წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2014

რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?

რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?

„იყავით წმინდები“ (ლევ. 11:45).

1. რა მხრივ გვეხმარება წიგნი „ლევიანები“?

წიგნ „ლევიანებში“ სიტყვა „სიწმინდე“ ბიბლიის სხვა წიგნებთან შედარებით ბევრად მეტჯერაა მოხსენიებული. ვინაიდან სიწმინდის დაცვა იეჰოვას ყველა ერთგულ თაყვანისმცემელს მოეთხოვება, მოდი, უკეთ გავეცნოთ წიგნ „ლევიანებს“. ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ ვიყოთ წმინდები.

2. რა თავისებურებებით გამოირჩევა „ლევიანების“ წიგნი?

2 „ლევიანები“ წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა; ის „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმ. 3:16). ამ წიგნის თითოეულ თავში იეჰოვას სახელი დაახლოებით ათჯერაა მოხსენიებული. თუ ჩავუღრმავდებით „ლევიანების“ წიგნში ჩაწერილ აზრებს, აღარ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ღვთის სახელს ჩრდილს მიაყენებს (ლევ. 22:32). ამ ღვთივშთაგონებულ წიგნში ხშირად ვხვდებით ფრაზას „მე ვარ იეჰოვა“, რაც იმას შეგვახსენებს, რომ უნდა დავემორჩილოთ ღმერთს. ამ და მომდევნო სტატიებში აღმოვაჩენთ წიგნ „ლევიანებში“ გაბნეულ „მარგალიტებს“, რაც დაგვეხმარება, ღმერთს მთელი გულით შევუსრულოთ წმინდა მსახურება.

ვიყოთ წმინდები

3, 4. რას განასახიერებდა აარონისა და მისი ვაჟების წყლით დაბანა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 წაიკითხეთ ლევიანების 8:5, 6. იეჰოვამ აარონი ისრაელის მღვდელმთავრად დანიშნა, მისი ვაჟები კი — მღვდლებად. აარონი  იესო ქრისტეს წარმოადგენს, ხოლო მისი ძეები ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებენ. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ნიშნავდა აარონის წყლით დაბანა იმას, რომ იესო ქრისტესაც სჭირდებოდა განწმენდა? არა, რადგან იესო უცოდველი და უზადო იყო (ებრ. 7:26; 9:14). თუმცა წყლით დაბანილი აარონი განასახიერებდა წმინდა და მართალ იესოს. ჩნდება კითხვა: რისი სიმბოლო იყო აარონის ძეების დაბანა?

4 აარონის ძეების დაბანა განასახიერებდა მათ განწმენდას, ვინც ზეციერი მღვდლობისთვის იქნებოდა არჩეული. საინტერესოა, უკავშირდება თუ არა ცხებულების ნათლობა აარონის ვაჟების განწმენდას? არა, რადგან ნათლობა ადამიანს ცოდვისგან არ ათავისუფლებს; ნათლობით ადამიანი თავის ცხოვრებას იეჰოვა ღმერთს უძღვნის. ცხებული ქრისტიანები „სიტყვის საშუალებით“ განიწმინდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქრისტეს სწავლებების თანახმად უნდა იცხოვრონ (ეფეს. 5:25—27). ისინი ამგვარად წმინდავდებიან. მაგრამ, რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“? (იოან. 10:16).

5. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ „სხვა ცხვარი“ ღვთის სიტყვით განიწმინდება?

5 აარონის ძეები იესოს „სხვა ცხვარს“, „უამრავ ხალხს“, არ წარმოადგენენ (გამოცხ. 7:9). მაგრამ საინტერესოა, მიწიერი იმედის მქონენიც ცხებულების მსგავსად განიწმინდებიან ღვთის სიტყვით? რა თქმა უნდა! როცა ეს ადამიანები ბიბლიას კითხულობენ და იგებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იესოს დაღვრილ სისხლს, რწმენას ავლენენ ამ ყოველივესადმი და „წმინდა მსახურებას ასრულებენ . . . დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:13—15). ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვარი“ გამუდმებით იწმინდებიან, რის შედეგადაც ისინი სხვებისგან კარგი საქციელით გამოირჩევიან (1 პეტ. 2:12). წარმოგიდგენიათ, რამდენად ბედნიერია იეჰოვა, როცა ხედავს ცხებული ქრისტიანებისა და „სხვა ცხვრის“ სიწმინდესა და ერთობას, რომლებიც უსმენენ თავიანთ მწყემსს, იესოს და ფეხდაფეხ მიჰყვებიან მას!

6. როგორ უნდა შეამოწმოს ქრისტიანმა საკუთარი თავი?

6 ისრაელში მღვდლებს ფიზიკური სისუფთავის დაცვა მოეთხოვებოდათ; ეს მოთხოვნა დღესაც აქტუალურია იეჰოვას ხალხისთვის. მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლით, ხშირად შეუმჩნეველი არ რჩებათ იეჰოვას თაყვანისცემის ადგილების სისუფთავე და ჩვენი სუფთა და მოწესრიგებული ჩაცმულობა. თუმცა ისრაელი მღვდლების სიწმინდე იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, რომ მას, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობის „მთაზე“ ადის, „სუფთა გული“ უნდა ჰქონდეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 24:3, 4; ეს. 2:2, 3). ღმერთს წმინდა მსახურება წმინდა გულითა და გონებით უნდა შევუსრულოთ; არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური სისუფთავეც. ამისათვის ხშირად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი; ამგვარი გამოკვლევის შემდეგ, ზოგიერთ ჩვენგანს შესაძლოა სიწმინდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა დასჭირდეს (2 კორ. 13:5). მაგალითად, თუ მონათლული ქრისტიანი პორნოგრაფიას უყურებს, მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: არის ჩემი საქციელი წმინდა? შემდეგ მან მავნე ჩვევის დასაძლევად დახმარება უნდა ითხოვოს (იაკ. 5:14).

შეინარჩუნეთ სიწმინდე და იყავით მორჩილნი

7. ლევიანების 8:22—24-ის გათვალისწინებით, რის მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ?

7 როდესაც იეჰოვამ აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად დანიშნა ისრაელში, მოსეს უბრძანა, რომ მათთვის ვერძის სისხლი ეცხო მარჯვენა ყურის ბიბილოსა და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე (წაიკითხეთ ლევიანების 8:22—24). სისხლის ცხება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მღვდლები უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთს და საუკეთესოდ შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. ამ მხრივ, მღვდელმთავარმა იესომ ცხებულებსა და „სხვა ცხვარს“ უბადლო მაგალითი დაუტოვა. ის ყოველთვის ღმერთს უგდებდა ყურს, მისი ხელი დღემუდამ ღვთის საქმეს იქმოდა და მის ფეხს სწორი  გზიდან არასდროს გადაუხვევია (იოან. 4:31—34).

8. რა მოეთხოვება იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს?

8 სულითცხებულებმა და „სხვა ცხვარმა“ თავიანთ მღვდელმთავარს, იესოს, უნდა მიჰბაძონ და მასავით ერთგულნი უნდა იყვნენ. იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელი უნდა დაემორჩილოს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ხელმძღვანელობას და არ უნდა დაანაღვლიანოს მისი წმინდა სული (ეფეს. 4:30). მათ უნდა გაითვალისწინონ ბიბლიაში ჩაწერილი მითითება: „გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი“ (ებრ. 12:13).

9. რას ამბობენ ძმები, რომლებსაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებთან თანამშრომლობა მოუწიათ და თქვენ რა მხრივ წაგადგებათ მათი აზრები სიწმინდის შენარჩუნებაში?

9 მოდი, ახლა მოვუსმინოთ მიწიერი იმედის მქონე სამ იეჰოვას მოწმეს, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებთან მოუწიათ თანამშრომლობა. ერთი ძმა ამბობს: „მათთან თანამშრომლობა მართლაც განსაკუთრებული პატივი იყო. მართალია, ეს ძმები ცხებულები იყვნენ, მაგრამ არასრულყოფილების გამო დროდადრო შეცდომებს უშვებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვცდილობდი, მთელი სულითა და გულით დამეჭირა მათთვის მხარი“. მეორე ძმა გვიზიარებს: „2 კორინთელების 10:5-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ქრისტეს მორჩილებას ეხება, დამეხმარა, დავმორჩილებოდი მათ, ვისაც ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა ეკისრა და მეთანამშრომლა მათთან. მე პასუხისმგებელ ძმებს ყოველთვის მთელი გულით ვემორჩილებოდი“. მესამე ძმა კი ასეთ რამეს ამბობს: „თუ გიყვარს ის, რაც იეჰოვას უყვარს და გძულს ის, რაც მას სძულს, დღენიადაგ მის ხელმძღვანელობას ეძებ და მის მოსაწონად იქცევი, ესე იგი, ემორჩილები ღვთის ორგანიზაციას და ძმებს, ვისაც იგი თავისი განზრახვის განსახორციელებლად იყენებს“. ამ ძმამ აღნიშნა, რომ ძმა ნეითან ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, 1925 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიაში, „ერის დაბადება“, ბიბლიური მუხლების ახლებური განმარტებანი უყოყმანოდ მიიღო მაშინ, როცა მის თანამედროვეთაგან ზოგმა ეჭვქვეშ დააყენა მათი სისწორე. ნორის ასეთმა დამოკიდებულებამ ამ ძმაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ ამ ძმების სიტყვებზე დაფიქრდებით, ნამდვილად გაგიადვილდებათ მორჩილება და შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას.

დაემორჩილეთ ღვთის კანონს სისხლთან დაკავშირებით

10. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავემორჩილოთ ღვთის კანონს სისხლთან დაკავშირებით?

10 წაიკითხეთ ლევიანების 17:10. იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა, რომ არ ეჭამათ სისხლი. დღეს ქრისტიანებსაც მოეთხოვებათ სისხლისგან თავშეკავება; ისინი არანაირი სახით არ მოიხმარენ არც ცხოველის და არც ადამიანის სისხლს (საქ. 15:28, 29). იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ იეჰოვა ზურგს შეგვაქცევს და თავისი ხალხიდან მოგვკვეთს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ღმერთი და მთელი გულით გვსურს, მას დავემორჩილოთ. მაშინაც კი, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არ დავყვეთ მათ თხოვნას და არ შეგვაშინოს მათმა მუქარამ, ვინც იეჰოვას არ იცნობს და ვინც ღვთის კანონს არ ემორჩილება. მართალია, სისხლის გამოყენებისგან თავშეკავების გამო შესაძლოა დაცინვის ობიექტი გავხდეთ, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იეჰოვას მორჩილებაა (იუდ. 17, 18). ისმის კითხვა: რა დაგვეხმარება, „მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი“, რომ სისხლი არც ვჭამოთ და არც გადავისხათ? (კან. 12:23).

11. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყოველწლიური გამოსყიდვის დღე უმნიშვნელო რიტუალი არ იყო?

11 იმის ცოდნა, თუ როგორ იყენებდა ძველ ისრაელში მღვდელმთავარი ცხოველის სისხლს ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს, დაგვეხმარება გავიგოთ, რას ფიქრობს ღმერთი სისხლზე. სისხლი კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებოდა. მისი  მეშვეობით ხდებოდა იმ ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა, ვისაც იეჰოვასგან ცოდვების მიტევება სურდა. მღვდელმთავარს ხარისა და თხის სისხლი უნდა დაესხურებინა შეთანხმების კიდობნის სახურავზე და მის წინ (ლევ. 16:14, 15, 19). იეჰოვა ამგვარად პატიობდა ისრაელებს ცოდვებს. გარდა ამისა, ღმერთს თავისი ხალხისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ თუ ვინმე საჭმელად მოკლავდა ცხოველს, ის სისხლისგან უნდა დაეწრიტა და დაღვრილი სისხლი მტვრით დაეფარა, ვინაიდან ბიბლია გვაუწყებს, რომ „ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია“ (ლევ. 17:11—14). ეს უმნიშვნელო რიტუალი არ ყოფილა; გამოსყიდვის დღეს სისხლის გამოყენება და მისი მიწაზე დაღვრა სრულად ეთანხმება იმ მითითებას, რომელიც იეჰოვამ ნოეს და მის შთამომავლებს სისხლთან დაკავშირებით მისცა (დაბ. 9:3—6). ღმერთს აკრძალული ჰქონდა სისხლის გამოყენება სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. წამოიჭრება შეკითხვა: რა მნიშვნელობა აქვს ამ ყოველივეს ჩვენთვის?

12. ებრაელებისადმი მიწერილი წერილის თანახმად, რა კავშირია სისხლსა და პატიებას შორის?

12 მოციქულმა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, რომ სისხლს განმწმენდი ძალა ჰქონდა: „კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“ (ებრ. 9:22). პავლემ ებრაელებისადმი მიწერილ წერილში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მართალია, ცხოველურ შესაწირავს გარკვეული ღირებულება ჰქონდა, მაგრამ ის მხოლოდ შეახსენებდა ისრაელებს, რომ ცოდვილები იყვნენ და მათი ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ წარსახოცად უფრო დიდი მსხვერპლის გაღება იყო საჭირო. დიახ, „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილი [იყო] და არა თვით ეს კურთხევა“ (ებრ. 10:1—4). მაშ, როგორ უნდა მომხდარიყო ცოდვების პატიება?

13. რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ იესომ იეჰოვას თავისი სისხლის საფასური წარუდგინა?

13 წაიკითხეთ ეფესოელების 1:7. იესო ქრისტემ თავი გასწირა ჩვენთვის; მის მსხვერპლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც უყვარს იესო და მისი მამა, იეჰოვა (გალ. 2:20). თუმცა რაც მან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რამაც ჩვენ ცოდვის მონობისგან გაგვათავისუფლა. იესო ქრისტემ ის გააკეთა, რასაც მოსეს კანონით გამოსყიდვის დღეს  მღვდელმთავარი აკეთებდა. გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარს შეწირული ცხოველების სისხლი კარვის, მოგვიანებით კი სოლომონის მიერ აგებული ტაძრის, წმინდათაწმინდაში შეჰქონდა, სადაც მას ღმერთს წარუდგენდა, თითქოსდა თავად ღმერთი ყოფილიყო იქ (ლევ. 16:11—15). ამის მსგავსად, იესომაც წარუდგინა იეჰოვას თავისი გაღებული სისხლის საფასური (ებრ. 9:6, 7, 11—14, 24—28). უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე ცოდვები მოგვეტევა და სუფთა სინდისი გვაქვს!

14, 15. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს და ვემორჩილებოდეთ იეჰოვას კანონს სისხლთან დაკავშირებით?

14 ზემოთ განხილულის საფუძველზე, ალბათ ხვდებით, თუ რატომ მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან, რომ არ ვჭამოთ სისხლი (ლევ. 17:10). გესმით, რატომ მიიჩნევს ღმერთი სისხლს წმინდად? ღვთისთვის სისხლი სიცოცხლის ტოლფასია (დაბ. 9:4). ნუთუ არ ღირს, რომ გავითვალისწინოთ ღვთის თვალსაზრისი და თავი შევიკავოთ სისხლისგან? ღმერთთან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ რწმენას გამოვავლენთ იესოს გამოსასყიდისადმი და გავიაზრებთ, რომ სისხლს ჩვენი შემოქმედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს (კოლ. 1:19, 20).

15 ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა მოულოდნელად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა საქმე სისხლის გადასხმაზე მიდგება. სამწუხაროდ, ამ ფაქტის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ოჯახის წევრი, ისე მეგობარი. ასეთ კრიზისულ ვითარებაში ისიც უნდა გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ თუ არა სისხლის ფრაქციებს ან დათანხმდებით თუ არა ზოგიერთი პროცედურის გავლაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესვე გამოიკვლიოთ სისხლთან დაკავშირებული საკითხები და ამგვარად მოემზადოთ შესაძლო კრიტიკული სიტუაციისთვის. ეს ყოველივე ლოცვასთან ერთად დაგეხმარებათ, რომ მტკიცენი იყოთ და არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ კომპრომისზე. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ გული ვატკინოთ იეჰოვას და ისეთი რამ ჩავიდინოთ, რასაც ბიბლია გმობს! მედიკოსები და სისხლის გადასხმის მომხრენი ხალხს მოუწოდებენ, რომ სხვების გადასარჩენად სისხლი ჩააბარონ. თუმცა იეჰოვას ხალხმა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ შემოქმედს აქვს იმის განსაზღვრის უფლება, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული სისხლი. მისთვის სისხლი წმინდაა. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სისხლთან დაკავშირებულ ღვთის კანონს. წმინდა საქციელით ღმერთს ვუმტკიცებთ, რომ ძლიერ ვაფასებთ იესოს სისხლს, რომელსაც ადამიანთათვის ხსნა, ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლე მოაქვს (იოან. 3:16).

გაქვთ მტკიცედ გადაწყვეტილი, დაემორჩილოთ იეჰოვას კანონს სისხლთან დაკავშირებით? (იხილეთ მე-14, 15 აბზაცები)

რატომ ითხოვს იეჰოვა ჩვენგან სიწმინდეს

16. რატომ უნდა იყოს იეჰოვას ხალხი წმინდა?

16 როდესაც ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან გაათავისუფლა, ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. იყავით წმინდები, რადგან მე წმინდა ვარ“ (ლევ. 11:45). ებრაელები წმინდები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან იეჰოვა წმინდა იყო. სიწმინდე ჩვენ, იეჰოვას მოწმეებსაც, მოგვეთხოვება. „ლევიანების“ წიგნმა ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

17. რას ფიქრობთ წიგნ „ლევიანების“ შესახებ?

17 „ლევიანებიდან“ ზოგიერთი მონაკვეთის განხილვა ჩვენთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. ალბათ, ამ სტატიის დახმარებით კიდევ უფრო დააფასეთ ეს ღვთივშთაგონებული წიგნი. ამ წიგნში მოცემულმა ფასდაუდებელმა ინფორმაციამ ალბათ უფრო უკეთ დაგანახვათ, თუ რატომ გვმართებს, ვიყოთ წმინდები. თუმცა წამოიჭრება კითხვები: მხოლოდ ამ „მარგალიტებს“ ვხვდებით „ლევიანებში“? კიდევ რა მხრივ გვეხმარება წიგნი „ლევიანები“, რომ იეჰოვას წმინდა მსახურება შევუსრულოთ? ამ კითხვებს მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.