წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2014

„ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“

„ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“

„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).

1. რას ფიქრობს ზოგი ღვთის თაყვანისმცემელთა შესახებ?

ბევრი მოაზროვნე ადამიანი თვლის, რომ დღეს მსოფლიოში წამყვანი რელიგიები კაცობრიობის საკეთილდღეოდ თითქმის არაფერს აკეთებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს რელიგიები თავიანთი სწავლებებითა და საქმეებით ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნიან ღმერთზე და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათ ღმერთი იწონებდეს. თუმცა მათ სწამთ, რომ ყველა რელიგიაში არიან სუფთა გულის ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამჩნევს და თავის თაყვანისმცემლებად მიიჩნევს. მათი აზრით, აუცილებელი არ არის, რომ ეს ადამიანები გამოეყონ ცრუ რელიგიას და ყველასგან განცალკევებულად სცენ ღმერთს თაყვანი. ისმის კითხვა: ღმერთიც ასე ფიქრობს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდი თვალი გადავავლოთ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ბიბლიურ ისტორიას.

ხალხი, რომელსაც ღმერთმა შეთანხმება დაუდო

2. ვინ გახდა ღვთის გამორჩეული ხალხი და რა განასხვავებდა მათ სხვა ხალხებისგან? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

2 ძვ. წ. მე-20 საუკუნის დასაწყისში იეჰოვამ დედამიწაზე აირჩია  ხალხი. აბრაამი, რომელსაც ბიბლიაში „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდება, ასობით ადამიანისგან შემდგარი დიდი ოჯახის თავი იყო (რომ. 4:11; დაბ. 14:14). ქანაანის მიწის მმართველები მას მთავრად მიიჩნევდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ (დაბ. 21:22; 23:6). იეჰოვამ აბრაამსა და მის შთამომავლებს შეთანხმება დაუდო (დაბ. 17:1, 2, 19). ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ეს არის თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება, რომელსაც დაიცავთ თქვენ და შენი შთამომავლობა: წინადაიცვითოს თქვენში ყველა მამაკაცმა . . . და ეს იყოს თქვენსა და ჩემ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი“ (დაბ. 17:10, 11). ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვების შესაბამისად, აბრაამმა და მისი სახლეულობიდან ყველა მამაკაცმა წინადაიცვითა (დაბ. 17:24—27). წინადაცვეთა აბრაამსა და მის შთამომავლებს, რომლებთანაც ღმერთს შეთანხმება ჰქონდა დადებული, სხვა ხალხებისგან გამოარჩევდა.

3. როგორ იქცა აბრაამის შთამომავლობა დიდ ხალხად?

3 აბრაამის შვილიშვილს, იაკობს, ანუ ისრაელს 12 ვაჟი ჰყავდა (დაბ. 35:10, 22ბ—26). გავიდა დრო და იაკობის ვაჟები ისრაელის 12 ტომის პატრიარქები გახდნენ (საქ. 7:8). ქანაანის მიწაზე ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო იაკობმა და მისმა სახლეულობამ ეგვიპტეს შეაფარეს თავი, სადაც იაკობის ვაჟი, იოსები, მთელ ეგვიპტეში საკვების გამნაწილებელი და ფარაონის მარჯვენა ხელი იყო (დაბ. 41:39—41; 42:6). იაკობის შთამომავლები ძლიერ გამრავლდნენ და ისინი „ხალხთა კრებულად“ იქცნენ (დაბ. 48:4; წაიკითხეთ საქმეების 7:17).

ხალხი, რომელიც ღმერთმა გამოისყიდა

4. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ თავდაპირველად ეგვიპტელებსა და იაკობის შთამომავლებს?

4 იაკობის შთამომავლები ეგვიპტეში ორ საუკუნეზე ცოტა მეტხანს დარჩნენ. ისინი იქ ნილოსის შესართავთან, გოშენის მიწაზე დასახლდნენ (დაბ. 45:9, 10). როგორც ჩანს, დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მათ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტელებთან — ცხოვრობდნენ პატარა ქალაქებში და მწყემსავდნენ ცხვარ-ძროხას. ფარაონმა, რომელიც დიდ პატივს სცემდა იოსებს, ისინი გულთბილად მიიღო (დაბ. 47:1—6). ეგვიპტელებს სძაგდათ მეცხვარეები (დაბ. 46:31—34). თუმცა მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა დამორჩილებოდნენ ფარაონს და აეტანათ თავიანთ მიწაზე დასახლებული ებრაელები.

5, 6. ა) როგორ შეიცვალა ღვთის ხალხის მდგომარეობა ეგვიპტეში? ბ) როგორ გადარჩა მოსე და რა მოიმოქმედა ღმერთმა თავისი ხალხისთვის?

5 თუმცა ღვთის ხალხის მდგომარეობა არსებითად შეიცვალა: «გავიდა ხანი და ეგვიპტეში ახალი მეფე გამეფდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. უთხრა მან თავის ხალხს: „ხედავთ?! ისრაელი ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია“ . . . ეგვიპტელებმა დაიმონეს ისრაელის ძეები და უმოწყალოდ ექცეოდნენ. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე მონური შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით; უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ» (გამ. 1:8, 9, 13, 14).

6 ფარაონმა ებრაელთა ახალშობილი ბიჭების დახოცვაც კი ბრძანა (გამ. 1:15, 16). სწორედ ამ პერიოდში მოევლინა ქვეყანას მოსე. სამი თვის მოსე დედამ მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში დამალა; იგი ფარაონის ასულმა იპოვა და შემდეგ იშვილა. საბედნიეროდ, სიყრმის წლებში მოსეს დედამისი, იეჰოვას ერთგული მსახური, იოქებედი ზრდიდა; მოსე იეჰოვას ერთგული მსახური გახდა (გამ. 2:1—10; ებრ. 11:23—25). ღმერთმა „გადმოხედა“ თავისი ხალხის ტანჯვას და გადაწყვიტა, რომ მათ წინამძღოლად მოსე დაენიშნა, რათა ისინი მჩაგვრელთა ხელიდან გაეთავისუფლებინა (გამ. 2:24, 25; 3:9, 10). იეჰოვას ამგვარად  უნდა გამოესყიდა ანუ ეხსნა თავისი ხალხი (გამ. 15:13; წაიკითხეთ კანონის 15:15).

ხალხი, რომელიც ღვთის ერად იქცა

7, 8. როგორ იქცა იეჰოვას ხალხი წმინდა ერად?

7 მართალია, ისრაელები ჯერ ერად არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი, მაგრამ იეჰოვა მათ უკვე თავის ხალხად მიიჩნევდა. ამიტომ მან მოსესა და აარონს დაავალა, რომ ფარაონისთვის ეთქვათ: «ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“» (გამ. 5:1).

8 ისრაელების ეგვიპტიდან გასათავისუფლებლად იეჰოვამ ეგვიპტელებს 10 სასჯელი დაატეხა თავს, ხოლო ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში დაასამარა (გამ. 15:1—4). ამ შემთხვევიდან სამი თვეც კი არ იყო გასული, რომ ღმერთმა ისრაელებს სინას მთასთან ისტორიული შეთანხმება დაუდო და აღუთქვა: „ახლა, თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის . . . წმინდა ერად იქცევით“ (გამ. 19:5, 6).

9, 10. ა) კანონის 4:5—8-ის თანახმად, როგორ გამოარჩევდა კანონი ისრაელს სხვა ერებისგან? ბ) როგორ უნდა დაემტკიცებინათ ისრაელებს, რომ იეჰოვას წმინდა ხალხი იყვნენ?

9 სანამ ისრაელები მონობას თავს დააღწევდნენ, ისინი ეგვიპტეში ტომებად ცხოვრობდნენ; ტომებს ოჯახისთავები ანუ პატრიარქები ხელმძღვანელობდნენ. ეს მამაკაცები თავიანთი სახლეულობისთვის, მანამდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა მსგავსად, ასრულებდნენ მმართველების, მსაჯულებისა და მღვდლების მოვალეობას (დაბ. 8:20; 18:19; იობ. 1:4, 5). თუმცა ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს კანონთა კრებული მისცა, რომელიც მათ სხვა ერებისგან გამოარჩევდა (წაიკითხეთ კანონის 4:5—8; ფსალმ. 147:19, 20). კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა სამღვდელო კლასი; სამართალს კი აჩენდნენ „უხუცესები“, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და სიბრძნით გამოირჩეოდნენ (კან. 25:7, 8). ამგვარად, კანონი განსაზღვრავდა იმას, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ახლად ჩამოყალიბებული ერის რელიგიური და სოციალური საქმიანობა.

10 იეჰოვამ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოსეს მეშვეობით კიდევ გაუმეორა თავისი კანონები: „თქვენ კი იმის გამო, რაც იეჰოვამ გააკეთა, თქვით, რომ მისი ხალხი იქნებით, გამორჩეული საკუთრება, როგორც დაგპირდათ კიდეც, და დაიცავთ მის მცნებებს; აგამაღლებთ იგი ყველა სხვა ხალხებზე მეტად, რომლებიც მან შექმნა, და იქცევით ქებად, სახელად და მშვენებად, სანამ წმინდა ხალხი იქნებით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე“ (კან. 26:18, 19).

ხიზნებს ღვთის ხალხთან ერთად თაყვანისცემის უფლება ეძლევათ

11—13. ა) ვინ სცემდა იეჰოვას თაყვანს მის რჩეულ ხალხთან ერთად? ბ) რა უნდა გაეკეთებინა უცხოელს, რომელსაც იეჰოვას თაყვანისცემა სურდა?

11 მართალია, იეჰოვას უკვე ჰყავდა თავისთვის გამორჩეული ერი დედამიწაზე, მაგრამ ის ნებას რთავდა სხვებს, თავის ხალხს შორის ეცხოვრათ. მაგალითად, ღმერთმა არ აუკრძალა არაისრაელებს, „უამრავ ჭრელ ხალხს“, მათ შორის ეგვიპტელებს, რომ ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების დროს ისრაელებს გაჰყოლოდნენ (გამ. 12:38). იმ დროს, როცა იეჰოვამ ეგვიპტეს მეშვიდე სასჯელი მოუვლინა, ფარაონის მსახურებიდან ზოგს ღვთის სიტყვის შეეშინდა და იმ „ჭრელ ხალხს“ შეერია, რომლებმაც ისრაელებთან ერთად ეგვიპტე დატოვეს (გამ. 9:20).

12 ვიდრე ისრაელები იორდანეს გადაკვეთდნენ და ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ, მოსემ მათ უთხრა, რომ გვერდით მყოფი ხიზნები ჰყვარებოდათ (კან. 10:17—19). ღვთის რჩეულ ერს თავის წიაღში უნდა მიეღო ნებისმიერი ხიზანი, რომელიც მზად იყო, მოსეს კანონით გათვალისწინებული  ძირითადი მოთხოვნები შეესრულებინა (ლევ. 24:22). ზოგიერთი ხიზანი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა და ისეთივე განწყობით შეუერთდა ღვთის ხალხს, როგორითაც მოაბელი რუთი, რომელმაც ისრაელ ნაომის უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:16). ხიზნები პროზელიტები გახდნენ და მათ შორის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა წინადაიცვითეს (გამ. 12:48, 49). იეჰოვამ ისინი თავისი რჩეული ხალხის კრებულში გულთბილად მიიღო (რიცხ. 15:14, 15).

ისრაელებს უყვარდათ ხიზნები (იხილეთ მე-11—13 აბზაცები)

13 ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა წარმოთქვა ლოცვა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ იეჰოვა იწონებდა უცხოტომელთა თაყვანისცემას: „თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიდებული სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული, მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან, და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ისე ეშინოდეს შენი, როგორც შენს ხალხს ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე“ (2 მატ. 6:32, 33). ეს ასე იყო იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდშიც; არაებრაელს, რომელსაც იეჰოვას თაყვანისცემა სურდა, იმ ხალხთან ერთად უნდა ეცა მისთვის თაყვანი, რომელსაც ღმერთმა შეთანხმება დაუდო (იოან. 12:20; საქ. 8:27).

მოწმეთა ერი

14—16. ა) რა გაგებით იყო ისრაელი იეჰოვას მოწმეთა ერი? ბ) რა ვალდებულება გვაკისრია ღვთის ხალხს დღეს?

14 ისრაელები თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, ეთაყვანებოდნენ, ხოლო დანარჩენი ერები — თავიანთ ღვთაებებს. წინასწარმეტყველ ესაიას პერიოდში იეჰოვამ იმდროინდელი ვითარება სასამართლო პროცესს შეადარა. იეჰოვამ ხალხთა ღმერთებს მიმართა და თავიანთი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოწმეების მოყვანა მოსთხოვა: «ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ხალხი და ერთად შეიკრიბონ ერები. მათ შორის რომელ [ღმერთებს] შეუძლიათ ამის თქმა? თუ გაგვაგებინებენ იმას, რაც თავდაპირველად უნდა შესრულდეს? მოიყვანონ თავიანთი მოწმეები, რათა მართლებად იქნენ აღიარებულნი, ან  მოისმინონ და თქვან: „ეს ჭეშმარიტებაა!“» (ეს. 43:9).

15 ხალხთა ღმერთებს თავიანთი ღვთაებრიობის დამტკიცება ნამდვილად არ შეეძლოთ, რადგან ისინი უსიცოცხლო, უტყვი კერპები იყვნენ, რომელთაც სხვები დაატარებდნენ (ეს. 46:5—7). იეჰოვამ თავის ერს, ისრაელს კი უთხრა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება. მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი . . . ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“ (ეს. 43:10—12).

16 იეჰოვას რჩეულ ხალხს, „სასამართლო პროცესზე“, სადაც ღვთის უზენაესობის საკითხი წყდებოდა, ნათლად და ხმამაღლა უნდა დაემოწმებინა, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. იეჰოვამ მათზე თქვა: „ჩემთვის შევქმენი, რათა ჩემ საქებრად ელაპარაკათ“ (ეს. 43:21). ეს ხალხი მისი სახელით იწოდებოდა. ვინაიდან ისრაელები ღმერთმა ეგვიპტელთაგან გამოისყიდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა წინაშე ღვთის უზენაესობა დაეცვათ. მათ ისეთივე განწყობა უნდა ჰქონოდათ, როგორიც მოგვიანებით მცხოვრებ წინასწარმეტყველ მიქას, რომელმაც ჩვენ საყურადღებოდ შემდეგი სიტყვები დაწერა: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5).

მოღალატე ერი

17. როგორ იქცა ისრაელი „გადაჯიშებულ ვაზად“?

17 სამწუხაროდ, ისრაელებმა თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, უღალატეს. ისინი მეზობელი ერების გავლენაში მოექცნენ და ხის და ქვის ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში წინასწარმეტყველმა ოსიამ დაწერა: „ისრაელი გადაჯიშებული ვაზია . . . მეტ სამსხვერპლოს აგებს. გაუთვალთმაქცდათ გულები; დამნაშავეები აღმოჩნდებიან “(ოს. 10:1, 2). საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი იერემიამ ეს სიტყვები ღვთის ორგული ხალხის გასაგონად დაწერა: «„მე კი დარგული მყავდი, როგორც საუკეთესო წითელი ვაზი, ჭეშმარიტი თესლი. როგორ გადამექეცი გადაჯიშებულ უცხო ვაზად?!“ . . . „სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს“ . . . ჩემს ხალხს . . . დავიწყებული ვყავარ» (იერ. 2:21, 28, 32).

18, 19. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ თავისი ერის წარმოშობის შესახებ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?

18 ნაცვლად იმისა, რომ ისრაელებს იეჰოვასთვის ეერთგულათ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დარჩენილიყვნენ და კარგი ნაყოფი გამოეღოთ, კერპთაყვანისმცემლობაში ჩაეფლნენ და ცუდი ნაყოფი გამოიღეს. ამიტომაც უთხრა იესომ თვალთმაქც იუდეველ წინამძღოლებს: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, ახალ ერში ანუ სულიერ ისრაელში ის ადამიანები შევიდოდნენ, ვისაც იეჰოვა „ახალ შეთანხმებას“ დაუდებდა. იეჰოვამ სულიერ ისრაელზე, ვისთანაც შეთანხმება უნდა დაედო, იწინასწარმეტყველა: „მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“ (იერ. 31:31—33).

19 მას შემდეგ, რაც ისრაელმა იეჰოვას უორგულა, მან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავის ხალხად ყოფნის პატივი პირველ საუკუნეში სულიერ ისრაელს არგუნა. მაგრამ წამოიჭრება კითხვები: დღეს ვინ წარმოადგენს ღვთის ხალხს? როგორ შეუძლიათ სუფთა გულის ადამიანებს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ამოცნობა? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.