წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2014

კვლავაც განამტკიცეთ ძმები!

კვლავაც განამტკიცეთ ძმები!

ქრისტეს უარყოფის შემდეგ პეტრე მწარედ ატირდა. ალბათ, მას თავად უწევდა ბრძოლა სულიერი წონასწორობის აღსადგენად, მაგრამ იესოს სურდა, რომ იგი სხვების დასახმარებლად გამოეყენებინა. სწორედ ამიტომ უთხრა იესომ პეტრეს თავის დროზე: „როცა შემობრუნდები, განამტკიცე შენი ძმები“ (ლუკ. 22:32, 54—62). მართლაც, პეტრე პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთ-ერთ ბურჯად იქცა (გალ. 2:9). მსგავსადვე, იმ მამაკაცებს, რომლებიც ერთ დროს უხუცესებად მსახურობდნენ, შეუძლიათ ისევ ისწრაფონ ამ პასუხისმგებლობისკენ, რათა კვლავ პოვონ სიხარული თანაქრისტიანების გამხნევების საქმეში.

ვინც ერთ დროს ზედამხედველად მსახურობდა, შესაძლოა მას უღირსობის გრძნობა დაეუფლოს. ბოლივიელი ხულიო *, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხუცესი იყო, თავის გულისტკივილს გვიზიარებს: „როცა უხუცესი ვიყავი, ვამზადებდი მოხსენებებს, ვინახულებდი ძმებს, ვზრუნავდი სამწყსოზე და ამ ყველაფერს დროის დიდ ნაწილს ვუთმობდი. მაგრამ, როცა მოულოდნელად უხუცესობა დავკარგე, სიცარიელის გრძნობა დამეუფლა! გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო“. დღეს ხულიო კვლავ უხუცესია.

„სიხარულით შეხვდით“

მოციქულმა იაკობმა დაწერა: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით“ (იაკ. 1:2). იაკობი იმ განსაცდელებზე საუბრობდა, რომლებსაც არასრულყოფილებისა თუ დევნის გამო ვხვდებით. მან განსაცდელების გამომწვევ სხვა მიზეზებზეც ისაუბრა. მაგალითად, ეგოისტურ სურვილებზე, მიკერძოებასა და ასე შემდეგ (იაკ. 1:14; 2:1; 4:1, 2, 11). იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები შესაძლოა მტკივნეული იყოს (ებრ. 12:11). თუმცა ამან სიხარული არ უნდა წაგვართვას.

თუ პასუხისმგებლობა დაკარგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ გულწრფელად გიყვართ იეჰოვა და ნამდვილად  გაქვთ რწმენა. კარგი იქნება, დაფიქრდეთ იმ მიზეზებზეც, თუ რის გამო ემსახურებით ღმერთს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვმსახურობდი უხუცესად, პირადი გამორჩენის მიზნით თუ იმიტომ, რომ იეჰოვა მიყვარდა და მესმოდა, რომ კრება მის საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც უხუცესების მხრიდან სათუთ მოვლასა და მწყემსვას საჭიროებს? (საქ. 20:28—30). ყოფილი უხუცესები, რომლებიც სიხარულით აგრძელებენ წმინდა მსახურებას, უმტკიცებენ ყველას და უპირველეს ყოვლისა სატანას, რომ მათ წრფელი გულით უყვართ იეჰოვა.

როდესაც სერიოზული ცოდვების ჩადენის შემდეგ იეჰოვამ მეფე დავითი შეაგონა, მან მიიღო შეგონება და ღმერთმაც აპატია დანაშაული. დავითი ასე უმღეროდა იეჰოვას: „ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც სიცრუე არ არის“ (ფსალმ. 32:1, 2). უდავოდ, ღვთის აღმზრდელობითი ზომების წყალობით დავითი ღვთის ხალხის უკეთესი მწყემსი გახდა.

ის ძმები, რომლებიც ხელახლა ინიშნებიან უხუცესებად, ხშირად იმაზე უკეთესი მწყემსები ხდებიან, ვიდრე უწინ იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ასეთ რამეს გვეუბნება: «ახლა უკეთ ვიცი, როგორ ვიზრუნო „ცხვარზე“, რომელმაც შესცოდა». სხვა უხუცესი კი ამბობს: „დღეს უფრო ვაფასებ იმ დიდ პატივს, რომ ჩემს ძმებს ვემსახურები“.

კვლავ ისწრაფეთ უხუცესობისკენ

ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „[იეჰოვა] მუდმივად არ დაგდებს ბრალს“ (ფსალმ. 103:9). მაშასადამე, ნურასდროს იფიქრებთ, რომ ღვთის თვალში ერთხელ და სამუდამოდ კარგავს ნდობას ადამიანი, რომელიც სერიოზულ ცოდვას სჩადის. რიკარდო, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში მსახურობდა უხუცესად, ამბობს: „თავს ვერ ვპატიობდი იმას, რაც დამემართა. წლების მანძილზე მტანჯავდა უღირსობის გრძნობა, რაც ხელს მიშლიდა, რომ კვლავ ზედამხედველად მემსახურა. თვითრწმენა მაკლდა და მეგონა, რომ დაკარგულ ნდობას ვეღარასდროს დავიბრუნებდი. თუმცა ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა, როცა სხვებს ვეხმარებოდი, ბიბლიის შესწავლებს ვატარებდი, კრებაში ძმებს ვამხნევებდი და მათთან ერთად ვქადაგებდი, რამაც საბოლოოდ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. დღეს ისევ უხუცესად ვმსახურობ“.

იეჰოვამ უამრავ მამაკაცს განუახლა სიხარული და გაუღვივა იმის სურვილი, რომ კვლავაც დაემწყემსათ კრება

თუ ძმა გულში წყენას ჩაიტოვებს, ეს მას უხუცესად მსახურებაში ხელს შეუშლის. ჩვენთვის მართლაც მისაბაძი მაგალითია იეჰოვას მსახური დავითი, რომელიც  შურიან მეფე საულს გაურბოდა. მას საულისთვის არც მაშინ გადაუხდია სამაგიერო, როცა საამისოდ ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა (1 სამ. 24:4—7; 26:8—12). როდესაც საული ბრძოლის ველზე დაეცა, დავითმა ის ცხარე ცრემლით დაიტირა. მან საულსა და მის ძეს, იონათანს, „საყვარელნი და ძვირფასნი“ უწოდა (2 სამ. 1:21—23). აშკარაა, დავითი გულით ბოღმას არ დაატარებდა.

თუ გაუგებრობის ან უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდებით, არ დაუშვათ, რომ წყენამ საღი აზრი დაგიბინდოთ. მაგალითად, ერთი ბრიტანელი ძმა, უილიამი, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მსახურობდა უხუცესად. პასუხისმგებლობის დაკარგვის შემდეგ იგი რამდენიმე უხუცესს გაუნაწყენდა. რა დაეხმარა მას სულიერი წონასწორობის აღდგენაში? იგი გვიყვება: «ბიბლიის წიგნმა „იობმა“ ძალიან გამამხნევა. თუ იეჰოვა იობს დაეხმარა, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა თავის სამ მეგობართან, მეც დამეხმარებოდა, რომ მშვიდობა აღმედგინა იმ უხუცესებთან, რომლებზეც გულმოსული ვიყავი» (იობ. 42:7—9).

ხელახლა დანიშნულ უხუცესებს იეჰოვა აკურთხებს

თუ თავად თქვით უარი უხუცესად მსახურებაზე, კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე. პირადმა პრობლემებმა ხომ არა? რაიმემ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ხომ არ დაიკავა თქვენს ცხოვრებაში? ან იქნებ სხვების შეცდომების გამო აგიცრუვდათ გული? იმისდა მიუხედავად, თუ რატომ თქვით უარი უხუცესობაზე, ერთი რამ გახსოვდეთ: როცა უხუცესი იყავით, თქვენ მრავალმხრივ ეხმარებოდით და-ძმებს. თქვენი სამაგალითო საქციელი, წაკითხული მოხსენებები თუ სამწყემსო მონახულებები ბევრს მხნეობას მატებდა განსაცდელების პირისპირ. ერთი რამ დღესავით ნათელია: როდესაც იეჰოვას „ცხვარს მწყემსავდით“, ამით მასაც უხარებდით გულს და თავადაც ხარობდით (იგავ. 27:11).

დაუმტკიცეთ იეჰოვას, რომ გიყვართ და სიხარულით შეუსრულეთ წმინდა მსახურება!

იეჰოვამ უამრავ მამაკაცს განუახლა სიხარული და გაუღვივა იმის სურვილი, რომ კვლავაც დაემწყემსათ კრება. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითონ თქვით უარი უხუცესობაზე, თუ სხვა მიზეზით აღარ ხართ დღეს უხუცესი, შეგიძლიათ კვლავაც ისწრაფოთ ზედამხედველად მსახურებისკენ (1 ტიმ. 3:1). პავლეს არ შეუწყვეტია კოლოსელი ქრისტიანებისთვის ლოცვა, რომ მიეღოთ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, რათა იეჰოვას ღირსად ევლოთ და ყველაფერში ესიამოვნებინათ მისთვის (კოლ. 1:9, 10). თუ უხუცესად მსახურების პატივი კვლავ გხვდათ წილად, სთხოვეთ იეჰოვას, რომ მოგცეთ ძალა, მოთმინება და სიხარული. ამ ბოლო დღეებში, ღვთის ხალხს მოსიყვარულე სულიერი მწყემსების მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ. გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ მხარში ამოუდგეთ და ემსახუროთ და-ძმებს?

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.