წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2014

„მოასწორე შენი სავალი“, რათა მიაღწიო წარმატებას!

„მოასწორე შენი სავალი“, რათა მიაღწიო წარმატებას!

ძვ. წ. 537 წელს, როცა ღვთის ხალხმა ბაბილონი დატოვა, იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი უსაფრთხოდ ჩასულიყვნენ იერუსალიმში. ღმერთმა მათ უთხრა: „გზა გაუთავისუფლეთ ჩემს ხალხს! გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! ქვებისგან გაასუფთავეთ!“ (ეს. 62:10). წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინებით შეუდგებოდა ზოგი იუდეველი ამ საკმაოდ შრომატევად საქმეს. წინ მიმავალთ ალბათ გზა გაჰყავდათ; შესაძლოა ისინი ორმოებს ავსებდნენ და ოღროჩოღრო ადგილებს ასწორებდნენ. ამგვარად ისინი გზას უკვალავდნენ სამშობლოსკენ მიმავალ თავიანთ მოძმეთ.

გადატანითი მნიშვნელობით ჩვენც ასე მივიკვლევთ გზას, რომ მივაღწიოთ სულიერი მიზნებს. იეჰოვას სურს, რომ ყველა მისმა მსახურმა ეს გზა დაბრკოლებების გარეშე განვლოს. მისი სიტყვა მოგვიწოდებს: „მოასწორე შენი სავალი და განმტკიცდეს შენი გზები“ (იგავ. 4:26). ნებისმიერ ჩვენგანს, ახალგაზრდასა თუ ხნიერს, შეგვიძლია დავინახოთ, თუ რაოდენ ბრძნულია ეს ღვთიური რჩევა.

მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები

ალბათ, გსმენიათ, ზოგ ახალგაზრდაზე უთქვამთ: „მას ძალიან კარგი მონაცემები აქვს“ ან „ის ბევრს მიაღწევს“. ახალგაზრდებს, როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობა აქვთ, გონება უჭრით და წარმატებისკენ ისწრაფვიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა“ (იგავ. 20:29). ახალგაზრდა, რომელიც თავის ნიჭსა და ენერგიას იეჰოვას მსახურებას ახმარს, აუცილებლად მიაღწევს სულიერ მიზნებს და ბედნიერიც იქნება.

ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს ქვეყნიერებაც ძალიან აფასებს. როდესაც ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე კარგად სწავლობს, სკოლის მრჩეველმა, მასწავლებელმა ან თანატოლმა შესაძლოა მას უმაღლესი განათლების მიღებისკენ უბიძგოს, რადგან ისინი თვლიან, რომ ქვეყნიერებაში წარმატების საწინდარი უმაღლესი განათლებაა. გარდა ამისა, ახალგაზრდა დასა თუ ძმას, რომელსაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, შესაძლოა სპორტის მესვეურებმა სპორტული  კარიერის შექმნისკენ მოუწოდონ. ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში ან თუ იცნობ ვინმეს, ვინც ამგვარი წნეხის ქვეშაა? რა დაეხმარება ქრისტიანს ბრძნული არჩევნის გაკეთებაში?

ბიბლიური სწავლებები გვეხმარება, ცხოვრებაში საუკეთესო გზით ვიაროთ. ეკლესიასტეს 12:1-ში ვკითხულობთ: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. როგორ შეგიძლიათ შენ და შენს თანატოლებს, რომ საუკეთესოდ გამოიყენოთ ეს რჩევა?

ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ერიკის მაგალითი. * მას ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. 15 წლის ასაკში ერიკს ეროვნულ გუნდის წევრობა შესთავაზეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ევროპის უმაღლეს ლიგაში გაივლიდა წვრთნებს და შესაძლოა, კარგი სპორტული კარიერაც ასწყობოდა. მაგრამ საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებდა ზემოთქმულ რჩევას: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“. შენ და შენი მეგობრები როგორ მოიქცეოდით?

ერიკმა სკოლის წლებში დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. მან გაიგო, რომ შემოქმედი ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს კაცობრიობის პრობლემებს. ის მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საკუთარი დროისა და ენერგიის ღვთის ნების შესასრულებლად გამოყენება. აქედან გამომდინარე, მან სპორტულ კარიერაზე უარი თქვა. ის მოინათლა და სულიერი საქმეების კეთებას შეუდგა. დროთა განმავლობაში მომსახურე გახდა და გაიარა „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“.

სპორტული კარიერით შესაძლოა ერიკს სიმდიდრე და სახელი მოეხვეჭა, მაგრამ ძალიან კარგად უწყოდა ამ ბიბლიური მუხლში ჩადებული ჭეშმარიტება: „მდიდრისთვის ქონება ძლიერი ქალაქია, ის მას გალავნად წარმოუდგენია“ (იგავ. 18:11). ადამიანი შესაძლოა სიმდიდრეს უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. უფრო მეტიც, ვინც ხარბად ესწრაფვის სიმდიდრის დაგროვებას, მრავალ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს (1 ტიმ. 6:9, 10).

საბედნიეროდ, ბევრ ახალგაზრდას სრული დროით მსახურებამ სიხარული მოუტანა და თავი უფრო დაცულად აგრძნობინა. ერიკი ამბობს: „შევუერთდი იეჰოვას სრული დროით მსახურთა დიდ გუნდს. ეს საუკეთესო გუნდია! მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ დამანახვა ის ერთადერთი გზა, რომელსაც ადამიანი ნამდვილ ბედნიერებამდე და წარმატებამდე მიჰყავს“.

რის თქმა შეიძლება შენზე? ქვეყნიური მიზნების დასახვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, განამტკიცო შენი გზები იეჰოვას წინაშე და დაიწყო პიონერული მსახურება (იხილეთ ჩარჩო „ იეჰოვას მსახურებამ ის მომცა, რასაც უნივერსიტეტი ვერასდროს მომცემდა“).

მოიცილეთ გზიდან დაბრკოლებები

ერთმა წყვილმა შეერთებული შტატების ფილიალის მონახულების შემდეგ იგრძნო, თუ რაოდენ ბედნიერები იყვნენ და-ძმები, რომლებიც ბეთელში ემსახურებოდნენ იეჰოვას. დამ მოგვიანებით ასეთი სიტყვები დაწერა: „მივხვდი, რომ ბეთელელებთან შედარებით დრო თავზე საყრელად გვქონდა“. ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ დრო გამოეთავისუფლებინათ და მეტი ეკეთებინათ იეჰოვას მსახურებაში.

თავიდან მათ ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ ცვლილებების მოხდენა. მაგრამ ერთ დღეს ამ ცოლ-ქმრის ყურადღება ყოველდღიურმა მუხლმა მიიქცია. ეს იყო იოანეს 8:31-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“. მათ გაითვალისწინეს ეს რჩევა და ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლა ღირს იმად, რომ ცხოვრება გავიუბრალოოთ“. მათ გაყიდეს დიდი სახლი, მხრებიდან ჩამოიხსნეს ზედმეტი ტვირთი და დასახმარებლად სხვა კრებაში გადავიდნენ. ამჟამად ისინი პიონერები არიან, მონაწილეობენ სამეფო დარბაზების მშენებლობაში და საოლქო კონგრესებზე ხალისით ასრულებენ ნებისმიერ დავალებულ საქმეს. საინტერესოა, როგორ გრძნობენ თავს? ისინი ამბობენ: „გაოცებულები ვართ, რამხელა სიხარული მოაქვს უბრალო ცხოვრებას და იმ საქმეების კეთებას, რისკენაც იეჰოვას ორგანიზაცია მოგვიწოდებს“.

იარეთ ღვთის გზით და მიაღწიეთ წარმატებას!

სოლომონმა დაწერა: „შენი თვალები წინ იყურებოდეს, შენი მბრწყინავი თვალები პირდაპირ იცქირებოდეს“ (იგავ. 4:25). ჩვენ იმ მძღოლის მსგავსად, რომელიც გზას უყურებს, გვერდი უნდა ავუაროთ ნებისმიერ დაბრკოლებას, რაც ხელს შეგვიშლის სულიერი მიზნების დასახვასა და მიღწევაში.

პირადად რა მიზნების დასახვა და მიღწევა შეგიძლიათ? ერთ-ერთი მიზანი სრული დროით მსახურების დაწყებაა; სხვა მიზანი კი იმ მეზობელ კრებაში გადასვლა, რომელიც დიდი ტერიტორიის დასამუშავებლად  გამოცდილ მქადაგებლებს საჭიროებს. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ისეთ კრებაში გადახვიდეთ, სადაც გამოცდილი მქადაგებლები მსახურობენ, მაგრამ უხუცესები და მომსახურეები ცოტანი არიან. შეძლებთ, ამგვარად დაუდგეთ კრებას მხარში? ამის შესახებ სარაიონო ზედამხედველს დაელაპარაკეთ. თუ საზღვარგარეთ მსახურება გსურთ, მოიძიეთ ინფორმაცია იმ კრებების შესახებ, რომელთაც დახმარება ესაჭიროება. *

მოდი დავუბრუნდეთ იმ ისტორიას, რომელზეც ესაიას 62:10 მოგვითხრობს. ზოგიერთმა იუდეველმა ღვთის ხალხისთვის სამშობლოში დასაბრუნებელი გზის მოსასწორებლად ბევრი იშრომა. თუ გსურთ, მიაღწიოთ წმინდა მსახურებაში დასახულ მიზნებს, ხელებს ნუ ჩამოყრით. ღვთის შეწევნით თქვენც განახორციელებთ ამ მიზნებს. სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, რომ თქვენ წინ მდებარე დაბრკოლებები გადალახოთ. თავის დროზე თავად დარწმუნდებით, როგორ შეუძლია ღმერთს, დაგეხმაროთ „თქვენი სავალის“ მოსწორებაში (იგავ. 4:26).

^ აბზ. 8 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 18 იხილეთ წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 111, 112.