არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2014

რისკენ ისწრაფვით?

რისკენ ისწრაფვით?

ფერნანდო * ძალიან ნერვიულობს. უხუცესებმა უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურთ. ბოლო რამდენიმე სარაიონო მონახულების შემდეგ ძმებმა რჩევები მისცეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა, კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობები რომ მიეღო. დრო გადიოდა, ფერნანდო ისევ მომსახურედ რჩებოდა და იმაზეც კი ეფიქრებოდა, რომ შესაძლოა ვერც ვერასდროს გამხდარიყო უხუცესი. ახლა მის კრებაში მორიგი სარაიონო მონახულება დასრულდა. საინტერესოა, ამჯერად რას ეტყოდნენ ძმები?

ფერნანდოს შეხვდნენ ძმები. იგი სმენად იქცა, როცა ერთ-ერთმა უხუცესმა საუბარი წამოიწყო. მან 1 ტიმოთეს 3:1-ში მოცემული აზრი მოიშველია და თქვა, რომ მათ მისი უხუცესად დანიშვნის წერილი მიიღეს. ფერნანდო წამოხტა და გაოცებულმა სიხარულით იკითხა: „რა მითხარი, ძმაო?!“. ძმამ ნათქვამი გაუმეორა და ფერნანდოს თვალები გაუბრწყინდა. მოგვიანებით, როცა ამის შესახებ კრებაშიც გაკეთდა განცხადება, ყველამ გაიხარა.

იბადება კითხვა: არის რაიმე არასწორი იმაში, რომ ძმები კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფოდნენ? რა თქმა უნდა, არა. 1 ტიმოთეს 3:1-ში ვკითხულობთ: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“. ბევრი ქრისტიანი მამაკაცი ეხმაურება ამ მოწოდებას და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შეესაბამებოდეს კრიტერიუმებს, რომელსაც კრებაში პასუხისმგებელი ძმა უნდა აკმაყოფილებდეს. შედეგად, ღვთის ხალხი ნამდვილად ხარობს, რომ ორგანიზაციაში მათ გვერდით ათობით ათასი პასუხისმგებელი ძმა მსახურობს — უხუცესი თუ მომსახურე — რომლებიც ნამდვილად კურთხევას წარმოადგენენ და-ძმებისთვის. თუმცა კრებები რიცხობრივად იზრდება და მეტი ძმა ხდება საჭირო, რომლებიც თანამორწმუნეებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას იტვირთავენ. ისმის კიდევ ერთი შეკითხვა: რა მოტივი უნდა აღძრავდეს ძმას, რომ ესწრაფოდეს პასუხისმგებლობებს? მასაც ფერნანდოს მსგავსად უნდა აფიქრებდეს ეს საკითხი?

რა იგულისხმება „სწრაფვაში“?

ბიბლიაში გამოყენებული ზმნა „ისწრაფვის“, ბერძნულ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს „ხელის გაწვდენას“, „რისამე მიღების ძლიერ წადილს“. შესაძლოა ამ სიტყვის მოსმენაზე თვალწინ დაგიდგეთ ადამიანი, რომელიც ხელს იწვდის ხის ტოტისკენ, რათა სასურველი ნაყოფი მოწყვიტოს და  პირი ჩაიტკბარუნოს. თუმცა „სწრაფვა“ არ ნიშნავს, რომ ეპოტინებოდე ზედამხედველის სტატუსს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ვისაც სწორი მოტივები ამოძრავებს, გულწრფელად სურს, კრებაში „კარგი საქმე“ აკეთოს და მას ნაკლებად აღელვებს სტატუსი.

ბევრი მოთხოვნა, რომელსაც ზედამხედველობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს, 1 ტიმოთეს 3:2—7-ში და ტიტეს 1:5—9-შია ჩაწერილი. ამ მაღალზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით ერთი გამოცდილი უხუცესი, რეიმონდი, ასეთ რამეს ამბობს: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორი ადამიანი ვარ პიროვნულად. მართალია, კრების დამოძღვრა და განსწავლა აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ზედამხედველი არაა ბრალდაუდებელი, ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი, სტუმართმოყვარე და გონიერი“.

ისწრაფეთ და ყოველმხრივ ამოუდექით კრებას მხარში

ძმა, რომელიც მართებული მოტივით ისწრაფვის კრებაში პასუხისმგებლობის მიღებისკენ, ყველაფერში პატიოსნად იქცევა და უწმინდურებაში ვერავინ დასდებს ბრალს. იგი ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი და გონიერია. სწორედ ამიტომ მისი კრების წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ის სათანადოდ უხელმძღვანელებს მათ და სირთულეების პირისპირაც მხარში ამოუდგება. იგი სტუმართმოყვარეცაა, რითაც ამხნევებს ახალგაზრდებს და რწმენას უმტკიცებს ახალმონათლულთ. ვინაიდან ის კარგი საქმეების მოშურნეა, გვერდში უდგას და ანუგეშებს ჯანმრთელობაშერყეულებსა თუ ხანდაზმულებს. ქრისტიანი ასე იმიტომ კი არ ირჯება, რომ პასუხისმგებლობა მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად აღელვებს სხვების კეთილდღეობა. *

მართალია, უხუცესთა საბჭო დიდი სიამოვნებით თანამშრომლობს ძმებთან, არ იშურებს მათთვის რჩევა-დარიგებასა თუ გამამხნევებელ სიტყვებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ძმა, რომელიც პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვის, თავად უნდა აკმაყოფილებდეს ბიბლიურ მოთხოვნებს. ჰენრი, ერთი ზედამხედველი, თავისი გამოცდილებიდან გვიზიარებს: „თუ პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვი, ნუ დაიშურებ ძალას, შეესაბამებოდე ბიბლიურ მოთხოვნებს“. შემდეგ მას ეკლესიასტეს 9:10-ში მოცემული აზრი მოჰყავს: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“. ბოლოს კი დასძენს: „უხუცესებმა რაც არ უნდა დაგავალონ, ეცადე, დავალებას საუკეთესოდ გაართვა თავი. შეიყვარე ნებისმიერი საქმე, რასაც კრებაში განდობენ — თუნდაც, იატაკის მოწმენდა. გახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან, შრომა დაგიფასდება“. თუ მიზნად გაქვს დასახული, რომ უხუცესად იმსახურო, დღესვე იყავი მუყაითი და სანდო; პირნათლად შეასრულე ყველა საქმე,  რაც წმინდა მსახურებას უკავშირდება. იყავი თავმდაბალი და მოიცილე ამბიციები (მათ. 23:8—12).

უკუაგდეთ არასწორი აზროვნება და მოიქეცით სწორად

ზოგ ძმას, ვინც პასუხისმგებლობის მიღებისკენ ისწრაფვის, შესაძლოა სულმა წასძლიოს და რამენაირად, თუნდაც გადაკვრით, მიანიშნოს კრების უხუცესებს ამის თაობაზე ან გააკეთოს ისეთი რამ, რითაც გავლენას მოახდენდა უხუცესთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ზოგიც უკმაყოფილებას გამოთქვამს, როცა უხუცესი რჩევას აძლევს. ასეთმა ძმებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: ეგოისტური მიზნები მამოძრავებს თუ გულწრფელად მსურს, რომ იეჰოვას ცხვარზე ვიზრუნო?

მას, ვინც პასუხისმგებლობებს ესწრაფვის, არ უნდა დაავიწყდეს კიდევ ერთი ბიბლიური მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უხუცესები. ბიბლია მათ მოუწოდებთ: „მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:1—3). ძმა, რომელიც კრებისთვის სამაგალითოა, ყველანაირად ცდილობს, არ განუვითარდეს მზაკვრული აზროვნება და არაფერი გააკეთოს თვალთმაქცურად. მას მოთმინება არასდროს ღალატობს, იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა. თუმცა უხუცესობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი სასწაულებრივად შეიცვლება და მას თავს აღარ შეახსენებს ადამიანური სისუსტეები (რიცხ. 12:3; ფსალმ. 106:32, 33). ერთიცაა: შესაძლოა ძმამ არაფერი იცოდეს ისეთი, რაც მის წინააღმდეგ მოწმობს, მაგრამ თანაქრისტიანები მასზე განსხვავებულად ფიქრობდნენ (1 კორ. 4:4). ამიტომ, თუ უხუცესები დახმარების მიზნით ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას გაძლევენ, ყოველმხრივ ეცადეთ, რომ გაღიზიანების გარეშე, გულისყურით მოუსმინოთ მათ და გამოიყენოთ მიღებული რჩევა.

თუ დიდხანს გიწევთ ლოდინი

ზოგ ძმას შესაძლოა მოცდა მოუწიოს და მისი გადასახედიდან ლოდინს ბოლო არ უჩანდეს. თუ უკვე არაერთი წელია, რაც „ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვით“, დროდადრო მოთმინება ხომ არ გღალატობთ? თუ ასეა, ყურადღება მიაქციეთ, რა წერია ბიბლიაში: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, ასრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა“ (იგავ. 13:12).

თუ ადამიანს სანუკვარი მიზანი მიუღწევლად ეჩვენება, შეიძლება გული გაუტყდეს. სწორედ ასე გრძნობდა თავს აბრაამი. მას იეჰოვა დაჰპირდა, რომ ძეს მისცემდა; მაგრამ წელი წელს მისდევდა და მას და მის მეუღლეს, სარას, შვილი არ უჩნდებოდათ (დაბ. 12:1—3, 7). ერთხელ ხანში შესულმა აბრაამმა ღმერთს შეღაღადა: „უზენაესო უფალო იეჰოვა, რას მომცემ? შვილი არა მყავს . . . არ მოგიცია ჩემთვის შთამომავალი“. ღმერთმა კი აბრაამი დაარწმუნა, რომ მისი სიტყვა არ გაცუდდებოდა და მას ვაჟი აუცილებლად ეყოლებოდა. მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმიდან, სულ მცირე, 14 წლის მანძილზე იგი უშვილო იყო (დაბ. 15:2—4; 16:16; 21:5).

საინტერესოა, ხომ არ დაკარგა აბრაამმა სიხარული იეჰოვას მსახურებაში ხანგრძლივი მოლოდინის გამო? არავითარ შემთხვევაში. მას ღვთის დაპირებაში არასდროს შეუტანია ეჭვი. ის იმედის თვალით უმზერდა მომავალს და დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი თავის სიტყვას შეასრულებდა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „აბრაამმაც მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები“ (ებრ. 6:15). ბოლოს ყოვლისშემძლე ღმერთმა ეს ერთგული მამაკაცი იმაზე ბევრად მეტად აკურთხა, ვიდრე თავად ოდესმე წარმოიდგენდა. ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია აბრაამისგან?

თუ მთელი გულით გსურთ უხუცესად მსახურება, მაგრამ წლები გადის და არაფერი იცვლება, კვლავაც მიენდეთ იეჰოვას. შეინარჩუნეთ სიხარული მისადმი მსახურებაში. და თუ რატომ, ამას გვიხსნის ძმა უორენი, რომელიც ძალიან ბევრ ძმას დაეხმარა სულიერ ზრდაში.  მოდი, მას მოვუსმინოთ: „დროა საჭირო იმის დასანახად, რომ ძმა ნამდვილად შეესაბამება ამა თუ იმ პასუხისმგებლობას. მისი უნარი თუ განწყობა დროთა განმავლობაში ხდება ცხადი მისივე საქციელიდან და იქიდან, თუ როგორ ართმევს თავს ამა თუ იმ დავალებას. ზოგს მიაჩნია, რომ წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში ერქმევა, თუ მიაღწევს თავის მიზანს და მიიღებს სასურველ პასუხისმგებლობას. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, რაც ადამიანს შესაძლოა იდეაფიქსად ექცეს. თუ იეჰოვას ერთგულად ემსახურებით, სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოთ წარმატებული“.

ერთი ძმა 10 წელზე მეტხანს ელოდა უხუცესად დანიშვნას. იგი გვიზიარებს, თუ რა ისწავლა ბიბლიის წიგნ „ეზეკიელის“ პირველ თავში აღწერილი იეჰოვას ეტლის მაგალითიდან: „იეჰოვა თავის ეტლს, ორგანიზაციას, სასურველი სიჩქარით მართავს. დროის ჩვენეულ აღქმაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ თავად იეჰოვა როგორ უყურებს დროის ფაქტორს. გადამწყვეტი ჩემი სურვილი კი არ იყო, რომ უხუცესად მსახურება მსურდა, არამედ თავად იეჰოვა რას ფიქრობდა, ვინაიდან მან უკეთ იცოდა, რა მჭირდებოდა ყველაზე მეტად“.

თუ იმედოვნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გახდებით ზედამხედველი, დღესვე იზრუნეთ კრების წევრების კეთილდღეობაზე. თუ ფიქრობთ, რომ დრო მიიზლაზნება, დაძლიეთ მოუთმენლობა და თავი ხელში აიყვანეთ. ზემოთ მოხსენიებული რეიმონდი ამბობს: „ამბიცია კმაყოფილებასა და სიხარულს ძირს უთხრის. ის, ვისაც მუდამდღე სახე ჩამოსტირის, საკუთარ თავს იეჰოვას მსახურებით განცდილ სიხარულს ართმევს“. განივითარეთ ღვთის სულის ნაყოფი, განსაკუთრებით, მოთმინება. იკვლიეთ წმინდა წერილები და ამგვარად სულიერად გაკაჟდით. უფრო მეტი დრო დაუთმეთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას. ჩააბით მთელი ოჯახი სულიერ საქმეებში და ოჯახურ თაყვანისცემაში. დატკბით და გაიხარეთ და-ძმებთან ურთიერთობით. რაც უფრო მეტს იღვაწებთ მიზნის მისაღწევად, მით უფრო მეტ სიხარულს პოვებთ ღვთის მსახურებაში.

როდესაც კრებაში პასუხისმგებლობის მისაღებად ძალ-ღონეს არ იშურებთ, ეს შეიძლება ითქვას, რომ ღვთის კურთხევაა. არც იეჰოვას და არც მის ორგანიზაციაში მომსახურე ძმებს არ სურთ, რომ მათ, რომლებიც პასუხისმგებლობის მიღებისკენ ისწრაფვიან, გული გაუტყდეთ და მსახურებაში სიხარული დაკარგონ. ღმერთი თავის მზრუნველობას, მხარდაჭერას და კურთხევებს არ აკლებს მათ, ვინც წრფელი გულით ემსახურება მას. და როგორც ბიბლიაში წერია, ღვთის კურთხევას „თან არ სდევს ტკივილი“ (იგავ. 10:22).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე დიდი ხანია, პასუხისმგებლობის მიღებისკენ ისწრაფვით, კვლავაც შეგიძლიათ, რომ სულიერად გაუმჯობესდეთ. თუ ცდილობთ, გამოიმუშაოთ საჭირო თვისებები, ყველაფერი აკეთოთ კრებაში და ყოველმხრივ გვერდში დაუდგეთ ოჯახს, იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს თქვენს შრომას. დაე, ყოველთვის სიხარული პოვეთ იეჰოვას მსახურებაში, რა პასუხისმგებლობასაც არ უნდა ასრულებდეთ!

^ აბზ. 2 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 8 ამ სტატიაში განხილული რჩევები მათაც მიესადაგება, ვისაც კრებაში მომსახურედ მსახურება სურს. მოთხოვნები, რომელთაც ეს ძმები უნდა შეესაბამებოდნენ, 1 ტიმოთეს 3:8—10, 12, 13-შია ჩაწერილი.