წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2014

მშობლებო, „მწყემსეთ“ თქვენი შვილები

მშობლებო, „მწყემსეთ“ თქვენი შვილები

„კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა“ (იგავ. 27:23).

1, 2. ა) რა ევალებოდა მწყემსს ბიბლიურ დროში? ბ) რა მხრივ ჰგვანან მშობლები მწყემსებს?

მწყემსს ძველ ისრაელში დიდი ჯაფა ადგა. მას ზაფხულის ხვატისა თუ ზამთრის სუსხის ატანა უწევდა. გარდა ამისა, მწყემსს ფარა მტაცებელთაგან უნდა დაეცვა; მტაცებელი კი შესაძლოა ყოფილიყო როგორც ნადირი, ისე — ადამიანი. იგი ყოველთვის საგულდაგულოდ ამოწმებდა ფარას და მოვლა-პატრონობას არ აკლებდა დაშავებულ თუ ავადმყოფ ცხვარს. მწყემსი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ბატკნების მიმართ, რომლებიც ცხვრებთან შედარებით ბევრად უფრო უსუსურნი იყვნენ (დაბ. 33:13).

2 ქრისტიანი მშობლები, რაღაც გაგებით, მწყემსებს ჰგვანან. ისინიც ავლენენ თვისებებს, რომელიც მწყემსისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. მათ პასუხისმგებლობაში შედის შვილების იეჰოვას მოსაწონად აღზრდა და დარიგება (ეფეს. 6:4). როგორ ფიქრობთ, ადვილია მშობლის ხვედრი? ნამდვილად ვერ ვიტყვით ამას, ვინაიდან სატანის პროპაგანდა უშუალოდ ახალგაზრდების წინააღმდეგაა მიმართული და მათი ცოდვილი ბუნებაც სწორედ ეშმაკის წისქვილზე ასხამს წყალს (2 ტიმ. 2:22; 1 იოან. 2:16). თუ თქვენც მშობელი ხართ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს? ამ სტატიაში შევეხებით სამ მხარეს, რასაც შვილების მწყემსვა მოიცავს — როგორ გავიცნოთ ჩვენი შვილები უფრო ახლოს, რით „გამოვკვებოთ“ ისინი და როგორ ვუხელმძღვანელოთ.

 ახლოს გაიცანით შვილები

3. როგორ უნდა გაიცნოს მშობელმა თავისი შვილი?

3 კარგი მწყემსი გულდასმით ამოწმებს თითოეულ ცხვარს, რათა დარწმუნდეს, რომ მათ არაფერი სჭირთ და საღსალამათები არიან. მშობლებო, თქვენც იგივე მოვალეობა გაკისრიათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა“ (იგავ. 27:23). „ფარა“ ანუ თქვენი შვილები რომ უკეთ გაიცნოთ, უნდა იცოდეთ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რას საქმიანობენ ისინი. ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალება მათთან ხშირი საუბარია.

4, 5. ა) რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ შვილებმა გული გადაუშალონ? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე) ბ) პირადად თქვენ რა მეთოდს მიმართავთ იმისათვის, რომ შვილმა თქვენთან თავისუფლად ისაუბროს?

4 ბევრი მშობელი პირადმა გამოცდილებამ ერთ რამეში დაარწმუნა: შვილის საუბარში აყოლიება უფრო და უფრო რთულდება, როცა იგი გარდატეხის ასაკს უახლოვდება. როგორც წესი, ამ დროს მოზარდები საზოგადოებას ერიყებიან და თავიანთ გრძნობებსა და ფიქრებზე საუბარს გაურბიან. რა უნდა იღონოთ, თუ ამ მხრივ არც თქვენი შვილები არიან გამონაკლისი? ნუ მოსთხოვთ, რომ ისინი თქვენთან ერთად დასხდნენ და გრძელ დებატებში ჩაებან; გამოიყენეთ ყოველდღიური სიტუაციები, რათა მოზარდები ბუნებრივად აიყოლიოთ ლაპარაკში (კან. 6:6, 7). თქვენი მხრიდან ძალისხმევაა საჭირო, რომ შვილებთან ერთად აკეთოთ ესა თუ ის საქმე. მაგალითად, შეგიძლიათ მათთან ერთად გაისეირნოთ ფეხით ან მანქანით, ითამაშოთ ან საოჯახო საქმეებს ერთობლივი ძალით შეეჭიდოთ. ამგვარ გარემოში ბავშვებმა შესაძლოა თავისუფლად იგრძნონ თავი და გულიც გადაგიშალონ.

5 მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ყველაფრის მიუხედავად ბავშვი საუბარში არ გყვებათ? შეეცადეთ, რომ მას სხვა კუთხით მიუდგეთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხოთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, თქვენ მოუყევით დღის ამბები. შედეგად, შესაძლოა ისიც გაიხსნას. ან, თუ თქვენი შვილის თვალსაზრისის გაგება გაინტერესებთ რომელიმე საკითხზე, მოერიდეთ პირადი ხასიათის შეკითხვებს და ზოგადი კითხვებით შემოიფარგლეთ. მაგალითად, ჰკითხეთ, რას ფიქრობს მისი მეგობარი წამოჭრილ საკითხზე. შემდეგ გაიგეთ მისი აზრი, რას ურჩევდა თავის მეგობარს.

6. რა შემთხვევაში შეძლებენ შვილები მშობლებთან მისვლას და თავისუფლად საუბარს?

6 შვილებმა რომ გული გადაგიშალონ, მათ თავისუფლად უნდა იგრძნონ თქვენთან თავი და დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათთვის ყოველთვის გცალიათ. თუ მშობლები დღენიადაგ გადარბენაზე არიან, შვილები შესაძლოა საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტონ. მშობლებო, რა უნდა გააკეთოთ, რომ შვილებმა თქვენთან თავისუფლად იგრძნონ თავი? ამისათვის სიტყვები, „ნებისმიერ დროს მოგისმენ“, არ კმარა. როცა შვილი საკუთარ გულისტკივილს განდობთ, ნურც მწვავე რეაქცია გექნებათ და ნურც მეტისმეტად გააუბრალოებთ მის საწუხარს. ამ მხრივ ბევრი მშობელი შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. 19 წლის კეილა ამბობს: „მამიკოს ყველაფერზე ვესაუბრები. ის არასდროს მაწყვეტინებს საუბარს და არც არასდროს განმსჯის; იგი უბრალოდ მისმენს, შემდეგ კი საუკეთესო რჩევას მაძლევს“.

7. ა) როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს ისეთ დელიკატურ საკითხებზე, როგორიცაა პაემანი? ბ) როგორ შეიძლება მშობლებმა უნებლიეთ გააღიზიანონ შვილები?

7 მაშინაც კი, როცა შვილებს ისეთ დელიკატურ საკითხებზე ესაუბრებით, როგორიცაა პაემანი, ფრთხილად იყავით, რომ მხოლოდ გაფრთხილებებით არ შემოიფარგლოთ; პირიქით, ასწავლეთ მათ, როგორ მოიქცნენ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: შეხვედით რესტორანში, გადაშალეთ მენიუ და რას ხედავთ! მასში მხოლოდ გაფრთხილებებია მოცემული იმის თაობაზე, რომ მათთან მომზადებული კერძები მომწამვლელია. ეჭვგარეშეა, გამოხვალთ ამ რესტორნიდან და სხვას მიაშურებთ. თუ თქვენს „მენიუშიც“ მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებების ნუსხა იქნება მოცემული, თქვენი შვილებიც მსგავსად მოიქცევიან, დაკარგავენ თქვენთან მოსვლისა და რაიმეს მოყოლის სურვილს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:21). ნუ იქნებით რადიკალური. აი, რას ამბობს ერთი ახალგაზრდა და, სახელად ემილი: „როდესაც  მშობლები პაემნის შესახებ მესაუბრებიან, ისინი მას უარყოფით შუქში არასდროს წარმომიჩენენ. პირიქით, მეუბნებიან, თუ რა სასიამოვნოა, როცა ვიღაცას ეცნობი და ცხოვრების თანამგზავრს პოულობ. სწორედ ეს მიადვილებს მათთან ამ თემაზე საუბარს. ამიტომ მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებ და არასდროს ვუმალავ, რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში“.

8, 9. ა) რატომ არ უნდა შეაწყვეტინონ მშობლებმა შვილებს საუბარი? ბ) რას მიაღწიეთ იმის წყალობით, რომ ბოლომდე უსმენთ შვილებს?

8 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კეილა საკუთარი მამის ძალიან მადლიერია, რომელსაც არასდროს ეზარება მისი მოსმენა. კარგი იქნება, თუ თქვენც გულისყურით მოუსმენთ შვილებს და გაუადვილებთ თქვენთან მოსვლას (წაიკითხეთ იაკობის 1:19). ერთი მარტოხელა დედა, კატია, გვიზიარებს: „ადრე, როცა ჩემი გოგონა თავის გრძნობებზე მესაუბრებოდა, მოთმინება მღალატობდა. სათქმელის დამთავრებას არ ვაცლიდი. ზოგჯერ ძალიან დაღლილი ვიყავი და მოსმენის თავი არ მქონდა. როგორც კი დამოკიდებულება შევიცვალე, ჩემი ქალიშვილიც შეიცვალა. დღეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

მოუსმინეთ და უკეთ გაიცანით (იხილეთ მე-3—9 აბზაცები)

9 ერთ მამას, რონალდს, თავის მოზარდ ქალიშვილთან ანალოგიური პრობლემა ჰქონდა. იგი იხსენებს: „როდესაც ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ სკოლაში ერთი ბიჭი უყვარდა, თავიდან ძალიან გავბრაზდი. მაგრამ, როცა დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს და რამდენად მომთმენია მათდამი, მივხვდი, რომ რჩევის მიცემამდე უკეთესი იქნებოდა, ბოლომდე მომესმინა მისთვის. მიხარია, რომ ეს შევძელი. ცხოვრებაში პირველად გავუგე ჩემს ქალიშვილს. დავაცადე სათქმელის დასრულება, რის შედეგადაც შევძელი, რომ თბილად მესაუბრა მასთან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან ჩემი რჩევა მიიღო და დამპირდა, რომ გაითვალისწინებდა“. მშობლებო, თუ ხშირად ესაუბრებით შვილებს, ყოველთვის გეცოდინებათ, რა სტკივათ ან რა უხარიათ მათ. ამ ყოველივეს შედეგად, თქვენი შვილები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცხოვრებაში, და ეს, მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურება იქნება. *

„გამოკვებეთ“ შვილები

10, 11. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ არ გადაუხვიონ სწორი გზიდან?

10 კარგმა მწყემსმა შესანიშნავად იცის, რომ ცხვარი შესაძლოა ჩამოშორდეს ფარას. თავდაპირველად ცხვარმა შეიძლება ფარის შორიახლოს დაიწყოს ბალახის ძოვა და საბოლოოდ, ჩამორჩეს მას. მსგავსადვე, ახალგაზრდამ შესაძლოა ნელ-ნელა გადაუხვიოს სწორი გზიდან, ცუდ საზოგადოებაში გაერიოს და უხამსი გასართობებით თავის შექცევა  დაიწყოს (იგავ. 13:20). მშობლებო, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, რომ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს?

11 თუ ამჩნევთ თქვენი შვილების სუსტ მხარეებს, დროულად აღმოუჩინეთ სულიერი დახმარება, რათა ისინი უკეთესი ქრისტიანები გახდნენ (2 პეტ. 1:5—8). ოჯახური თაყვანისცემა საუკეთესო საშუალებაა, რომ შვილებს საჭირო დახმარება აღმოუჩინოთ, ოღონდ ის რეგულარულად უნდა ჩაატაროთ. ამის თაობაზე 2008 წლის ოქტომბრის „სამეფო მსახურებაში“ ეწერა: „ოჯახისთავებს იეჰოვას წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ რეგულარულად ჩაატარონ შინაარსიანი ოჯახური შესწავლა“. გამოყოფთ დროს რეგულარულად ოჯახური თაყვანისცემის ჩასატარებლად და ბრძნულად იყენებთ მას, რათა „დამწყემსოთ“ შვილები? მშობლებო, დარწმუნებული იყავით, რომ შვილები დაგიფასებენ ძალისხმევას, რომელსაც მათ სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვას ახმართ (მათ. 5:3; ფილ. 1:10).

ყუათიანად „გამოკვებეთ“ (იხილეთ მე-10—12 აბზაცები)

12. ა) რა მხრივ აღმოჩნდა სასიკეთო ახალგაზრდებისთვის ის, რომ მათ ოჯახში თაყვანისცემის საღამო რეგულარულად ტარდებოდა? (მოიშველიეთ აზრები ჩარჩოდან  „მეტად ფასეული“) ბ) პირადად თქვენ, რა მხრივ გეხმარებათ ოჯახური თაყვანისცემის საღამო?

12 ახლა ერთ მოზარდ გოგონას, კარისას, მოვუსმინოთ, რომელიც გვიზიარებს, თუ რა მხრივ წაადგა ოჯახური თაყვანისცემის საღამო მის ოჯახს. იგი გვიყვება: „მიყვარს, როცა ერთად ვსხდებით და ვსაუბრობთ. შედეგად, ოჯახის წევრები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთებიდან ბევრი სასიამოვნო მოგონებაც გვრჩება. მამა რეგულარულად ატარებს ოჯახური თაყვანისცემის საღამოს. იგი მთელი სერიოზულობით ეკიდება ამ ღონისძიებას და მისი განწყობა გადამდებია. ამ ყოველივეს ფონზე უფრო მეტად ვაფასებ მას, როგორც კარგ მამასა და ოჯახისთავს.“ ახალგაზრდა და, ბრიტნი, გვიზიარებს: „ოჯახურმა თაყვანისცემამ მშობლებთან უფრო დამაახლოვა. ვხედავ, რომ მათ ნამდვილად გული შესტკივათ ჩემზე და ყოველთვის მზად არიან მოსასმენად. ოჯახურმა თაყვანისცემამ მთელი ოჯახი ერთ მუშტად შეგვკრა“. აქედან გამომდინარე, კარგი მწყემსები რომ იყოთ, შვილები სულიერად დანაყრებული უნდა გყავდეთ, რაშიც ოჯახური თაყვანისცემის საღამოს ლომის წილი შეაქვს. *

უხელმძღვანელეთ შვილებს

13. როგორ შეგვიძლია ახალგაზრდას გავუღვივოთ იეჰოვას მსახურების სურვილი?

13 კარგი მწყემსი კომბლით იცავს ცხვარს და მიმართულებას აძლევს ფარას. უპირველეს ყოვლისა, მწყემსის მოვალეობაში ის შედის, რომ კარგი საძოვრისკენ წაუძღვეს ცხვარს (ეზეკ. 34:13, 14). თქვენ, როგორც მშობლებს, განა იგივე მიზანი არ გაქვთ სულიერი გაგებით? რა თქმა უნდა! თქვენი მიზანია, უხელმძღვანელოთ შვილებს, რათა მათ იეჰოვას მსახურება აირჩიონ. ცხადია, მთელი გულით გსურთ, რომ თქვენს შვილებსაც დაეუფლოთ ისეთივე გრძნობები, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). ახალგაზრდებს, რომელთაც გული ამგვარი მადლიერებით აევსებათ, იეჰოვას მიუძღვნიან თავს და მოინათლებიან. ბუნებრივია, მათ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, სათანადოდ მოწიფულნი უნდა იყვნენ და მთელი გულით ეწადოთ იეჰოვასადმი მსახურება.

14, 15. ა) რა მიზანი უნდა ჰქონდეთ ქრისტიან მშობლებს? ბ) რა მიზეზების გამო შეიძლება გაუჩნდეს ეჭვები ახალგაზრდას?

14 მაგრამ, რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ ჩვენი შვილები სულიერად მოიკოჭლებენ და იეჰოვას მოწმეთა სწავლებებში ეჭვიც კი შეაქვთ? ყოველმხრივ ეცადეთ, რომ მათ გულში იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგოთ და მადლიერება გაუღვივოთ იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის მოიმოქმედა (გამოცხ. 4:11). როდესაც ახალგაზრდის გულში ჩათესილი თესლი გაღივდება, ის პირადად გადაწყვეტს, რომ ემსახუროს ღმერთს.

15 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილები რწმენის თაობაზე თავიანთ ეჭვებს გამოთქვამენ? როგორ უნდა „დამწყემსოთ“ თქვენი შვილები და როგორ უნდა დაეხმაროთ მათ იმის დანახვაში, რომ იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანია და მას მარადიული  ბედნიერება მოაქვს? ეცადეთ, იმის რეალური მიზეზი დაადგინოთ, თუ რა დგას მისი ეჭვების მიღმა. მაგალითად, თქვენი შვილი ბიბლიურ სწავლებებს არ ეთანხმება, თუ ცოდნა და გაბედულება აკლია, რომ საკუთარ მრწამსზე თანატოლებთან ისაუბროს? ბიბლიური რჩევების პრაქტიკულობას აყენებს ეჭვქვეშ, თუ უბრალოდ მარტოსულად და სხვებისგან გარიყულად გრძნობს თავს?

უხელმძღვანელეთ ცხოვრების გზაზე (იხილეთ მე-13—18 აბზაცები)

16, 17. რა მხრივ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ თავიანთ შვილებს ჭეშმარიტების გათავისებაში?

16 რაც არ უნდა იყოს თქვენი შვილის დაეჭვების მიზეზი, დაეხმარეთ მას ეჭვების გაქარწყლებაში. ბევრმა მშობელმა აღმოაჩინა, რომ შვილებისთვის კითხვების დასმა მეტად პრაქტიკული საშუალებაა. მაგალითად, შეგიძლიათ შვილს ჰკითხოთ: რთულია ქრისტიანის ცხოვრება? რატომ ღირს, იყო ქრისტიანი? რა გეძნელება ყველაზე მეტად? არ ფიქრობ, რომ ქრისტიანულ ცხოვრებას, როგორც ახლა, ისე სამომავლოდ, იმდენი კურთხევა ახლავს თან, რომ მას ვერავითარი სირთულე ვერ გადაწონის? რატომ ფიქრობ ასე? ერთი რამ არ გამოგრჩეთ მხედველობიდან: ეცადეთ, გამომძიებელივით კი არ დაჰკითხოთ შვილი, არამედ სითბო გამოხატოთ და აგრძნობინოთ, რომ გულწრფელად გაინტერესებთ მისი აზრი. საუბრისას კარგი იქნება, თუ მარკოზის 10:29, 30-ში ჩაწერილ აზრსაც მოიშველიებთ. ზოგი ახალგაზრდისთვის შესაძლოა პრაქტიკული აღმოჩნდეს საკუთარი აზრების ფურცელზე გადატანა. მაგალითად, ერთ სვეტში შესაძლოა მან ჩამოწეროს ის კურთხევები, რომელიც თან ახლავს ქრისტიანულ ცხოვრებას, ხოლო მეორეში — სირთულეები, რომელიც ქრისტიანის ცხოვრებაში გარდაუვალია. ასეთი თვალსაჩინოება ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, რეალობა ჯეროვნად შეაფასოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ დაინტერესებულებს ბიბლიას ვასწავლით წიგნებით „რას გვასწავლის ბიბლია“ და „ღვთის სიყვარული“, მეტადრე შვილებთან გვმართებს ამ სახელმძღვანელოების გამოყენება. მშობლებო, იქცევით ასე?

17 ადრე თუ გვიან, თქვენმა შვილებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის ემსახურონ. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი ავტომატურად მიიღებენ რწმენას თქვენგან. მათ უნდა გაითავისონ ჭეშმარიტება (იგავ. 3:1, 2). თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილებს უჭირთ ამის გაკეთება, ესაუბრეთ რწმენის საფუძვლებზე. წაახალისეთ თვითგამოკვლევისკენ და მოუწოდეთ, საკუთარ თავს დაუსვან შემდეგი კითხვები: საიდან ვიგებ, რომ ღმერთი არსებობს? რა მარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი მაფასებს? რატომ არ მეპარება ეჭვი, რომ იეჰოვას ნორმები ნამდვილად ჩემს კეთილდღეობას ემსახურება? კარგი „მწყემსი“ იმ შემთხვევაში იქნებით, თუ მოთმინება არ გიღალატებთ, კვლავაც უხელმძღვანელებთ შვილებს და დაანახვებთ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გზა იეჰოვას მსახურებაა * (რომ. 12:2).

18. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იეჰოვას, ყველაზე დიდებულ მწყემსს?

18 ყველა ქრისტიან მშობელს სურს, მიჰბაძოს ყველაზე დიდებულ მწყემსს, იეჰოვა ღმერთს (ეფეს. 5:1; 1 პეტ. 2:25). მშობლები კარგად უნდა იცნობდნენ თავიანთ „ფარას“, ძვირფას შვილებს და ძალ-ღონეს არ უნდა იშურებდნენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმაც მიიღონ იეჰოვასგან კურთხევები. ასე რომ, მშობლებო, კვლავაც ერთგულად „მწყემსეთ“ თქვენი შვილები და შეაყვარეთ მათ ჭეშმარიტება!

^ აბზ. 9 ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2008 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 10—12.

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია: „ოჯახთან ერთად თაყვანისცემა აუცილებელია გადარჩენისთვის!“, გვერდები 29—31.

^ აბზ. 17 ეს საკითხი უფრო ვრცლად განხილულია 2012 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 18—21.