წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2014

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“

«მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:39).

1, 2. ა) იესოს ნათქვამის თანახმად, რომელია მეორე უდიდესი მცნება კანონში? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

ერთხელ ფარისეველმა იესოს გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“. ჩვენ წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ რა პასუხი გასცა იესომ ფარისეველს: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. შემდეგ აღნიშნა, რომ ეს იყო „პირველი და უდიდესი მცნება“. ბოლოს კი დასძინა: «მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:34—39).

2 იესომ თქვა, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. ამრიგად, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: ვინ არის ჩვენი მოყვასი? და, როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს იგი?

ვინ არის ჩვენი მოყვასი

3, 4. ა) რა მაგალითით გასცა პასუხი იესომ კაცს, რომელსაც აინტერესებდა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი? ბ) როგორ დაეხმარა სამარიელი გაძარცულ, ნაცემ და ცოცხალმკვდარ ადამიანს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 ერთხელ იესოს ერთმა თავდაჯერებულმა მამაკაცმა ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესომ მას პასუხად კეთილი სამარიელის მაგალითი მოუყვანა (წაიკითხეთ ლუკას 10:29—37).  გაძარცულ, ნაცემ და ცოცხალმკვდარ მოყვასს მღვდელმა და ლევიანმა გულგრილად ჩაუარეს. მას დახმარება სამარიელმა აღმოუჩინა, იმ ხალხის შვილმა, რომელთათვისაც მოსეს კანონი არ იყო უცხო, მაგრამ იუდეველებს მაინც სძულდათ ისინი (იოან. 4:9).

4 კეთილმა სამარიელმა ამ კაცს ჭრილობები ზეთითა და ღვინით მოჰბანა. შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და სასტუმროს პატრონს, მასზე რომ ეზრუნა, ორი დინარი დაუტოვა, რაც იმ დროისთვის მუშის ორი დღის გასამრჯელოს უდრიდა (მათ. 20:2). აქედან გამომდინარე, რთული არ არის იმის დანახვა, ვინ აღმოჩნდა გაჭირვებაში მყოფი ადამიანისთვის ნამდვილი მოყვასი. იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ მოყვასისადმი უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა და სიყვარული.

იეჰოვას მოწმეები მხარში უდგანან მოყვასს (იხილეთ მე-5 აბზაცი)

5. როგორ გამოავლინეს იეჰოვას მსახურებმა მოყვასისადმი სიყვარული სტიქიური უბედურების დროს?

5 ყოველთვის სანთლით საძებარნი იყვნენ კეთილი სამარიელის მსგავსი თანამგრძნობი ადამიანები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დღეს, ამ „ბოლო დღეებში“, როცა ხალხს თბილი გრძნობები გაუნელდა, გული გაუსასტიკდა და კარგი შესძულდა (2 ტიმ. 3:1—3). ეს შესაძლოა სტიქიური უბედურებების დროს უფრო თვალნათლივ გამოჩნდეს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბრის მიწურულს ქალაქ ნიუ-იორკს ქარიშხალმა „სენდიმ“ გადაუარა, მძარცველებმა დრო იხელთეს და ქალაქის ყველაზე დაზარალებულ რაიონში ელექტროენერგიის, გათბობისა თუ სხვა აუცილებელი საჭიროებების გარეშე დარჩენილი ხალხი გაძარცვეს. ამავე ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეებმა აამოქმედეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. ქრისტიანებს ასეთ საქმეებს მოყვასის სიყვარული აკეთებინებს. საინტერესოა, კიდევ რა სახით შეგვიძლია მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენა?

როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს მოყვასი

6. რა კავშირია ქადაგებასა და მოყვასის სიყვარულს შორის?

6 დაეხმარეთ ხალხს სულიერად. ჩვენ ხალხს სულიერად მაშინ ვეხმარებით, როცა მათ „წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით“ ვუამებთ სულს (რომ. 15:4). როცა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუქადაგებთ, ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გვიყვარს მოყვასი (მათ. 24:14). რაოდენ დიდი პატივია, რომ ხალხს გადავცეთ სამეფოს შესახებ ცნობა, რომელიც „იმედის მომცემმა ღმერთმა“ გვიბოძა! (რომ. 15:13).

7. რა არის ოქროს წესი და როგორ გვაკურთხებს ღმერთი, თუ მისით ვიხელმძღვანელებთ?

7 იხელმძღვანელეთ ოქროს წესით. მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული იესოს სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რაში მდგომარეობს ოქროს წესი: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი“ (მათ. 7:12). როდესაც ადამიანებს ამ პრინციპიდან გამომდინარე ვეპყრობით, იმ სულს ვავლენთ, რომლითაც „კანონი“ (დაბადებიდან მეორე კანონის ჩათვლით) და „წინასწარმეტყველებებია“ (ებრაული წერილების წინასწარმეტყველური წიგნები) მოცული. ამ ღვთივშთაგონებული წიგნებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც სხვების მიმართ სიყვარულს ავლენს. მაგალითად, იეჰოვამ ესაიას ასეთი რამ დააწერინა: „დაიცავით სამართალი და სიმართლე აკეთეთ . . . ბედნიერია მოკვდავი ადამიანი, რომელიც ასე იქცევა“ (ეს. 56:1, 2). მართლაც ბედნიერნი ვართ, რადგან გვიყვარს მოყვასი და სამართლიანად ვექცევით მას.

8. ა) რატომ უნდა გვიყვარდეს მტრები? ბ) რა მოჰყვება შედეგად ამ რჩევის გათვალისწინებას?

8 გიყვარდეთ თქვენი მტრები. იესომ თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები»  (მათ. 5:43—45). პავლე მოციქულმაც მსგავსი აზრი თქვა: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე“ (რომ. 12:20; იგავ. 25:21). მოსეს კანონის თანახმად, ებრაელი ვალდებული იყო, რომ ტვირთქვეშ მოყოლილი მტრის პირუტყვისთვისაც კი საპალნე ჩამოეხსნა (გამ. 23:5). თუ ამ კანონს გაითვალისწინებდნენ, ყოფილი მტრები შეიძლება კარგი მეგობრებიც კი გამხდარიყვნენ. სწორედ ქრისტიანული სიყვარული იყო იმის თავიდათავი, რომ ბევრ ჩვენს მტერს გული მოულბა. თუ მტრები გვეყვარება, მათ შორის სასტიკი მდევნელებიც კი, გულწრფელად გავიხარებთ, თუ ზოგიერთი მათგანი ერთ მშვენიერ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდება.

9. რა თქვა იესომ, რის გაკეთება გვმართებს და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად?

9 „ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ“ (ებრ. 12:14). უპირველეს ყოვლისა, ეს რჩევა და-ძმებთან ჩვენს ურთიერთობას ეხება. იესომ თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24). ღმერთი გვაკურთხებს, თუ სიყვარულს გამოვავლენთ თანაქრისტიანების მიმართ და მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ.

10. რატომ არ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული?

10 ჩასაფრებული ნუ იქნებით. „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში? თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მათ. 7:1—5). მართლაც, რა შთამბეჭდავად დაგვანახვა იესომ, რომ არ გავაკრიტიკოთ სხვები უმნიშვნელო შეცდომების გამო, ვინაიდან თავად შესაძლოა უფრო სერიოზულ შეცდომებს ვუშვებდეთ.

მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენის უნიკალური გზა

11, 12. რომელია ის უნიკალური გზა, რითაც მოყვასისადმი სიყვარულს ვავლენთ?

11 ჩვენ გვსურს, მოყვასისადმი სიყვარულს განსაკუთრებული სახით ვავლენდეთ. იესოს  მსგავსად, ჩვენც ვქადაგებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (ლუკ. 8:1). იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოემოწაფებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19, 20). ამგვარად ჩვენ ვეხმარებით მოყვასს, მიატოვოს დაღუპვისკენ მიმავალი ფართო გზა და დაადგეს სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზას (მათ. 7:13, 14). ორი აზრი არ არსებობს,  რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.

12 ჩვენ იესოს ვბაძავთ და ხალხს იმის გაცნობიერებაში ვეხმარებით, რომ მათ გააჩნიათ სულიერი წყურვილი, რომელიც უნდა მოიკლან (მათ. 5:3). იმ შემთხვევაში, როცა ვინმე ინტერესდება, ჩვენ მათ სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ და ამგვარად ვუკმაყოფილებთ სულიერ მოთხოვნილებებს (რომ. 1:1). ვისაც სამეფოს შესახებ ცნობა გულთან ახლოს მიაქვს, ღმერთს ურიგდება იესო ქრისტეს მეშვეობით (2 კორ. 5:18, 19). ასე რომ, სასიხარულო ცნობის ქადაგება მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენის მართლაც უმნიშვნელოვანესი გზაა!

13. სამეფოს მაუწყებლებო, რა გრძნობა გეუფლებათ, როცა მონაწილეობთ ქადაგების დიდებულ საქმეში?

13 შედეგიანი განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლების წყალობით ვეხმარებით ხალხს, იცხოვრონ ღვთის სამართლიანი მოთხოვნების თანახმად, რაც კმაყოფილებას გვგვრის. შედეგად შეიძლება ბიბლიის შემსწავლელებმა ცხოვრების წესი შეიცვალონ (1 კორ. 6:9—11). ძალიან გვსიამოვნებს და გვახარებს იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარება ღმერთი მათ, „ვინც მარადიული სიცოცხლისთვის . . . [არის] განწყობილი“, საჭირო ცვლილებების მოხდენასა და მასთან დაახლოებაში (საქ. 13:48). ბევრი ასეთი ადამიანის ცხოვრებაში სასოწარკვეთას სიხარული ცვლის, ზედმეტ წუხილს კი — ზეციერ მამაზე დანდობა. რა მშვენიერია იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან სულიერად ახალფეხადგმულნი. უდავოდ, დიდი პატივია, რომ ვაუწყებთ სამეფოს შესახებ და ამით ვამტკიცებთ მოყვასისადმი სიყვარულს!

სიყვარულის ეტალონი

14. საკუთარი სიტყვებით გადმოეცით, თუ როგორ აღიწერება სიყვარული 1 კორინთელების 13:4—8-ში.

14 უამრავ პრობლემას ავირიდებთ თავიდან, ბედნიერები ვიქნებით და ღვთის კურთხევებით გავიხარებთ, თუ მოყვასის მიმართ ისეთ სიყვარულს გამოვავლენთ, რომელზეც პავლე საუბრობდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—8). ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ დაახასიათა პავლემ სიყვარული და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, ასეთ სიყვარულს ვავლენდეთ მოყვასთან.

15. ა) რატომ უნდა გამოვავლინოთ მოთმინება და სიკეთე? ბ) რა მიზეზების გამო არ უნდა გვშურდეს და არ უნდა ვტრაბახობდეთ?

15 „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. ღმერთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ მოთმინებასა და სიკეთეს ავლენს; ჩვენც ასე უნდა მოვექცეთ მათ, ვინც შეცდომებს უშვებს, დაუდევრად იქცევა და უტაქტო საქციელით გულს გვტკენს. „სიყვარულს არ შურს“; ასე რომ, თუ ჩვენი აღმძვრელი ძალა ჭეშმარიტი სიყვარულია, კრებაში ჩვენი თანაქრისტიანების ქონებისა თუ მდგომარეობის არ შეგვშურდება; უფრო მეტიც, არ ვიამაყებთ და არ მოვყვებით ტრაბახს. ჩვენ კარგად ვუწყით, რომ „ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული ბოროტების ლამპარი და ცოდვაა“ (იგავ. 21:4).

16, 17. როგორ შეგვიძლია 1 კორინთელების 13:5, 6-ის თანახმად მოვიქცეთ?

16 სიყვარული გვკარნახობს, რომ ღირსეულად მოვექცეთ მოყვასს. ამგვარი დამოკიდებულება გამორიცხავს მოყვასის მოტყუებას, მისთვის რაიმეს მოპარვას და იეჰოვას კანონებისა თუ პრინციპების საწინააღმდეგო ნებისმიერ საქციელს. სიყვარული აგრეთვე გვეხმარება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც (ფილ. 2:4).

17 ჭეშმარიტი სიყვარული ადვილად არ ღიზიანდება და „განაწყენებას არ ითვლის“, ანუ, თუ ვინმე გულწრფელად გვიყვარს, „აღრიცხვის წიგნაკში“ არ შეგვაქვს მისი შეცდომები (1 თეს. 5:15). თუ გულში ბოღმას ჩავიდებთ,  იეჰოვას ვერ ვასიამოვნებთ; ფაქტობრივად, ბოღმა ჩვენში მიმქრალი ცეცხლივით იქნება, რომელიც ერთ დღესაც შესაძლოა აბრიალდეს და ზიანი მოგვაყენოს როგორც ჩვენ, ისე სხვებს (ლევ. 19:18). სიყვარული გვეხმარება, რომ ჭეშმარიტებით გავიხაროთ და არა უმართლობით მაშინაც კი, თუ იმ ადამიანს, რომელსაც ვძულვართ, უსამართლოდ ან ცუდად ექცევიან (წაიკითხეთ იგავების 24:17, 18).

18. რას ვიგებთ სიყვარულის შესახებ 1 კორინთელების 13:7, 8-დან?

18 მოდი ვნახოთ, როგორ აგრძელებს პავლე მოციქული სიყვარულის აღწერას. ის ამბობს, რომ სიყვარული „ყველაფერს იტანს“. თუ ვინმე გვაწყენინებს, მაგრამ პატიებას გვთხოვს, სიყვარული აღგვძრავს, ვაპატიოთ მას. სიყვარულს „ყველაფერი სწამს“, სწამს იმისა, რაც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი და გვეხმარება სულიერი საზრდოს მადლიერებით მიღებაში. სიყვარულს იმ „ყველაფრის იმედი აქვს“, რის შესახებაც ბიბლია საუბრობს და გვიბიძგებს, რომ სხვებსაც ჩავუსახოთ იმედი გულში (1 პეტ. 3:15). ამავე დროს, რთულ სიტუაციებში ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დაბოლოვდება. სიყვარული „ყველაფერს ითმენს“, იქნება ეს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი შეცდომები, დევნა თუ სხვა სახის განსაცდელები. დაბოლოს, „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. სიყვარულს მორჩილი ადამიანები მთელი მარადიულობის განმავლობაში გამოავლენენ.

კვლავაც გიყვარდეთ მოყვასი, როგორც საკუთარი თავი

19, 20. რომელმა ბიბლიურმა რჩევებმა უნდა აღგვძრას მოყვასის სიყვარულისკენ?

19 ბიბლიური რჩევები გვეხმარება, გვიყვარდეს მოყვასი. ამგვარი სიყვარული გულისხმობს არა მარტო ჩვენი ეროვნებისა თუ კულტურის ადამიანების სიყვარულს, არამედ ყველას სიყვარულს. ჩვენ აგრეთვე უნდა გვახსოვდეს იესოს სიტყვები: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 22:39). ღმერთიც და იესოც მოელიან, რომ ჩვენ გვეყვარება მოყვასი. თუ ზოგჯერ გვიჭირს მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენა, ვილოცოთ და ვთხოვოთ იეჰოვას, რომ წმინდა სულის მეშვეობით გვიხელმძღვანელოს. შედეგად ღმერთი გვაკურთხებს და შევძლებთ, რომ სიყვარულით მოვექცეთ მოყვასს (რომ. 8:26, 27).

20 მოყვასის საკუთარი თავივით სიყვარულს ბიბლია „დიდებულ კანონს“ უწოდებს (იაკ. 2:8). პავლე მოციქულმა მას შემდეგ, რაც მოსეს კანონიდან ზოგიერთ მცნებაზე ისაუბრა, დასძინა: «ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა» (რომ. 13:8—10). მაშასადამე, კვლავაც გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.

21, 22. რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი?

21 როდესაც ვფიქრობთ მიზეზებზე, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი, კარგი იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს სიტყვებს: „მას [იეჰოვას] მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:43—45). იმის მიუხედავად, ჩვენი მოყვასი „მართალია“ თუ „უმართლო“, ჩვენ ის უნდა გვიყვარდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო გზა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაა. წარმოიდგინეთ, რა კურთხევებით გაიხარებს ჩვენი მოყვასი, თუ ის მადლიერი გულით მიიღებს სასიხარულო ცნობას.

22 ამ სტატიამ უამრავი მიზეზი დაგვანახვა, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულითა და გონებით. აგრეთვე გვიჩვენა უამრავი გზა, რითაც მოყვასის ჩვენს სიყვარულში დარწმუნებას შევძლებთ. თუ გვეყვარება ღმერთი და მოყვასი, ამით ცხადვყოფთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი უდიდესი მცნება კანონში, რომლის შესახებაც იესო საუბრობდა. დაბოლოს, რაც უმთავრესია, ამით ჩვენს ზეციერ მოსიყვარულე მამას, იეჰოვას, გავუხარებთ გულს!