არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ოქტომბერი 2014

 ბიოგრაფია

ნიშანსვეტები ჩემი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე!

ნიშანსვეტები ჩემი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე!

იდგა 1947 წელი. სალვადორში, ქალაქ სანტა-ანაში, კათოლიკე მღვდლებმა ხალხი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აამხედრეს. ერთხელ, როცა მისიონერთა სახლში „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლა ტარდებოდა, ბიჭებმა ღია კარში დიდი ქვების სროლა დაიწყეს. მალე შენობასთან პროცესიაც გამოჩნდა, რომელსაც მღვდლები მოუძღოდნენ. მათგან ზოგს ჩირაღდნები ეჭირა, ზოგსაც — ხატები. „დღეგრძელი იყოს ღვთისმშობელი!“, „სიკვდილი იეჰოვას!“, — ყვიროდნენ ისინი და ორი საათის მანძილზე შენობას ქვებს უშენდნენ. მათი მიზანი მისიონერების დაშინება იყო, რათა მათ ქალაქი დაეტოვებინათ. 67 წლის წინ მომხდარს ასე დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ ამ შეხვედრაზე დამსწრე მისიონერთაგან ერთ-ერთი თავად გახლდით. *

ამ შემთხვევამდე 2 წლით ადრე მე და ეველინ ტრაბერტმა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-4 კლასი დავამთავრეთ; სკოლა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკას მახლობლად მდებარეობდა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენ მისიონერებად სანტა-ანაში დაგვნიშნეს. მაგრამ სანამ 29-წლიანი მისიონერული მსახურების შესახებ მოგითხრობთ, ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ, რამ გადამაწყვეტინა მისიონერობა.

სულიერი მემკვიდრეობა

1923 წელს, როცა ქვეყანას მოვევლინე, ჩემი მშობლები, ჯონ და ევა ოლსონები, სპოკენში (ვაშინგტონი, აშშ) ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი ლუთერანულ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ სწავლება ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ არ სწამდათ; მათი აზრით, შეუძლებელი იყო, რომ მოსიყვარულე ღმერთს ჯოჯოხეთის ცეცხლში დაეტანჯა ადამიანები (1 იოან. 4:8). მამა საცხობში მუშაობდა. ერთხელ მას მთელი საღამო ერთი თანამშრომელი იმაში არწმუნებდა, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი სულაც არ იყო საწამებელი ადგილი. ცოტა ხანში ჩემმა მშობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და გაიგეს, თუ სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ.

მართალია, მაშინ სულ რაღაც 9 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რა აღფრთოვანებით საუბრობდნენ ჩემი მშობლები ახლად გაგებულ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე.  მათ აღფრთოვანება გაუათკეცდათ, როცა ღვთის სახელი, იეჰოვა, გაიგეს და სამების ყოვლად გაუგებარი სწავლების მარწუხებისგან გათავისუფლდნენ. ბიბლიურ სწავლებებს ღრუბელივით ვისრუტავდი და ვეცნობოდი ჭეშმარიტებას, რომელსაც ადამიანთათვის თავისუფლება მოაქვს (იოან. 8:32). სწორედ ამიტომ, ღვთის სიტყვის შესწავლა არასდროს მომბეზრებია. მართალია, ბუნებით მორცხვი ვიყავი, მაგრამ მსახურებაში მშობლებს ყოველთვის თან დავყავდი. დედ-მამა 1934 წელს გახდნენ მოწმეები, მე კი 1939 წელს 16 წლის ასაკში შევუერთდი მათ.

მშობლებთან ერთად 1941 წელს, სენტ-ლუისში (მისური, აშშ) გამართულ კონგრესზე

1940 წლის ივლისში მშობლებმა სახლი გაყიდეს. ჩვენ კერ-დ’ალენში (აიდაჰო, აშშ) გადავედით და სამივემ სრული დროით მსახურება დავიწყეთ. იქ, ავტოსახელოსნოს თავზე, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ჩვენ სახლში კრების შეხვედრებიც ტარდებოდა. იმხანად თითო-ოროლა კრებას თუ ჰქონდა სამეფო დარბაზი; კრებები, როგორც წესი, საკუთარ სახლებსა თუ ნაქირავებ დარბაზებში გვიტარდებოდა.

1941 წელს მშობლებთან ერთად დავესწარი სენტ-ლუისში (მისური, აშშ) გამართულ კონგრესს. კვირას, სცენის წინ 5—18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები ვიყავით მოკალათებულნი; ამ დღეს „ბავშვების დღე“ უწოდეს. თავისი მოხსენების დასასრულს, ჯოზეფ რუტერფორდმა მოგვმართა: „ბავშვებო! . . . ვისაც გსურთ . . . დაემორჩილოთ ღმერთსა და მის მეფეს, გთხოვთ, წამოდგეთ!“. ჩვენ ყველანი ავდექით. „აი, სამეფოს 15 000-ზე მეტი ახალი მოწმე!“, — აღფრთოვანებით შესძახა ძმა რუტერფორდმა. ამ წუთიდან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება პიონერული მსახურებისთვის მიმეძღვნა.

ოჯახი ახალ დავალებებს ვერკინებით

ამ კონგრესიდან რამდენიმე თვეში სამხრეთ კალიფორნიაში გადავედით იმ მიზნით, რომ ქალაქ ოქსნარდში კრება ჩამოგვეყალიბებინა. ვცხოვრობდით ერთ მოცუცქნულ ფურგონში, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი გვედგა. ჩემი საწოლი ყოველ ღამე მაგიდაზე იშლებოდა. ეს მართლაც დიდი ცვლილება იყო ბავშვისთვის, რომელსაც ერთ დროს საკუთარ ოთახში ეძინა!

კალიფორნიაში გადასვლამდე, 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიამ პერლ-ჰარბორზე (ჰავაი, აშშ) თავდასხმა განახორციელა. 8 დეკემბერს შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება. სახელმწიფოს მესვეურები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ ღამით ელექტროენერგია გაეთიშათ. იაპონელთა წყალქვეშა ნავები კალიფორნიის სანაპირო წყლებში პატრულირებდნენ და შუქშენიღბვის წყალობით მათ გაუჭირდებოდათ რომელიმე ობიექტის მიზანში ამოღება.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1942 წლის სექტემბერში, დავესწარით კლივლენდში (ოჰაიო, აშშ) გამართულ თეოკრატიულ კონგრესს დევიზით „ახალი ქვეყნიერება“. ამ კონგრესზე ნეითან ნორმა წარმოთქვა მოხსენება სახელწოდებით „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“. მან განიხილა გამოცხადების მე-17 თავი, სადაც საუბარია „მხეცზე“, რომელიც „იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან“ (გამოცხ. 17:8, 11). ძმა ნორმა ახსნა, რომ „მხეცი“ იყო ერთა ლიგა, რომელმაც 1939 წლამდე იარსება. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ერთა ლიგას სხვა ძალა შეცვლიდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა შედარებით მშვიდობიანი პერიოდი. ეს ასეც მოხდა; 1945 წელს II მსოფლიო ომი დასრულდა და „მხეცი“ კიდევ ერთხელ მოგვევლინა, ამჟამად უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით. იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებმა სამქადაგებლო საქმიანობა გააფართოეს და ამ საქმიანობამ დღესდღეობით არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

სკოლა „გალაადის“ დიპლომი

ამ წინასწარმეტყველების წყალობით ჩემთვის მეტი ნათელი მოეფინა მომავალში მოსახდენ მოვლენებს. განცხადებამ, რომ მომდევნო წელს სკოლა „გალაადი“ იწყებდა ფუნქციონირებას, გულში მისიონერად მსახურების სურვილი ჩამისახა. 1943 წელს პიონერად დავინიშნე ქალაქ პორტლენდში (ორეგონი, აშშ). იმ პერიოდში ხალხს თავიანთი სახლის კართან ფონოგრაფებით ვასმენინებდით ქადაგებებს, რის შემდეგაც ვთავაზობდით ბიბლიურ ლიტერატურას ღვთის სამეფოს შესახებ.  მთელი წლის განმავლობაში მისიონერულ მსახურებაზე ფიქრი არ შემიწყვეტია.

1944 წელს დიდად გავიხარე, როცა ჩემს ძვირფას მეგობარ ეველინ ტრაბერტთან ერთად სკოლა „გალაადში“ მიმიწვიეს. ხუთი თვის მანძილზე მასწავლებლები გვასწავლიდნენ, როგორ გვეკვლია ბიბლია სიამოვნებით. მათ თავმდაბლობას აღფრთოვანებაში მოვყავდით. მაგალითად, ხანდახან, როცა ვსადილობდით, ჩვენი მასწავლებლები ოფიციანტის მოვალეობასაც ითავსებდნენ. სასწავლო კურსი 1945 წლის 22 იანვარს დავასრულეთ.

ვიწყებ მისიონერულ მსახურებას

1946 წელს ივნისში მე და ეველინი ლეო და ესთერ მაჰანებთან ერთად სალვადორში ჩავედით, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებად დაგვნიშნეს. იქ ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ „ყანები გადათეთრებულიყო მოსამკელად“ (იოან. 4:35). შემთხვევიდან, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის მოყოლა დავიწყე, კარგად ჩანს, თუ როგორ ილესავდნენ ჩვენზე კბილებს სასულიერო პირები. ამ შემთხვევამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე პირველად ჩავატარეთ კონგრესი სანტა-ანაში. მანამდე კი ძალ-ღონე არ დაგვიშურებია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოგვეწვია საჯარო მოხსენების მოსასმენად, რომელიც კონგრესზე უნდა წარმოთქმულიყო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კონგრესს 500-მდე ადამიანი დაესწრო. სწორედ ამან შეგვმატა გამბედაობა. ნაცვლად იმისა, რომ გახელებულ ბრბოს შევეშინებინეთ, ქალაქიდან ფეხიც კი არ მოგვიცვლია; გვესმოდა, რომ ალალ-მართალი ადამიანები ჩვენს დახმარებას საჭიროებდნენ. მიუხედავად მღვდლების გაფრთხილებისა, რომ ხალხი არ გაჰკარებოდა ბიბლიას, რომელზეც ისედაც ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი, ბევრს მაინც სულიერი წყურვილი კლავდა. ისინი ძალიან აფასებდნენ, რომ ამხელა ძალისხმევას ვახმარდით ესპანური ენის შესწავლას, რათა მათთან ჭეშმარიტ ღმერთზე, იეჰოვაზე და მის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე გვესაუბრა.

ჩემი კლასიდან ხუთი სალვადორში გაგვგზავნეს. მარცხნიდან მარჯვნივ: ეველინ ტრაბერტი, მილი ბრაშიერი, ესთერ მაჰანი, მე და ლეო მაჰანი

როსა ასენსიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვისთანაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე. იგი დაშორდა მამაკაცს, რომელთანაც ხელმოუწერლად ცხოვრობდა. დაშორების შემდეგ ამ კაცმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში ისინი შეუღლდნენ, მოინათლნენ და მთელი შემართებით დაიწყეს იეჰოვასადმი მსახურება. აღსანიშნავია, რომ როსა ადგილობრივ მოწმეთაგან პირველი იყო, ვინც სანტა-ანაში პიონერად მსახურება დაიწყო. *

როსას ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზია ჰქონდა. როდესაც მსახურებაში გადიოდა, მაღაზიას კეტავდა და დარწმუნებული იყო, რომ მის საჭიროებებზე იეჰოვა იზრუნებდა. მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ, როცა იგი კვლავ ხსნიდა მაღაზიას, მას მუშტარი აწყდებოდა. მან საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება. როსა სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

ერთხელ, ადგილობრივმა მღვდელმა ინახულა მამაკაცი, რომელმაც ჩვენ, ექვს მისიონერს, მოგვაქირავა სახლი და გააფრთხილა იგი, რომ თუ არ გაგვყრიდა, მას და მის მეუღლეს ეკლესიიდან განკვეთდნენ. სახლის მეპატრონეს, რომელიც სახელგანთქმული ბიზნესმენი იყო, სასულიერო პირთა პარპაში ყელში ჰქონდა ამოსული და იგი არც ამ მუქარას შეუშინებია. მან მღვდელს ისიც უთხრა, რომ სრულებით არ ანაღვლებდა, თუ მას ეკლესიას დაატოვებინებდნენ. ჩვენ კი გვითხრა, რომ რამდენ ხანსაც ვისურვებდით, იმდენ ხანს დავრჩენილიყავით მის ჭერქვეშ.

 მეტად პატივდებული მოქალაქე იეჰოვას მოწმე ხდება

1955 წელს აშენებული ფილიალის შენობა

ქვეყნის დედაქალაქში, სან-სალვადორში, ერთი მისიონერი ბიბლიას ასწავლიდა ერთი ინჟინრის, ბალთასარ პერლას, ცოლს. ბალთასარმა, რომელიც კარგი გულის კაცი იყო, ღვთისადმი რწმენა მაშინ დაკარგა, როცა რელიგიური წინამძღოლების ფარისევლობა შენიშნა. როცა ქვეყანაში ფილიალის აშენების საჭიროება შეიქმნა, ბალთასარმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მოწმე, შემოგვთავაზა, რომ შენობის აგება-დაპროექტებას თავად უხელმძღვანელებდა და თანაც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე.

მშენებლობის პროცესში ბალთასარს თანამშრომლობა მოუწია იეჰოვას მოწმეებთან, რამაც ის დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია იპოვა. იგი 1955 წლის 22 ივლისს იეჰოვას მოწმე გახდა, მალე კი მისმა მეუღლემ, პაულინამაც, გადადგა ეს ნაბიჯი. მათი ორივე შვილიც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მისი ვაჟი, რომელიც მამის მოსახელეა, უკვე 49 წელია, ბრუკლინის ბეთელში მსახურობს და ამგვარად უჭერს მხარს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს. იგი დღეს შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრია. *

როდესაც სან-სალვადორში კონგრესების ჩატარება დავიწყეთ, ძმა ბალთასარ პერლა დიდი სპორტული კომპლექსის დაქირავებაში გვეხმარებოდა. თავდაპირველად, მხოლოდ რამდენიმე სექციას ვიყენებდით, მაგრამ იეჰოვამ აკურთხა სამქადაგებლო საქმე. წლიდან წლამდე კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვი მატულობდა და ჩვენც შესაბამისად, უფრო და უფრო მეტ სექციას ვიკავებდით, ბოლოს მთელი კომპლექსი ავითვისეთ და ცოტა ხანში ისიც აღარ გვყოფნიდა! ასეთ ღირსშესანიშნავ ღონისძიებებზე ვხვდებოდი მათ, ვისაც ერთ დროს ბიბლიას ვასწავლიდი. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა სულიერი შვილები ჩემს ახალმონათლულ „შვილიშვილებს“ მაცნობდნენ!

ძმა ფრედერიკ ფრენცი კონგრესზე მიმართავს მისიონერებს

ერთ-ერთ ასეთ კონგრესზე ჩემთან მოვიდა ძმა და მითხრა, რომ რაღაცის თქმა სურდა. მე ვერ ვიცანი და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. მან მითხრა: „იცით, მე იმ ბიჭებიდან ერთ-ერთი ვარ, ვინც სანტა-ანაში თქვენს სახლს ქვები დაუშინა“. იგი უკვე ჩემი თანამორწმუნე გამხდარიყო და იეჰოვას ემსახურებოდა. სიხარულით ცას ვეწიე! ამ ისტორიულმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ სრული დროით მსახურება მართლაც საუკეთესო არჩევანია ცხოვრებაში.

პირველი სარაიონო კონგრესი სალვადორში

 კმაყოფილების მომგვრელი გადაწყვეტილებები

თითქმის 29 წლის განმავლობაში ვმსახურობდი მისიონერად სალვადორში — თავდაპირველად, ქალაქ სანტა-ანაში, შემდეგ სონსონატესა და სანტა-ტეკლაში, ბოლოს კი — სან-სალვადორში. 1975 წელს, ბევრი ფიქრისა და ლოცვის შემდეგ, გადავწყვიტე, შემეწყვიტა მისიონერული მსახურება და ქალაქ სპოკენში დავბრუნებულიყავი. ჩემს ხანდაზმულ და კვლავაც იეჰოვას ერთგულ მშობლებს ჩემი მხარში დგომა სჭირდებოდათ.

1979 წელს მამა გარდამეცვალა და მას შემდეგ დედაზე ვზრუნავდი, რომელიც უფრო და უფრო უმწეო და ჩემზე დამოკიდებული ხდებოდა. მან მამის სიკვდილის შემდეგ კიდევ 8 წელი იცოცხლა და 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ მძიმე წლებმა ემოციურად და ფიზიკურად გამომფიტა. სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია — რთულ ფორმებში განმივითარდა ჰერპეს-ზოსტერი (შემომსარტყვლელი ჰერპესი). ლოცვა არ შემიწყვეტია და იეჰოვას კალთას შეფარებულმა ეს სირთულეც დავძლიე. თითქოსდა, იეჰოვა პირადად მეუბნებოდა: „გაჭაღარავებამდე . . . აგიყვან, გატარებ და გიხსნი“ (ეს. 46:4).

1990 წელს გადავედი ქალაქ ომაკში (ვაშინგტონი, აშშ). იქ ვიგრძენი, რომ კვლავაც ბევრის გაკეთება შემეძლო ესპანურენოვან ტერიტორიაზე. მართლაც, ჩემი შემსწავლელებიდან ზოგმა იეჰოვას მიუძღვნა თავი. 2007 წლის ნოემბერში ბინაში გადავედი ქალაქ შელანის სიახლოვეს (ვაშინგტონი, აშშ), რადგან საკუთარ სახლზე ზრუნვა აღარ შემეძლო. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის დღიდან ესპანური კრება ყურადღებას არ მაკლებს, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. ამ კრებაში ერთადერთი მოხუცი ვარ, რის გამოც ყველა სითბოთი მექცევა, როგორც საკუთარ ბებიას.

მიუხედავად იმისა, რომ არ დავქორწინდი, რათა იეჰოვასთვის მოუცდენლად მემსახურა, დღეს უამრავი სულიერი შვილი მყავს (1 კორ. 7:34, 35). ერთი რამ კარგად მესმის: შეუძლებელია, ადამიანმა ამ ქვეყნიერებაშივე მიიღოს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ცხოვრებაში პირველი ადგილი მას დავუთმე, ვინც სამართლიანად იმსახურებს ამას — მე მთელი ჩემი ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენი. ახალ ქვეყნიერებაში საკმარისი დრო მექნება საიმისოდ, რომ ვაკეთო ის ყველაფერი, რასაც ღმერთი იწონებს და რაზეც ამ ქვეყნიერებაში შეგნებულად ვთქვი უარი. ძალიან მიყვარს 145-ე ფსალმუნის მე-16 მუხლში ჩაწერილი სიტყვები: „აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“.

პიონერული მსახურების წყალობით ჩემი გული არ ბერდება

91 წლის ვარ და ჩემი ასაკის კვალობაზე ჯერ კიდევ ყოჩაღად ვარ. ამიტომ კვლავაც პიონერად ვმსახურობ. სწორედ პიონერული მსახურების წყალობით ჩემი გული არ ბერდება და აზრით აღსავსე ცხოვრება მაქვს. როდესაც პირველად ჩავედი სალვადორში, ქვეყანაში ქადაგება ახალი დაწყებული იყო. სატანის გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, დღეს იქ 39 000-ზე მეტი მაუწყებელია! ასეთი ზრდის შემხედვარეს რწმენა ნამდვილად განმიმტკიცდა. ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვა თავისი წმინდა სულით მხარში უდგას თავის ხალხს და აკურთხებს მათ ყოველ წამოწყებას!

^ აბზ. 4 იხილეთ 1981 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდები 45, 46 (ინგლ.).

^ აბზ. 19 იხილეთ 1981 წლის „წელიწდეული“, გვერდები 41, 42 (ინგლ.).

^ აბზ. 24 იხილეთ 1981 წლის „წელიწდეული“ გვერდები 66, 67, 74, 75 (ინგლ.).