წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2014

„ახლა . . . ღვთის ხალხი ხართ“

„ახლა . . . ღვთის ხალხი ხართ“

„ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“ (1 პეტ. 2:10).

1, 2. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და ვინ იქცა იეჰოვას ახალ ერად? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვას ხალხის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა. იმ დღეს იეჰოვამ თავისი წმინდა სულით შვა ახალი ერი — სულიერი ისრაელი, რომელსაც ბიბლია „ღვთის ისრაელს“ უწოდებს (გალ. 6:16). აბრაამიდან მოყოლებული ღვთის ხალხის ამოსაცნობი ნიშანი წინადაცვეთა იყო. ახლა კი დადგა დრო, როცა ეს ტრადიცია წარსულს უნდა ჩაჰბარებოდა. ახალი ერის წარმომადგენელთა შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა, რომ მათი „გული წინადაცვეთილია სულით“ (რომ. 2:29).

2 მათ შორის პირველები, ვინც ღვთის ახალ ერს ქმნიდნენ, იერუსალიმში ზედა ოთახში შეკრებილი ქრისტეს მოციქულები და ასზე მეტი მოწაფე იყვნენ (საქ. 1:12—15). ამ ქრისტიანებზე წმინდა სული გადმოვიდა და ისინი სულით შობილი ღვთის შვილები გახდნენ (რომ. 8:15, 16; 2 კორ. 1:21). ამით ცხადი გახდა, რომ ახალი შეთანხმება ამოქმედდა; შეთანხმების შუამავალი ქრისტე გახლდათ, რომელმაც საკუთარი სისხლით მიანიჭა ძალა ამ შეთანხმებას (ლუკ. 22:20; წაიკითხეთ ებრაელების 9:15). ამგვარად, მოწაფეები იეჰოვას ახალ ერად, მის ხალხად იქცნენ. ისინი წმინდა სულის მეშვეობით იმ ენებზე ამეტყველდნენ, რომლებზეც რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან იერუსალიმში იუდეველთა კვირების დღესასწაულის ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის  აღსანიშნავად ჩამოსული იუდეველები და პროზელიტები საუბრობდნენ. ამ ადამიანებს თავიანთ მშობლიურ ენაზე ესმოდათ და იგებდნენ „ღვთის დიდებული საქმეების“ შესახებ, რომლებსაც ღვთის სულით შობილი ქრისტიანები უქადაგებდნენ (საქ. 2:1—11).

ღვთის ახალი ერი

3—5. ა) რა უთხრა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ იუდეველებს? ბ) რამ შეუწყო ხელი იეჰოვას ახალი ერის ზრდას თავიდან?

3 იეჰოვამ პეტრე მოციქულის მეშვეობით იუდეველებსა და პროზელიტებს საშუალება მისცა, რომ ახალშობილი ერის, ქრისტიანული კრების წევრები გამხდარიყვნენ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ გაბედულად მიმართა იუდეველებს და უთხრა, რომ იესო, რომელიც მათ ძელზე გააკრეს, უნდა ერწმუნათ, ვინაიდან იგი „ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. პეტრემ შეკრებილ ხალხს, რომელთაც აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, უპასუხა: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“ (საქ. 2:22, 23, 36—38). იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი შეუერთდა ახალ ერს, სულიერ ისრაელს (საქ. 2:41). ამის შემდეგ გულმოდგინე მოციქულთა ქადაგებას უფრო და უფრო მეტი ნაყოფი გამოჰქონდა (საქ. 6:7). ახალი ერი იზრდებოდა.

4 მოგვიანებით სამქადაგებლო საქმემ უფრო ფართო ხასიათი მიიღო და სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ექადაგათ; სამარიელები სასიხარულო ცნობას მთელი მონდომებით გამოეხმაურნენ. ბევრი მათგანი მას შემდეგ მოინათლა, რაც მახარობელმა ფილიპემ უქადაგა; თუმცა მათ წმინდა სული მაშინვე არ მიუღიათ. იერუსალიმში მყოფმა ხელმძღვანელმა საბჭომ მოციქულები, პეტრე და იოანე, ახალმოქცეულ სამარიელებთან გაგზავნა. მოციქულებმა „მათ ხელები დაადეს და გადმოვიდა მათზე წმინდა სული“ (საქ. 8:5, 6, 14—17). ამრიგად, სამარიელებიც სულიერი ისრაელის სულითცხებული წევრები გახდნენ.

პეტრემ კორნელიუსსა და მის სახლეულობას უქადაგა (იხილეთ მე-5 აბზაცი)

5 ახ. წ. 36 წელს იეჰოვამ კვლავ პეტრე მოციქულის მეშვეობით გაუხსნა გზა სხვა ადამიანებს, რომ ახალ ერს, სულიერ ერს, შეერთებოდნენ. პეტრე მოციქულმა უქადაგა რომაელ ასისთავს, კორნელიუსს, მის ნათესავებსა და ახლო მეგობრებს (საქ. 10:22, 24, 34, 35). ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა . . . წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე [არაიდუველებზე], ვინც სიტყვას ისმენდა. წინადაცვეთილი ერთგულები, რომლებიც პეტრესთან ერთად მოვიდნენ, გაოცებულები იყვნენ, რომ უცხოტომელებსაც მიეცათ უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული“ (საქ. 10:44, 45). ასე რომ, სულიერ ისრაელში მორწმუნე წინადაუცვეთელი უცხოტომელებიც გაერთიანდნენ.

„ხალხი თავისი სახელისთვის“

6, 7. ა) რის გაკეთება მოეთხოვებოდა ხალხს, რომელიც ღმერთმა „თავისი სახელისთვის“ გამოარჩია? ბ) რა მასშტაბებს მიაღწია მათმა საქმიანობამ?

6 ახ. წ. 49 წელს გამართულ ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრაზე მოწაფე იაკობმა განაცხადა: „სიმონმა [პეტრემ] ყველაფერი  გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14). იმ ხალხს შორის, რომლებიც იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ, იყვნენ როგორც იუდეველი, ისე არაიუდეველი მორწმუნეები (რომ. 11:25, 26ა). მოგვიანებით პეტრემ ქრისტიანებს მისწერა: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“. პეტრემ თანამორწმუნეებს აუხსნა, თუ რა იყო მათი დანიშნულება: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ“ (1 პეტ. 2:9, 10). ღვთის ერს ქება-დიდება უნდა მიეძღვნა მისთვის და სახალხოდ განედიდებინა მისი სახელი. ისინი უნდა ყოფილიყვნენ, იეჰოვას, სამყაროს უზენაესი მმართველის, გაბედული მოწმეები.

7 იეჰოვამ სულიერ ისრაელსაც, ისევე როგორც ხორციელ ისრაელს, თავისი სახელისთვის შექმნილი ხალხი უწოდა, რომელთაც მის საქებრად უნდა ელაპარაკათ (ეს. 43:21). პირველ საუკუნეში ქრისტიანები ღვთაებებს, რომლებსაც ხალხი თაყვანს სცემდა, ამხელდნენ და გაბედულად აუწყებდნენ, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (1 თეს. 1:9). ისინი ამოწმებდნენ იეჰოვასა და იესოს შესახებ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; კოლ. 1:23).

8. რა გაფრთხილება მისცა პავლე მოციქულმა ღვთის ხალხს პირველ საუკუნეში?

8 პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ღვთის ერთ-ერთი გაბედული მსახური იყო. როდესაც იგი წარმართი ფილოსოფოსების წინაშე წარდგა, მედგრად დაიცვა იეჰოვას უზენაესობა და თქვა: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი“ (საქ. 17:18, 23—25). მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს პავლე მოციქულმა ღვთის სახელით წოდებული ქრისტიანები გააფრთხილა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). ეს წინასწარმეტყველება პირველი საუკუნის ბოლოს შესრულდა (1 იოან. 2:18, 19).

9. რა დაემართა ღვთის ხალხს მოციქულთა სიკვდილის შემდეგ?

9 მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებებში განდგომილებამ მოიკიდა ფეხი, რის შედეგადაც, მსოფლიო არენაზე ქრისტიანული სამყარო გამოჩნდა. განდგომილი ქრისტიანები აღარ იყვნენ „ხალხი . . . [იეჰოვას] სახელისთვის“; მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანებიდანაც კი ამოიღეს. განდგომილებმა შემოიღეს წარმართული რიტუალები; ისინი არაბიბლიური დოგმებით, „წმინდა ომებითა“ და უზნეო საქციელით შეურაცხყოფდნენ ღმერთს. აქედან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას დედამიწაზე თითო-ოროლა თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ არ არსებობდა მის თაყვანისმცემელთა ორგანიზებული ჯგუფი, „ხალხი თავისი სახელისთვის“.

ღვთის ერის ხელახლა შობა

10, 11. ა) რა იწინასწარმეტყველა იესომ ხორბალსა და სარეველაზე? ბ) როგორ შესრულდა იესოს იგავი 1914 წლის შემდეგ?

10 იესომ ხორბლისა და სარეველას იგავში იწინასწარმეტყველა, რომ განდგომილების შედეგად სულიერი წყვდიადი ჩამოწვებოდა. მან თქვა, რომ იმ დროს, როცა ხალხი დაიძინებდა, ეშმაკი სარეველას ჩათესავდა იმ მინდორში, სადაც კაცის ძეს თესლი ჰქონდა დათესილი. ორივე თესლს „ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე“ ერთად უნდა ეზარდა. იესომ თავად ახსნა, რომ „კარგი თესლი“ „სამეფოს ძეებს“ განასახიერებდა, ხოლო სარეველა — „ბოროტის  ძეებს“. „ქვეყნიერების წყობის აღსასრულისას“ კაცის ძეს „მომკელები“ ანუ ანგელოზები უნდა გაეგზავნა, რათა მათ ხორბალი სარეველასგან გამოერჩიათ. ანგელოზები „სამეფოს ძეებს“ ერთად მოაგროვებდნენ (მათ. 13:24—30, 36—43). ისმის კითხვები: როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? და, როგორ გაუწია ღმერთმა ორგანიზება თავის ხალხს დედამიწაზე?

11 „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“ 1914 წელს დაიწყო. ამავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომიც. ამ დროისთვის რამდენიმე ათასი ცხებული ქრისტიანი ანუ „სამეფოს ძეები“, სულიერი გაგებით, დიდი ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 1919 წელს იეჰოვამ ისინი სულიერი ტყვეობიდან დაიხსნა და მათსა და „სარეველას“, ცრუქრისტიანებს, შორის მკვეთრი ზღვარი გაავლო. ღმერთმა „სამეფოს ძეებს“ თავი მოუყარა და ერად აქცია, როგორც ეს ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები: „თუ გაჩენილა ერთ დღეში ქვეყანა მშობიარობის ტკივილებით?! თუ დაბადებულა ერი ერთიანად?! მშობიარობის ტკივილები დაეწყო სიონს და ვაჟები გააჩინა“ (ეს. 66:8). სიონმა, სულიერი ქმნილებებისგან შემდგარმა იეჰოვას ორგანიზაციამ, შვა ცხებული ქრისტიანები და ისინი ერად აქცია.

12. რა მხრივ ამტკიცებენ ცხებული ქრისტიანები დღეს, რომ ღვთის ხალხი არიან?

12 პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ცხებულებიც, „სამეფოს ძეებიც“, იეჰოვას მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ ესაიას 43:1, 10, 11). ისინი სხვებისგან გამორჩეულნი იქნებოდნენ თავიანთი ქრისტიანული საქციელითა და იმით, რომ იქადაგებდნენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ . . . ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14; ფილ. 2:15). ეს ასეც მოხდა, მათ მილიონობით ადამიანს გააგებინეს სიმართლე (წაიკითხეთ დანიელის 12:3).

„თქვენთან ერთად წამოვალთ“

13, 14. რა უნდა გააკეთონ მათ, ვინც არ არიან სულიერი ისრაელის წარმომადგენლები, რომ თაყვანი სცენ და ემსახურონ იეჰოვას და რა იწინასწარმეტყველა ამის შესახებ ბიბლიამ?

13 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ძველ ისრაელში უცხოელებსაც შეეძლოთ, იეჰოვას თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ;  ოღონდ მათ მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ იმ ხალხთან, ვისაც იეჰოვამ შეთანხმება დაუდო (1 მეფ. 8:41—43). დღესაც ისინი, ვინც სულიერი ისრაელის წარმომადგენლები არ არიან, იეჰოვას ხალხს — „სამეფოს ძეებს“ — ცხებულ მოწმეებს უნდა დაუახლოვდნენ.

14 ძველად მცხოვრებმა ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნიერების მიწურულს თავის ხალხთან ერთად იეჰოვას უამრავი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა. ესაიამ დაწერა: «წავა მრავალი ხალხი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“, რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან» (ეს. 2:2, 3). ზაქარიამაც მსგავსი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად და იეჰოვას გულის მოსალბობად“. მან „მრავალი ხალხის“ აღსაწერად სიმბოლური ენა გამოიყენა და დაწერა, რომ ისინი, „ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი“, მოეჭიდებოდნენ სულიერი ისრაელის „კალთას“ და იტყოდნენ: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:20—23).

15. რა გაგებით დადის „სხვა ცხვარი“ სულიერი ისრაელის წარმომადგენლებთან ერთად?

15 „სხვა ცხვარი“ სულიერი ისრაელის წარმომადგენლებთან ერთად „დადის“, ანუ ქადაგებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მარ. 13:10). ისინი ღვთის ხალხი ხდებიან, ცხებულ ქრისტიანებთან ერთად „ერთ სამწყსოში“ ერთიანდებიან, რომელსაც „კარგი მწყემსი“, ქრისტე მწყემსავს (წაიკითხეთ იოანეს 10:14—16).

ღვთის ხალხთან ერთად პოვეთ თავშესაფარი

16. რას მოიმოქმედებს იეჰოვა „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ ეტაპზე?

16 დიდი ბაბილონის დაცემის შემდეგ მტერი იერიშს მიიტანს იეჰოვას ხალხზე. ამ დროს ღვთის ხალხს მისი მფარველობა დასჭირდება, რასაც იგი უსათუოდ აღმოუჩენს მათ. იეჰოვა დათქმულ დროს მოვლენებს თავად წარმართავს დედამიწაზე, რის შედეგადაც მტერი თავს დაესხმება ღვთის ხალხს; ეს თავდასხმა „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ ეტაპზე განხორციელდება (მათ. 24:21; ეზეკ. 38:2—4). იმ დროს გოგი თავს დაესხმება „ხალხებიდან გამოკრებილ ხალხს“, ღვთის მსახურებს (ეზეკ. 38:10—12). ეს თავდასხმა იმის ნიშანი იქნება, რომ იეჰოვა განაჩენს გამოუტანს გოგსა და მის დამქაშებს. ამ დროს იეჰოვა თავის უზენაესობას დაამტკიცებს და თავის სახელს განწმენდს. მის სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ: „მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 38:18—23).

„დიდი გასაჭირის“ დროს არ უნდა მოვწყდეთ კრებას (იხილეთ მე-16—18 აბზაცები)

17, 18. ა) რა მითითებებს მიიღებს ღვთის ხალხი, როცა მათ გოგი დაესხმება თავს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ იეჰოვას მფარველობა არ მოგვაკლდეს?

17 როდესაც გოგი იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებს, იეჰოვა თავის ხალხს ეტყვის: „წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის“ (ეს. 26:20). იმ კრიტიკულ დროს იეჰოვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მითითებებს მისცემს თავის ხალხს; „შიდა ოთახები“ კი შესაძლოა ქრისტიანული კრებები აღმოჩნდეს.

18 მაშასადამე, თუ გვსურს, რომ „დიდი გასაჭირისას“ იეჰოვას მფარველობა არ მოგვაკლდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ მას დედამიწაზე ჰყავს ხალხი, რომელსაც იგი კრებების მეშვეობით ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ და არ უნდა მოვწყდეთ კრებას. მოდი, მთელი გულით შევუერთდეთ ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თქვა: „ხსნა იეჰოვასგანაა. შენგან არის კურთხეული შენი ხალხი“ (ფსალმ. 3:8).