წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2014

ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით!

ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით!

„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათ. 7:12).

1. აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ მოვეპყრობით მათ, ვისაც ვუქადაგებთ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ სურათი ზემოთ).

რამდენიმე წლის წინ ერთი ცოლ-ქმარი ფიჯის კუნძულებზე ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მოსაწვევებს ავრცელებდა. როდესაც ქუჩაში ერთ მანდილოსანს ესაუბრებოდნენ, გაწვიმდა. ძმამ ქალბატონს თავისი ქოლგა მიაწოდა, თვითონ კი ცოლის ქოლგას შეეფარა. ეს ქალბატონი გახსენების საღამოზე მივიდა, რამაც ცოლ-ქმარი ძალიან გაახარა. მან აღნიშნა, რომ მოწმეების ნათქვამიდან ბევრი არაფერი ახსოვდა, მაგრამ მათმა თავაზიანობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ გახსენების საღამოზე დასწრება გადაწყვიტა. ცოლ-ქმრის ქადაგებას ასეთი შედეგი იმიტომ მოჰყვა, რომ მათ ოქროს წესით იხელმძღვანელეს.

2. რა არის ოქროს წესი და როგორ ვიხელმძღვანელოთ მისით?

2 რა არის ოქროს წესი? ეს არის იესოს მოცემული რჩევა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათ. 7:12). როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ წესით? პირველ რიგში, ვკითხოთ ჩვენს თავს: „მე როგორი მოპყრობა მესიამოვნებოდა?“, და შემდეგ შეძლებისდაგვარად იმავენაირად მოვეპყროთ სხვებს (1 კორ. 10:24).

3, 4. ა) ახსენით, რატომ უნდა მოვეპყროთ თანამორწმუნეების გარდა სხვებსაც ოქროს წესის თანახმად. ბ) რას განიხილავს ეს სტატია?

 3 ჩვენ ოქროს წესს ხშირად თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას ვიცავთ. მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ მხოლოდ თანამორწმუნეებს უნდა მოვეპყროთ კარგად. ოქროს წესი მან ზოგადად ყველა ადამიანის, მათ შორის, მტრების კონტექსტში ახსენა (წაიკითხეთ ლუკას 6:27, 28, 31, 35). თუ მტრებთან ურთიერთობის დროს გვმართებს ამ წესის დაცვა, მით უმეტეს მობინადრეებთან, რომელთაგან ბევრი შეიძლება მარადიული სიცოცხლისთვის იყოს განწყობილი (საქ. 13:48).

4 ამ სტატიაში დასმულია ოთხი კითხვა, რომელიც მსახურებისას მუდამ უნდა გვიტრიალებდეს გონებაში: ვის ვუქადაგებთ? სად ვქადაგებთ? როდის ვქადაგებთ? როგორ ვქადაგებთ? ამ კითხვებზე პასუხები დაგვეხმარება, ანგარიში გავუწიოთ იმ ადამიანებს, ვისაც ვუქადაგებთ, და თითოეულ სიტუაციას მოვერგოთ (1 კორ. 9:19—23).

ვის ვუქადაგებთ?

5. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

5 ყველა ადამიანი, ვისაც ვუქადაგებთ, ინდივიდუალურია. თითოეულს თავისი წარსული და საზრუნავი აქვს (2 მატ. 6:29). ვიდრე ვინმეს სასიხარულო ცნობას გავუზიარებთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: „მე რომ მობინადრის ადგილას ვყოფილიყავი, როგორი მოპყრობა მესიამოვნებოდა? მომეწონებოდა, თუ ვიგრძნობდი, რომ მქადაგებლისთვის ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვარ, რომელთანაც ის მოვალეობის მოხდის მიზნით მივიდა? ხომ მესიამოვნებოდა, თუ დავინახავდი, რომ ის ინტერესდება ჩემით, როგორც პიროვნებით?“. ამ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, ყველას ინდივიდუალურად მოვეპყროთ.

6, 7. როგორ მოვიქცეთ, თუ მსახურების დროს ვინმე გვეჩხუბება ან გვეუხეშება?

6 არავის მოსწონს, როცა ცუდი ადამიანის იარლიყს აკრავენ. ქრისტიანები ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა, რომ ჩვენი „სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლ. 4:6). მაგრამ არასრულყოფილების გამო ზოგჯერ ისეთ რამეს ვამბობთ, რასაც მოგვიანებით ვნანობთ (იაკ. 3:2). მაგალითად, თუ მძიმე დღე გვქონდა და ვინმეს უკმეხად დაველაპარაკეთ, მოგვეწონება თუ უხეშისა და უზრდელის იარლიყს მოგვაკრავენ? ალბათ იმის იმედი გვექნება, რომ გაგებით მოგვეკიდებიან. განა ჩვენც ასე არ უნდა მივუდგეთ სხვებს?

7 თუ მსახურების დროს ვინმე გვეჩხუბება ან გვეუხეშება, შევეცადოთ, ახსნა მოვუძებნოთ მის საქციელს. იქნებ სამსახურში ან სასწავლებელში პრობლემები აქვს ან ჯანმრთელობა აქვს შერყეული? ბევრჯერ ყოფილა, რომ იეჰოვას მოწმეები გაღიზიანებულ ადამიანს რბილად და პატივისცემით მიდგომიან და ამას დადებითად განუწყვია ეს ადამიანი (იგავ. 15:1; 1 პეტ. 3:15).

8. რატომ უნდა ვუქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა ყველანაირ ადამიანს?

8 მსახურებაში ჩვენ ყველანაირ ადამიანს ვხვდებით. ბოლო რამდენიმე წლის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ დაახლოებით 60 ადამიანის ისტორია დაიბეჭდა. ზოგიერთი მათგანი ერთ დროს ქურდი, ლოთი, ბანდის წევრი და ნარკომანი იყო, ზოგი — პოლიტიკოსი, სასულიერო პირი და კარიერისტი, ზოგიც უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. მაგრამ სასიხარულო ცნობის მოსმენის შემდეგ მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, ცხოვრების წესი შეიცვალეს და ღვთის მსახურები გახდნენ. მაშასადამე, წინასწარ არ უნდა დავასკვნათ, რომ ესა თუ ის ადამიანი სასიხარულო ცნობას არ მოისმენს  (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11). სასიხარულო ცნობას შეიძლება ყველანაირი ადამიანი გამოეხმაუროს (1 კორ. 9:22).

სად ვქადაგებთ?

9. რატომ უნდა მოვიქცეთ კრძალვითა და პატივისცემით სხვის კართან?

9 იეჰოვას მოწმეები უმეტესწილად კარდაკარ ვქადაგებთ (მათ. 10:11—13). მაგალითად, როცა ჩვენს კართან ვინმე მოდის, მოველით, რომ ის კრძალვითა და პატივისცემით მოიქცევა. სახლი ხომ ის ადგილია, სადაც თავს დაცულად და მყუდროდ უნდა ვგრძნობდეთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ კარდაკარ მსახურებისას გვემახსოვრება, რომ სხვებიც იმავეს მოელიან ჩვენგან (საქ. 5:42).

10. რას უნდა მოვერიდოთ კარდაკარ მსახურების დროს?

10 დამნაშავეობით სავსე დღევანდელ ქვეყნიერებაში მრავალი მობინადრე უცხოებს ეჭვის თვალით უყურებს (2 ტიმ. 3:1—5). აქედან გამომდინარე, ეჭვის თვალით ყურების საბაბი არავის უნდა მივცეთ. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მივუახლოვდით სახლს, ვაკაკუნებთ, მაგრამ კარს არავინ გვიღებს. ამ დროს მობინადრის ნახვის მიზნით ფანჯარაში შევიჭყიტეთ ან სახლის გარშემო აქეთ-იქით დავიწყეთ სიარული. ხომ არ გააღიზიანებს ეს მობინადრეს? ან რას იფიქრებენ მეზობლები? მართალია, ჩვენ გულმოდგინედ ვქადაგებთ (საქ. 10:42) და გულწრფელად ვცდილობთ სასიხარულო ცნობის გავრცელებას (რომ. 1:14, 15), მაგრამ გვინდა გონივრულად მოვიქცეთ და მოვერიდოთ ყველაფერს, რაც მობინადრეს გააღიზიანებს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას“ (2 კორ. 6:3). სხვის კართან ჩვენი მოკრძალებული საქციელით შეიძლება ვინმე ჭეშმარიტებით დავაინტერესოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12).

ყოველთვის კრძალვითა და პატივისცემით მოვიქცეთ მობინადრის კართან (იხილეთ მე-10 აბზაცი)

როდის ვქადაგებთ?

11. რატომ გვსიამოვნებს, როცა ჩვენს დროს უფრთხილდებიან?

11 ქრისტიანების უმეტესობას დატვირთული გრაფიკი გვაქვს. დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ვადგენთ პრიორიტეტებს და გულდასმით ვსახავთ გეგმებს (ეფეს. 5:16; ფილ. 1:10). ჩვეულებრივ, როცა დაგეგმილი საქმის გაკეთებაში რაღაც გვიშლის ხელს, უკმაყოფილება გვეუფლება. ჩვენ მოგვწონს, როცა ჩვენს დროს უფრთხილდებიან და ცდილობენ დიდი დრო არ წაგვართვან. ასე რომ, ოქროს წესი სხვისი დროის გაფრთხილებაშიც დაგვეხმარება.

12. როგორ უნდა გავარკვიოთ, როდის არის საუკეთესო დრო მობინადრეებთან მისასვლელად?

12 ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როდის არის საუკეთესო დრო მობინადრეებთან მისასვლელად. დააკვირდით, როდის არიან ისინი შინ და როდის უფრო არიან მოსასმენად განწყობილი. კარგი იქნება, თუ ჩვენს გეგმებს მობინადრეებისთვის ხელსაყრელ დროს მოვარგებთ. ზოგ ქვეყანაში კარდაკარ ქადაგება ყველაზე შედეგიანი ნაშუადღევსა და საღამოსაა. თუ თქვენთანაც ასეა, შეძლებისდაგვარად ეცადეთ ხალხს დღის ამ მონაკვეთში მიაკითხოთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24). ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა გვაკურთხებს, თუ მსხვერპლს გავიღებთ და მობინადრეებს მათთვის ხელსაყრელ დროს მივაკითხავთ.

13. კიდევ რით შეგვიძლია მობინადრის მიმართ პატივისცემის გამოხატვა?

13 კიდევ რით შეგვიძლია მობინადრის მიმართ პატივისცემის გამოხატვა? ცხადია, როცა ვინმე კარგად გვისმენს, საფუძვლიანად უნდა ვუქადაგოთ, ოღონდ თავი არ უნდა შევაწყინოთ. ის დრო, რომელიც მან დაგვითმო, შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის ჰქონდა  გამოყოფილი. თუ გვეუბნება, რომ დაკავებულია, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ბევრ დროს არ წავართმევთ, და პირობა შევასრულოთ (მათ. 5:37). საუბრის დასასრულს დავინტერესდეთ, რა დრო იქნება მისთვის მოსახერხებელი ჩვენთან სასაუბროდ. ზოგიერთი მაუწყებელი ასეთი რამის თქმას არჩევს: „თქვენთან სხვა დროსაც სიამოვნებით ვისაუბრებდი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, წინასწარ რომ დაგირეკოთ ან შეტყობინება გამოგიგზავნოთ?“. თუ ჩვენს გეგმას მობინადრის ინტერესებს მოვარგებთ, პავლეს მივბაძავთ, რომელიც იმას კი არ ეძებდა, რაც მისთვის იყო სასარგებლო, არამედ იმას, რაც სხვებისთვის იყო სასარგებლო მათ გადასარჩენად (1 კორ. 10:33).

როგორ ვქადაგებთ?

14—16. ა) რატომ უნდა ავუხსნათ მობინადრეს ჩვენი მისვლის მიზეზი? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) როგორი მიდგომა ამართლებს ერთი მიმომსვლელი ზედამხედველის დაკვირვებით?

14 წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს გირეკავთ უცხო ადამიანი და გეკითხებათ, რა სახის საკვებს ანიჭებთ უპირატესობას. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, ვინ არის და რა უნდა. ზრდილობის გამო შეიძლება ორიოდე სიტყვა უთხრათ, მაგრამ შემდეგ აგრძნობინოთ, რომ მასთან საუბარი აღარ გსურთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გირეკავთ უცხო ადამიანი, რომელიც გეუბნებათ თავის ვინაობას და იმას, რომ კვების სფეროში მუშაობს. შემდეგ თავაზიანად დასძენს, რომ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება სურს  თქვენთვის. სავარაუდოდ, ამ ადამიანის მოსასმენად უფრო განეწყობით. ჩვენ ხომ ვაფასებთ, როცა ადამიანები პირდაპირ, მაგრამ თავაზიანად გვეუბნებიან სათქმელს. როგორ გამოვიჩინოთ თავაზიანობა იმ ხალხის მიმართ, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით?

15 ბევრ სამქადაგებლო უბანზე საჭიროა, მობინადრეს ჩვენი მისვლის მიზეზი ავუხსნათ. რასაკვირველია, ჩვენ ფასეული ინფორმაცია მიგვაქვს ხალხთან. მაგრამ დავუშვათ, თავი არ წარვუდგინეთ და პირდაპირ ასეთი შეკითხვა დავუსვით: „რომ შეგეძლოთ, რომელ გლობალურ პრობლემას მოაგვარებდით?“. ჩვენ ვიცით, რომ კითხვის დასმის მიზანი მობინადრის აზრის გაგება და შემდეგ საუბრის ბიბლიაზე აგებაა. თუმცა მას შეიძლება კითხვა დაებადოს, ვინ ვართ და რატომ ვუსვამთ ამ კითხვას. მაშ, როგორ მოვიქცეთ, მობინადრეს დაძაბულობა რომ მოვუხსნათ? (ფილ. 2:3, 4).

16 ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა აღმოაჩინა მიდგომა, რომელიც ამართლებს. მისალმების შემდეგ ის მობინადრეს აწვდის ბუკლეტს „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და ეუბნება: „ჩვენ ყველას ვთავაზობთ ამ ბუკლეტს. აქ მოცემულია ექვსი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ადამიანებს. ინებეთ“. ამ ძმის თქმით, მობინადრეთა უმეტესობა, როგორც კი იგებს ჩვენი მისვლის მიზეზს, თავს უფრო თავისუფლად გრძნობს. ეს კი მათთან საუბარს აადვილებს. შემდეგ მიმომსვლელი ზედამხედველი მობინადრეს ეკითხება: „თქვენც ხომ არ გაგჩენიათ აქედან რომელიმე კითხვა?“ თუ რომელიმეს დაასახელებს, ძმა შლის ბუკლეტს და უხსნის, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. მაგრამ თუ მობინადრე არაფერს ამბობს, ძმა თავად აგრძელებს საუბარს, რათა მას თავი უხერხულად არ აგრძნობინოს. ცხადია, საუბრის დაწყება სხვადასხვანაირად შეიძლება. ზოგ ქვეყანაში მეტი ფორმალობის დაცვაა საჭირო, ვიდრე მობინადრეს ჩვენი მისვლის მიზეზს ავუხსნით. მთავარია, ჩვენი შეთავაზება ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მოვარგოთ.

კვლავაც ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით!

17. როგორ ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით?

17 მაშ ასე, როგორ ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით? ჩვენ მობინადრეებს ინდივიდუალურად უნდა მოვეპყროთ. მათ კართან მისულები კრძალვითა და პატივისცემით უნდა მოვიქცეთ. ვეცადოთ იმ დროს მივაკითხოთ ხალხს, როცა შინ არიან და უფრო არიან განწყობილი მოსასმენად, და ისე გადავცეთ მათ სასიხარულო ცნობა, რომ მოსმენის სურვილი გაუჩნდეთ.

18. რა შედეგს მოვიმკით, თუ მობინადრეებს ისე მოვეპყრობით, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავით?

18 ბევრ სასიკეთო შედეგს მოვიმკით, თუ მობინადრეებს ისე მოვეპყრობით, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავით. თავაზიანობითა და ტაქტიანობით ჩვენ შეგვიძლია „ვანათოთ“ ამ ქვეყნიერებაში, ცხადვყოთ, რომ ბიბლიური პრინციპებით ვცხოვრობთ და განვადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა (მათ. 5:16). სწორი მიდგომით უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ ჭეშმარიტებით (1 ტიმ. 4:16). რომც არ გამოეხმაურონ სამეფოს შესახებ ცნობას, იმით მაინც ვიქნებით კმაყოფილნი, რომ ყოველმხრივ შევასრულეთ ჩვენი მსახურება (2 ტიმ. 4:5). დაე, პავლე მოციქულივით ჩვენც გვეთქვას: „ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორ. 9:23). ამიტომ მოდი, ყოველთვის ოქროს წესით ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში.