წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2014

„ჩემი საჭმელი“ ღვთის ნების შესრულებაა

„ჩემი საჭმელი“ ღვთის ნების შესრულებაა

რა განიჭებთ უდიდეს სიამოვნებას? მეუღლესთან ურთიერთობა, შვილების აღზრდა თუ მეგობრების შეძენა და მათთან ერთად ყოფნა? ალბათ, ძალიან გსიამოვნებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად სადილობა. თუმცა თქვენთვის, როგორც ღვთის მსახურისთვის, ალბათ, განსაკუთრებული სიხარულის წყარო ღვთის ნების შესრულება, მისი სიტყვის სწავლა და სასიხარულო ცნობის ქადაგებაა.

ძველი ისრაელის მეფე დავითი შემოქმედს ასეთი სიტყვებით განადიდებდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). ძნელბედობისა და ტანჯვის მიუხედავად, დავითი სიხარულს ღვთის ნების შესრულებაში პოულობდა. თუმცა მხოლოდ მას როდი ანიჭებდა ჭეშმარიტი ღვთის მსახურება სიხარულს.

მოციქულმა პავლემ ფსალმუნის 40:8-ში ჩაწერილი სიტყვები მესიასთან, ქრისტესთან დაკავშირებით მოიყვანა, რადგან ღვთის ნების შესრულება მასაც ანიჭებდა სიხარულს. პავლემ დაწერა: «ქვეყნიერებაში მოსვლისას ის [იესო] ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე, მაგრამ სხეული გამიმზადე. არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“. მაშინ მე ვთქვი: „აი, მოვედი (ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია) შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“» (ებრ. 10:5—7).

დედამიწაზე ყოფნისას იესო ტკბებოდა შემოქმედების ცქერით, მეგობრებთან ურთიერთობით; მას ხალხთან ერთად საკვების მირთმევაც ჰგვრიდა სიამოვნებას (მათ. 6:26—29; იოან. 2:1, 2; 12:1, 2). თუმცა მისთვის უმთავრესი ზეციერი მამის ნების შესრულება იყო, რაც ყველაზე მეტად ახარებდა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:34; 6:38). იესოს მოწაფეებმა თავიანთი ბატონისგან გაიგეს, თუ რა იყო ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო. ამიტომ ისინი მთელი მონდომებითა და სიხარულით უზიარებდნენ სხვებს სასიხარულო ცნობას (ლუკ. 10:1, 8, 9, 17).

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“

იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). ეს დავალება მოიცავს ყველგან ქადაგებას, განმეორებითი მონახულებების გაკეთებასა და ბიბლიის შესწავლების ჩატარებას. ამ  საქმის კეთებას უდიდესი სიხარული და კმაყოფილება სდევს თან.

სიყვარული გვკარნახობს, რომ გულგრილობის მიუხედავად, არ შევწყვიტოთ ქადაგება

მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი განწყობაა და არა ის, გამოავლენენ თუ არა ადამიანები ჭეშმარიტებისადმი ინტერესს. რატომ არ ვწყვეტთ ქადაგებას მაშინაც კი, თუ ხალხის მხრიდან გულგრილობას ვხვდებით? იმიტომ, რომ ერთი რამ კარგად გვესმის: როცა სამეფოს შესახებ ცნობას ვაცხადებთ და მოწაფეებს ვამზადებთ, ამით გამოვხატავთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. დიახ, ყველას სიცოცხლე საფრთხეშია — ჩვენიც და მოყვასისაც (ეზეკ. 3:17—21; 1 ტიმ. 4:16). ახლა მოდი ვისაუბროთ იმ რჩევებზე, რაც ბევრს დაეხმარა, შეენარჩუნებინათ ან განეახლებინათ ენთუზიაზმი და ექადაგათ არც ისე ხელსაყრელ სიტუაციებში.

ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა

მსახურებაში შესაფერისი კითხვების დასმას ხშირად კარგი შედეგები მოაქვს. ერთ დილას, ამალიამ პარკში შენიშნა მამაკაცი, რომელიც გაზეთს კითხულობდა. ის მამაკაცთან მივიდა და ჰკითხა, ეწერა თუ არა გაზეთში რაიმე სასიხარულო ამბავი. როდესაც მამაკაცმა უპასუხა, რომ კარგი არაფერი წაუკითხავს, ამალიამ მიუგო: „სამაგიეროდ, მე მაქვს თქვენთვის სასიხარულო ამბავი ღვთის სამეფოს შესახებ“. ამალიას სიტყვებმა იმდენად დააინტერესა მამაკაცი, რომ ის შესწავლაზე დათანხმდა. ამალიამ კიდევ სამი ბიბლიის შესწავლა დაიწყო ამ პარკში.

ჯანისმა თავისი სამსახური სამქადაგებლო უბნად აქცია. როცა დაცვის თანამშრომლები „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი ერთ-ერთი სტატიით დაინტერესდნენ, ჯანისი დაჰპირდა, რომ რეგულარულად მიაწვდიდა მათ ჟურნალებს. მან სხვა თანამშრომელსაც უთხრა, რომ მიუტანდა ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რადგან ეს პიროვნება ერთობ მოხიბლული იყო ამ ჟურნალებში მოცემული მრავალფეროვანი თემატიკით. რა შედეგი გამოიღო ამ დის მცდელობამ? ის, რომ კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოითხოვა ჟურნალები. ჯანისი ამბობს: „იეჰოვამ ძალიან მაკურთხა“. ჯანისის ძალისხმევის შედეგად, 11 თანამშრომელი იღებდა მისგან ჟურნალებს.

გქონდეთ დადებითი განწყობა

ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა თქვა, რომ მაუწყებლები კარდაკარ მსახურების დროს მობინადრესთან დამშვიდობებისას მხოლოდ იმის თქმით არ შემოფარგლულიყვნენ, რომ სხვა დროს შეუვლიდნენ. მან თქვა, რომ მაუწყებლებს მობინადრისთვის შეეძლოთ ამ ორი კითხვიდან ერთ-ერთის დასმა: „გნებავთ, შემდეგ ჯერზე როცა მოვალ, გაჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ ან „რა დროს და რომელ დღეს ისურვებდით ამ საკითხზე საუბრის გაგრძელებას?“. მიმომსვლელმა ზედამხედველმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში იმ კრებაში, რომელსაც ინახულებდა, და-ძმებმა ამ მეთოდით 44 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

რატომ მოაქვს კარგი შედეგი დაინტერესებულების დაუყოვნებლივ, თუნდაც რამდენიმე დღეში, მონახულებას? იმიტომ, რომ გულწრფელად გვსურს, დავეხმაროთ ალალ-მართალ ადამიანებს ბიბლიური ცნობის გაგებაში. როდესაც ერთ ქალბატონს ჰკითხეს, რატომ დათანხმდა იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე, მან უპასუხა: „შესწავლა იმიტომ დავიწყე, რომ იეჰოვას  მოწმეებმა ჩემ მიმართ გულწრფელი ინტერესი და სიყვარული გამოიჩინეს“.

მობინადრეს შეგიძლიათ ჰკითხოთ: „გნებავთ, შემდეგ ჯერზე როცა მოვალ, გაჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“

პიონერული მსახურების სკოლის დამთავრებიდან მალევე მადაიმ 20 ბიბლიის შესწავლა დაიწყო და აქედან 5 სხვა მაუწყებლებს გადასცა. მისი შემსწავლელებიდან ზოგმა კრებებზე რეგულარულად დაიწყო სიარული. რა დაეხმარა მადაის ამდენი ბიბლიის შესწავლის დაწყებაში? სკოლამ მას ასწავლა, რომ კვლავ და კვლავ მიეკითხა ჭეშმარიტებით დაინტერესებულთათვის, იმის მიუხედავად, დახვდებოდნენ თუ არა შინ. სხვა იეჰოვას მოწმე, რომელიც აგრეთვე არაერთ ადამიანს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში, ამბობს: „თუ გულმოდგინებას იჩენ და კვლავ და კვლავ ინახულებ ადამიანებს, მათ იეჰოვას გაცნობაში დაეხმარები“.

როდესაც ადამიანებს დაუყოვნებლივ ვინახულებთ განმეორებით, ვაჩვენებთ, რომ გულწრფელად ვართ მათით დაინტერესებული

განმეორებითი მონახულებების გაკეთება და ბიბლიის შესწავლების ჩატარება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა შედეგი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ საქმისთვის გაწეული შრომა. როცა ვქადაგებთ, ადამიანებს ვეხმარებით, რომ „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ მიიღონ, რასაც მათთვის ხსნა მოაქვს (1 ტიმ. 2:3, 4). ჩვენ კი ეს ყოველივე განუმეორებელ კმაყოფილებასა და სიხარულს გვანიჭებს.