წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2014

როგორ გვიახლოვდება იეჰოვა?

როგორ გვიახლოვდება იეჰოვა?

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8).

1. რა თანდაყოლილი მოთხოვნილებით ვიბადებით და ვინ გვიკმაყოფილებს მას?

ადამიანები, ერთმანეთთან ურთიერთობისა და სიახლოვის მოთხოვნილებით ვიბადებით. ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა კარგი ნაცნობობისა და დიდი სიყვარულის შედეგად ყალიბდება. ასეთი გრძნობები ბუნებრივად გვეუფლება ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, რომელთაც ვუყვარვართ, გვაფასებენ და გვიგებენ. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ: ჩვენ ყველაზე ახლო ურთიერთობა სამყაროში უზენაეს პიროვნებასთან, ჩვენს დიდებულ შემოქმედთან, უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს გრძნობა თან არ დაგვყოლია და მას განვითარება სჭირდება (ეკლ. 12:1).

2. რას გვპირდება იეჰოვა და რატომ მიაჩნია ეს ბევრს დაუჯერებლად?

2 იეჰოვა თავის სიტყვაში მოგვიწოდებს, რომ დავუახლოვდეთ მას და თუ დავუახლოვდებით, გვპირდება, რომ თავადაც დაგვიახლოვდება (იაკ. 4:8). მართლაც რომ მხნეობას გვმატებს ეს აზრი! თუმცა ბევრი ვერ იჯერებს, რომ ღმერთს მათთან დაახლოება სწადია; ისინი საამისოდ თავს უღირსად თვლიან და მიაჩნიათ, რომ ღმერთი მეტად შორსაა თითოეული ჩვენგანისგან. აქედან გამომდინარე, წარმოიშობა კითხვა: რამდენად რეალურია შემოქმედთან დაახლოება?

3. რის გაცნობიერება გვმართებს?

3 ერთი რამ დღესავით ნათელია: იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“, ვისაც მასთან დაახლოება გვსურს. მისი უკეთ  გაცნობა ნამდვილად შესაძლებელია (წაიკითხეთ საქმეების 17:26, 27; ფსალმუნის 145:18). ღმერთმა არასრულყოფილ ადამიანებსაც გადმოხედა წყალობის თვალით და მზადაა, ახლო მეგობრებადაც კი მიიღოს (ეს. 41:8; 55:6). ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან ასეთი რამ დაწერა: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი . . . ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ“ (ფსალმ. 65:2, 4). ქვემოთ მიმოვიხილავთ ერთ-ერთ ბიბლიურ ეპიზოდს, საიდანაც დავინახავთ, თუ როგორ დაუახლოვდა იუდას მეფე ასა იეჰოვას და როგორ გადადგა იეჰოვამაც მისკენ შემხვედრი ნაბიჯები. *

ისწავლეთ ბიბლიურ მაგალითზე

4. რა მაგალითი მისცა იუდას მეფე ასამ თავის ქვეშევრდომებს?

4 მეფე ასა შესაშური გულმოდგინებით იცავდა წმინდა თაყვანისმცემლობას — მან წერტილი დაუსვა ტაძრის მეძაობასა და კერპთაყვანისმცემლობას, რასაც ღრმად გაედგა ფესვი მის სამეფოში (1 მეფ. 15:9—13). ამიტომ მას თამამად შეეძლო, მოეწოდებინა თავისი ხალხისთვის, „ეძებნათ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინათ კანონი და მცნება“. იეჰოვამ აკურთხა ასას მეფობის პირველი ათი წელი — ქვეყანაში დიდმა მშვიდობამ დაისადგურა. საინტერესოა, თავად ასა ვის ემადლიერებოდა ამ ყოველივესთვის? ამას თავისი ხალხისთვის ნათქვამი სიტყვებიდან ვიგებთ: „ჩვენია ეს მიწა, რადგან ვეძებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს; ვეძებთ და ისიც მშვიდობას გვაძლევს ყოველი მხრიდან“ (2 მატ. 14:1—7). მოდი, ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები.

5. როგორ გამოიცადა ასას რწმენა და რა შედეგით დასრულდა ბრძოლა?

5 ერთი წუთით საკუთარი თავი ასას მდგომარეობაში წარმოიდგინეთ. ეთიოპი ზერახი იუდასკენ მილიონიანი ჯარითა და სამასი ეტლით მოემართება (2 მატ. 14:8—10). გაიხედეთ და რას ხედავთ: მრავალრიცხოვანი ჯარი თქვენს სამეფოს შემოსევია. რა გრძნობა დაგეუფლებოდათ? მით უმეტეს, თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენი ლაშქარი მხოლოდ 580 000 მეომარს ითვლის და იმასაც გააცნობიერებდით, რომ მტრის ლაშქარი თქვენსას ლამის ორჯერ აღემატება! ალბათ, გონებაში ასეთი აზრი გაგიელვებდათ: რატომ დაუშვა ღმერთმა ეს? როგორ მოიქცეოდით, შეეცდებოდით, საკუთარი ძალით მოგეგერიებინათ მტერი? შექმნილ ვითარებაში ასას საქციელმა ცხადყო, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და ენდობოდა მას. იგი გულმხურვალედ შეევედრა ღმერთს: „დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ! იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი, ნუ იმძლავრებს მოკვდავი კაცი შენზე!“. გაინტერესებთ, როგორ უპასუხა იეჰოვამ ასას მუდარას? ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაამარცხა იეჰოვამ ეთიოპები“. მტრის არც ერთ მეომარს არ გაუღწევია ბრძოლის ველიდან ცოცხალს (2 მატ. 14:11—13).

6. რაში უნდა მივბაძოთ მეფე ასას?

6 რა დაეხმარა ასას, ბოლომდე მინდობოდა ღმერთს, რომ იგი უხელმძღვანელებდა და დაიცავდა? ბიბლიაში წერია: „სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას თვალში“ და „მთელი გულით იყო იეჰოვასთან“ (1 მეფ. 15:11, 14). ჩვენც მთელი გულით უნდა ვემსახუროთ იეჰოვას, რომ ახლაც და მარადიულადაც მასთან ახლო ურთიერთობით დავტკბეთ. ნამდვილად ვმადლობთ ღმერთს, რომ პირველი ნაბიჯი თავად გადმოდგა ჩვენთან დასაახლოებლად და გვეხმარება, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ მასთან სიახლოვე. მოდი, ქვემოთ ვიმსჯელოთ ორ საშუალებაზე, რითაც ღმერთი თავისთან გვიახლოებს.

გამოსასყიდი

7. ა) რას აკეთებს იეჰოვა დღემდე, რითაც გვიჩვენებს, რომ ჩვენთან დაახლოება სწადია? ბ) როდის დაგვიმტკიცა ღმერთმა ყველაზე დიდებული სახით, რომ ჩვენთან დაახლოება სურს?

7 იეჰოვამ ჩვენ მიმართ სიყვარული იმით გამოხატა, რომ საცხოვრებლად უმშვენიერესი გარემო, დედამიწა, შეგვიქმნა. ის დღემდე ავლენს თავის სიყვარულს ჩვენდამი და  სიცოცხლისთვის ყოველივე აუცილებელს გვაძლევს (საქ. 17:28; გამოცხ. 4:11). უფრო მეტიც, ღმერთი ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზეც ზრუნავს (ლუკ. 12:42). იგი იმაშიც გვარწმუნებს, რომ პირადად ისმენს ჩვენს ლოცვებს (1 იოან. 5:14). თუმცა იეჰოვას რომ ჩვენთან დაახლოება სურს, ყველაზე თვალსაჩინოდ ამაზე ის მოწმობს, რომ მან თავისი საყვარელი ძე შემოგვწირა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10, 19). ღმერთმა „მხოლოდშობილი ძე“ დედამიწაზე იმ მიზნით გამოგზავნა, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან დავეხსენით (იოან. 3:16).

8, 9. რა როლს ასრულებს ქრისტე იეჰოვას განზრახვაში?

8 იეჰოვამ ქრისტემდე მცხოვრებთაც მისცა შესაძლებლობა, ესარგებლათ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდით. ღმერთმა კაცობრიობის ხსნის შესახებ წინასწარმეტყველება ისე წარმოთქვა, რომ თითქოსდა გამოსასყიდი უკვე გაღებული იყო; მან უწყოდა, რომ თავისი განზრახვა უცილობლად შესრულდებოდა (დაბ. 3:15). საუკუნეების შემდეგ მოციქული პავლე ღმერთს მადლობას სწირავდა იმისათვის, რომ იგი ქრისტეს გამოსასყიდით ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გათავისუფლდა. მან დასძინა, რომ ადამიანებს „ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს პატიობდა და დიდსულოვნებას ავლენდა“ (რომ. 3:21—26). დიახ, ნამდვილად ასეა. სწორედ იესო ქრისტეს შუამდგომლობით ვუახლოვდებით ღმერთს.

9 თავმდაბალ ადამიანებს მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეუძლიათ იეჰოვას გაცნობა და მასთან ახლო ურთიერთობის განვითარება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას არაერთი ბიბლიური მუხლი ამტკიცებს. პავლემ დაწერა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:6—8). იეჰოვამ თავისი ძე ჩვენთვის იმიტომ კი არ გაიღო მსხვერპლად, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ვუყვარვართ. „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“, — თქვა იესომ. სხვა შემთხვევაში კი აღნიშნა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 6:44; 14:6). ღმერთი წმინდა სულის დახმარებით ადამიანებს თავისთან ქრისტეს მეშვეობით იახლოებს და ეხმარება, რომ დარჩნენ მის სიყვარულში და „გონებაში . . . მარადიული სიცოცხლე“ ჰქონდეთ (წაიკითხეთ იუდას 20, 21). ახლა, მოდი, ვისაუბროთ მეორე საშუალებაზე, რომლითაც ღმერთი თავისთან გვიახლოებს.

ღვთის სიტყვა

10. როგორ გვეხმარება ბიბლია ღმერთთან დაახლოებაში?

10 ამ სტატიაში მუხლები ბიბლიის 14 წიგნიდანაა მოყვანილი. წარმოიდგინეთ, ბიბლია რომ არ გვქონოდა, საიდან გავიგებდით, რომ ღმერთთან დაახლოება შესაძლებელია? ან ის საიდან გვეცოდინებოდა, რომ ქრისტემ ჩვენთვის გამოსასყიდი გაიღო და რომ იეჰოვასთან დაახლოება სწორედ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი? იეჰოვამ ადამიანებს თავისი წმინდა სულის მეშვეობით დააწერინა ბიბლია, რომლითაც გაგვაცნო თავისი დიდებული პიროვნება და განზრახვები. მაგალითად, გამოსვლის 34:6, 7-ში ვკითხულობთ იეჰოვას სიტყვებს, რომლითაც მან მოსეს საკუთარი თავი აღუწერა: „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“. მართლაც, ვის არ გაუჩნდება ასეთ პიროვნებასთან დაახლოების სურვილი?! ერთი რამ ფაქტია: იეჰოვამ შესანიშნავად იცის, რომ რაც უფრო მეტს გავიგებთ ბიბლიის ფურცლებიდან მის შესახებ, მით უფრო რეალური გახდება ჩვენთვის და მასთან უფრო მეტ სიახლოვეს ვიგრძნობთ.

11. რატომ უნდა გავეცნოთ ღვთის თვისებებსა და საქმეებს? (იხილეთ სურათი მე-16 გვერდზე)

11 წიგნის, „დაუახლოვდი იეჰოვას“, შესავალში ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია ახლო ურთიერთობა განვივითაროთ ღმერთთან. მასში ასეთ რამეს ვკითხულობთ: „როცა ვინმესთან სამეგობროდ მტკიცე ურთიერთობას ვამყარებთ, საჭიროა, ვიცნობდეთ მას, გვხიბლავდეს და ვაფასებდეთ მის თვისებებს. ასე რომ, გაცნობა ღვთის თვისებებთან და საქმეებთან, რომელთა შესახებაც  ბიბლია მოგვითხრობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. უდავოდ, მადლიერი ვართ ღვთისა, რომ მან თავისი სიტყვა ჩვენთვის გასაგებ ენაზე დაგვიწერა.

12. რატომ დააწერინა იეჰოვამ ბიბლია ადამიანებს?

12 იეჰოვას შეეძლო, რომ ანგელოზებისთვის დაეწერინებინა წმინდა წერილები, რადგან ისინი ხომ ინტერესდებიან ჩვენით და აკვირდებიან ჩვენს საქმიანობას?! (1 პეტ. 1:12). ეჭვგარეშეა, ანგელოზებს რომ დაეწერათ ადამიანთათვის გადასაცემი ღვთის ცნობა, ისინი ამ საქმეს თავს გაართმევდნენ. მაგრამ შეძლებდნენ ანგელოზები, ადამიანური თვალით აღექვათ ესა თუ ის საკითხი ან მოვლენა? ჩასწვდებოდნენ ჩვენს საჭიროებებს, სისუსტეებსა და სურვილებს? რა თქმა უნდა, ვერა. იეჰოვამ იცოდა, რომ ანგელოზები ამას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, მან ბიბლია ადამიანებს დააწერინა, რათა მის სიტყვას ჩვენზე ემოქმედა. როცა ვეცნობით ბიბლიის დამწერთა და მის პერსონაჟთა ფიქრებსა თუ გრძნობებს, ადვილად ვუგებთ მათ. თანავუგრძნობთ, ვისაც გული უტყდებოდა, ეჭვი უჩნდებოდა, შიში ეუფლებოდა ან საკუთარ არასრულყოფილებას ებრძოდა; იმავდროულად, ვხარობთ მათი სიხარულითა თუ წარმატებებით. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ბიბლიის სხვა დამწერებიც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე“ ადამიანები იყვნენ (იაკ. 5:17).

როგორ გვაახლოებს იეჰოვასთან იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოექცა იგი იონასა და პეტრეს? (იხილეთ მე-13 და მე-15 აბზაცები)

13. როგორ მოქმედებს თქვენზე იონას ლოცვა?

13 მაგალითად, შეძლებდა ანგელოზი სრულფასოვნად აღეწერა ის ემოციები, რის გამოც იონა ღვთისგან მიღებულ დავალებას გაექცა? რა კარგია, რომ იეჰოვამ სწორედ იონას დააწერინა თავსგადამხდარი ისტორია. მართლაც, იონაზე უკეთ ვინ დაწერდა იმ მხურვალე ლოცვას, რომელიც მან ზღვის სიღრმიდან აღუვლინა ღმერთს?! მის სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას ვიხსენებდი სულდაუძლურებული“ (იონ. 1:3, 10; 2:1—9).

14. რატომ თანავუგრძნობთ ესაიას?

14 ახლა ვნახოთ, რა დააწერინა იეჰოვამ ესაიას საკუთარ თავზე. ღვთის დიდებულების  ხილვის შემდეგ წინასწარმეტყველი აღიძრა, ასეთი სიტყვებით აღეწერა თავისი ცოდვილი მდგომარეობა: „ვაიმე! დადუმებულივით ვარ, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ. ჩემმა თვალებმა მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა!“ (ეს. 6:5). დაფიქრდით, რომელ ანგელოზს აღმოხდებოდა ამგვარი სიტყვები?! თუმცა, როგორც დავინახეთ, ეს სიტყვები ბუნებრივად მოსწყდა ესაიას ბაგეს და ჩვენც, მის მსგავს ადამიანებს, შეგვიძლია სრულად თანავუგრძნოთ მას.

15, 16. ა)  რატომ შეგვიძლია თანავუგრძნოთ ჩვენს მსგავს არასრულყოფილ ადამიანებს? მოიყვანეთ მაგალითები. ბ) რა დაგვეხმარება, რომ უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას?

15 შეძლებდა ოდესმე ანგელოზი, რომ იაკობის მსგავსად ეთქვა: „არა ვარ ღირსი“ ან იტყოდა პეტრესავით: „ცოდვილი . . . ვარ“?! (დაბ. 32:10; ლუკ. 5:8). დაეუფლებოდა ანგელოზს იესოს მოწაფეების მსგავსად შიშის გრძნობა? ან დასჭირდებოდა დევნის დროს პავლესა და მის თანამსახურთა მსგავსად სასიხარულო ცნობის საუწყებლად გაბედულების მოკრება? (იოან. 6:19; 1 თეს. 2:2). ნამდვილად არა! ანგელოზები ყოველმხრივ სრულყოფილნი არიან და თავიანთი ზებუნებრივი შესაძლებლობებით ადამიანებზე გაცილებით მაღლა დგანან. მაგრამ, ვინაიდან ბიბლია არასრულყოფილმა ადამიანებმა დაწერეს, მათ გულისტკივილს მყისვე ვხვდებით, რადგან ჩვენც მათნაირი ადამიანები ვართ. როდესაც ღვთის სიტყვას ვკითხულობთ, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, მოხარულებთან ვხარობთ და მოტირალებთან ვტირით (რომ. 12:15).

16 თუ ბიბლიის კითხვისას ჩავუკვირდებით, როგორ ურთიერთობდა იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებთან წარსულში, უამრავ საოცარ რამეს გავიგებთ მის შესახებ; იგი მოთმინებითა და სიყვარულით იახლოებდა თავისთან არასრულყოფილ ადამიანებს. ამგვარად უფრო მეტად გავიცნობთ იეჰოვას და უფრო მეტად შეგვიყვარდება იგი. ამ ყოველივეს შედეგად კი უფრო დავუახლოვდებით მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14).

განამტკიცეთ მეგობრობის კვანძები თქვენს ზეციერ მამასთან

17. ა) რა ბრძნული რჩევა მისცა აზარიამ ასას? ბ) როგორ უარყო ასამ ღვთის რჩევა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

17 მას შემდეგ, რაც მეფე ასამ ეთიოპთა ლაშქარზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ღვთის წინასწარმეტყველმა აზარიამ მას და მის ხალხს ბრძნული რჩევა მისცა: „იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, გაპოვნინებთ თავს, მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“ (2 მატ. 15:1, 2). თუმცა გამოხდა ხანი და ასამ ღვთისგან მიღებულ რჩევას წაუყრუა. როდესაც მას ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოსგან საფრთხე დაემუქრა, დახმარებისთვის სირიელებს მიმართა. მან შველა იეჰოვას კი არ სთხოვა, კერპთაყვანისმცემლებთან მოკავშირეობა განიზრახა, რის გამოც ღვთის წინასწარმეტყველმა უთხრა: „ამჯერად უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“. ასას მეფობის შემდგომ წლებში იუდა ომის ქარცეცხლში გაეხვა (2 მატ. 16:1—9). ჩვენ რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

18, 19. ა)  რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენსა  და იეჰოვას შორის მეგობრობის კვანძები მოსუსტდა? ბ)  რა შემთხვევაში დავუახლოვდებით იეჰოვას უფრო მეტად?

18 ჩვენ არასოდეს არ უნდა ვაქციოთ ზურგი იეჰოვას. თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენსა და იეჰოვას შორის მეგობრობის კვანძები მოსუსტდა, ოსიას 12:6-ში ჩაწერილი რჩევისამებრ უნდა მოვიქცეთ: „დაუბრუნდი შენს ღმერთს და მუდამ გქონდეს შენი ღვთის იმედი“. მაშ, მოდი, ყოველთვის ვიფიქროთ გამოსასყიდზე, გულმოდგინედ შევისწავლოთ ბიბლია და უფრო და უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას (წაიკითხეთ კანონის 13:4).

19 ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ჩემთვის . . . კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმ. 73:28). მოდი, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ღმერთი იეჰოვა, რათა უფრო მეტი მიზეზი გაგვაჩნდეს საიმისოდ, რომ გვიყვარდეს იგი. დაე, იეჰოვამ კიდევ უფრო დაგვიახლოოს, როგორც დღეს, ისე მარადიულობის განმავლობაში!

^ აბზ. 3 იხილეთ 2012 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია მეფე ასას შესახებ — „დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა“.