წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2014

იხელმძღვანელეთ ღვთის ცოცხალი სიტყვით!

იხელმძღვანელეთ ღვთის ცოცხალი სიტყვით!

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრ. 4:12).

1, 2. რა დავალება მიიღო მოსემ იეჰოვასგან და რაში დაარწმუნა იგი ღმერთმა?

წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლევამოსილი მმართველის წინაშე წარსდექით და ღვთის ხალხის სახელით უნდა ილაპარაკოთ. შეიძლება დაზაფრული ხართ; ფიქრობთ, რომ დავალებას ღირსეულად ვერ გაართმევთ თავს. ალბათ, თქვენ, როგორც ყოვლისშემძლე ღვთის წარმომადგენელი, ბევრს იფიქრებდით იმაზე, თუ როგორ დაალაგებდით სათქმელს და როგორ შესძენდით თქვენს სიტყვებს მეტ დამაჯერებლობას.

2 ზუსტად ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა მოსე. იეჰოვამ მოსე, „უთვინიერესი კაცი . . . მთელი დედამიწის ზურგზე“, ფარაონთან გაგზავნა, რათა თავისი ხალხი ეგვიპტელთა ჩაგვრისა და მონობისგან დაეხსნა (რიცხ. 12:3). მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ ფარაონი უკმეხი და ქედმაღალი მმართველი იყო (გამ. 5:1, 2). ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მოსე სწორედ ასეთი ამპარტავანი მმართველის წინაშე უნდა წარმდგარიყო და ეთქვა, რომ დაახლოებით სამი მილიონი მონა გაეთავისუფლებინა და ეგვიპტიდან გაეშვა. ამ ფონზე მეტად ბუნებრივად ჟღერს კითხვა, რომელიც მოსემ იეჰოვას დაუსვა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელის ძეები გამოვიყვანო?!“. მას მიღებული დავალებისთვის თავი შეუფერებლად მიაჩნდა, მაგრამ ღმერთმა დაარწმუნა, რომ მხარში ამოუდგებოდა და მიუგო: „მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:9—12).

3, 4. ა) რის ეშინოდა მოსეს? ბ) როდის შეიძლება აღმოჩნდეთ მოსეს მსგავს მდგომარეობაში?

3 რის ეშინოდა მოსეს? შესაძლოა იმის, რომ მას, იეჰოვას წარმომადგენელს,  ფარაონი არ მიიღებდა და არ მოუსმენდა. იგი იმასაც შიშობდა, დაიჯერებდა თუ არა მისი ხალხი, რომ იეჰოვას მიერ დანიშნული წინამძღოლი იყო, რომელსაც ეგვიპტელთა მონობიდან უნდა დაეხსნა ისინი. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ჰკითხა მოსემ იეჰოვას: „დავუშვათ, არ დამიჯერეს, არ მოუსმინეს ჩემს ხმას და თქვეს, არ გამოგცხადებიაო იეჰოვა“? (გამ. 3:15—18; 4:1).

4 იეჰოვას მიერ მოსესთვის გაცემული პასუხი და შემდგომ განვითარებული მოვლენები მეტად მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასდროს გვისაუბრია, მაგრამ მაშინაც ხომ არ ვიძაბებით, როცა უბრალო ადამიანებს ვესაუბრებით ღმერთსა და მის სამეფოზე? თუ ასეა, ქვემოთ ვიმსჯელებთ მოსეს მაგალითზე, რომლიდანაც ბევრ რამეს ვისწავლით.

„რა გიჭირავს ხელში?“

5. რის მტკიცებულება ეპყრა მოსეს ხელთ და როგორ შეჰმატებდა ეს მეტ თავდაჯერებას? (იხილეთ სურათი მე-11 გვერდზე)

5 როდესაც მოსემ თავისი შიში ღმერთს გაანდო, ღმერთმა მხარდაჭერა აღუთქვა. წიგნ „გამოსვლაში“ ვკითხულობთ, თუ როგორ მოამზადა მან მოსე სირთულეებთან გასამკლავებლად: «იეჰოვამ ჰკითხა: „რა გიჭირავს ხელში?“ მან მიუგო: „ჯოხი“. შემდეგ უთხრა: „დააგდე მიწაზე“. მანაც დააგდო მიწაზე და ჯოხი გველად გადაიქცა; გაექცა მას მოსე. უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გაიწოდე ხელი და კუდზე წაავლე“. მანაც გაიწოდა ხელი, წაავლო და ისევ ჯოხად გადაიქცა მის ხელში». შემდეგ ღმერთმა უთხრა: „რათა დაიჯერონ, რომ იეჰოვა . . . გამოგეცხადა“ (გამ. 4:2—5). ახლა უკვე მოსეს ხელთ ეპყრა იმის მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად ღვთის წარმომადგენელი იყო — უსიცოცხლო ჯოხი ღვთის ძალით გაცოცხლდა! წარმოიდგინეთ, რამხელა დამაჯერებლობას შესძენდა მოსეს სიტყვებს ეს სასწაული! მართლაც, არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ მოსეს ძალა იეჰოვასგან ჰქონდა, რომელმაც უთხრა: „ეს ჯოხი შენ გეჭირება, რომ ნიშნები მოახდინო“ (გამ. 4:17). ახლა, როცა მოსეს ღვთის ძალის ერთგვარი დასტური ხელთ ეპყრა, შეეძლო სრული თავდაჯერებით წარმდგარიყო თავისი ხალხისა და ფარაონის წინაშე, როგორც ჭეშმარიტი ღვთის ღირსეული წარმომადგენელი (გამ. 4:29—31; 7:8—13).

6. ა) რა უნდა გვქონდეს ხელთ მომარჯვებული ქადაგების დროს და რატომ? ბ) რა მხრივ არის „ღვთის სიტყვა . . . ცოცხალი“ და „მოქმედი“? ახსენით.

6 როდესაც მსახურებაში სხვებს ბიბლიურ ცნობას ვუზიარებთ, წამოიჭრება შეკითხვა: ჩვენ რა გვიჭირავს ხელში? ქადაგების დროს ხშირად შესაძლოა ბიბლია გვქონდეს ხელთ მომარჯვებული. მართალია, ზოგისთვის ის შეიძლება ერთი ჩვეულებრივი წიგნია და მეტი არაფერი, მაგრამ ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გვესაუბრება (2 პეტ. 1:21). მასში ჩაწერილია ღვთის დანაპირები იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე მისი სამეფოს მმართველობის დროს. სწორედ ამიტომ დაწერა პავლე მოციქულმა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (წაიკითხეთ ებრაელების 4:12). იეჰოვას არც ერთი დაპირება არ რჩება დაპირებად — იგი დღესაც ასრულებს თავის სიტყვას და სამომავლოდაც შეასრულებს (ეს. 46:10; 55:11). როდესაც ადამიანი საკუთარი თვალით ხედავს ამ ყველაფერს, ბიბლია მის შემთხვევაშიც „მოქმედი“ ხდება და ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

7. როგორ გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა სწორად?

7 დიახ, იეჰოვამ გვიბოძა თავისი „ცოცხალი სიტყვა“, რითაც ვადასტურებთ, რომ ჩვენი ცნობა სარწმუნოა და მისგან მომდინარეობს. ამიტომ არაა გასაკვირი, ებრაელებისთვის მიწერილი წერილის შემდეგ, რატომ მოუწოდა პავლემ თავის სულიერ შვილს, ტიმოთეს, რომ ყველაფერი ეღონა, რათა სწორად გადაეცა ჭეშმარიტების სიტყვა (2 ტიმ. 2:15). ჩვენ როგორ გავითვალისწინოთ პავლეს რჩევა? კარგი იქნება, თუ მსმენელებს ქადაგების დროს საგულდაგულოდ შერჩეულ ბიბლიურ მუხლებს წავუკითხავთ, რომლებიც ღრმად ჩასწვდება მათ გულს. სწორედ ამაში დაგვეხმარება 2013 წელს გამოცემული ბუკლეტები.

წაუკითხეთ საგულდაგულოდ შერჩეული მუხლები

8. რაში დაარწმუნა ერთი სამსახურებრივი ზედამხედველი საკუთარმა გამოცდილებამ?

8 ყველა ახალი ბუკლეტი ერთი და იმავე სტილითაა შედგენილი. ასე რომ, თუ ერთ-ერთის გამოყენებას ვისწავლით, გვეცოდინება,  როგორ გამოვიყენოთ სხვებიც. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადვილია ამ ბუკლეტებით მსახურება? ჰავაიზე (აშშ) მცხოვრებმა ერთმა სამსახურებრივმა ზედამხედველმა თქვა: „თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რამხელა სამსახურს გაგვიწევდა ახალი ბუკლეტები კარდაკარ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისას“. ეს ძმა პირადმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ბუკლეტების შინაარსი ადამიანებს სასაუბროდ განაწყობს და ხშირად სასიამოვნო დიალოგის წარმართვასაც უწყობს ხელს. მისი აზრით, ასეთ წარმატებას ის განაპირობებს, რომ ბუკლეტის პირველსავე გვერდზე მოცემულია კითხვა რამდენიმე სავარაუდო პასუხით. აქედან გამომდინარე, მობინადრე ნაკლებად იძაბება, რა პასუხი გაგვცეს და სავარაუდო ვარიანტებიდან ერთ-ერთს არჩევს.

9, 10. ა) როგორ გვეხმარება თითოეული ბუკლეტი, რომ მსახურებაში ბიბლია გამოვიყენოთ? ბ) პირადად თქვენ, რომელ ბუკლეტს ავრცელებთ ყველაზე ხშირად და როგორ ფიქრობთ, რატომ?

9 თითოეული ბუკლეტი ისეა შედგენილი, რომ მობინადრეს მასში მოყვანილი საგულდაგულოდ შერჩეული ბიბლიური მუხლები წავუკითხოთ. მაგალითისთვის, მიმოვიხილოთ ბუკლეტი „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“. იმისდა მიუხედავად, რომელ სავარაუდო ვარიანტს აირჩევს მობინადრე — „დიახ“, „არა“ თუ „შესაძლოა“ — გადაუშალეთ ბუკლეტი და ყოველგვარი კომენტარის გარეშე უჩვენეთ მარცხენა ზედა კიდეში მოცემული ფრაზა: „ბიბლიაში წერია“; შემდეგ წაუკითხეთ გამოცხადების 21:3, 4 მუხლები.

10 მსგავსადვე უნდა შევთავაზოთ ბუკლეტი „რა არის თქვენთვის ბიბლია?“. მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ მოცემული პასუხებიდან რომელს აირჩევს მობინადრე. გადაუშალეთ ბუკლეტი და წაუკითხეთ «ბიბლიაში წერია: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“». და უთხარით: „ეს მხოლოდ ნაწყვეტია ბიბლიური მუხლიდან“. შემდეგ გადაუშალეთ ბიბლია და სრულად ამოუკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16, 17.

11, 12. ა) რა გვგვრის კმაყოფილებას მსახურებაში? ბ) როგორ გვეხმარება ბუკლეტები, რომ მოვემზადოთ განმეორებითი მონახულებებისთვის?

11 მობინადრის რეაქცია მიგახვედრებთ, რა რაოდენობის ინფორმაცია უნდა განიხილოთ მასთან ბუკლეტიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილებას მოგგვრით, რომ პირველივე შეხვედრისას მას ბუკლეტიც დაუტოვეთ და ბიბლიური მუხლებიც წაუკითხეთ; თუნდაც ერთი ან ორი. განმეორებით მისვლისას კი შეგიძლიათ განაგრძოთ წამოწყებული საუბარი.

12 მონახულების დროს შეგიძლიათ იმსჯელოთ ბუკლეტის უკანა გვერდზე მოცემული სიტყვის, „დაფიქრდით“, ქვეშ მოყვანილ კითხვასა და ბიბლიურ მუხლებზე. ბუკლეტის, „როგორი მომავალი გველის?“, უკანა გვერდზე დასმულია კითხვა „როგორ შეცვლის ღმერთი  მსოფლიოს უკეთესობისკენ?“ და მოყვანილია მუხლები: მათეს 6:9, 10 და დანიელის 2:44; ხოლო ბუკლეტის, „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“, ბოლო გვერდზე მოცემულია კითხვა „რატომ ვბერდებით და ვკვდებით?“ და ბიბლიური მუხლები: დაბადების 3:17—19 და რომაელების 5:12.

13. ახსენით, როგორ გამოვიყენოთ ბუკლეტები, რომ ბიბლიის შესწავლებს ჩავუყაროთ საფუძველი.

13 ბუკლეტების დახმარებით საფუძველი ჩაუყარეთ ბიბლიის შესწავლებს. როდესაც დაინტერესებული პირი ბუკლეტის უკანა გვერდზე დატანილ QR (სწრაფი რეაგირების) კოდს ასკანირებს, იგი ავტომატურად გადამისამართდება ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის მასალაზე. ეს მას აღძრავს, რომ იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლოს ბიბლია. თითოეულ ბუკლეტში ყურადღება მახვილდება ბროშურაზე „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ და მითითებულია კონკრეტული გაკვეთილი, რომელიც შესაბამის საკითხზე საუბრობს. მაგალითად, ბუკლეტის, „ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?“, ბოლო გვერდზე მითითებულია მე-5 გაკვეთილი ამ ბროშურიდან; ხოლო ბუკლეტის, „რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის?“, უკანა გვერდზე ყურადღება მახვილდება მე-9 გაკვეთილზე. თუ ბუკლეტებს დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ, ჩვენ ყოველთვის ბიბლიით ვიხელმძღვანელებთ, მობინადრესთან პირველი ვიზიტისა თუ განმეორებითი მონახულების დროს. შედეგად, მეტ ადამიანთან დავიწყებთ ბიბლიის შესწავლას. როგორ ფიქრობთ, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ღვთის სიტყვა დახელოვნებულად გამოვიყენოთ მსახურებაში?

ისაუბრეთ საჭირბოროტო საკითხებზე

14, 15. როგორ შეგვიძლია, მსახურებისადმი ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც პავლეს ჰქონდა?

14 პავლეს გულწრფელად სურდა, რომ „რაც შეიძლება მეტი“ ადამიანისთვის ექადაგა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:19—23). ყურადღება მიაქციეთ, პავლე იმედოვნებდა, რომ შეიძენდა იუდეველებს, კანონს დაქვემდებარებულებს, კანონის უქონელთ და სუსტებს. დიახ, მას უნდოდა, რომ ყველასათვის ყველაფერი გამხდარიყო, რათა ეხსნა ზოგიერთი (საქ. 20:21). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ „ყველანაირ ადამიანს“ გავუზიაროთ ჭეშმარიტება? (1 ტიმ. 2:3, 4).

15 ყოველთვიურად, „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ იბეჭდება შეთავაზებების ნიმუშები. გამოიყენეთ ისინი მსახურებაში. მაგრამ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენს ტერიტორიაზე ხალხს სხვა საკითხები უფრო აინტერესებს, თავად მოიფიქრეთ შეთავაზებები. დაფიქრდით იმაზეც, თუ რა პირობებში უწევს თქვენს გარშემომყოფთ ცხოვრება და რა არის მათი მთავარი საზრუნავი. შემდეგ მოიფიქრეთ, რომელი ბიბლიური მუხლი გაამხნევებდა მათ ყველაზე მეტად. ერთი სარაიონო ზედამხედველი გვიზიარებს, თუ როგორ იყენებენ ის და მისი მეუღლე მსახურებაში ბიბლიას: „როგორც წესი, მობინადრეები ერთი ბიბლიური მუხლის ამოკითხვას მაინც გვაცლიან, როცა სათქმელს პირდაპირ და მოკლედ ვეუბნებით. ბიბლია გადაშლილი გვაქვს და მისალმების შემდეგ ვუკითხავთ საჭირო მუხლს“. მაშ, მიმოვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, ბიბლიური მუხლი და კითხვა, რომელსაც ბევრი მაუწყებელი წარმატებით იყენებს ქადაგებისას. დროში ნაცადი მეთოდები შეიძლება თქვენთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს.

ოსტატურად იყენებთ ბიბლიასა და ბუკლეტებს მსახურებაში? (იხილეთ 8—13 აბზაცები)

16. როგორ შეიძლება ესაიას 14:7-ის გამოყენება მსახურებაში? ახსენით.

16 თუ კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც ხალხი მშვიდობას ნატრობს, შეგიძლიათ მობინადრეს ჰკითხოთ: «წარმოგიდგენიათ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც „ახალ ამბებში“ ასეთი განცხადება მოისმინოთ: „მოისვენა მთელმა დედამიწამ და დაწყნარდა. ხალხი გამხიარულდა და სიხარულით აყიჟინდა“? სწორედ ამის შესახებაა საუბარი ბიბლიაში, კერძოდ, ესაიას 14:7-ში. იცით, ღვთის სიტყვაში სხვა უამრავი დაპირებაცაა ჩაწერილი იმის თაობაზე, რომ მომავალში ყველგან მშვიდობა გამეფდება». ამის შემდეგ შეგიძლიათ მას ბიბლიიდან ერთ-ერთი ასეთი დაპირება ამოუკითხოთ.

17. როგორ შეგიძლიათ მსახურებაში გამოიყენოთ მათეს 5:3?

17 თუ ისეთ მხარეში ცხოვრობთ, სადაც მამაკაცთა უმრავლესობა წელებზე ფეხს იდგამს ოჯახის სარჩენად, მათთან საუბარი შესაძლოა ასეთი კითხვით წამოიწყოთ: „როგორ ფიქრობთ, რა რაოდენობის თანხა უნდა გამოიმუშაოს კაცმა  იმისათვის, რომ ოჯახის თითოეული წევრი ბედნიერი იყოს?“. დაელოდეთ მის პასუხს და შემდეგ უთხარით: „ბევრი ოჯახისთავი ამაზე გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ მისი ოჯახის წევრები მაინც უკმაყოფილონი არიან. ისმის კითხვა: რა არის ნამდვილი ბედნიერების წყარო?“. ბოლოს ამოუკითხეთ მათეს 5:3 და შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა.

18. როგორ შეგვიძლია სხვები იერემიას 29:11-ში ჩაწერილი სიტყვებით გავამხნეოთ?

18 თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ხალხი დამწუხრებულია ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიის გამო, შეგიძლიათ მობინადრესთან საუბარი ასე დაიწყოთ: «თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ მანუგეშებელი ცნობა გაგიზიაროთ (წაიკითხეთ იერემიას 29:11). ხედავთ, რა სურს ღმერთს ჩვენთვის? როგორც ამოვიკითხეთ, იგი „მშვიდობას იზრახავს“ ჩვენთვის და უნდა, რომ გვქონდეს „მომავალი და იმედი“. ნუთუ არ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ ღმერთს სურს, ბედნიერები ვიყოთ? მაგრამ, რამდენად რეალურია ეს?». ბოლოს შეგიძლიათ მისი ყურადღება მიმართოთ ბროშურაში, „სასიხარულო ცნობა“, მოცემულ შესაბამის გაკვეთილზე.

19. ახსენით, როგორ შეიძლება გამოცხადების 14:6, 7-ის გამოყენება მორწმუნეებთან საუბრის დროს.

19 თუ ისეთ გარემოში ცხოვრობთ, სადაც ხალხი მორწმუნეა და რელიგიური საკითხები აინტერესებს, შეგიძლიათ მობინადრე დიალოგში ასეთი კითხვით ჩააბათ: «ანგელოზი რომ დაგლაპარაკებოდათ, მოუსმენდით? (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7). თუ იგი მოგიწოდებდათ, „გეშინოდეთ ღვთისა“, ნუთუ არ გაარკვევდით, რომელ ღმერთს გულისხმობდა? და მით უმეტეს, თუ გეტყოდათ, რომ „ცისა და დედამიწის . . . შემქმნელი“ ჰყავდა მხედველობაში, განა არ დაინტერესდებოდით მისი ვინაობით?». შემდეგ შეგიძლიათ წაუკითხოთ ბიბლიიდან ფსალმუნის 124:8, სადაც წერია: „ჩვენი შველა იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის, სახელშია“. ბოლოს კი შესთავაზეთ, რომ იეჰოვა ღმერთის გაცნობაში დაეხმარებით.

20. ა) როგორ შეგვიძლია იგავების 30:24-ის მეშვეობით ღვთის სახელი გავაგებინოთ ადამიანებს? ბ) არის ისეთი მუხლი, რომელსაც წარმატებით იყენებთ მსახურებაში?

20 ახალგაზრდასთან საუბარი შეგიძლიათ ამგვარად წამოიწყოთ: „ერთ ბიბლიურ მუხლს წაგიკითხავთ, სადაც მეტად მნიშვნელოვანი კითხვაა დასმული (წაიკითხეთ იგავების 30:4). ალბათ, დამეთანხმებით, რომ მუხლში მოცემულ აღწერილობას არც ერთი ადამიანი არ შევესაბამებით. გამოდის, რომ აქ შემოქმედზეა საუბარი. * როგორ უნდა გავიგოთ მისი სახელი? სიამოვნებით გიჩვენებთ მის სახელს ბიბლიაში“.

მსახურებაში ღვთის სიტყვამ გაგაძლიეროთ!

21, 22. ა) როგორ შეიძლება საგულდაგულოდ შერჩეულმა ბიბლიურმა მუხლებმა შეცვალოს ადამიანის ცხოვრება? ბ) რით უნდა იხელმძღვანელოთ მსახურებაში?

21 საგულდაგულოდ შერჩეული ბიბლიური მუხლები შესაძლოა მართლაც გულის სიღრმემდე ჩასწვდეს ადამიანს. მოვიყვანოთ ერთი შემთხვევა. ავსტრალიაში ორი იეჰოვას მოწმე კარდაკარ მსახურებისას ერთ ახალგაზრდა ქალს შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა მას ჰკითხა: „იცით ღვთის სახელი?“. შემდეგ ამოუკითხა ბიბლიიდან ფსალმუნის 83:18. ეს ქალბატონი იხსენებს: „სახტად დავრჩი. მოწმეების წასვლისთანავე 56 კილომეტრით დაშორებულ წიგნის მაღაზიას მივაშურე, რათა ბიბლიის სხვა თარგმანებიც გადამემოწმებინა. შემდეგ ლექსიკონში მოვიძიე ღვთის სახელი. როცა დავრწმუნდი, რომ იეჰოვას მოწმეების ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა და ღმერთს მართლა იეჰოვა ერქვა, კითხვა გამიჩნდა, კიდევ რა იყო ისეთი, რაც არ ვიცოდი“. ამ შემთხვევიდან მალევე ამ ქალმა და მისმა საქმრომ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს; ცოტა ხანში ისინი მოინათლნენ.

22 ღვთის სიტყვა უკეთესობისკენ ცვლის მათ ცხოვრებას, ვინც კითხულობს მას და რწმენით ელის ღვთის დაპირებების შესრულებას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13). რაც არ უნდა ვუთხრათ ადამიანებს, ჩვენი ნათქვამი ახლოსაც კი ვერ მივა ბიბლიურ ცნობასთან, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია ადამიანის გულამდე მისაღწევად! ამიტომ მოდი, ყოველთვის გამოვიყენოთ ყველა ხელსაყრელი შემთხვევა, რომ დავამოწმოთ ბიბლიიდან, რომელიც „ცოცხალია!“.

^ აბზ. 20 იხილეთ 2002 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 5.