეტებთან.

მას საოცრად თბილი ღიმილი და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რის გამოც ნებისმიერი კულტურისა და წარმომავლობის ადამიანი მასთან თავს თავისუფლად გრძნობდა. თუმცა სხვებს ყველაზე მეტად მასში ისეთი თვისებები მოსწონდა, როგორიცაა: სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანი კანონებისა და პრინციპებისადმი ერთგულება და იეჰოვასადმი სრული რწმენა. გაი პირსისთვის იმის დაჯერება უფრო ადვილი იყო, რომ მზე არ ამოვიდოდა, ვიდრე იმის, რომ იეჰოვა თავის დაპირებებს არ შეასრულებდა. მას სურდა, ეს ჭეშმარიტება მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.

ძმა გაი პირსი იეჰოვას დაუღალავად ემსახურებოდა. ის დილით ადრე დგებოდა და ხშირად გვიან ღამემდე მუშაობდა. ქრისტიანი და-ძმების გასამხნევებლად ის ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის მზად იყო, დრო გამოეყო როგორც ბეთელის ოჯახის ცალკეული წევრებისთვის, ისე სხვებისთვის, ვისაც მისი დახმარება ან რჩევა სჭირდებოდა. თანაქრისტიანები წლების შემდეგაც კი იხსენებენ მის სტუმართმოყვარეობას, გამამხნევებელ სიტყვებსა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ჩვენს ძვირფას ძმას და მეგობარს მეუღლე, ექვსი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები დარჩა. მას უამრავი სულიერი შვილიც ჰყავდა. 2014 წლის 22 მარტს, შაბათს, ბრუკლინის ბეთელში გაი პირსის დაკრძალვის მოხსენება წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა მარკ სანდერსონმა. თავის მოხსენებაში ის შეეხო ძმა პირსის ზეციურ იმედს და ამოიკითხა იესოს სიტყვები: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ. თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“ (იოან. 14:2—4).

მართალია, ძალიან მოგვენატრება ძმა პირსი, მაგრამ ვხარობთ, რომ მან იცოდა გზა თავისი მარადიული სამყოფლისკენ.