არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივლისი 2014

„იქნებით ჩემი მოწმეები“

„იქნებით ჩემი მოწმეები“

«[იესომ ] მიუგო: . . . „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“» (საქ. 1:7, 8).

1, 2. ა) ვინ არის იეჰოვას უბადლო მოწმე? ბ) რას ნიშნავს სახელი „იესო“ და როგორ ცხოვრობდა ღვთის ძე თავისი სახელის მნიშვნელობის შესაბამისად?

„მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (წაიკითხეთ იოანეს 18:33—37). ეს სიტყვები იესო ქრისტემ იუდეის რომაელ მმართველს მაშინ განუცხადა, როცა სასამართლოზე მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. ამის თქმამდე კი ის უთხრა, რომ მეფე იყო. ამ შემთხვევიდან წლები გავიდა და მოციქულმა პავლემ ქრისტეს სიმამაცის შესახებ დაწერა: „[მან] სახალხოდ შესანიშნავად დაუმოწმა პონტიუს პილატეს“ (1 ტიმ. 6:13). უდავოდ, ზოგჯერ უდიდესი გაბედულებაა საჭირო იმისათვის, რომ „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ იყო სატანის სიძულვილით აღსავსე ქვეყნიერებაში (გამოცხ. 3:14).

2 იესო, როგორც ებრაელი ერის შვილი, დაბადებიდანვე „იეჰოვას მოწმე“ იყო (ეს. 43:10). იგი მართლაც განსაკუთრებული მოწმე იყო, რადგან იეჰოვამ ის დიდებული მიზნისთვის გამოიყენა — მან უბადლოდ დაამოწმა მისი სახელის შესახებ. იესოს ესმოდა ღვთისგან მინიჭებული სახელის მნიშვნელობა, ამიტომ ის დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის დავალებას. მას შემდეგ, რაც ანგელოზმა იესო ქრისტეს მამობილს, იოსებს უთხრა, რომ მარიამს წმინდა სულის ძალით ჩასახოდა ძე, დასძინა: „ვაჟს გააჩენს და მას იესო უნდა დაარქვა, რადგან ის დაიხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათ. 1:20, 21, სქოლიო). ბიბლეისტები ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელი „იესო“ ნაწარმოებია ებრაული სახელიდან,  „იეშუა“, რომელიც შეიცავს ღვთის სახელის შემოკლებულ ფორმას და ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. იესო თავისი სახელის მნიშვნელობის შესატყვისად მოიქცა — დაეხმარა „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს“, რომ მოენანიებინათ ცოდვები, რათა ღვთის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ (მათ. 10:6; 15:24; ლუკ. 19:10). სწორედ ამ მიზნით, იესო დაუღალავად ამოწმებდა ღვთის სამეფოს შესახებ. სახარების დამწერი მარკოზი გვაუწყებს: «იესო გალილეაში წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. ასე ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“» (მარ. 1:14, 15). იესომ აგრეთვე გაბედულად გაკიცხა იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რის გამოც მათ ის ძელზე გასაკვრელად გადასცეს (მარ. 11:17, 18; 15:1—15).

„ღვთის დიდებული საქმეები“

3. რა მოხდა იესოს სიკვდილიდან მესამე დღეს?

3 მაგრამ ჰოი, საოცრებავ! მოწამებრივი სიკვდილიდან მესამე დღეს იეჰოვამ თავისი ძე სასწაულებრივად აღადგინა მკვდრეთით! ის უკვე უკვდავი სულიერი ქმნილება იყო და არა ხორცში მყოფი მოკვდავი ადამიანი (1 პეტ. 3:18). იმის დასტურად, რომ კვლავ ცოცხალი იყო, მან ხორცი შეისხა და აღდგომის პირველსავე დღეს, სულ მცირე, ხუთჯერ ეჩვენა თავის მოწაფეებს (მათ. 28:8—10; ლუკ. 24:13—16, 30—36; იოან. 20:11—18).

4. რაზე გაუმახვილა იესომ ყურადღება თავის მოწაფეებს, როცა მათ მეხუთედ ეჩვენა და რა დავალება მისცა მათ?

4 იმ დაუვიწყარ დღეს, როდესაც იესო მეხუთედ ეჩვენა მოციქულებსა და მათთან შეკრებილებს, მათი ყურადღება ღვთის სიტყვისკენ მიმართა. სახარებაში ვკითხულობთ: „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“. ამის შემდეგ მიხვდნენ იქ შეკრებილნი, რომ ღვთის მტრების მიერ იესოს მოკვლა და მისი სასწაულებრივი აღდგომა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება იყო. ამ შეხვედრის დასასრულს იესომ ნათლად და ცხადად დაანახვა თავის მსმენელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მათ. იესომ მოუწოდა, რომ „იერუსალიმიდან დაწყებული ყველა ხალხისთვის უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვების მისატევებლად“. და ბოლოს დასძინა: „თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები უნდა იყოთ“ (ლუკ. 24:44—48).

5, 6. ა) რატომ თქვა იესომ: „იქნებით ჩემი მოწმეები“? ბ) ღვთის განზრახვის კიდევ რომელი მხარისთვის უნდა მოეფინათ ნათელი იესოს მოწაფეებს?

5 ერთი რამ ფაქტია: როცა იესო აღდგომიდან 40 დღის გასვლის შემდეგ ბოლოჯერ გამოეცხადა მოციქულებს, ისინი ადვილად ჩასწვდებოდნენ მის მეტად მნიშვნელოვან მოწოდებას, რომელიც ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). საინტერესოა, რატომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, რომ იქნებოდნენ მისი მოწმეები და არა იეჰოვასი? იესოს შეეძლო ესეც ეთქვა, მაგრამ აღარ დააკონკრეტა, ვინაიდან მიმართავდა ისრაელებს, რომლებიც ისედაც „იეჰოვას მოწმეები“ იყვნენ.

ჩვენ, როგორც იესოს მოწაფეები, ხალხს ვაუწყებთ, თუ რას მოიმოქმედებს იეჰოვა სამომავლოდ (იხილეთ მე-5 და მე-6 აბზაცები)

6 ახლა იესოს მოწაფეებს ღვთის განზრახვის კიდევ ერთი მხარისთვის უნდა მოეფინათ ნათელი — გაეცხადებინათ ცნობა, რომ იესოს მსხვერპლი მთელ კაცობრიობას მოუტანდა ხსნას, რაც ბევრად აღმატებული იქნებოდა, ვიდრე ისრაელის ეგვიპტელთა ხელიდან დახსნა და ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება. მართლაც, იესოს სიკვდილმა და მისმა მკვდრეთით აღდგომამ ყველაზე საზარელი მტრის ხელიდან, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან, დაგვიხსნა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, მათ დაიწყეს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ქადაგება და მრავალმა, ვინც მოისმინა, ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენა გამოავლინა. ამრიგად, ზეცაში მამის მარჯვნივ მყოფმა იესომ დაინახა, რომ მისი სახელი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა, რადგან ათასობით ადამიანი ინანიებდა და რწმენას ავლენდა მისდამი, იეჰოვას მიერ მოვლენილი მხსნელისადმი (საქ. 2:5, 11, 37—41).

 „მრავალთა გამოსასყიდად“

7. რა ცხადყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე განვითარებულმა მოვლენებმა?

7 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ იეჰოვამ კეთილგანწყობით მიიღო თავისი ძის მიერ მსხვერპლად გაღებული სრულყოფილი სიცოცხლე, როგორც ცოდვის გამოსასყიდი (ებრ. 9:11, 12, 24). თავად იესომ თქვა, რომ „არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). „მრავალი“, ვისაც იესოს გამოსასყიდი სასიკეთოდ წაადგებოდა, მხოლოდ მომნანიე იუდეველები არ იქნებოდნენ. ღვთის ნების თანახმად, „ყველანაირი ადამიანი“ გადარჩებოდა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გამოსასყიდი „ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელია“ (1 ტიმ. 2:4—6; იოან. 1:29).

8. რა მასშტაბებს მიაღწია სასიხარულო ცნობის დამოწმების საქმემ და როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

8 სჭირდებოდათ იესოს პირველ მოწაფეებს გაბედულება, რომ არ შეეწყვიტათ დამოწმება მის შესახებ? რა თქმა უნდა. თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარ ძალაზე არ იყვნენ დანდობილნი. მათ იეჰოვას უშრეტი ძალა, წმინდა სული, აღძრავდა და აძლიერებდა, რომ კვლავაც დაემოწმებინათ (წაიკითხეთ საქმეების 5:30—32). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაახლოებით 27 წლის გასვლის შემდეგ უკვე შეიძლებოდა იმის თქმა, რომ „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება“ მისწვდა იუდეველსა თუ უცხოტომელს, „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:5, 23).

9. რა მოხდა ქრისტიანულ კრებაში, როგორც ეს იწინასწარმეტყველა იესომ?

9 თუმცა სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ქრისტიანულ კრებაში ცრუსწავლებებმა შეაღწია (საქ. 20:29, 30; 2 პეტ. 2:2, 3; იუდ. 3, 4). იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ქრისტიანულ კრებაში განდგომილება მოიკიდებდა ფეხს, ვინაიდან სატანა ჩათესავდა „ბოროტის ძეებს“, რომლებიც სარეველასავით გაიზრდებოდნენ და ჭეშმარიტ ქრისტიანებს „ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე“ დაჩრდილავდნენ (მათ. 13:37—43). შემდეგ იეჰოვა იესო ქრისტეს კაცობრიობაზე გაამეფებდა. ეს ასეც მოხდა 1914 წლის ოქტომბერში. ამ მოვლენით დაიწყო სატანის ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ ათვლა (2 ტიმ. 3:1).

10. ა) რას აცხადებდნენ თანამედროვე ეპოქის ცხებული ქრისტიანები? ბ) რა მოხდა 1914 წელს და როგორ გახდა ეს მოვლენა ყველასთვის ცხადი?

10 თანამედროვე ეპოქის ცხებული ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ 1914 წლის ოქტომბრის  თვე მართლაც განსაკუთრებული იქნებოდა. მათი პროგნოზი ემყარებოდა დანიელის წინასწარმეტყველებას, სადაც ვკითხულობთ უზარმაზარ ხეზე, რომელსაც მოჭრიდნენ და რომელიც „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ გაიზრდებოდა (დან. 4:16). იესოს წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მან „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ დასასრული დაუკავშირა თავის მოსვლასა და „ქვეყნიერების აღსასრულის“ დასაწყისს. სწორედ 1914 წლიდან განვითარებულმა მსოფლიო მოვლენებმა ანუ „[ქრისტეს] მოსვლის . . . ნიშანმა“ ცხადყო, რომ იესო დედამიწის მეფეა (მათ. 24:3, 7, 14; ლუკ. 21:24). ასე რომ, „ღვთის დიდებულ საქმეებში“ კაცობრიობაზე ქრისტეს გამეფებაც შევიდა.

11, 12. ა) რა საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი დედამიწის ახალგამეფებულმა მეფემ 1919 წელს? ბ) რა გახდა აშკარა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შუახანიდან მოყოლებული? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)

11 დედამიწაზე ახალგამეფებულმა მეფემ, იესო ქრისტემ, მალევე დაიხსნა თავისი ცხებული მიმდევრები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან (გამოცხ. 18:2, 4). პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და 1919 წლიდან ცხებულ ქრისტიანებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ მთელ მსოფლიოში ღვთისგან მომდინარე ხსნისა და დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ექადაგათ. ცხებულმა ქრისტიანებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და შედეგად ათასობით ადამიანი შეუერთდათ, რომლებიც ასევე ცხებულები, ქრისტეს თანამემკვიდრეები, გახდნენ.

12 მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შუახანიდან მოყოლებული აშკარა გახდა, რომ ქრისტეს მილიონობით „სხვა ცხვრის“ შეკრება დაეწყო, რომლებიც სხვადასხვა ერის შვილები იყვნენ და „უამრავ ხალხს“ ქმნიდნენ. ცხებული ქრისტიანების ხელმძღვანელობით ისინიც მიჰყვებიან იესოს მაგალითს და გაბედულად აცხადებენ, რომ ხსნას ღმერთსა და ქრისტეს უმადლიან. „სხვა ცხვარი“ რწმენას ავლენს ქრისტეს გამოსასყიდისადმი და არ წყვეტს ქადაგებას; ამიტომ ისინი გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს სატანის ქვეყნიერებას (იოან. 10:16; გამოცხ. 7:9, 10, 14).

გაბედულება მოიკრიბეთ, რათა აუწყოთ სასიხარულო ცნობა

13. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და რა შემთხვევაში მოგვემართება ხელი?

13 დაე, ყოველთვის დავაფასოთ ის დიდებული პატივი, რომ ვამოწმებთ „ღვთის დიდებული საქმეების“ შესახებ, რაც მას წარსულში მოუმოქმედებია და რასაც სამომავლოდ განახორციელებს. ერთი რამ ცხადია, დამოწმება ყოველთვის არაა ადვილი. მრავალი და-ძმა ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებს, სადაც საზოგადოება სასიხარულო ცნობისადმი სრულ გულგრილობას იჩენს, დასცინის მათ და დევნის. ამ დროს შეგვიძლია პავლე მოციქულსა და მის თანამსახურებს მივბაძოთ. პავლემ დაწერა: „ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2). მოდი,  არასდროს დავკარგოთ მხნეობა და სანამ სატანის ქვეყნიერება ნანგრევებად ქცეულა, პირნათლად შევასრულოთ ის, რაც ღმერთს აღვუთქვით მიძღვნის დროს (ეს. 6:11). ჩვენი ძალით ბევრს ვერაფერს გავხდებით. ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად გამუდმებით ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში წმინდა სული, რათა მოგვცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:1, 7; ლუკ. 11:13).

14, 15. ა) როგორ იყო საზოგადოება განწყობილი პირველი საუკუნის ქრისტიანების მიმართ და რა თქვა პეტრე მოციქულმა მათზე? ბ) რა უნდა გვახსოვდეს მაშინ, როცა გვდევნიან იეჰოვას მოწმეობის გამო?

14 დღეისათვის მილიონობით ადამიანი უწოდებს თავს ქრისტიანს, მაგრამ „საქმეებით უარყოფენ მას [ღმერთს], რადგან საძაგელნი, ურჩნი და ნებისმიერი კარგი საქმისთვის გამოუსადეგარნი არიან“ (ტიტ. 1:16). კარგია, თუ გვეხსომება, რომ პირველ საუკუნეში ღვთის ერთგული ქრისტიანები უმრავლესობას, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, სძულდა. სწორედ ამიტომ დაწერა პეტრე მოციქულმა: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან . . . ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტ. 4:14).

15 საინტერესოა, ვრცელდება თუ არა ეს ღვთივშთაგონებული სიტყვები დღეს მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზე? რასაკვირველია, რადგან ჩვენც გამეფებულ იესოზე ვამოწმებთ. როცა იეჰოვას სახელის გამო გვლანძღავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იესოს სახელის გამო გვლანძღავენ, რომელმაც თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მღებულობთ“ (იოან. 5:43). ასე რომ, თუ ქადაგების დროს ვინმესგან წინააღმდეგობას შეხვდებით, გაბედულება მოიკრიბეთ. თუ იდევნებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გიწონებთ და მისი „სული თქვენზეა დავანებული“.

16, 17. ა) როგორ მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მსოფლიოს ბევრ კუთხეში? ბ) რა არის თქვენი მიზანი?

16 ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ მსოფლიოს ბევრ კუთხეში იეჰოვას ხალხი რიცხობრივად იზრდება. კარგად დამუშავებულ ტერიტორიებზეც კი ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით გვისმენენ, როცა მათ ხსნის მომტან სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ. კარგი იქნება, თუ არ დავიზარებთ მათ მონახულებას, დავიწყებთ მათთან ბიბლიის შესწავლებს და დავეხმარებით სულიერად ზრდაში, რათა თავი მიუძღვნან ღმერთს და მოინათლონ. ალბათ არც თქვენთვისაა უცხო სამხრეთაფრიკელი სარის გრძნობები, რომელიც 60 წელზე მეტია, იეჰოვას შესახებ ამოწმებს. სარი ამბობს: „უზომოდ მადლიერი ვარ იესოს გაღებული მსხვერპლის გამო, რომლის წყალობითაც სამყაროს უზენაეს მმართველთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ მისი დიდებული სახელის შესახებ ვამცნობ სხვებს“. სარი და მისი მეუღლე, მარტინუსი, ბევრს, მათ შორის თავიანთ სამ შვილს, დაეხმარნენ, რომ იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ. სარი სათქმელს ამ სიტყვებით ასრულებს: „არაფერი მგვრის ისეთ დიდ კმაყოფილებას, როგორსაც მსახურება. იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვაძლიერებს, რომ კვლავაც განვაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის კეთება“.

17 იმისდა მიუხედავად, მონათლული ქრისტიანები ვართ, თუ ახლა ვისწრაფვით ამ მიზნისკენ, ღვთისადმი მადლიერების მიზეზი ნამდვილად გვაქვს — იგი გვაძლევს შესაძლებლობას, დავტკბეთ მსოფლიო საძმოსთან ურთიერთობით. მოდი, ყოველთვის საფუძვლიანად დავამოწმოთ სამეფოს შესახებ და შევეცადოთ, რომ სატანის უწმინდურ ქვეყნიერებაში დაულაქავებლები დავრჩეთ. ამგვარად განვადიდებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, რომელმაც თავისი დიდებული სახელის ტარების პატივი გვარგუნა!