წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2014

 ჩვენი არქივიდან

„სამკალი ბევრია“

„სამკალი ბევრია“

ჯორჯ იანგი რიო-დე-ჟანეიროში 1923 წლის მარტში ჩავიდა

იდგა 1923 წელი. სან-პაულუს კონსერვატორიის დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. სცენაზე გამოსული ჯორჯ იანგი მტკიცედ და დამაჯერებლად საუბრობდა. მისი მოხსენება პორტუგალიურ ენაზე ითარგმნებოდა. 585 დამსწრე სულგანაბული უსმენდა ძმა ჯორჯს. ბიბლიური მუხლები ეკრანზე ჩნდებოდა. შეხვედრის დასასრულს, დარბაზში მსხდომთ დაურიგდათ პორტუგალიურ, ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებზე გამოცემული ბუკლეტის „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“ ასობით ეგზემპლარი. საღამომ წარმატებით ჩაიარა; მოხსენებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. შედეგად, ორ დღეში ამავე დარბაზში სხვა მოხსენების მოსასმენად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ალბათ, გაინტერესებთ, რა უძღოდა ამ ყოველივეს წინ.

1867 წელს სარა ბელონა ფერგიუსონი ოჯახთან ერთად შეერთებული შტატებიდან ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1899 წელს სარამ წაიკითხა ბიბლიური ლიტერატურა, რომელიც მას უმცროსმა ძმამ შეერთებული შტატებიდან ჩაუტანა, და მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. სარას ძალიან უყვარდა იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის კითხვა, ამიტომ ინგლისურ ენაზე გამოიწერა „საგუშაგო კოშკი“. ბიბლიური ცნობით აღფრთოვანებულმა სარამ ძმა რასელს მისწერა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ სად იქნებოდა ადამიანი; ჭეშმარიტება ყველგან იპოვიდა მას.

„სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ (პორტუგალიურად)

სარა ფერგიუსონი ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ყველას ესაუბრებოდა, თუმცა ხშირად აფიქრებდა, ვინ გაუწევდა მას, მის ოჯახსა და ბრაზილიაში მცხოვრებ სხვა უამრავ კარგ ადამიანს სულიერ დახმარებას. 1912 წელს სარას ბრუკლინის ბეთელიდან შეატყობინეს, რომ სან-პაულუში ჩავიდოდა ვიღაც და თან ჩაიტანდა პორტუგალიურ ენაზე გამოცემული ბუკლეტის „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ ათასობით ეგზემპლარს. 1915 წელს სარამ თქვა, რომ მას ყოველთვის აოცებდა ის ფაქტი, რომ ბიბლიის მკვლევრებიდან ბევრი მალე ზეცაში წასვლას ელოდა. მან საკუთარი შეხედულება წერილობით ასე ჩამოაყალიბა: „რა ეშველება ბრაზილიასა და მთელ სამხრეთ ამერიკას? . . . თუ დაფიქრდებით, რამხელა ტერიტორიას მოიცავს სამხრეთი ამერიკა, ადვილად წარმოიდგენთ, რომ სამკალი ბევრია!“. დიახ, მართლაც ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი.

 1920 წელს რვა ახალგაზრდა ბრაზილიელი მეზღვაური ნიუ-იორკში რამდენჯერმე დაესწრო კრების შეხვედრას იმ დროს, როცა მათ სამხედრო ხომალდს არემონტებდნენ. როდესაც ისინი რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნდნენ, ბიბლიური იმედი სხვებსაც გაუზიარეს. ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1923 წლის მარტის თვეში რიო-დე-ჟანეიროში ჯორჯ იანგი ჩავიდა, რომელიც იმ დროს პილიგრიმი (მიმომსვლელი ზედამხედველი) იყო და ჭეშმარიტებით დაინტერესებული არაერთი ადამიანი იპოვა. მან ცოტა ხანში ორგანიზება გაუწია რამდენიმე პუბლიკაციის პორტუგალიურ ენაზე თარგმნას. ცოტა ხანში ძმა იანგი გაემგზავრა სან-პაულუში, სადაც 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. მან იქ, როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, წარმოთქვა მოხსენება და გაავრცელა ბუკლეტი „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. მოგვიანებით იანგი იხსენებდა: „მარტო ვიყავი და მხოლოდ საგაზეთო ანონსის იმედად დავრჩი. ეს იყო პირველი მოხსენებები, რომელთა შესახებაც ხალხმა გაზეთის მეშვეობით შეიტყო; ეს მოხსენებები ბრაზილიაში ბმსა-ს * მხარდაჭერით ჩატარდა“.

როდესაც ძმა იანგი მოხსენებებს კითხულობდა, ბიბლიური მუხლები ეკრანზე ჩნდებოდა

1923 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ბრაზილიის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ეწერა: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამქადაგებლო საქმე 1 ივნისს დაიწყო და თანაც არც ლიტერატურა იყო ხელმისაწვდომი, მართლაც შეიძლება ითქვას, რომ უფალმა გასაოცრად აკურთხა წამოწყებული საქმე“. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ძმა იანგმა 1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 21 მოხსენება წაიკითხა, მათ შორის 2 — სან-პაულუში; მოხსენებებს მთლიანობაში 3 600 ადამიანი დაესწრო. სამეფოს ცნობა რიო-დე-ჟანეიროში თანდათან ვრცელდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში პორტუგალიურ ენაზე გამოცემული 7 000-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა. უფრო მეტიც, 1923 წელს პორტუგალიურ ენაზე პირველად გამოვიდა ნოემბერ-დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა.

სარა ფერგიუსონი პირველი იყო ბრაზილიაში, ვინც ინგლისურ ენაზე „საგუშაგო კოშკს“ იწერდა

ჯორჯ იანგმა სარა ფერგიუსონს შინ მიაკითხა; ამის შესახებ ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «როდესაც სარა ოთახში შევიდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაამოუღებლად იდგა; შემდეგ ხელი ჩასჭიდა ძმა იანგს და გაოცებული უყურებდა მას; ბოლოს ამოთქვა: „შენ მართლა პილიგრიმი ხარ?“». ამის შემდეგ მალევე სარა და მისი შვილები მოინათლნენ. სარა 25 წელი ელოდა ნათლობის დღეს. „საგუშაგო კოშკის“ 1924 წლის 1 აგვისტოს გამოცემა იუწყებოდა, რომ ბრაზილიაში 50 ადამიანი მოინათლა, მათგან უმეტესობა — რიო-დე-ჟანეიროში.

საბედნიეროდ, დღეს, როცა უკვე დაახლოებით 90 წელი გავიდა ამ სტატიაში მოხსენიებული მოვლენებიდან, აღარავინ სვამს ამ კითხვას: „რა ეშველება ბრაზილიასა და მთელ სამხრეთ ამერიკას?“. ბრაზილიაში 760 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ქადაგებს სასიხარულო ცნობას. სამხრეთ ამერიკაში ღვთის ხალხი სამეფოს ცნობას ქადაგებს პორტუგალიურად, ესპანურად და ბევრ ადგილობრივ ენაზე. ნამდვილად, სარა ფერგიუსონი მართალი იყო, როცა 1915 წელს ეს სიტყვები თქვა: „სამკალი ჯერ კიდევ ბევრია“ (ჩვენი არქივიდან, ბრაზილია).

^ აბზ. 6 ბმსა — ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია.