არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივნისი 2014

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ნებადართულია ქრისტიანთათვის კრემაცია?

წმინდა წერილები კრემაციის საწინააღმდეგოდ არაფერს ამბობს.

ბიბლიაში მოხსენიებულია შემთხვევები, როცა ცხედრები თუ მიცვალებულთა ძვლები დაწვეს (იეს. 7:25; 2 მატ. 34:4, 5). ამის მიზეზი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ეს ადამიანები დამარხვის ღირსადაც კი არ ჩათვალეს. თუმცა კრემაციის ყველა შემთხვევა, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ, ამ მიზეზით არ მომხდარა.

ეს კარგად ჩანს იმ ეპიზოდიდან, რომელიც მეფე საულისა და მისი სამი ვაჟის სიკვდილის ამბავს მოგვითხრობს. საული და მისი ვაჟები ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიხოცნენ. მის ვაჟებს შორის ერთ-ერთი იონათანი გახლდათ, დავითის კარგი მეგობარი და ერთგული მხარდამჭერი. როდესაც მეფისა და მისი ვაჟების სიკვდილი იაბეშ-გალაადში მცხოვრებმა გულადმა ისრაელებმა შეიტყვეს, მათი გვამები ჩამოხსნეს, დაწვეს და ძვლები დამარხეს. მოგვიანებით დავითმა ეს ვაჟკაცები ამ საქციელის გამო შეაქო (1 სამ. 31:2, 8—13; 2 სამ. 2:4—6).

ბიბლია გვაიმედებს, რომ გარდაცვლილები მკვდრეთით აღდგებიან ანუ ღმერთი გარდაცვლილებს სიცოცხლეს დაუბრუნებს. იეჰოვასთვის სულერთია, ცხედარი დაიწვება თუ არა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მას შესწევს უნარი, რომ გარდაცვლილ ადამიანს ახალ სხეულში დაუბრუნოს სიცოცხლე. სამ ერთგულ ებრაელს, რომლებიც ნაბუქოდონოსორის ბრძანებისამებრ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს, არ უნდა შეშინებოდათ, რომ ამგვარი სიკვდილის შემთხვევაში ღმერთი მათ მკვდრეთით ვერ აღადგენდა (დან. 3:16—18). ამის თქმა შეგვიძლია იეჰოვას იმ ერთგულ მსახურებზეც, რომლებიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს და შემდგომ დაწვეს. ამასთანავე, ბევრი ერთგული თაყვანისმცემელი დაიღუპა აფეთქებებისა თუ სხვა უბედური შემთხვევების დროს, რის შედეგადაც მათი ნეშტიც კი არ დარჩა. მიუხედავად ამისა, ისინი აუცილებლად აღდგებიან (გამოცხ. 20:13).

იეჰოვამ რომ მკვდრეთით აღადგინოს ადამიანი, მას არ სჭირდება მისი ძველი სხეულის ნაწილების შეკოწიწება. ამას ადვილად ჩავწვდებით, თუ ვიფიქრებთ იმაზე, როგორ აღადგენს ღმერთი ცხებულ ქრისტიანებს ზეციური ცხოვრებისთვის. იესო ქრისტეს მსგავსად, რომელიც „გაცოცხლდა სულში“, ცხებული ქრისტიანებიც იმავე პიროვნებებად აგრძელებენ სიცოცხლეს ზეცაში, ოღონდ სულიერ სხეულში. მათ აღარაფერი შერჩებათ იმ ფიზიკური სხეულიდან, რომელიც დედამიწაზე ყოფნისას ჰქონდათ (1 პეტ. 3:18; 1 კორ. 15:42—53; 1 იოან. 3:2).

ჩვენი მკვდრეთით აღდგომა იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ რა მოუვა ჩვენს ფიზიკურ სხეულს სიკვდილის შემდეგ; უმთავრესია იმის რწმენა, რომ ღმერთს თავისი დაპირებების შესრულების უნარიც აქვს და სურვილიც (საქ. 24:15). შესაძლოა ბოლომდე არ გვესმის, როგორ აღადგენდა ღმერთი მიცვალებულთ წარსულში ან როგორ გააკეთებს ამას მომავალში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ჩვენ ვენდობით იეჰოვას. ამაში მან საკუთარი ძის, იესოს მკვდრეთით აღდგომით დაგვარწმუნა (საქ. 17:31; ლუკ. 24:2, 3).

სანამ ქრისტიანები გადაწყვეტენ, მიცვალებულის სხეული დაკრძალონ, დაწვან თუ სხვა რომელიმე მეთოდს მიმართონ, უპრიანი იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი თუ მორალურ-სამართლებრივი ნორმები (2 კორ. 6:3, 4). აქედან გამომდინარე, ქრისტიანები მიმართავენ თუ არა კრემაციას, პირადი ან ოჯახის წევრების გადასაწყვეტია.