წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2014

„მღვდლების სამეფოდ“ იქცევით

„მღვდლების სამეფოდ“ იქცევით

„მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“ (გამ. 19:6).

1, 2. რისგან სჭირდებოდა დაცვა ქალის შთამომავალს და რატომ?

ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება უდიდეს როლს თამაშობს იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. ღმერთმა ედემის ბაღში აღთქმა დადო; მან ეშმაკს განუცხადა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის“. ისმის კითხვა: რამდენად გამძაფრდებოდა ეს მტრობა? ღმერთმა ეშმაკს მიმართა: „ის [ქალის შთამომავალი] თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:15). მართლაც, გველი არაფერზე დაიხევდა უკან ქალის შთამომავლის გასანადგურებლად.

2 ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ შესთხოვდა ფსალმუნმომღერალი ღმერთს მტრის ხელიდან თავისი რჩეული ერის დახსნას: „აი, ყაყანებენ შენი მტრები და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა. შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ და შენთან შეფარებულთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ; ამბობენ: მოდით და აღვგავოთო ეს ერი“ (ფსალმ. 83:2—4). ღმერთს უნდა დაეცვა ქალის შთამომავლობითი ხაზი, რათა ეშმაკს ის არ მოესპო და არ წაებილწა. შთამომავლობითი ხაზის დასაცავად და თავისი განზრახვის შესასრულებლად, ღმერთმა სხვა შეთანხმებებიც დადო.

შეთანხმება, რომელიც იცავს ქალის შთამომავალს

3, 4. ა) როდის შევიდა ძალაში კანონის შეთანხმება და რა აღუთქვა ისრაელმა ღმერთს? ბ) რა მიზნით დაიდო კანონის შეთანხმება?

3 აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლები გამრავლდნენ,  მათმა რიცხვმა მილიონებს მიაღწია და იეჰოვამ ისინი ერად აქცია. ღმერთმა ისრაელ ერს მოსეს მეშვეობით შეთანხმება დაუდო და მისცა კანონი, რომლის დაცვასაც მთელი ერი დაჰპირდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «[მოსემ] აიღო შეთანხმების წიგნი და ხალხის გასაგონად წაიკითხა. მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“. აიღო მოსემ [შეწირული ხარების] სისხლი, ხალხს შეასხურა და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო“» (გამ. 24:3—8).

4 კანონის შეთანხმება ძვ. წ. 1513 წელს შევიდა ძალაში; ამ დროს ისრაელები სინას მთასთან იყვნენ დაბანაკებულნი. ამ შეთანხმების საფუძველზე ღმერთმა ისრაელი თავის რჩეულ ერად აქცია. შესაბამისად, იეჰოვა გახდა მათი „მოსამართლე . . . წესების დამდგენი . . . [და] მეფე“ (ეს. 33:22). ისრაელი ერის ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ რა შედეგები მოჰყვება ღვთის სამართლიანი ნორმების დაცვასა თუ უგულებელყოფას. აბრაამის შთამომავლობითი ხაზის სიწმინდე რომ არ შებღალულიყო, ისრაელებს კანონის შეთანხმების საფუძველზე ეკრძალებოდათ წარმართებთან დამოყვრება და კერპთაყვანისმცემლობა (გამ. 20:4—6; 34:12—16).

5. ა) რა შესაძლებლობა მიეცა ისრაელ ერს კანონის შეთანხმების საფუძველზე? ბ) რატომ უარყო ღმერთმა ისრაელი?

5 კანონის შეთანხმება მღვდლების დანიშვნასაც ითვალისწინებდა; ეს მომავლის პირველსახე იყო, რაც უფრო დიად მიზანს მოემსახურებოდა (ებრ. 7:11; 10:1). სწორედ ამ შეთანხმების წყალობით, ისრაელ ერს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რომ ქცეულიყო „მღვდლების სამეფოდ“; ამისთვის მათ ღვთის კანონების დაცვა მართებდათ (წაიკითხეთ გამოსვლის 19:5, 6). თუმცა, სამწუხაროდ, ისრაელმა ზურგი აქცია იეჰოვას. ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ მესია, რომელიც აბრაამის შთამომავლის მთავარი ნაწილი იყო, მათ იგი უარყვეს. შედეგად, ღმერთმაც უარყო ისრაელი.

მართალია, ისრაელებმა ზურგი აქციეს იეჰოვას, მაგრამ კანონი თავის მიზანს მაინც მოემსახურა (იხილეთ მე-3—6 აბზაცები)

6. რა იყო კანონის მიზანი?

6 მართალია, ისრაელი ორგულობის გამო „მღვდლების სამეფოდ“ ვერ იქცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი თავის მიზანს ვერ მოემსახურა. კანონის მიზანი ის იყო, რომ ქალის შთამომავლობითი ხაზი დაეცვა და ხალხს მესიის ამოცნობაში დახმარებოდა. ვინაიდან ღვთის განკაცებულ ძეში ხალხმა მესია ამოიცნო, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მოემსახურა თავის მიზანს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კანონის დასასრული ქრისტეა“ (რომ. 10:4). თუმცა კითხვა უპასუხოდ დაგვრჩა: ვინ იმსახურებდა სამეფო სამღვდელოებად? ახალი ერი. სწორედ ამ ერის ჩამოყალიბების მიზნით იეჰოვამ კიდევ ერთი შეთანხმება დადო.

იშვა ახალი ერი

7. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იერემიას პირით?

7 კანონის შეთანხმების გაუქმებამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ იერემიას პირით  იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელს „ახალ შეთანხმებას“ დაუდებდა (წაიკითხეთ იერემიას 31:31—33). ეს შეთანხმება კანონის შეთანხმებისგან განსხვავებული იქნებოდა, რადგან ცოდვების მისატევებლად საჭირო აღარ იქნებოდა ცხოველური შესაწირავი. ისმის კითხვა: როგორ იქნებოდა შესაძლებელი ცოდვების მიტევება ცხოველური შესაწირავის გარეშე?

8, 9. ა) რას მოემსახურა იესოს დაღვრილი სისხლი? ბ) რა შესაძლებლობა მიეცა მათ, ვისაც იესომ ახალი შეთანხმება დაუდო? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)

8 განვლო საუკუნეებმა. იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს უფლის გახსენების საღამო დააფუძნა. იესომ სასმისი აიღო და თავის 11 ერთგულ მოციქულს უთხრა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:20). მათეს სახარება კი იესოს ნათქვამს შემდეგნაირად გადმოგვცემს: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათ. 26:27, 28).

9 ახალი შეთანხმება იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში. მისივე სისხლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ მიტევება. თავად იესოზე ეს შეთანხმება არ ვრცელდება, რადგან ის უცოდველია. იესოს დაღვრილ სისხლს ღმერთი ადამის მოდგმის საკეთილდღეოდ გამოიყენებს. გარდა ამისა, იეჰოვა თავისი ძის დაღვრილი სისხლის საფუძველზე წმინდა სულით სცხებს ერთგულ ადამიანთა განსაზღვრულ რაოდენობას და მათ შვილებად იღებს (წაიკითხეთ რომაელების 8:14—17). რაკიღა ამ ადამიანებს ღმერთი უცოდველებად მიიჩნევს, ამ გაგებით ისინი იესოს, მის უცოდველ ძეს, ჰგვანან. ეს ცხებული ქრისტიანები მომავალში „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ გახდებიან; მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ იმსახურონ „მღვდლების სამეფოდ“. ეს პატივი ერთ დროს კანონით ისრაელ ერს გააჩნდა. „ქრისტეს თანამემკვიდრეებთან“ დაკავშირებით მოციქულმა პეტრემ დაწერა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1 პეტ. 2:9). ახალი შეთანხმება მართლაც შეუფასებელია! მისი წყალობით იესოს მოწაფეებს აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილად გახდომის შესაძლებლობა მიეცათ.

ახალი შეთანხმება ძალაში შედის

10. როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება და რატომ?

10 როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება? ეს არ მომხდარა იესოს დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს, როდესაც მან ამის შესახებ ისაუბრა. შეთანხმება ძალაში მაშინ შევიდოდა, როდესაც იესო სისხლს დაღვრიდა და გაღებული მსხვერპლის საფასურს იეჰოვას წარუდგენდა ზეცაში. ამასთანავე, წმინდა სული უნდა გადმოსულიყო მათზე, ვინც „იესოს თანამემკვიდრენი“ გახდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ახალი შეთანხმება ძალაში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შევიდა, როდესაც იესოს ერთგული მოწაფეები სულითცხებული ქრისტიანები გახდნენ.

11. როგორ გახდნენ იუდეველი და უცხოტომელი მორწმუნეები ახალი შეთანხმების საფუძველზე სულიერი ისრაელის ნაწილი და რამდენია მათი რიცხვი?

11 მართალია, კანონის შეთანხმება გარკვეულწილად „დრომოჭმული“ იყო, როდესაც იეჰოვამ იერემიას პირით განაცხადა, რომ ისრაელს ახალ შეთანხმებას დაუდებდა, მაგრამ ახალი შეთანხმების ამოქმედებამდე იგი კვლავ ძალაში რჩებოდა (ებრ. 8:13). მას შემდეგ, რაც ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა, იეჰოვასთვის უკვე ერთნი გახდნენ იუდეველებიცა და წინადაუცვეთელი უცხოტომელი მორწმუნეებიც,  რომელთა „გულიც წინადაცვეთილი [იყო] სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“ (რომ. 2:29). ახალი შეთანხმების საფუძველზე ღმერთი მათ კანონებს გონებაში ჩაუდებდა და გულში ჩაუწერდა (ებრ. 8:10). ახალი შეთანხმება 144 000 ცხებულ ქრისტიანთან იქნა დადებული, რომლებიც ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“, ქმნიან (გალ. 6:16; გამოცხ. 14:1, 4).

12. რა პარალელების გავლება შეგვიძლია კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებას შორის?

12 რა პარალელების გავლება შეგვიძლია კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებას შორის? კანონის შეთანხმება იეჰოვამ ისრაელ ერთან დადო, ხოლო ახალი შეთანხმება — სულიერ ისრაელთან. კანონის შეთანხმების შუამავალი მოსე იყო, ახალი შეთანხმების შუამავალი კი იესოა. კანონის შეთანხმება ძალაში რომ დარჩენილიყო, ამისათვის მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი იყო საჭირო, ახალი შეთანხმების ასამოქმედებლად კი — იესოს სისხლი. კანონის შეთანხმების თანახმად, ისრაელი ერის წინამძღოლი მოსე იყო, ახალი შეთანხმების თანახმად კი ღვთის ისრაელის წინამძღოლი ქრისტეა, კრების თავი (ეფეს. 1:22).

13, 14. ა) როგორ უკავშირდება ახალი შეთანხმება სამეფოს? ბ) რა იყო საჭირო იმისათვის, რომ სულიერი ისრაელის წევრები ზეცაში იესოს თანამმართველები გამხდარიყვნენ?

13 ახალი შეთანხმება ღვთის სამეფოს უკავშირდება, ვინაიდან ის წარმოშობს წმინდა ერს, რომლის წარმომადგენლებიც ღვთის ზეციერ სამეფოში მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ. ეს ერი ქმნის აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილს (გალ. 3:29). ამგვარად, ახალი შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს აბრაამთან დადებულ შეთანხმებას.

14 ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ იყო შესასრულებელი. მართალია, სულიერი ისრაელი ახალი შეთანხმების საფუძველზე იშვა, მაგრამ მისი წევრები რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“, ზეციერი თანამმართველები და თანამღვდლები გამხდარიყვნენ, კიდევ ერთი შეთანხმება უნდა დადებულიყო.

შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სულიერი ისრაელი ქრისტესთან ერთად იმმართველებს

15. რა შეთანხმება დაუდო იესომ თავის ერთგულ მოციქულებს?

15 მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა, ერთგულ მოციქულებს შეთანხმება დაუდო, რომელიც ცნობილია როგორც შეთანხმება სამეფოსთვის (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30). ეს შეთანხმება თავის წინამორბედთაგან იმით განსხვავდება, რომ იეჰოვა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მხარეს; იგი უშუალოდ იესოსა და მის ცხებულ მიმდევრებს შორის დაიდო. იესო თავის სიტყვებში, „როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“, შესაძლოა გულისხმობდა იეჰოვას მიერ მასთან დადებულ შეთანხმებას, რომ ის იქნებოდა „მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებრ. 5:5, 6).

16. რის შესაძლებლობას აძლევს შეთანხმება სამეფოსთვის ცხებულ ქრისტიანებს?

16 განსაცდელში 11 ერთგული მოციქული იესოსთან დარჩა. მოციქულებისთვის შეთანხმება სამეფოსთვის ერთგვარი გარანტი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ზეცაში იესოსთან ერთად დასხდებოდნენ ტახტებზე და იმსახურებდნენ თანამეფეებად და თანამღვდლებად. თუმცა მეფობისა და მღვდლობის პატივი მხოლოდ 11-ს როდი ხვდებოდა წილად. მოციქულ იოანეს ხილვაში განდიდებული იესო გამოეცხადა და უთხრა: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე, როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი მის ტახტზე“ (გამოცხ. 3:21). ასე რომ, შეთანხმება სამეფოსთვის 144 000 ცხებულ ქრისტიანთან დაიდო (გამოცხ. 5:9, 10; 7:4). ამ შეთანხმების საფუძველზე მათ კანონიერი უფლება  მიეცათ, რომ იმეფონ იესოსთან ერთად ზეცაში. ეს იმის მსგავსია, რომ დიდგვაროვანი ოჯახის ასული მეფეს მისთხოვდეს, რათა მასთან ერთად გაიზიაროს ტახტი. წმინდა წერილებში ცხებული ქრისტიანები მოხსენიებულნი არიან ქრისტეს „პატარძლად“, „წმინდა ქალწულად“, რომელიც დანიშნულია ქრისტეზე (გამოცხ. 19:7, 8; 21:9; 2 კორ. 11:2).

მტკიცედ გწამდეთ, რომ სამეფო შეასრულებს ღვთის განზრახვას

17, 18. ა) მოკლედ მიმოიხილეთ სამეფოსთან დაკავშირებული 6 შეთანხმება. ბ) რატომ უნდა გვწამდეს მტკიცედ, რომ სამეფო შეასრულებს ღვთის განზრახვას?

17 ამ ორ სტატიაში განხილული შეთანხმებები ნათელს ჰფენს ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან მხარეს (იხილეთ ჩარჩო „როგორ მოიყვანს ღმერთი სისრულეში თავის განზრახვას?“). ეს შეთანხმებები, როგორც ერთგვარი იურიდიული კონტრაქტები, საფუძველს ქმნის ღვთის სამეფოს არსებობისთვის. ასე რომ, ჩვენ უტყუარი მიზეზი გვაქვს, მტკიცედ გვწამდეს, რომ ღმერთი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავდაპირველ განზრახვას დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით (გამოცხ. 11:15).

იეჰოვა მესიანური სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით (იხილეთ მე-15—18 აბზაცები)

18 ისმის კითხვა: ნუთუ ამ ყოველივეს განხილვის შემდეგ კვლავ გვეპარება ეჭვი, რომ ღვთის სამეფო მარადიულ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას? არამც და არამც. ჩვენ სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იეჰოვა სამეფოს მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის კაცობრიობის პრობლემებს. მოდი, ეს ძვირფასი ჭეშმარიტება სხვებსაც გავუზიაროთ (მათ. 24:14).