არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2014

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ნიშნავს ფსალმუნის 37:25-ში მოცემული დავითის სიტყვები და მათეს 6:33-ში ჩაწერილი იესოს ნათქვამი იმას, რომ ქრისტიანები არასდროს დარჩებიან ლუკმაპურის გარეშე?

დავითმა დაწერა: „არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“. მან ეს სიტყვები საკუთარი გამოცდილებიდან თქვა. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი თავის მსახურებზე ყოველთვის იზრუნებდა (ფსალმ. 37:25). თუმცა დავითის სიტყვები იმას არ ნიშნავდა, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები არასდროს დარჩებოდნენ ულუკმაპუროდ.

დავითის ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მაგალითად, როცა მეფე საულს გაექცა, ის მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა — მას და მის მეომრებს საკვები შემოაკლდათ. დავითი ახიმელექ მღვდელთან წავიდა და პური სთხოვა (1 სამ. 21:1—6). იმ დროს დავითი ნამდვილად იყო „პურს მონატრებული“. თუმცა მან კარგად უწყოდა, რომ იეჰოვას ის მიტოვებული არ ჰყავდა. ერთი რამ ცხადია: ბიბლიაში არსად წერია, რომ დავითი პურს ხელგაწვდილი ითხოვდა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყო.

მათეს 6:33-ში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ, რომლითაც ის გვარწმუნებს, რომ ღმერთი ყოველთვის დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს, რომლებიც მას ერთგულად ემსახურებიან და მის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებენ. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი [საჭმელ-სასმლისა და ტანისამოსის ჩათვლით] შეგემატებათ“. თუმცა იესომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ დევნების დროს მის „ძმებს“ შესაძლოა ეშიმშილათ კიდეც (მათ. 25:35, 37, 40). ასეთ ვითარებაში არაერთხელ აღმოჩენილა პავლე მოციქული — დროდადრო ის მშიერ-მწყურვალი იყო (2 კორ. 11:27).

იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გვაფრთხილებს, რომ სხვადასხვა სახის დევნებს შევხვდებით. მან შეიძლება დაუშვას, რომ ულუკმაპუროდ დავრჩეთ; ასეთ ვითარებაში ღვთისადმი ერთგულების დამტკიცების საშუალება მოგვეცემა, რითაც ის პასუხს გასცემს ეშმაკის ბრალდებებს (იობ. 2:3—5). მაგალითად, ზოგ ჩვენს თანაქრისტიანს დევნების დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში აუტანელ პირობებში უწევდა ყოფნა; და-ძმებს აშიმშილებდნენ. ამ სასტიკ მეთოდს იმისთვის იყენებდნენ, რომ მოწმეებს თავიანთი უმწიკვლობა დაეთმოთ. ღვთის ეს მსახურები ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ; იეჰოვას ისინი არასოდეს მიუტოვებია. ღმერთმა დაუშვა, რომ მათ ამგვარი განსაცდელები გადაეტანათ; ის დღესაც უშვებს, რომ მისი მსახურები სხვადასხვა სახით გამოიცადონ. თუმცა ერთ რამეში ღრმად ვართ დარწმუნებულნი: იეჰოვა მათ გვერდითაა, ვინც მისი სახელის გამო იტანჯება (1 კორ. 10:13). მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს ფილიპელების 1:29-ში ჩაწერილი სიტყვები: „თქვენ გხვდათ წილად პატივი ქრისტეს გულისთვის, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ იგი, არამედ გეტანჯათ კიდეც მისი გულისთვის“.

იეჰოვა გვპირდება, რომ მუდამ ჩვენ გვერდით იქნება: მაგალითად, ესაიას 54:17 გვაიმედებს: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“. ეს და სხვა მსგავსი დაპირებები იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ღვთის ხალხი, როგორც ჯგუფი, უსაფრთხოდ იქნება. თუმცა ცალკეული ქრისტიანი შესაძლოა განსაცდელებს შეხვდეს და ეს განსაცდელი მას სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს.