წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2014

იეჰოვას თვალით უყურებთ ადამიანურ სისუსტეებს?

იეჰოვას თვალით უყურებთ ადამიანურ სისუსტეებს?

„სხეულის ის ნაწილები, რომლებიც შედარებით სუსტი ჩანს, უფრო საჭიროა“ (1 კორ. 12:22).

1, 2. რატომ შეეძლო პავლეს, თანაეგრძნო სუსტებისთვის?

დროდადრო ყველა ვხდებით ავად და ამ დროს თავს სუსტად ვგრძნობთ. მაგალითად, სურდომ ან ალერგიამ შეიძლება ისე დაგვასუსტოს, რომ ყოველდღიური საქმეების კეთება გაგვიჭირდეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ არა ერთი ან ორი კვირის, არამედ თვეების განმავლობაში. უდავოდ, ასეთ დროს ძალიან გესიამოვნებოდათ და მადლიერიც დარჩებოდით, თუ სხვები დახმარების ხელს გამოგიწვდიდნენ.

2 პავლე მოციქულმა კარგად იცოდა, რა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე და როგორ ასუსტებს მას კრებასა თუ მის გარეთ არსებული სირთულეები. მას არაერთხელ ჰგონებია, რომ მეტის ატანას ვეღარ შეძლებდა (2 კორ. 1:8; 7:5). ცხოვრებაში მრავალჭირნახულმა ერთგულმა მოციქულმა თქვა: „სუსტია ვინმე და მე არა ვარ სუსტი?“ (2 კორ. 11:29). მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრების წევრები ადამიანის სხეულის ნაწილებს შეადარა და თქვა, რომ ვინც „შედარებით სუსტი ჩანს, უფრო საჭიროა“ (1 კორ. 12:22). საინტერესოა, რა იგულისხმა პავლემ? რატომ უნდა ვუყუროთ იეჰოვას თვალით მათ, ვინც, ერთი შეხედვით, სუსტია? და, რა მხრივ იქნება ჩვენთვის კარგი, თუ ამგვარად მოვიქცევით?

 როგორ უყურებს იეჰოვა ადამიანურ სისუსტეებს

3. რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა სუსტებთან დაკავშირებით ჩვენს თვალსაზრისზე?

3 ჩვენ ვცხოვრობთ მეტოქეობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში, სადაც ხშირად ძლიერები და ახალგაზრდები დომინირებენ. ბევრი საკუთარი მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევს უკან; ისინი ხშირად ფეხქვეშ თელავენ სუსტთა გრძნობებს. ცხადია, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი საქციელი, თუმცა გაუაზრებლად შეიძლება უარყოფითი თვალსაზრისი განგვივითარდეს მათზე, ვისაც გამუდმებით სჭირდება დახმარება; ასეთი დამოკიდებულება შეიძლება კრების წევრების მიმართაც გაგვიჩნდეს. მაგრამ შესაძლებელია, ამ საკითხზე ისეთივე გაწონასწორებული თვალსაზრისი შევიძინოთ, როგორიც ღმერთს აქვს?

4, 5. ა) როგორ გვეხმარება 1 კორინთელების 12:21—23-ში პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითი, რომ იეჰოვას თვალით ვუყუროთ ადამიანურ სისუსტეებს? ბ) რატომ იქნება ჩვენთვისვე სასარგებლო, თუ დავეხმარებით სუსტებს?

4 უკეთ რომ ჩავწვდეთ იეჰოვას თვალსაზრისს ადამიანურ სისუსტეებზე, ამაში პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში მოყვანილი მაგალითი დაგვეხმარება. მე-12 თავში პავლე საუბრობს, რომ სხეულის ის ნაწილებიც კი საჭირო და სასარგებლოა, რომლებიც ნაკლებად თვალში საცემი და სუსტია (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:12, 18, 21—23). ზოგი ევოლუციონისტი ბიბლიის ამ მოსაზრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა ანატომიურმა კვლევებმა გამოააშკარავა, რომ სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, სინამდვილეში მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. * მაგალითად, ზოგის აზრით, ფეხის ნეკა თითი სრულიად უფუნქციო იყო, მაგრამ დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას.

5 პავლემ თავის მაგალითში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანული კრების ყოველი წევრი საჭირო და მნიშვნელოვანია. სატანისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს ღირსებას ულახავს, იეჰოვასთვის თითოეული მსახური, მათ შორის, „ვინც ერთი შეხედვით სუსტია“, უაღრესად „საჭიროა“ (იობ. 4:18, 19). ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, რომ კარგად დავინახოთ ჩვენი როლი, როგორც კრებაში, ისე ღვთის ხალხს შორის მთელი დედამიწის ზურგზე. გახსენდებათ შემთხვევა, როცა ხანდაზმულს ხელკავი გამოსდეთ? ალბათ, ამ დროს მისთვის ფეხის აწყობაც მოგიწიათ. თუმცა ამით მასაც დაეხმარეთ და თავადაც კარგად იგრძენით თავი. დიახ, როდესაც სხვებს ვეხმარებით, ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობთ. ამავდროულად, უფრო მეტად ვავლენთ სიყვარულს, სულგრძელობას და ვაღწევთ მოწიფულობას (ეფეს. 4:15, 16). ჩვენს მოსიყვარულე მამას, იეჰოვას, სურს, რომ ადამიანური სისუსტეების მიუხედავად, დავაფასოთ ერთმანეთი და არ მოვთხოვოთ ზედმეტი. ამგვარად, კრებაში სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს.

6. რა გაგებით იყენებდა ზოგჯერ პავლე სიტყვებს „სუსტი“ და „ძლიერი“?

6 პავლემ კორინთელებისადმი მიწერილ წერილში მოხსენიებული სიტყვებით „სუსტი“ და „სისუსტე“ აღწერა როგორც მაშინდელი საზოგადოების დამოკიდებულება ქრისტიანების მიმართ, ისე საკუთარი მდგომარეობა (1 კორ. 1:26, 27; 2:3). რომაელების მიმართ მიწერილ წერილში მან სიტყვა „ძლიერები“ ახსენა, თუმცა მისი მიზანი არ ყოფილა, რომ ზოგს თანამორწმუნეებზე აღმატებულად ეგრძნო თავი (რომ. 15:1). პირიქით, მოციქული გამოცდილ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ მოთმინება გამოევლინათ მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტებაში ჯერ არ იყო მყარად ფესვგადგმული.

გვესაჭიროება თვალსაზრისის შეცვლა?

7. რა მიზეზების გამო შეიძლება ვერ ამოვუდგეთ მხარში მათ, ვინც ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს?

7 როდესაც მხარში ვუდგავართ „საწყალს“, ამით ვბაძავთ ჩვენს მამას, იეჰოვას და მის მოწონებასაც ვიმსახურებთ (ფსალმ. 41:1; ეფეს.  5:1). თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი უარყოფითი თვალსაზრისი მათ მიმართ, ვისაც მხარში დგომა სჭირდება, დროდადრო ხელს გვიშლის მათ დახმარებაში. გასაჭირში მყოფ ადამიანს შესაძლოა იმიტომ ვარიდებთ თავს, რომ არ ვიცით, რა ვუთხრათ და თავს უხერხულად ვგრძნობთ. ჩვენი და სინტია *, რომელიც მეუღლემ მიატოვა, ასეთ რამეს ამბობს: „ქრისტიანისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუკი და-ძმები, რომელთაგანაც დახმარებას მოელის, თავს აარიდებენ და განსაცდელის პირისპირ მარტოს დატოვებენ; პრობლემების დროს თანადგომა ყველას სჭირდება“. დროდადრო მეფე დავითიც მიტოვებულად გრძნობდა თავს (ფსალმ. 31:12).

8. რა დაგვეხმარება, რომ უფრო თანამგრძნობები ვიყოთ?

8 ალბათ უფრო გაგვიადვილდება ჩვენი ძვირფასი და-ძმების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა, თუ მხედველობაში მივიღებთ არასახარბიელო ვითარებას, რამაც ისინი დაასუსტა; მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შერყეული ჯანმრთელობა, რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება და დეპრესიული ფონი. შესაძლოა ერთ დღეს ასეთ მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდეთ. სანამ აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდნენ, ერთ დროს ეგვიპტის მონობაში მყოფი „სუსტი“ და ღატაკი ისრაელები იეჰოვამ გააფრთხილა, რომ გული არ გაექვავებინათ ჩაგრულთა მიმართ; იეჰოვა მოელოდა, რომ მისი ხალხი დახმარების ხელს გაუწვდიდა შეჭირვებულთ (კან. 15:7, 11; ლევ. 25:35—38).

9. რა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი საფიქრალი, როცა ვეხმარებით სირთულეების პირისპირ მყოფ და-ძმებს? მოიყვანეთ მაგალითი.

9 არასასურველ მდგომარეობაში მყოფი და-ძმები კი არ უნდა განვსაჯოთ ან ეჭვის თვალით კი არ უნდა დავუწყოთ ყურება, არამედ უნდა ვანუგეშოთ (იობ. 33:6, 7; მათ. 7:1). თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლისტი საავადმყოფოში გადაჰყავთ. როგორ ფიქრობთ, დაიწყებს სამედიცინო პერსონალი იმის გამოძიებას, მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა მისი მიზეზით? რა თქმა უნდა, არა! ეჭვგარეშეა, რომ ისინი დაუყოვნებლივ აღმოუჩენენ მოტოციკლისტს სამედიცინო დახმარებას. ამის მსგავსად, თუ ჩვენი თანამორწმუნე პრობლემების გამო დასუსტდა, ჩვენი უმთავრესი საფიქრალი მისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:14).

10. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი, ვინც ერთი შეხედვით სუსტები ჩანან, „რწმენით მდიდრები“ არიან?

10 თუ დავფიქრდებით იმ სირთულეებზე, რომლებთანაც ჩვენს და-ძმებს უწევთ ჭიდილი, მივხვდებით, რომ ისინი სრულებითაც არ არიან სუსტნი. მაგალითად, რას იტყვით იმ დებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან დევნას იტანენ? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად უმწეონი ჩანან, ისინი შინაგანად მტკიცენი არიან და ძლიერ რწმენას ავლენენ. განა არ გამხნევებთ მარტოხელა დედის რწმენა და შემართება, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილთან ერთად კრების ყველა შეხვედრას ესწრება? და, რა შეიძლება ითქვას ახალგაზრდებზე, რომლებზეც გავლენას ვერ ახდენს სკოლაში გაბატონებული სული და ყველაფრის მიუხედავად ჭეშმარიტების ერთგულნი რჩებიან? გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი, ვინც ერთი შეხედვით სუსტები ჩანან, სინამდვილეში მათსავით „რწმენით მდიდრები“ არიან, რომლებიც უფრო ხელსაყრელ პირობებში იმყოფებიან (იაკ. 2:5).

გქონდეთ იეჰოვას თვალსაზრისი

11, 12. ა) რა დაგვეხმარება, რომ ადამიანურ სისუსტეებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰოვა აარონს?

11 ჩვენც იეჰოვას თვალით შევხედავთ ადამიანურ სისუსტეებს, თუ მხედველობაში მივიღებთ, თავად მას რა რეაქცია ჰქონდა, როცა ზოგიერთი მისი მსახური შეცდომას უშვებდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 130:3). მოსეს გვერდით რომ ყოფილიყავით, რა რეაქცია გექნებოდათ, როცა აარონი ოქროს ხბოს ჩამოსხმის შემდეგ უსუსური არგუმენტებით იმართლებდა მასთან თავს? (გამ. 32:21—24). ან აარონზე რას იფიქრებდით, როდესაც თავისი  დის, მირიამის, წაქეზებით მოსეს კრიტიკას მოჰყვებოდა უცხოტომელი ცოლის გამო? (რიცხ. 12:1, 2). ანდა, რა რეაქცია გექნებოდათ, როდესაც აარონი და მოსე არ განადიდებდნენ იეჰოვას მაშინ, როცა მან სასწაულებრივად გადმოუდინა წყალი მერიბასთან? (რიცხ. 20:10—13).

12 ზემოთ მოყვანილ სამივე შემთხვევაში იეჰოვას შეეძლო, დაესაჯა აარონი. მაგრამ იეჰოვამ დაინახა, რომ აარონის შეცდომების მიზეზი ბოროტი გული კი არა, ადამიანური სისუსტე იყო. როგორც ჩანს, აარონი წინააღმდეგობას ვერ უწევდა გარშემომყოფთ, რის გამოც სწორ გზას სცდებოდა. თუმცა, როცა შეცდომებზე მიუთითებდნენ, ყოველთვის ჰყოფნიდა თავმდაბლობა, ეღიარებინა საკუთარი ბრალეულობა და მიეღო იეჰოვასგან შეგონება თუ დასჯა (გამ. 32:26; რიცხ. 12:11; 20:23—27). იეჰოვა აარონში უპირველესად რწმენასა და მომნანიე გულს ხედავდა. საგულისხმოა ისიც, რომ საუკუნეების შემდეგ ფსალმუნების დამწერი აარონსა და მის შთამომავლებს „იეჰოვას მოშიშებად“ იხსენიებდა (ფსალმ. 115:10—12; 135:19, 20).

13. რაზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ ადამიანურ სისუსტეებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ?

13 იეჰოვას თვალსაზრისი რომ გვქონდეს, იმაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მათდამი, ვინც ერთი შეხედვით სუსტია (1 სამ. 16:7). მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ, როცა მოზარდი არ იჩენს წინდახედულობას გართობის ამა თუ იმ სახეობის არჩევისას ან დაუდევრად იქცევა? კარგი იქნება, თუ ზედმეტად კრიტიკულები არ ვიქნებით და დავფიქრდებით, რით შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, რომ მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ. სასურველია, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების დასახმარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადავდგათ. შედეგად, მათ უფრო გავუგებთ და შევიყვარებთ.

14, 15. ა) რას ფიქრობდა იეჰოვა ელიაზე, როცა მან მცირე ხნით გაბედულება დაკარგა? ბ) რას ვსწავლობთ ელიას შემთხვევიდან?

14 თუ ჩავუკვირდებით, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა გულგატეხილ მსახურებს და მის დამოკიდებულებას ჩვენსას შევადარებთ, ესეც  დაგვეხმარება, რომ დათრგუნულ და-ძმებს მისი თვალით ვუყუროთ. ღვთის ერთ-ერთი მსახური, რომელსაც გული გაუტყდა, ელია გახლდათ. მართალია, იგი ბაალის 450 წინასწარმეტყველს უშიშრად გაუსწორდა, მაგრამ დედოფალ იზებელს, რომელსაც მისი მოკვლა განეზრახა, შეშინებული გაექცა. მან ბეერ-შებამდე დაახლოებით 150 კმ. გაიარა და შემდეგ უდაბნოსკენ გასწია. შუაგულ უდაბნოში მწველი მზის სხივებით გათანგული ბუჩქის ძირას ჩამოჯდა და „სიკვდილი ითხოვა“ (1 მეფ. 18:19; 19:1—4).

იეჰოვას ესმოდა, რომ ელიას ადამიანურმა სისუსტემ დარია ხელი და გასამხნევებლად ანგელოზი გაუგზავნა (იხილეთ მე-14 და მე-15 აბზაცები)

15 რა იგრძნო იეჰოვამ, როდესაც ზეციდან სასოწარკვეთილებაში მყოფი თავისი ერთგული მსახური იხილა? უარყო მხოლოდ იმიტომ, რომ მას დარდი შემოსწოლოდა და მცირე ხნით გაბედულება დაეკარგა? სრულებითაც არა! იეჰოვას ესმოდა, რომ ელიას ადამიანურმა სისუსტემ დარია ხელი და გასამხნევებლად ანგელოზი გაუგზავნა. მან სასწაულებრივად ორჯერ დააპურა ელია. ამ ყველაფრის შემდეგ მას გასავლელი გზა არც ისე შორად მოეჩვენებოდა (წაიკითხეთ 1 მეფეების 19:5—8). დაფიქრდით: იეჰოვამ კონკრეტული მითითებების მიცემამდე ელიას მოუსმინა და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა.

16, 17. როგორ შეგვიძლია ისევე ვიზრუნოთ და-ძმებზე, როგორც იეჰოვამ იზრუნა ელიაზე?

16 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს მზრუნველ ღმერთს? ნუ ვიჩქარებთ რჩევის მიცემას (იგავ. 18:13). უმჯობესი იქნება, თუ ჯერ თანავუგრძნობთ მას, ვინც თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე თავს „ნაკლებად საპატიოდ“ თვლის (1 კორ. 12:23). მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მისთვის ნამდვილი დახმარების აღმოჩენას.

17 მაგალითად, დაფიქრდით ზემოხსენებულ სინტიაზე, რომელიც ქმარმა ორ ქალიშვილთან ერთად მიატოვა. ისინი თავს მარტოდ გრძნობდნენ. საინტერესოა, როგორ ამოუდგნენ მხარში სინტიას თანამორწმუნეები. ის იხსენებს: „როცა და-ძმებს ტელეფონით გავაგებინეთ ჩვენი უბედურება, 45 წუთში ჩვენთან იყვნენ; ისინი ტიროდნენ. პირველი სამი დღის განმავლობაში გვერდიდან არ გვცილდებოდნენ. იმის გამო, რომ ემოციურად გამოფიტულები ვიყავით და წესიერად საჭმელსაც ვერ ვჭამდით, და-ძმებმა დროებით თავისთან გადაგვიყვანეს საცხოვრებლად“. ალბათ სინტიას ნათქვამმა იაკობის სიტყვები გაგახსენათ: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს, რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია? რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკ. 2:15—17). თანაქრისტიანების დროული მხარდაჭერის წყალობით სინტიამ და მისმა ქალიშვილებმა ძალა აღიდგინეს და მძიმედ ასატანი განსაცდელიდან ექვსი თვის შემდეგ დამხმარე პიონერად დაიწყეს მსახურება (2 კორ. 12:10).

მრავალმხრივ სასარგებლო

18, 19. ა) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც მოსუსტდა? ბ) რა მხრივ იქნება სასარგებლო, თუ მხარში ამოვუდგებით სუსტებს?

18 ალბათ გამოგიცდიათ, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალის აღსადგენად დროა საჭირო. მსგავსადვე, ქრისტიანებს, რომლებიც არასახარბიელო პირობებისა თუ პრობლემების გამო მოსუსტდნენ, დრო სჭირდებათ სულიერი წონასწორობის აღსადგენად. ცხადია, მათ ამაში პირადი შესწავლა, ლოცვა და სხვა თეოკრატიულ საქმეებში ჩაბმა დაეხმარება. მაგრამ იბადება კითხვები: შევძლებთ მოთმინებით მოვეპყროთ მათ, ვიდრე სულიერად ფეხზე დადგებიან? გამოვავლენთ ამ პერიოდის განმავლობაში სიყვარულს, რომელიც სულგრძელია? დავეხმარებით დასუსტებულებს, რომ კვლავ ღირსეულად იგრძნონ თავი და დავარწმუნებთ მათ ჩვენს ქრისტიანულ სიყვარულში? (2 კორ. 8:8).

19 ნურასდროს დაგავიწყდებათ ერთი რამ: თუ ძმებს მხარში ამოუდგებით, საკუთარ თავზე გამოცდით სიხარულს, რომელიც მხოლოდ გაცემას სდევს თან. ამასთანავე, უფრო მეტად შეძლებთ თანაგრძნობისა და მოთმინების გამოვლენას. ამას გარდა, მთელ კრებაში სითბო და სიყვარული დაისადგურებს. და რაც მთავარია, მივბაძავთ იეჰოვას, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ფასდაუდებელია! ამრიგად, ამ სტატიამ არაერთი მიზეზი დაგვანახვა, რის გამოც ნამდვილად ღირს, „დავეხმაროთ უძლურებს“ (საქ. 20:35).

^ აბზ. 4 ჩარლზ დარვინმა თავის წიგნში „ადამიანის წარმოშობა“ სხეულის რამდენიმე ორგანოს „არასაჭირო“ უწოდა. ერთ-ერთი მისი მხარდამჭერი ამტკიცებდა, რომ ადამიანის სხეულში უამრავი რუდიმენტული (განუვითარებელი) ორგანოა, რომელთა შორისაა, აპენდიქსი (ბრმა ნაწლავის დანამატი) და თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი).

^ აბზ. 7 სახელი შეცვლილია.