წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2014

 ბიოგრაფია

„მამით ობოლი ზეციერმა მამამ მიშვილა“

„მამით ობოლი ზეციერმა მამამ მიშვილა“

მამა 1899 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში დაიბადა. მისი სიყმაწვილე I მსოფლიო ომის ქარცეცხლიან პერიოდს დაემთხვა. 1939 წელს II მსოფლიო ომი გაჩაღდა და მამაჩემი გერმანიის ჯარში გაიწვიეს. იგი 1943 წელს რუსეთში ბრძოლისას დაიღუპა. სამწუხაროდ, ამ დროს მხოლოდ ორი წლისა გახლდით. მამა არ მახსოვს. ის ყოველთვის მაკლდა. მისი დანაკლისი განსაკუთრებული სიმძაფრით მაშინ შევიგრძენი, როცა აღმოვაჩინე, რომ თანასკოლელ ბიჭთა უმეტესობას მამა ჰყავდა. გავიდა წლები. მოზარდობისას ნუგეში მომგვარა იმის გაგებამ, რომ გვყავს ზეციერი მამა, რომელიც ყველა მამაზე აღმატებულია და მარადიული (აბაკ. 1:12).

ბოისკაუტობის წლები

ბავშვობაში

შვიდი წლისა ვიყავი, როცა ბოისკაუტთა ახალგაზრდულ მოძრაობას შევუერთდი. სკაუტების მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის ჯარის გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ სტეფენსონ სმით ბადენ-პაუელმა დააარსა 1908 წელს. 1916 წელს მანვე ჩამოაყალიბა ჩემი ასაკის ყმაწვილთათვის სკაუტური ჯგუფი — „მგლის ლეკვები“ („ახალბედა სკაუტები“).

ძალიან მიყვარდა უქმეებზე სკაუტებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა და ბანაკებში ცხოვრება — კარვებში ძილი, ფორმით სიარული და დაფდაფების ხმაზე მწყობრი ნაბიჯით სვლა. განსაკუთრებით მსიამოვნებდა მათთან ერთად კოცონს ირგვლივ შემოსხდომა, მღერა და ტყეში გამართული სხვადასხვა თამაშობანი. ვინაიდან სკაუტებს ბუნების შესახებაც ბევრს გვასწავლიდნენ, ეს დამეხმარა, მეტად დამეფასებინა ღვთის შემოქმედება.

ბოისკაუტების დევიზი სიკეთის ყოველდღიურად კეთებაა. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ამ ფრაზით ვესალმებოდით: „ყოველთვის მზად იყავი!“. ძალიან მომწონდა ეს სიტყვები. ჩვენს ჯგუფში 100-ზე მეტ ბიჭს მოეყარა თავი. ჯგუფის ერთი ნახევარი კათოლიკე იყო, მეორე ნახევარი — პროტესტანტი; ერთი ბუდისტიც გვყავდა.

1920 წლიდან მოყოლებული სკაუტთა საერთაშორისო შეხვედრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეწყობოდა. პირველად ასეთ შეკრებას 1951 წლის აგვისტოში, ავსტრიის ქალაქ ბად-იშლიში დავესწარი (VII საერთაშორისო შეკრება), მეორედ კი — 1957 წლის აგვისტოში ინგლისში, ბირმინგემის სიახლოვეს მდებარე სუტონ-პარკში (IX საერთაშორისო შეკრება). ამ უკანასკნელს 85 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან ჩამოსული დაახლოებით 33 000 სკაუტი ესწრებოდა. შეხვედრაზე ჩვენ გარდა, 750 000 სტუმარიც იმყოფებოდა, რომელთა შორის ინგლისის დედოფალი, ელიზაბეთ II-ც გახლდათ. ჩემთვის ეს შეხვედრა მსოფლიო საძმოს თავშეყრას ჰგავდა. იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მალე მართლაც გავხდებოდი განსაკუთრებული, სულიერი საძმოს წევრი.

პირველად ვხვდები ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს

პირველად ჩვენმა მთავარმა კონდიტერმა, რუდი ჩიგერლმა, მიქადაგა

1958 წლის გაზაფხულზე, ავსტრიის ქალაქ გრაცში, როცა „გრანდ-ოტელ-უაისლერში“ ოფიციანტის სასწავლო კურსს ვასრულებდი, გავიცანი მთავარი კონდიტერი, რუდოლფ ჩიგერლი, რომელმაც მიქადაგა. მანამდე ჭეშმარიტებაზე არაფერი მსმენოდა. იგი თავდაპირველად  სამების შესახებ მესაუბრა და თქვა, რომ ამ სწავლებას ბიბლიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მე გააფთრებით ვიცავდი სამების მოძღვრებას; ძალიან მინდოდა რუდოლფის დარწმუნება, რომ იგი ცდებოდა. მასზე გული შემტკიოდა და მსურდა, რომ ის კვლავ კათოლიკურ ეკლესიას დაბრუნებოდა.

რუდოლფმა, რომელსაც თანამშრომლები რუდისაც ვეძახდით, ერთ დღესაც ბიბლია მომიტანა. მე დავიჩემე, რომ კათოლიკეთა გამოცემული ბიბლიის წაკითხვა მსურდა. ბოლოს მაინც დავიწყე რუდოლფის მოტანილი ბიბლიის კითხვა და მასში რუდოლფის ჩადებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბუკლეტი აღმოვაჩინე. ამან გამაღიზიანა, რადგან ვფიქრობდი, რომ ასეთ ლიტერატურაში ინფორმაცია, ერთი შეხედვით, სწორი და ლოგიკურად გადმოცემული, თუმცა დამახინჯებული იყო. მიუხედავად ყველაფრისა, რუდისთან ბიბლიაზე საუბრის სურვილი არ გამნელებია. მან კი გამჭრიახობა გამოიჩინა და მეტად ნაბეჭდი მასალა აღარ შემოუთავაზებია. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დროდადრო ვსაუბრობდით ბიბლიურ თემებზე და ხშირად ასეთ საუბრებს გვიან ღამემდეც კი შევყოლილვართ.

მშობლიურ ქალაქ გრაცში ოფიციანტის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დედამ სწავლა დამიფინანსა სასტუმროს მენეჯმენტის სკოლაში, რომელიც ალპებში, პატარა ქალაქ ბად-ჰოფგაშტაინში, მდებარეობდა. ამ სკოლას კონტრაქტი ჰქონდა დადებული ამავე ქალაქში მდებარე „გრანდ-ოტელთან“ და სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, საშუალება მქონდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ზოგჯერ იქ მემუშავა.

მისიონერი დების სტუმრობა

1958 წელს ბიბლიის შესწავლა ილზე უნტერდერფერმა და ელფრიდე ლერმა დამაწყებინეს

რუდიმ ჩემი ახალი მისამართი ვენაში არსებულ ფილიალს გადაუგზავნა. ფილიალმა მისამართი ორ მისიონერ დას, ილზე უნტერდერფერსა და ელფრიდე ლერს *, გადასცა. ერთ დღესაც, როცა სასტუმროში ვმუშაობდი, მიმღებიდან მაცნობეს, რომ ვიღაც ორ ქალბატონს სურდა ჩემთან შეხვედრა და ისინი მანქანაში მელოდნენ. ცოტა არ იყოს შევცბი, წარმოდგენაც კი არ მქონდა, ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები. მაგრამ მაინც გავემართე მათთან შესახვედრად. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები ყოფილან. ეს დები ჯერ კიდევ II მსოფლიო ომამდე, ნაცისტურ გერმანიაში, სადაც მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო, კურიერებად მსახურობდნენ. გესტაპომ (გერმანიის საიდუმლო პოლიცია) ისინი დააპატიმრა და ლიხტენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა, ხოლო II მსოფლიო ომის დროს, ბერლინთან ახლოს, რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, გაამწესა.

ვინაიდან ეს ქალბატონები დედაჩემის ასაკისანი იყვნენ, მათდამი პატივისცემით განვიმსჭვალე. არ მინდოდა, ჩემთან საუბარში დრო დაეკარგათ და რამდენიმე კვირისა თუ თვის გასვლის შემდეგ მეთქვა, რომ აღარ მსურდა მათთან შეხვედრა. ვთხოვე, რომ ჩემთვის იმ ბიბლიური მუხლების ჩამონათვალი მოეტანათ, რომელიც ერთ-ერთ ძირითად კათოლიკურ სწავლებას, „მოციქულთა მემკვიდრეებს“, ეხებოდა. მე მათ ისიც ვუთხარი, რომ ამ მუხლების განხილვა მინდოდა ერთ ადგილობრივ კათოლიკე მღვდელთან. ვფიქრობდი, რომ ამგვარად ვპოვებდი ჭეშმარიტებას.

ვეცნობი, მართლაცდა, წმინდა ზეციერ მამას

რომის კათოლიკური ეკლესიის ფუნდამენტური სწავლების თანახმად, პეტრე მოციქულსა და პაპებს შორის უწყვეტი ხაზი არსებობს და ისინი მისი მემკვიდრეები  არიან (კათოლიკური ეკლესია არასწორად ხსნის იესოს სიტყვებს, რომელიც მათეს 16:18, 19-შია ჩაწერილი). კათოლიციზმში არსებობს კიდევ ერთი მოძღვრება „პაპის შეუცდომლობის“ შესახებ. ამ მოძღვრების მიხედვით, პაპი შეუცდომელია მაშინ, როცა ის თავისი ამბიონიდან ქადაგებს ანუ, როცა დაკისრებულ სასულიერო მისიას ასრულებს; ამის მეც მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ თუ პაპი, რომელსაც კათოლიკეები „წმინდა მამას“ უწოდებენ, დოქტრინალურ საკითხებში შეუცდომელი იყო, მის მიერ ნაქადაგები სამების მოძღვრებაც ჭეშმარიტება უნდა ყოფილიყო. მაგრამ თუ იგი შეუცდომელი არ იყო, შესაძლოა ეს სწავლებაც მცდარი აღმოჩენილიყო. ამიტომ არაა გასაკვირი, რატომ არის კათოლიკეთათვის სწავლება „მოციქულთა მემკვიდრეების“ შესახებ ფუნდამენტური — თუ იგი ეჭვქვეშ დგება, სხვა კათოლიკური სწავლებების სისწორეც საეჭვო ხდება.

როდესაც მღვდელს ვესტუმრე, მან ვერ შეძლო ჩემს კითხვებზე პასუხების გაცემა. მან თაროდან გადმოიღო წიგნი, რომელიც განიხილავდა კათოლიკურ დოქტრინას „მოციქულთა მემკვიდრეების“ შესახებ. მან წიგნი წასაკითხად სახლში გამატანა. მეც წავიკითხე და მასთან უფრო მეტი კითხვით დავბრუნდი. მღვდელმა რომ ვერ უპასუხა ჩემს კითხვებს, მომიბრუნდა და მითხრა: „მაინც ჩვენ-ჩვენს აზრზე ვრჩებით . . . ყოველივე კარგს გისურვებ!“. ამით იმაზე მიმანიშნა, რომ ჩემთან საუბარი მეტად აღარ სურდა.

მაშინ გადავწყვიტე, რომ ბიბლიის შესწავლა დამეწყო ილზესა და ელფრიდესთან. მათ ბევრი მასწავლეს ჩემს ზეციერ, მართლაცდა, წმინდა მამაზე, იეჰოვა ღმერთზე (იოან. 17:11). ვინაიდან ახლომახლო კრება არ იყო, კრების შეხვედრებს ეს ორი და ატარებდა ერთი დაინტერესებულის სახლში. ასეთ შეხვედრებს რამდენიმე ადამიანი თუ ვესწრებოდით. ძმა არ გვყავდა, ვინც კრების შეხვედრას გაუძღვებოდა, ამიტომ ილზე და ელფრიდე თითქმის მთელი შეხვედრის პროგრამას ერთმანეთში მსჯელობით განიხილავდნენ. ათასში ერთხელ, როცა რომელიმე ძმა გვესტუმრებოდა, ვქირაობდით ადგილს, სადაც ის საჯარო მოხსენებას გვიკითხავდა.

ვიწყებ მსახურებას

ილზესა და ელფრიდესთან ბიბლიის შესწავლა 1958 წლის ოქტომბერში დავიწყე და სამ თვეში, 1959 წლის იანვარში, მოვინათლე. მონათვლამდე მათ ვთხოვე, რომ კარდაკარ წავეყვანე, რათა საკუთარი თვალით მენახა, როგორ უნდა მექადაგა (საქ. 20:20). მსახურებაში პირველივე გასვლის შემდეგ დებს ვკითხე, შემეძლო თუ არა, მქონოდა საკუთარი სამქადაგებლო უბანი. მათ ერთი სოფელი მომცეს დასამუშავებლად, სადაც მარტო უნდა წავსულიყავი, მარტოს უნდა მექადაგა კარდაკარ და შემდეგ დაინტერესებულებიც მარტოს მომენახულებინა. პირველი ძმა, რომელსაც კარდაკარ მსახურებაში გავყევი, იყო სარაიონო ზედამხედველი, რომელმაც მალე მოგვინახულა.

1960 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, რათა ნათესავებისთვისაც გამეგებინებინა ბიბლიური ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ გამხდარა იეჰოვას მოწმე, თუმცა ზოგიერთი მცირედ ინტერესს იჩენს.

შევუდექი სრული დროით მსახურებას

ახალგაზრდობაში

1961 წელს კრებებმა მივიღეთ წერილი, რომელშიც პიონერული მსახურების დაწყებისკენ მოგვიწოდებდნენ. დაუქორწინებელიც ვიყავი და მუხლიც მერჩოდა; ვიფიქრე, რატომაც არ უნდა დამეწყო პიონერად მსახურება?! ჩემს გეგმებზე სარაიონო ზედამხედველს, კურტ კიუნს, დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ რამდენიმე თვეს ვიმუშავებდი და ავტომობილს შევიძენდი, რომელსაც მოგვიანებით პიონერულ მსახურებაში გამოვიყენებდი. იცით, რა მითხრა მან? „რა, იესოსა და მის მოციქულებს რომ არ ჰყავდათ ავტომობილი, ვერ მსახურობდნენ სრული დროით?!“. ამ სიტყვებმა დამაფიქრა. გადავწყვიტე, სრული დროით მსახურება დამეწყო. მაგრამ როგორ შევძლებდი ამას, როცა კვირის განმავლობაში 72 საათს სასტუმროს რესტორანში ვმუშაობდი? დადგა ცვლილებების დრო.

 დაველაპარაკე ჩემს უფროსს და ვთხოვე, რომ ჩემი სამუშაო დრო 60 საათამდე შეემცირებინა. მან სამუშაო საათები შემიმცირა, მაგრამ ანაზღაურება — არა. მოგვიანებით კვლავ ვთხოვე საათების შემცირება, ამჯერად, კვირაში 48 საათამდე. მან ჩემი თხოვნა კვლავ დააკმაყოფილა და ანაზღაურება ამჯერადაც იგივე დამიტოვა. როდესაც მესამედ მივმართე თხოვნით და ვუთხარი, რომ კვირაში მხოლოდ 36 საათს ვიმუშავებდი ანუ 6 დღის განმავლობაში დღეში მხოლოდ 6 საათს, მისგან კვლავ დადებითი პასუხი მივიღე. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არც ეს ცვლილება ასახულა ჩემს ანაზღაურებაზე! როგორც ჩანს, ჩემი უფროსი ვერ მელეოდა. აი, ასეთი გრაფიკით შევუდექი პიონერულ მსახურებას. პიონერები იმ დროს თვეში 100 საათს მსახურობდნენ.

ოთხი თვის შემდეგ სპეციალურ პიონერად და კრების მსახურად დავინიშნე პატარა ქალაქ შპიტალ-ან-დერ-დრაუში არსებულ მცირერიცხოვან კრებაში (კარინტიის მხარე, ავსტრია). მაშინ სპეციალური პიონერები თვეში 150 საათს მსახურობდნენ. მსახურებაში მუდმივი პარტნიორი არ მყავდა, მაგრამ დიდად ვაფასებ იმ დახმარებას, რომელსაც და გერტრუდ ლობნერი მიწევდა. იგი კრებაში ჩემს დამხმარედ მსახურობდა. *

ცვლილებების ხანა

1963 წელს სარაიონო მსახურება დავიწყე. კრებიდან კრებამდე რომ მივსულიყავი, ხანდახან მატარებლით გადაადგილება მიხდებოდა მძიმე ბარგითურთ. იმ დროს თითო-ოროლა ძმას თუ ჰყავდა მანქანა, რომ მატარებლის სადგურიდან დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე, ამიტომ, როგორც წესი, თავად მიწევდა თადარიგის დაჭერა. ქონებით ტრაბახში რომ არ ჩამომრთმეოდა, ტაქსით შეგნებულად არ ვმგზავრობდი და ფეხით მივდიოდი ჩემს დროებით საცხოვრებლამდე.

1965 წელს, როცა ჯერ კიდევ უცოლო ვიყავი, სკოლა „გალაადის“ 41-ე კლასში მიმიწვიეს. ბევრი ჩემი თანაკლასელიც დასაოჯახებელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემდა გასაკვირად, კვლავ სამშობლოში, ავსტრიაში, დამაბრუნეს, სადაც სარაიონო მსახურება განვაგრძე. სანამ შეერთებული შტატებიდან გამოვემგზავრებოდი, მთხოვეს, რომ ოთხი კვირით ერთ სარაიონო ზედამხედველთან ერთად მემსახურა. ჩემთვის მართლაც ღირსშესანიშნავი იყო მოსიყვარულე ძმასთან, ენტონი კონტისთან, მსახურებაში გატარებული დრო; მას ძალიან უყვარდა ქადაგება და კარგადაც გამოსდიოდა. ჩვენ ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, კორნუოლში, ვმსახურობდით.

ჩვენი ქორწინების დღე

როდესაც დავბრუნდი ავსტრიაში და დავინიშნე ახალ რაიონში, შევხვდი ერთ მიმზიდველ ქალიშვილს — ტოუვ მერეტეს. იგი ხუთი წლიდან რწმენაში იზრდებოდა. როდესაც ძმები გვეკითხებიან, როგორ გადაიკვეთა ჩვენი გზები, ჩვენ ხუმრობით ვპასუხობთ: „ჩვენ ფილიალმა დაგვაქორწინა!“. გაცნობიდან ერთ წელიწადში, 1967 წლის აპრილში, შევუღლდით და განვაგრძე მიმოსვლითი მსახურება, ამჯერად უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად.

მომდევნო წელს გავაცნობიერე, რომ იეჰოვამ თავისი დაუმსახურებელი სიკეთის წყალობით მიშვილა და მისი სულიერი ძე გავხდი. იმ დროიდან მოყოლებული განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემს ზეციერ მამასთან, სწორედ ისეთი, როგორიც ყველა ცხებულ ქრისტიანს, რომლებიც რომაელების 8:15-ში ჩაწერილ სიტყვებს ღაღადებენ: „აბბა, მამა!“.

მე და მერეტე სარაიონო და საოლქო მსახურებაში 1976 წლამდე ვიყავით ჩაბმულნი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეც მომხდარა, რომ ზამთარში გვძინებია ოთახში, რომელიც არაფრით თბებოდა და ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემოდა. ერთხელ, როცა  ასეთ ოთახში გამოგვეღვიძა, აღმოვაჩინეთ, რომ საბანს, ჩვენს პირთან ახლოს, ჭირხლი მოსდებოდა და გახევებულიყო! ბოლოს გადავწყვიტეთ, თან გვეტარებინა მცირე ზომის ელექტროგამათბობელი, რომ ღამით ოთახში სიცივე მოგვეტეხა. ზოგ სახლს, სადაც ვრჩებოდით, საპირფარეშო ეზოში ჰქონდა და ისიც — ფარღალალა. ასეთ საპირფარეშომდე რომ მიგვეღწია, ღამღამობით თოვლში უნდა გაგვეკვალა გზა. საკუთარი ჭერი არ გვქონდა და ორშაბათობითაც იმ ოჯახში ვრჩებოდით, სადაც მთელი კვირის მანძილზე ვცხოვრობდით. სამშაბათ დილით კი ვტოვებდით მასპინძელ ოჯახს და გეზს ახალი კრებისკენ ვიღებდით.

დღევანდელი გადასახედიდან თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა. მას ძალიან უყვარს მსახურება და არასდროს დამჭირვებია მისი წახალისება, რომ ემსახურა. მას მეგობრებიც ძალიან უყვარს და გარშემომყოფთა კეთილდღეობაც გულწრფელად აღელვებს. ენით ვერ გამოვთქვამ, რამდენად მადლიერი ვარ მისი.

1976 წელს ჩვენ ავსტრიის ფილიალში, ქალაქ ვენაში, მიგვიწვიეს, სადაც ფილიალის კომიტეტის წევრად დავინიშნე. იმხანად ავსტრიის ფილიალი აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ზედამხედველობდა და ამ ქვეყნებში ლიტერატურის ფარულად შეტანას უწევდა ორგანიზებას. ამ საქმეს საუკეთესოდ უძღვებოდა ძმა იურგენ რუნდელი. მე მასთან თანამშრომლობის პატივი მხვდა წილად. მოგვიანებით დამევალა, ზედამხედველობა გამეწია მთარგმნელობითი საქმიანობისთვის 10 აღმოსავლეთევროპულ ენაზე. იურგენი და მისი მეუღლე გერტრუდი დღემდე სპეციალურ პიონერებად მსახურობენ გერმანიაში. 1978 წლიდან ავსტრიის ფილიალმა დაიწყო ჟურნალების 6 ენაზე დაკაბადონება და მცირე ზომის ოფსეტური მანქანით ბეჭდვა. ჩვენ სხვა ქვეყნებსაც ვუგზავნიდით მათ მიერ შეკვეთილ ლიტერატურას. ოტო კუგლიჩი, რომელიც ახლა მეუღლესთან, ინგრიდთან, ერთად გერმანიის ფილიალში მსახურობს, უშუალოდ კურირებდა ამ საქმეს.

ავსტრიაში მსახურების არაერთ სფეროში მიმიღია მონაწილეობა, ვქადაგებდი ქუჩაშიც

აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ძმები თავადაც ბეჭდავდნენ და ამრავლებდნენ ლიტერატურას მიმეოგრაფებისა თუ ფირების გამოყენებით. თუმცა ისინი მაინც საჭიროებდნენ დახმარებას საზღვარგარეთიდან. ამ საქმეს იეჰოვა მფარველობდა. ფილიალში მომსახურენი ძალიან ვაფასებდით იმ ძმების შრომას, რომლებიც სირთულეებისა თუ აკრძალვების მიუხედავად, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

სპეციალური ვიზიტით რუმინეთში

1989 წელს წილად მერგო პატივი, რომ რუმინეთში გავყოლოდი ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, ძმა თეოდორ იარაჩს. ჩვენი ვიზიტის მიზანი ის იყო, რომ ორგანიზაციას ჩამოშორებული ძმების მრავალრიცხოვანი  ჯგუფი მსოფლიო საძმოში დაგვებრუნებინა. ისინი ორგანიზაციას სხვადასხვა მიზეზის გამო 1949 წლიდან მოსწყდნენ და საკუთარი კრებები ჩამოაყალიბეს. თუმცა მათ ქადაგება არ შეუწყვეტიათ და კვლავაც ნათლავდნენ ხალხს. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ეს ძმებიც იხდიდნენ სასჯელს ციხეებში მათსავით, ვინც მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მიღებულ ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა. ვინაიდან ქვეყანაში აკრძალვა ისევ ძალაში იყო, ჩვენ ერთი ძმის, პამფილ ალბუს, ოჯახში რუმინეთის კომიტეტის წევრებთან ერთად ფარულად შევხვდით ორგანიზაციიდან ჩამოშორებულ ოთხ უხუცესს. თან გვახლდა ავსტრიელი თარჯიმანი, როლფ კელნერი.

მეორე ღამით, როცა ისევ შევიკრიბეთ, ძმა პამფილმა ამ ოთხი უხუცესის დარწმუნება, რომ კვლავ დაბრუნებოდნენ ორგანიზაციას, შემდეგი სიტყვებით შეძლო: „თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, ხვალ შეიძლება გვიან იყოს“. შედეგად, ორგანიზაციამ დაახლოებით 5 000 „ცხვარი“ დაიბრუნა. ეს იეჰოვასთვის მართლაც უდიდესი გამარჯვება იყო, ხოლო სატანისთვის — სილის გაწვნა!

1989 წლის მიწურულს, სანამ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმი დაემხობოდა, ხელმძღვანელმა საბჭომ მე და ჩემი მეუღლე ნიუ-იორკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში, მიგვიწვია. ეს ფრიად სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ! ბრუკლინის ბეთელში მსახურება 1990 წლის ივლისში დავიწყეთ. 1992 წელს ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარედ დავინიშნე, ხოლო 1994 წლის ივლისიდან მაქვს პატივი, ვიმსახურო ხელმძღვანელ საბჭოში.

ვიგონებ წარსულს და ველი მომავალს

ჩემს ცოლთან ერთად ბრუკლინში

შორეულ წარსულში დარჩა ის დრო, როცა სასტუმროში ოფიციანტად ვმუშაობდი. დღეს ვხარობ იმით, რომ მეც ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო საძმოსთვის სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში (მათ. 24:45—47). როდესაც თვალს ვავლებ სპეციალურ სრული დროით მსახურებაში გატარებულ ნახევარ საუკუნეზე მეტს, ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ გული იეჰოვასადმი მადლიერებით მევსება იმის შემხედვარეს, თუ რა დიდებულად აკურთხა მან მსოფლიო საძმო. ძალიან მიყვარს საერთაშორისო კონგრესებზე დასწრება, სადაც ხალხი ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვასა და ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ იღებს ცოდნას.

ვლოცულობ, რომ კიდევ მილიონებმა შეისწავლონ ბიბლია, გაითავისონ ჭეშმარიტება და ჩვენს ქრისტიანულ საძმოსთან ერთად გაერთიანებულად სცენ თაყვანი იეჰოვას (1 პეტ. 2:17). აგრეთვე მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ზეციდან ვიხილავ მკვდრეთით აღდგომას და ბოლოს და ბოლოს, ვნახავ, როგორი იყო ჩემი ხორციელი მამა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მშობლები და ძვირფასი ნათესავებიც მოისურვებენ, ემსახურონ იეჰოვას სამოთხედქცეულ დედამიწაზე!

მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ზეციდან ვიხილავ მკვდრეთით აღდგომას და ბოლოს და ბოლოს, ვნახავ, როგორი იყო ჩემი ხორციელი მამა

^ აბზ. 15 ამ დების ბიოგრაფია შეგიძლიათ წაიკითხოთ „საგუშაგო კოშკის“ 1979 წლის 1 ნოემბრის გამოცემაში (ინგლ.).

^ აბზ. 27 დღესდღეობით კრების მსახურისა და მისი დამხმარის მოვალეობას უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი და კრების მდივანი ასრულებენ.