წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2014

უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!

უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!

„უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორ. 15:26).

1, 2. რა პირობებში ცხოვრობდნენ ადამი და ევა თავდაპირველად და დღეს რომელი კითხვები იპყრობს ჩვენს ყურადღებას?

როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, მათ დედამიწის ზურგზე მტერი არ ჰყავდათ. ისინი სრულყოფილები იყვნენ, სამოთხეში ცხოვრობდნენ და ტკბებოდნენ ზეციერ მამასთან, თავიანთ შემოქმედთან, ურთიერთობით (დაბ. 2:7—9; ლუკ. 3:38). ის, თუ როგორი მომავალი ელოდა მათ, შესანიშნავად ჩანს ღვთის მიერ მიცემული დავალებიდან (წაიკითხეთ დაბადების 1:28). მათ რომ დედამიწა აევსოთ და დაპატრონებოდნენ მას, ამას გარკვეული ხანი დასჭირდებოდა. თუმცა პირველ წყვილს მორჩილებაში რომ ჰყოლოდა „ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“, მათ მარადიულად უნდა ეცხოვრათ. ამ შემთხვევაში, ადამს სიკვდილი ხელს ვერ შეუშლიდა და მისი მორჩილი იქნებოდა „ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“.

2 მაშ, რატომ ვხედავთ ირგვლივ ასეთ განსხვავებულ სურათს? საიდან გაუჩნდა კაცობრიობას ამდენი „მტერი“, რომელთა შორის ყველაზე მუხანათი სიკვდილია? რა უნდა გააკეთოს ღმერთმა იმისათვის, რომ „მტრებს“, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოუღოს? პასუხებს ამ და მსგავს კითხვებზე ბიბლიაში ვხვდებით. მოდი, მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

 მოსიყვარულე მამის გაფრთხილება

3, 4. ა) რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ადამსა და ევას? ბ) რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველ წყვილს ყურად ეღო ღვთის გაფრთხილება?

3 მართალია, ადამსა და ევას მარადიულად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ ისინი უკვდავნი არ იყვნენ. სიცოცხლის შესანარჩუნებლად მათ სჭირდებოდათ ჰაერი, საჭმელ-სასმელი და ძილი. თუმცა ამისთვის უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის მბოძებელთან უნდა ჰქონოდათ კარგი ურთიერთობა (კან. 8:3). ადამი და ევა სიცოცხლით მარადიულად გაიხარებდნენ, თუ ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. ამის შესახებ იეჰოვამ პირველი მამაკაცი ჯერ კიდევ ქალის შექმნამდე გააფრთხილა: «უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“» (დაბ. 2:16, 17).

4 „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ იმაზე მიუთითებდა, რომ მხოლოდ ღმერთს ჰქონდა იმის განსაზღვრის უფლება, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება. თუმცა, ადამსაც შეეძლო ცუდის კარგისგან გარჩევა, ვინაიდან იგი ღმერთმა თავის ანარეკლად შექმნა, რომელსაც სინდისი გააჩნდა. ეს ხე ადამსა და ევას იმას შეახსენებდა, რომ ისინი ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ვერას გახდებოდნენ. თუ ადამი და ევა აკრძალულ ნაყოფს იგემებდნენ, ამით ფაქტობრივად ღმერთს განუცხადებდნენ, რომ მისგან დამოუკიდებლობა სურდათ და არ სურდათ მისი ნორმებით ცხოვრება; ამ ყოველივეს შედეგად, ისინი დამღუპველ ზიანს მიაყენებდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე თავიანთ მონაგარს. ღვთის მიერ პირველი წყვილისთვის მიცემული გაფრთხილებიდან გამოჩნდა, რომ ღმერთი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა მათ, რითაც მან ცოდვის სიმძიმეს გაუსვა ხაზი.

როგორ დაიგესლა სიკვდილის ნესტრით კაცობრიობა

5. რამ მიიყვანა ადამი და ევა დაუმორჩილებლობამდე?

5 ევას შექმნის შემდეგ ადამმა მას ღვთის ბრძანება გადასცა. ევამ ამ ბრძანების შესახებ რომ შესანიშნავად უწყოდა, იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან ღვთის ნათქვამი სიტყვასიტყვით გაიმეორა (დაბ. 3:1—3). ქალმა ეს სიტყვები მას უთხრა, ვინც ყველაზე ფრთხილი ცხოველის, გველის, ნიღაბს იყო ამოფარებული. ამეტყველებული ქვეწარმავლის მიღმა ღვთის სულიერი ძე, სატანა ეშმაკი, იდგა, რომელმაც ღვთისგან დამოუკიდებლობისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილს გასაქანი მისცა (შეადარეთ იაკობის 1:14, 15). თავისი ვერაგული ჩანაფიქრისთვის ხორცი რომ შეესხა, ეშმაკმა ღმერთს სიცრუეში დასდო ბრალი. მან ევა დაარწმუნა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობა ადამიანებს სიკვდილს კი არ უქადდა, არამედ ისინი ღმერთებივით გახდებოდნენ (დაბ. 3:4, 5). ევას ჭკუაში დაუჯდა ეშმაკის ნათქვამი, დახარბდა თავისუფლებას, შეჭამა ნაყოფი და ადამსაც იმავესკენ უბიძგა (დაბ. 3:6, 17). სატანა ეშმაკმა ადამიანები მწარედ მოატყუა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:14). ადამმა „მოუსმინა . . . [თავისი] ცოლის ხმას“ და მანაც შეჭამა ნაყოფი. მართალია, სატანა ეშმაკი ევას მოყვარესავით მიუდგა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იგი ულმობელი მტერი იყო, რომელმაც შესანიშნავად იცოდა, როგორ გაუბედურდებოდა კაცობრიობა, თუ ევა მის ანკესზე წამოეგებოდა.

6, 7. როგორ გამოუტანა იეჰოვამ განაჩენი შემცოდველებს?

6 ანგარებით დაბრმავებული ადამი და ევა დაუპირისპირდნენ თავიანთ გამჩენს, ვისი მეოხებითაც ყველაფერი ჰქონდათ. იეჰოვამ შესანიშნავად იცოდა ყველაფერი, რაც ედემის ბაღში მოხდა (1 მატ. 28:9; წაიკითხეთ იგავების 15:3). მან დაუშვა, რომ მის სამ ქმნილებას გამოეაშკარავებინა, რამდენად გულწრფელად უყვარდათ ღმერთი. იეჰოვას, როგორც მამას, მათმა საქციელმა ძლიერ დასწყვიტა გული (შეადარეთ დაბადების 6:6). ამის შემდეგ ღმერთს მოსამართლის როლი უნდა შეეთავსებინა, რათა მოქცეულიყო მის მიერ მიცემული გაფრთხილების შესაბამისად და განაჩენი სისრულეში მოეყვანა.

7 ღმერთს ნათქვამი ჰქონდა ადამისთვის: „რა დღესაც შეჭამ [სიკეთისა და ბოროტების  შეცნობის ხიდან], იმ დღესვე მოკვდები“. ადამს ალბათ ეგონა, რომ ღმერთი „დღეში“ დროის 24-საათიან მონაკვეთს გულისხმობდა. მას ალბათ ისიც ეგონა, რომ ღმერთი მზის ჩასვლამდე მოიყვანდა სისრულეში თავის განაჩენს. „საღამო ხანს, როცა ნიავი უბერავდა“, იეჰოვამ პირველ წყვილს მოუხმო (დაბ. 3:8). მან, ფიგურალური ენით რომ ვთქვათ, სამსჯავროზე წარადგინა ადამი და ევა და მზად იყო, მათგან მოესმინა ახსნა-განმარტება (დაბ. 3:9—13). შემდეგ მსჯავრი დასდო შემცოდველებს (დაბ. 3:14—19). ღმერთს პირველი წყვილი დაუყოვნებლივ რომ დაესაჯა სიკვდილით, მისი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით შეუსრულებელი დარჩებოდა (ეს. 55:11). ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ღვთის სასჯელი ამოქმედდა — პირველი წყვილი სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა. თუმცა ღმერთმა დაუშვა, რომ მათ წარმოეშვათ შთამომავლობა, რომელთაც მისი წყალობით კვლავ ექნებოდათ უკეთესი მომავლის იმედი. მართლაც, ღვთის თვალში, რომლისთვისაც ათასი წელი ერთ დღეს უდრის, ადამი და ევა იმ დღესვე დაიხოცნენ, რა დღესაც შესცოდეს (2 პეტ. 3:8).

8, 9. რა გავლენა მოახდინა ადამის ცოდვამ მის შთამომავლებზე? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

8 მოახდენდა გავლენას ადამისა და ევას შთამომავლებზე პირველი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვა? რა თქმა უნდა! რომაელების 5:12-ში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. პირველი, ვისაც სიკვდილმა მსახვრალი ხელი დარია, აბელი იყო (დაბ. 4:8). შემდეგ ადამის სხვა შთამომავლებიც დაბერდნენ და მოკვდნენ. იმემკვიდრეს ადამის შთამომავლებმა სიკვდილთან ერთად ცოდვაც? მოციქული პავლე გვპასუხობს: „ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი“ (რომ. 5:19). ადამის „მემკვიდრეობა“ — ცოდვა და სიკვდილი, კაცობრიობას დაუძინებელ მტრად ექცა, რომლისგანაც თავის დაღწევა არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ ძალუძს. ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა მხრივ აისახა ადამის ავბედითი „მემკვიდრეობა“ უახლოეს თაობებსა თუ შორეულ შთამომავლებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ყველა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებში ვგმინავთ!

9 ბიბლია საუკეთესოდ აღწერს ცოდვასა და სიკვდილს, როგორც „საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს, და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია“ (ეს. 25:7). „ცოდვისა და სიკვდილის საფარველი“ სულს უხუთავს დედამიწის მკვიდრთ. მართლაც, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამში კვდება ყველა“ (1 კორ. 15:22). აქედან გამომდინარე, პავლეს დაებადა კითხვა: „ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“. მართლაც, ნუთუ შესწევს ვინმეს ამის ძალა?! * (რომ. 7:24).

ადამის „მემკვიდრეობა“ წარსულს ჩაჰბარდება!

10. ა) რომელი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, რომ იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ ჩააბარებს წარსულს ადამის „მემკვიდრეობას“? ბ) რას ვიგებთ აბზაცში მოცემული ბიბლიური მუხლებიდან იეჰოვასა და მის ძეზე?

10 პავლეს ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან დახსნა იეჰოვას ხელეწიფებოდა. მას შემდეგ, რაც ესაიამ „საფარველი“ ახსენა, დაწერა: „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ეს. 25:8). როგორც მოსიყვარულე მამა წმენდს ცრემლებს თავის პატარას და ყველაფერს აკეთებს, რომ ტკივილი დაუამოს, იეჰოვაც მზადაა, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩააბაროს ჩვენი წინაპრის, ადამის, დანატოვარი „მემკვიდრეობა“. იეჰოვას ჰყავს სანდო თანამშრომელი, რომელზეც 1 კორინთელების 15:22-ში ვკითხულობთ: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე  გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“. ამასთანავე, პავლემ, კითხვას, თუ ვინ იხსნიდა მას, თავადვე უპასუხა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომ. 7:25). ერთი რამ დღესავით ნათელია: სიყვარული, რომლითაც იეჰოვამ კაცობრიობა შექმნა, არც ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ განელებია მას. იმავეს თქმა შეიძლება მის თანამშრომელზე, მის ძეზე, რომელმაც პირველი წყვილის შექმნაში მიიღო მონაწილეობა (იგავ. 8:30, 31). მაგრამ, ისმის კითხვა: როგორ გავთავისუფლდებით ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან?

11. რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის სახსნელად?

11 ადამის ჩადენილი ცოდვისა და იეჰოვას მიერ გამოტანილი სამართლიანი განაჩენის შედეგად, ყველამ არასრულყოფილება ვიმემკვიდრეთ და ვკვდებით (რომ. 5:12, 16). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთმა შეცოდებამ მოუტანა მსჯავრი ყველას“ (რომ. 5:18). ჩნდება კითხვა: შეძლებდა იეჰოვა განაჩენის გაუქმებას ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოსულიყო თავისივე სამართლიან ნორმებთან? ამ კითხვას პასუხი იესომ გასცა. მან თქვა, რომ იგი დედამიწაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ მრავალთა გამოსასყიდად მიეცა თავისი სული (მათ. 20:28). ამგვარად, იეჰოვას პირველმა სულიერმა ძემ, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანად დაიბადა, ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი კაცობრიობისთვის გამოსასყიდს გაიღებდა. იბადება კითხვა: როგორ დააკმაყოფილებდა იესოს გამოსასყიდი ღვთის სამართლიან ნორმებს? (1 ტიმ. 2:5, 6).

12. რა იყო „შესაბამისი გამოსასყიდი“, რომელმაც დააკმაყოფილა ღვთის სამართლიანი მოთხოვნები?

12 იესოს, სრულყოფილ ადამიანს, შეეძლო მარადიულად ეცხოვრა, ისევე როგორც ადამს — შეცოდებამდე. იეჰოვას განზრახვის თანახმად, დედამიწა ადამის სრულყოფილ შთამომავლებს უნდა აევსოთ. ამიტომ მამისადმი და ადამის შთამომავლებისადმი დიდი სიყვარულით განმსჭვალულმა იესომ თავისი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. დიახ, იესომ სრულყოფილი სიცოცხლე გაწირა ანუ სწორედ ის, რაც ადამმა დაკარგა. ამის შემდეგ იეჰოვამ თავისი ძე აღადგინა, რათა მას, როგორც სულიერ ქმნილებას, ზეცაში ეცხოვრა (1 პეტ. 3:18). იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნები ნამდვილად დააკმაყოფილა იესოს გაღებულმა სრულყოფილმა სიცოცხლემ. ქრისტეს მიერ გადახდილმა ფასმა ადამის მოდგმა გამოისყიდა. ადამიანებს კვლავ მარადიულად ცხოვრების საშუალება მიეცათ. ამგვარად, სრულყოფილი სიცოცხლის წილ სრულყოფილი სიცოცხლე იქნა გაღებული. პავლეც ამავეს ამბობს: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“, უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული» (1 კორ. 15:45).

იესოს გამოსასყიდის წყალობით აღდგება აბელი, რომელსაც სიკვდილმა პირველს დარია მსახვრალი ხელი (იხილეთ მე-13 აბზაცი)

13. რას მოიმოქმედებს „უკანასკნელი ადამი“?

13 დადგება დრო, როცა „უკანასკნელი ადამი“ მთელ კაცობრიობას „მაცოცხლებელ სულად“ მოევლინება. ადამის შთამომავლების დიდი ნაწილი მკვდრეთით აღდგება, ვინაიდან ისინი ერთ დროს ცოცხლები იყვნენ და შემდეგ დაიხოცნენ. ისინი უნდა აღდგნენ მკვდრეთით დედამიწაზე საცხოვრებლად (იოან. 5:28, 29).

14. რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის გასასრულყოფილებლად?

14 როგორ დააღწევს თავს კაცობრიობა არასრულყოფილებას? იეჰოვამ ზეცაში დაამყარა ღვთის სამეფო, რომლის მმართველიც „უკანასკნელი ადამია“, ხოლო მისი თანამმართველები — დედამიწიდან გამოსყიდული რჩეულები (წაიკითხეთ გამოცხადების 5:9, 10). იესოს თანამმართველებმა კარგად იციან, თუ რას ნიშნავს, იყო არასრულყოფილი. ქრისტესა და მისი ცხებულების ათასწლიანი თანამმართველობა ადამიანთა გასრულყოფილებას მოემსახურება, რასაც ადამიანები საკუთარი ძალით ვერასდროს შეძლებდნენ (გამოცხ. 20:6).

15, 16. ა) რა არის „უკანასკნელი მტერი“ და როდის მოეღება ბოლო მას? ბ) რას გააკეთებს ქრისტე 1 კორინთელების 15:28-ის თანახმად?

15 სამეფოს ათასწლიანი მმართველობის მიწურულს ღვთის მორჩილი კაცობრიობა თავს დააღწევს „მტერს“, რომლის პირისპირაც ის ადამის ურჩობის შედეგად აღმოჩნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც ადამში  კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში, თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი [მისი თანამმართველები] — როცა ის მოსული იქნება. მერე დადგება აღსასრული, როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორ. 15:22—26). ნამდვილად, ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სიკვდილს ბოლო მოეღება. სულის შემხუთველი „საფარველი“ მალე მოსცილდება კაცობრიობას (ეს. 25:7, 8).

16 პავლე მოციქული მსჯელობას ასე ასრულებს: „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28). მას შემდეგ, რაც ქრისტეს მმართველობა თავის მიზანს მიაღწევს, იგი დიდად კმაყოფილი გადასცემს თავის ძალაუფლებას მამას და მას გასრულყოფილებულ კაცთა მოდგმას წარუდგენს.

17. რა ბედი ეწევა სატანას?

17 რა ბედი ეწევა სატანას, ადამიანთა ტანჯვის პირველმიზეზს? ამ კითხვაზე გამოცხადების 20:7—15 გვპასუხობს. ათასი წლის ბოლოს სატანას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ შეცდომაში შეიყვანოს გასრულყოფილებული ადამიანები, რის შემდეგაც ის და მისი დამქაშები „მეორე სიკვდილს“ დაექვემდებარებიან ანუ ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხ. 21:8). ვინც „მეორე სიკვდილით“ მოკვდება, მათ სიცოცხლე აღარასდროს დაუბრუნდებათ. თუმცა ღვთისმოშიშ მსახურებს „მეორე სიკვდილი“ არ ემუქრებათ.

18. როგორ შესრულდება ადამისთვის მიცემული დავალება?

18 იეჰოვა უსასრულო სიცოცხლით დააჯილდოებს გასრულყოფილებულ კაცობრიობას, რომელსაც მტერი აღარ ეყოლება. ადამისთვის მიცემული დავალება შესრულდება, ოღონდ მის გარეშე. დედამიწაზე ადამის მონაგარი გაიხარებს; ისინი მოუვლიან ჩვენს პლანეტას და დაეპატრონებიან მასზე მოფუთფუთე ყოველ სულდგმულს. მოდი, ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ ჩვენი მოსიყვარულე ღვთისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს სიკვდილს!

^ აბზ. 9 მეცნიერებზე, რომლებიც ცდილობენ, დაადგინონ სიბერისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზები, „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ვკითხულობთ: „ისინი უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ პირველი ადამიანები სიკვდილით შემოქმედმა დასაჯა და ეს ისე განახორციელა, რომ ადამიანი ბოლომდე ვერ ხსნის ამ ფენომენს“ (ტ. 2, გვ. 247 [ინგლ.])“.