წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2014

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორ ინიშნებიან უხუცესები და მომსახურეები კრებებში?

ახ. წ. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს მისწერა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). დღეს რა როლს ასრულებს წმინდა სული უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნაში?

პირველი, წმინდა სულმა აღძრა ბიბლიის დამწერები, ჩაეწერათ, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ უხუცესები და მომსახურეები. 1 ტიმოთეს 3:1—7 მუხლებში ჩამოთვლილია 16 მოთხოვნა უხუცესებისთვის. სხვა მოთხოვნები ჩაწერილია ტიტეს 1:5—9-სა და იაკობის 3:17, 18-ში. ხოლო 1 ტიმოთეს 3:8—10, 12, 13-ში ვკითხულობთ მოთხოვნებს მომსახურე ძმებისთვის. მეორე, ისინი, ვინც რეკომენდაციას უწევენ ძმას ან ნიშნავენ, კონკრეტულად ლოცულობენ და იეჰოვას სთხოვენ წმინდა სულს, რომ მან უხელმძღვანელოს იმის დანახვაში, შეესაბამება თუ არა ეს ძმა ბიბლიურ მოთხოვნებს. მესამე, პიროვნება, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ, თავისი ცხოვრებით უნდა ცხადყოფდეს, რომ ნამდვილად ავლენს ღვთის წმინდა სულის ნაყოფს (გალ. 5:22, 23). ასე რომ, ღვთის სული დანიშვნის მთლიან პროცესში დიდ როლს ასრულებს.

მაგრამ უშუალოდ ვინ ნიშნავს ძმებს? აქამდე, უხუცესებად და მომსახურეებად დანიშვნის რეკომენდაციები ეგზავნებოდა ადგილობრივ ფილიალს. იქ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ დანიშნული ძმები გადახედავდნენ ხოლმე ამ რეკომენდაციებს და იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. შემდეგ ფილიალი შეატყობინებდა კრების უხუცესთა საბჭოს, უხუცესები კი ატყობინებდნენ ძმას თავისი ახალი დანიშნულების შესახებ და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მზად ამ პასუხისმგებლობის ასაღებად და ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა საჭირო მოთხოვნებს. ბოლოს კი კრებაში კეთდებოდა განცხადება.

პირველ საუკუნეში ზოგჯერ მოციქულები აძლევდნენ ძმებს კონკრეტულ დავალებებს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მათ შვიდი მამაკაცი დანიშნეს ქვრივებისთვის საკვების ყოველდღიურ განაწილებაზე (საქ. 6:1—6). მაგრამ ამ მაგალითიდან არ ჩანს, რომ ეს მამაკაცები მოციქულების მიერ იყვნენ დანიშნული უხუცესებად ან მომსახურეებად, ვინაიდან ამ დავალების მიღებამდე ისინი შესაძლოა უკვე მსახურობდნენ უხუცესებად. მაშ, როგორ ინიშნებოდნენ უხუცესები და მომსახურეები პირველ საუკუნეში?

მართალია, ბიბლიაში დეტალურად არ არის აღწერილი, როგორ ინიშნებოდნენ ძმები, მაგრამ გარკვეულწილად  მაინც შეგვიძლია იმის დანახვა, თუ როგორ ხდებოდა ეს. მაგალითად, როდესაც პავლე და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს და ლოცვითა და მარხვით მიანდეს ისინი იეჰოვას, რომელიც ირწმუნეს“ (საქ. 14:23). წლების შემდეგ პავლემ თავის თანამსახურ ტიტეს მისწერა: „კრეტაში იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო ჩემი მითითებისამებრ“ (ტიტ. 1:5). როგორც ჩანს, ტიმოთესაც, რომელიც პავლესთან ერთად ხშირად მოგზაურობდა, იგივე პასუხისმგებლობა ეკისრა (1 ტიმ. 5:22). აშკარაა, რომ ძმების ასეთი დანიშვნები ხდებოდა მიმომსვლელი ზედამხედველების მიერ და არა მოციქულების ან იერუსალიმის უხუცესების მიერ.

ამ ბიბლიურ მაგალითზე დაფიქრებით იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთხელ გადახედა უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნის საკითხს და მოახდინა ცვლილებები. 2014 წლის 1 სექტემბრიდან დანიშვნები მოხდება შემდეგნაირად: სარაიონო ზედამხედველი გულდასმით განიხილავს თავისი რაიონიდან მიღებულ რეკომენდაციებს. კრების მონახულებისას ის შეეცდება ახლოს გაიცნოს ეს ძმები და თუ შესაძლებელი იქნება, მათთან იმსახუროს. მას შემდეგ, რაც უხუცესთა საბჭოსთან ერთად განიხილავს ამ რეკომენდაციებს, სარაიონო ზედამხედველს შეეძლება დანიშნოს უხუცესები და მომსახურეები თავისი რაიონის კრებებში. ასეთი სახით, უფრო ზუსტად მივყვებით პირველი საუკუნის მაგალითს.

უხუცესები სარაიონო ზედამხედველთან ერთად განიხილავენ, შეესაბამება თუ არა ძმა ბიბლიურ მოთხოვნებს (მალავი)

ვის რა როლი აკისრია ამ პროცესში? როგორც ყოველთვის „ერთგულ და გონიერ მონას“ უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრია შინაურების გამოკვების საქმეში (მათ. 24:45—47). ისინი წმინდა სულის დახმარებით იკვლევენ ბიბლიას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრებებს აძლევენ მითითებებს, როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები პრაქტიკულად. ეს კი კრებების ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ერთგული მონა ასევე ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებსა და ფილიალის კომიტეტის წევრებს. ფილიალები კი, თავის მხრივ, ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთ ტერიტორიაზე დანერგონ ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებული მითითებები. თითოეულ უხუცესთა საბჭოს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გულდასმით გადახედოს, თუ რამდენად შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს ძმა, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ ღვთის კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად. სარაიონო ზედამხედველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ყურადღებით განიხილონ უხუცესების მიერ გაწეული რეკომენდაციები, ილოცონ და ისე დანიშნონ შესაფერისი მამაკაცები.

როდესაც გვესმის, როგორ ხდება ძმების დანიშვნები, უფრო მეტად ვხედავთ წმინდა სულის როლს ამ პროცესში. შედეგად უფრო მეტად ვენდობით და პატივს ვცემთ ქრისტიანულ კრებაში დანიშნულ ძმებს (ებრ. 13:7, 17).

 ვინ არის გამოცხადების მე-11 თავში მოხსენიებული ორი მოწმე?

გამოცხადების 11:3 საუბრობს ორ მოწმეზე, რომლებსაც 1 260 დღის მანძილზე უნდა ეწინასწარმეტყველათ. შემდეგ ნათქვამია, რომ მხეცი სძლევდა და დახოცავდა მათ. მაგრამ „სამ-ნახევარი დღის შემდეგ“ მხილველთა გასაოცრად ეს ორი მოწმე გაცოცხლდებოდა (გამოცხ. 11:7, 11).

ვინ არის ეს ორი მოწმე? ამის გაგებაში ამ მოვლენის დეტალური განხილვა დაგვეხმარება. უპირველესად ვიცით, რომ „ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით და ორი სალამპრით“ (გამოცხ. 11:4). ეს გვახსენებს ზაქარიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ სალამპრესა და ორ ზეთისხილის ხეს. ზაქარიას აუხსნეს, რომ ეს განასახიერებდა „ორ ცხებულს“, მმართველ ზერუბაბელსა და იეჰოშუას, რომლებიც „მთელი დედამიწის უფლის გვერდით“ იდგნენ (ზაქ. 4:1—3, 14). გარდა ამისა, ეს ორი მოწმე ისეთივე ნიშნებს ახდენდა, როგორსაც მოსე და ელია (შეადარეთ გამოცხადების 11:5, 6 რიცხვების 16:1—7, 28—35-სა და 1 მეფეების 17:1; 18:41—45-თან).

რა საერთო აქვს ამ ორ ბიბლიურ მონაკვეთს ერთმანეთთან? ორივე ღვთის ცხებულებზე საუბრობს, რომლებიც შემოწმების რთულ დროს ხელმძღვანელობას უწევდნენ ღვთის ხალხს. ამგვარად, გამოცხადების მე-11 თავი იმ გაგებით შესრულდა, რომ 1914 წელს, ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების დროს, ხელმძღვანელი, ცხებული ძმები „ჯვალოთი შემოსილები“ სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდნენ.

სამწელიწად-ნახევრიანი ქადაგების ბოლოს ეს ცხებულები სიმბოლური გაგებით მოკლეს, როდესაც ისინი შედარებით მცირე დროით, სიმბოლური სამნახევარი დღით, დააპატიმრეს. ღვთის ხალხის მტრების თვალში მათი საქმიანობა მოკვდა ანუ შეჩერდა, რამაც მოწინააღმდეგეებში დიდი სიხარული გამოიწვია (გამოცხ. 11:8—10).

მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად, სამ-ნახევარი დღის დასასრულს, ამ ორ მოწმეს სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს ცხებულები მხოლოდ კი არ გათავისუფლდნენ ციხიდან, არამედ, ვინც ერთგულება შეინარჩუნა, განსაკუთრებული დავალებაც მიიღო ღვთისგან, თავიანთი მეფის იესო ქრისტეს მეშვეობით. 1919 წელს ისინი მათ შორის იყვნენ, ვინც „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნენ, რათა ბოლო დღეებში ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ეზრუნათ (მათ. 24:45—47; გამოცხ. 11:11, 12).

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცხადების 11:1, 2 ამ მოვლენებს უკავშირებს იმ დროს, როცა სულიერი ტაძარი გაიზომებოდა ანუ შემოწმდებოდა. მალაქიას მე-3 თავიც სულიერი ტაძრის მსგავს შემოწმებაზე საუბრობს, რომელსაც მოჰყვება განწმენდა (მალ. 3:1—4). რამდენ ხანს გაგრძელდა შემოწმებისა და განწმენდის პერიოდი? 1914 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1 260 დღეს (42 თვეს) და სიმბოლურ სამ-ნახევარ დღეს, რომელიც გამოცხადების მე-11 თავშია მოხსენიებული.

ძალზედ სასიხარულოა, რომ იეჰოვამ სულიერად განწმინდა ერი კარგი საქმეების საკეთებლად (ტიტ. 2:14). გარდა ამისა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ცხებულების მაგალითს, რომლებიც გამოცდის დროს ღვთის ხალხს ხელმძღვანელობას უწევდნენ და ასეთი სახით ორ მოწმეს განასახიერებდნენ. *