არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ოქტომბერი 2014

დააფასეთ, რომ იეჰოვასთან თანამშრომლობთ!

დააფასეთ, რომ იეჰოვასთან თანამშრომლობთ!

„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9).

1. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას საქმისადმი და რისკენ აღძრავს მას ეს?

იეჰოვა შრომობს და მას შრომა დიდ სიამოვნებას ჰგვრის (ფსალმ. 135:6; იოან. 5:17). მან თავის გონიერ ქმნილებებსაც მისცა კმაყოფილების მომგვრელი დავალება, რათა მათაც ენახათ სიამე თავიანთ გარჯაში. მაგალითად, იეჰოვამ თავისი პირმშოც ჩართო შემოქმედებით საქმიანობაში (წაიკითხეთ კოლოსელების 1:15, 16). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ განკაცებამდე ქრისტე ღვთის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“ (იგავ. 8:30).

2. რომელი ბიბლიური შემთხვევები ცხადყოფს, რომ ღმერთი სულიერ ქმნილებებს ყოველთვის საპასუხისმგებლო და სასიამოვნო დავალებებს აძლევდა?

2 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი თავის სულიერ ძეებს ყოველთვის ავალებდა რაღაცის გაკეთებას. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს და ისინი ღმერთმა ედემის ბაღიდან გააძევა, მან „ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა“ (დაბ. 3:24). გამოცხადების 22:6-შიც ვკითხულობთ, რომ ღმერთმა „თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა, რაც უნდა მოხდეს მალე“.

ადამიანთათვის მიცემული დავალებები

3. როგორ ჰბაძავდა იესო მამას დედამიწაზე ყოფნის დროს?

3 განკაცებული იესო დედამიწაზე ყოფნისას სიხარულით ასრულებდა  ღვთის დავალებას. მანაც, თავისი მამის მსგავსად, მეტად მნიშვნელოვანი საქმე მოწაფეებს გაუნაწილა. ცხოველი ინტერესი რომ აღეძრა იმ საქმისადმი, რის შესრულებაც მათ მოუწევდათ, იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ“ (იოან. 14:12). იმის ხაზგასასმელად, რომ მიცემული დავალება დროულად უნდა შესრულებულიყო, იესომ მოწაფეებს მოუწოდა: „სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“ (იოან. 9:4).

4—6. ა) რატომ ვართ მადლიერნი იმისთვის, რომ ნოემ და მოსემ იეჰოვას მიერ მიცემული დავალებები პირნათლად შეასრულეს? ბ) რა მიზანს ემსახურება ღვთის მიერ ადამიანთათვის მიცემული დავალებები?

4 ღმერთი ადამიანებს იესოს განკაცებამდეც აძლევდა სასიამოვნო დავალებებს. მართალია, ადამმა და ევამ ღვთის დავალებას თავი ვერ გაართვეს, მაგრამ დედამიწის ზურგზე ყოველთვის ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ ღვთისგან მიღებულ დავალებებს (დაბ. 1:28). მაგალითად, ნოეს ღმერთმა დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ უნდა აეგო კიდობანი, რათა ის და მისი ოჯახი წარღვნას არ წაელეკა. ის ზედმიწევნით მიჰყვა ღვთის მითითებებს და კეთილსინდისიერად შეასრულა დავალება, რის წყალობითაც დღეს ჩვენ ვარსებობთ (დაბ. 6:14—16, 22; 2 პეტ. 2:5).

5 ღმერთმა მოსესაც დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ უნდა გაემართა კარავი და როგორ უნდა დაენიშნა მღვდლები; მოსეც მიჰყვა ღვთის მითითებებს (გამ. 39:32; 40:12—16). მისი მორჩილების მაგალითიდან დღესაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. რატომ ვამბობთ ამას? პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, კარავიცა და მღვდლებიც მომავლის პირველსახეს წარმოადგენდნენ (ებრ. 9:1—5, 9; 10:1).

6 ღვთის განზრახვა ეტაპობრივად სრულდება; შესაბამისად, ღვთის მიერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში თავის მსახურთათვის მიცემული დავალებებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა ერთი რამ ფაქტია: ღვთისგან მიღებული დავალებები, რომლებსაც მისი ერთგული ადამიანები ასრულებდნენ, ყოველთვის განადიდებდა იეჰოვას და სიკეთე მოჰქონდა მორწმუნეთათვის. იესოს მიერ შესრულებული საქმეები, დედამიწაზე თუ ზეცაში, ამის უბადლო მაგალითს წარმოადგენს (იოან. 4:34; 17:4). მსგავსად ამისა, საქმე, რომელსაც დღეს ჩვენ ვასრულებთ, იეჰოვას სახელის განდიდებას ემსახურება (მათ. 5:16; წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58). რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

მუდამ სიხარულს გგვრიდეთ იეჰოვას საქმის კეთება!

7, 8. ა) აღნიშნეთ, რა საქმეებს არიან შეჭიდებულნი იეჰოვას მსახურები დღეს. ბ) რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა იეჰოვა ამა თუ იმ დავალებას გვაძლევს?

7 მართლაც გასაოცარია, რომ იეჰოვამ თავისთან თანამშრომლობის პატივი ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, გვარგუნა (1 კორ. 3:9). და-ძმები, რომლებიც საკონგრესო და სამეფო დარბაზებისა თუ ფილიალების მშენებლობაში არიან ჩაბმულნი, ნოესა და მოსეს მსგავსად, პირდაპირი გაგებით, სამშენებლო პროექტებში მონაწილეობენ. იმისდა მიუხედავად, ადგილობრივი სამეფო დარბაზის სარემონტო სამუშაოებში იღებთ მონაწილეობას, თუ უორიკში (ნიუ-იორკი, აშშ), მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაში ხართ ჩართულნი, ჯეროვნად დააფასეთ, რომ ასეთი პატივი გხვდათ წილად (იხილეთ მსოფლიო მთავარი სამმართველოს შენობის გრაფიკული, სამგანზომილებიანი მოდელი 23-ე გვერდზე). გახსოვდეთ, რომ ეს წმინდა მსახურებაა. თუმცა, ქრისტიანების უმთავრესი მოვალეობა სულიერ მშენებლობაში მონაწილეობა — ქადაგებაა; ეს საქმეც იეჰოვას განდიდებასა და ღვთისმოშიშ ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურება (საქ. 13:47—49). მას რომ ღირსეულად გავართვათ თავი, ღვთის ორგანიზაცია შესაბამის ხელმძღვანელობას გვიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება ახალი დავალებები მივიღოთ.

8 იეჰოვას ერთგული მსახურები ყოველთვის მზად იყვნენ, ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ მის ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ებრაელების  13:7, 17). თავიდან შეიძლება სრულად არ გვესმოდეს, თუ რატომ გვეძლევა ესა თუ ის დავალება, მაგრამ ერთი რამ კარგად გვესმის: თუ იეჰოვასგან მომდინარე ცვლილებებს ფეხს ავუწყობთ, ეს ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება.

9. რის მაგალითს გვაძლევენ უხუცესები კრებაში?

9 უხუცესებს რომ იეჰოვას ნების შესრულება სწადიათ, იქიდანაც ჩანს, თუ როგორ უძღვებიან ისინი კრებას (2 კორ. 1:24; 1 თეს. 5:12, 13). ისინი ყოველთვის მზად არიან, მუხლჩაუხრელად იშრომონ და ფეხი აუწყონ ცვლილებებს. უხუცესები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი კრების ტერიტორიაზეც დანერგონ მსახურების ახალი მეთოდები. მართალია, ზოგი თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა მსახურების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ტელეფონით ქადაგება, დამოწმება ნავსადგურებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ საბედნიეროდ, მათი ეჭვები არ გამართლდა და ახლებური სახით ქადაგებამ კარგი შედეგი გამოიღო. მაგალითად, ოთხმა პიონერმა გერმანიაში გადაწყვიტა, ექადაგა საქმიან უბანზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ მუშავდებოდა. მიხაელი იხსენებს: «საქმიან უბანზე წლების მანძილზე არ გვემსახურა, ამიტომ, ბუნებრივია, ვნერვიულობდით. თუმცა იეჰოვამაც უწყოდა ეს, ამიტომ მან აკურთხა ჩვენი ძალისხმევა და იმ დილით შესანიშნავად დავამოწმეთ. უზომოდ კმაყოფილნი დავრჩით, რომ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემულ მითითებას მივყევით და ბოლომდე მივენდეთ იეჰოვას». თქვენც ცდილობთ, ფეხი აუწყოთ ცვლილებებს და თქვენს ტერიტორიაზეც იქადაგოთ ახლებური მეთოდებით?

10. რა ცვლილებები მოხდა ორგანიზაციაში ბოლო დროს?

10 დროდადრო ორგანიზაციაში გარკვეული ცვლილებები ხდება. მაგალითად, ბოლო წლებში რამდენიმე ფილიალი გაერთიანდა. ამ ფილიალებში მომსახურე და-ძმებს ცვლილებებთან შეგუება მოუწიათ, რაც მათთვის ადვილი არ ყოფილა, თუმცა მათ მალევე დაინახეს, თუ რა სასიკეთო აღმოჩნდა ამგვარი რეორგანიზაცია (ეკლ. 7:8). წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს გრძნობენ მზადყოფნის სულით განმსჭვალული და-ძმები, რომლებიც თავად ქმნიან იეჰოვას ხალხის ისტორიას!

11—13. რა სირთულეებთან მოუწია ჭიდილი ბევრ ბეთელელს ორგანიზაციული ცვლილებების ფონზე?

11 ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ იმ ქრისტიანებისგან, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ ორგანიზაციული ცვლილებები, კერძოდ, ფილიალების გაერთიანება. მათ შორის არიან ისეთი და-ძმებიც, რომელთაც ბეთელში ათწლეულები დაჰყვეს. მაგალითად, როხელიო თავის მეუღლესთან ერთად, ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი პატარა ქვეყნის ფილიალის გაუქმების შემდეგ მექსიკის ფილიალში გადაიყვანეს, რომელიც სიდიდით მათი ქვეყნის ფილიალს თითქმის 30-ჯერ აღემატებოდა! ძმა როხელიო თავის გრძნობებს გვიზიარებს: „მშობლებთან და მეგობრებთან განშორება ადვილი არ ყოფილა“. ძმა ხუანიც მექსიკის ფილიალში გადანიშნეს; იგი ამბობს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. ახალი მეგობრები უნდა გამეჩინა. შევჩვეოდი ჩემთვის უცხო კულტურასა და მენტალიტეტს“.

12 მსგავს პრობლემებს წააწყდნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან გერმანიის ფილიალში გადასული და-ძმებიც. ვისაც მთები იზიდავს, იგი ადვილად მიხვდება, რამდენად რთული იქნებოდა შვეიცარიის ფილიალში მომსახურე და-ძმებისთვის, შელეოდნენ იშვიათი სილამაზის ალპურ ხედებს. არც ავსტრიელი და-ძმებისთვის იყო იოლი უცხო გარემოსთან შეგუება; თავიდან მათ ძლიერ ენატრებოდათ თავიანთი პატარა ფილიალის ოჯახური ატმოსფერო.

13 სხვა ქვეყნებში გადასულ და-ძმებს ახალ საცხოვრებელთან შეგუება და ახალგაცნობილ თანამშრომლებთან შეწყობა მოუხდათ; ზოგს ახალი საქმის შესრულებაც კი დაევალა. გარდა ამისა, მათ მოუწიათ ახალი კრების წევრებთან შეჩვევა და ახალ სამქადაგებლო ტერიტორიაზე ქადაგება; ზოგის შემთხვევაში ამ ყოველივეს ენის ბარიერიც ერთვოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა ბევრი ბეთელელი ამას არ შეეპუა. გაინტერესებთ, რატომ წავიდნენ ისინი ასეთ მსხვერპლზე?

14, 15. ა) როგორ დაამტკიცა ბევრმა, რომ დავალებული საქმის მიუხედავად აფასებს იეჰოვასთან თანამშრომლობას? ბ) რა მხრივ გვაძლევენ ასეთი და-ძმები ყველას კარგ მაგალითს?

14 ერთი  ჩვენი და, სახელად გრეტელი, ამბობს: „მოწვევაზე უარი არ მითქვამს, ვინაიდან სწორედ ამგვარად დავუმტკიცებდი იეჰოვას, რომ იგი ნებისმიერ ქვეყანას, შენობასა თუ დავალებას მერჩივნა“. დეისკა კი ამბობს: „ახალი დავალება სიამოვნებით მივიღე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი იეჰოვასგან იყო“. ანდრე და გაბრიელაც ამავე აზრზე არიან. ისინი ამბობენ: «ახალი დავალება შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ სამეფოს საქმე კვლავ პირველ ადგილზე დაგვეყენებინა და პირადი ინტერესები უკანა პლანზე გადაგვეწია. ჩვენ საკუთარ თავს ასეთი რამ ვუთხარით: „როდესაც იეჰოვასგან ცვლილებების ქარი დაჰბერავს, მოდი, ნუ გავუძალიანდებით მას და იალქნები ქარის მიმართულებით მივმართოთ“».

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვას ვემსახურებით!

15 ფილიალების გაერთიანების შედეგად, ზოგი ბეთელელი პიონერულ მსახურებას შეუდგა. ასე მოხდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ფილიალებში მომსახურე და-ძმების შემთხვევაშიც — ეს სამი ფილიალი გაერთიანდა და ერთი, სკანდინავიის ფილიალი ჩამოყალიბდა. ეს ცვლილება ფლორიანსა და ანიასაც შეეხოთ. ისინი გვიზიარებენ თავიანთ გრძნობებს: „ახალი დავალება ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა. ფაქტი ერთია: მთავარია, იეჰოვას გამოვადგეთ და თუ სად ვიმსახურებთ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თვალნათლივ ვხედავთ, რომ იეჰოვამ აუწყველი კურთხევები გადმოგვაცალა“. შესაძლოა ბევრ ჩვენგანს არც არასდროს შეგვეხოს ორგანიზაციული ცვლილებები, მაგრამ ამ და-ძმებისგან ვსწავლობთ, რომ ღვთის ნების შესრულებას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს (ეს. 6:8). იეჰოვა ყოველთვის აკურთხებს მათ, ვინც აფასებს მასთან თანამშრომლობას, იმისდა მიუხედავად, თუ სად იმსახურებს და რას გააკეთებს.

კვლავაც დააფასეთ, რომ იეჰოვასთან თანამშრომლობთ!

16. ა) რისკენ მოგვიწოდებს გალატელების 6:4? ბ) რომელია შეუფასებელი ძღვენი, რაც კი შეიძლება ადამიანს ხვდეს წილად?

16 არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია, რომ საკუთარი თავი სხვას შეადაროს. თუმცა ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ყველამ საკუთარი უნარითა თუ შესაძლებლობით გავიხაროთ (წაიკითხეთ გალატელების 6:4). ღვთის ორგანიზაციაში ყველა ვერ იმსახურებს ზედამხედველად. ვერც ყველა იქნება პიონერი,  მისიონერი ან ბეთელელი. მართალია, მსახურების ამ სფეროებში მონაწილეობა პატივია, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმას, რასაც იეჰოვასთან თანამშრომლობა და სასიხარულო ცნობის გაცხადება ჰქვია. ეს მართლაც შეუფასებელი ძღვენია!

17. რას ვერ გავექცევით სანამ სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, მაგრამ რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული?

17 სანამ სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, გამორიცხული არაფერია; შესაძლოა რაიმემ ხელი შეგვიშალოს ღვთის მსახურებაში. მაგალითად, მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისროს ოჯახის წინაშე, ჯანმრთელობა შეგვერყეს ან სხვა სირთულეებმა იჩინოს თავი. თუმცა ამის გამო გული არ უნდა გაგვიტყდეს. ჩვენ არასდროს უნდა გავაუფასუროთ ის, რომ იეჰოვასთან ვთანამშრომლობთ და მისი სახელისა და სამეფოს შესახებ ვაცხადებთ. გახსოვდეთ, უმთავრესი ისაა, რომ თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ბოლომდე იხარჯებით ღვთისთვის და ლოცულობთ და-ძმებისთვის, რომელთაც თქვენზე მეტის კეთების ძალა შესწევთ ღვთის მსახურებაში. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მსახური, რომელიც მის სახელს განადიდებს!

18. რისი დრო არაა ახლა და რატომ?

18 ცოდვილი ბუნებისა და სისუსტეების მიუხედავად, იეჰოვას სიამოვნებს ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ნამდვილად ჯეროვნად ვაფასებთ, რომ ამ ბოლო დღეების მიწურულს ღვთის თანამშრომლებად ვიწოდებით! ახლა იმის დრო ნამდვილად არაა, რომ პირადმა სურვილებმა ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავოს; ჩვენ წინ გველოდება ახალი ქვეყნიერება, სადაც იეჰოვა გვიბოძებს „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ — უსასრულო, ბედნიერ ცხოვრებას მშვიდობიან გარემოში (1 ტიმ. 6:18, 19).

აფასებთ, რომ იეჰოვასთან თანამშრომლობთ? (იხილეთ მე-16—18 აბზაცები)

19. რას გვპირდება იეჰოვა სამომავლოდ?

19 ახლა, როცა ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ მოსეს სიტყვებზე, რომელიც მან ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა: „სიუხვით აავსებს იეჰოვა, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ“ (კან. 30:9). არმაგედონის შემდეგ ისინი, ვინც ღვთის საქმეში ბევრს იღვწოდნენ, დაიმკვიდრებენ „აღთქმულ მიწას“. ამის შემდეგ ღვთის მსახურები ყურადღებას ახალ დავალებაზე გადაიტანენ — დედამიწას უმშვენიერეს სამოთხედ გადააქცევენ!