წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2014

იეჰოვა წესრიგის ღმერთია

იეჰოვა წესრიგის ღმერთია

„ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორ. 14:33).

1, 2. ა) ვინ იყო ღვთის პირველი ქმნილება და რა დავალებები შეასრულა მან? ბ) რა მოწმობს ზეციერი ქმნილებების ორგანიზებულობაზე?

სამყაროს შემოქმედი იეჰოვა ყოველთვის ორგანიზებულად მოქმედებს. მის პირველ ქმნილებას, მხოლოდშობილ ძეს, ეწოდება „სიტყვა“, რადგან თავის სიტყვებს ღმერთი ძირითადად მისი მეშვეობით გადასცემს თავის მსახურებს. ბიბლიიდან ჩანს, რომ „სიტყვა“ ოდითგანვე ემსახურება იეჰოვას: „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და . . . ყველაფერი მისი [სიტყვის] მონაწილეობით გაჩნდა, მის გარეშე არაფერი გაჩენილა“. დაახლოებით 2 000 წლის წინ ღმერთმა „სიტყვა“ დედამიწაზე გამოგზავნა, სადაც მან, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, იესო ქრისტემ, ერთგულად შეასრულა მამის ნება (იოან. 1:1—3, 14).

2 ღვთის ძე განკაცებამდეც ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს „როგორც ოსტატი“ (იგავ. 8:30). მისი დახმარებით იეჰოვამ მილიონობით სულიერი ქმნილება შექმნა ზეცაში (კოლ. 1:16). მათ შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ათასობით ათასი ემსახურებოდა მას [იეჰოვას] და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დან. 7:10). ეს უამრავი სულიერი ქმნილება კარგად ორგანიზებულ ლაშქარს არის შედარებული (ფსალმ. 103:21).

3. რა რაოდენობის ვარსკვლავი და პლანეტაა სამყაროში და რა მოწმობს მათ ორგანიზებულობაზე?

3 რის თქმა შეგვიძლია ფიზიკურ სამყაროზე, პლანეტებსა  და უთვალავ ვარსკვლავზე? ჰიუსტონში (ტეხასი, აშშ) გამომავალ გაზეთში გამოქვეყნდა ბოლოდროინდელი გამოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც ვარსკვლავების რაოდენობა „300 სექსტილიონს აღწევს, რაც სამჯერ აღემატება მეცნიერების მიერ მანამდე დასახელებულ რიცხვს“. იქვე ნათქვამი იყო, რომ „ეს არის 3-იანი 23 ნულით ანუ 3 ტრილიონჯერ 100 მილიარდი“. ვარსკვლავები ერთიანდება გალაქტიკებად, რომელთაგან თითოეულში მილიარდობით ან შესაძლოა ტრილიონობით ვარსკვლავი და უამრავი პლანეტაა, გალაქტიკების უმეტესობა კი გროვებად და ზეგროვებად არის დაჯგუფებული.

4. რატომ არის ლოგიკური, რომ იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებსაც უწევს ორგანიზებას?

4 ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებების მსგავსად ფიზიკური სამყაროც არაჩვეულებრივად არის ორგანიზებული (ეს. 40:26). ამიტომ ლოგიკურია, რომ იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებსაც უწევს ორგანიზებას. ის მათგან წესრიგის დაცვას ითხოვს მრავალი და ძალზე მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად. როგორც ძველ დროში, ისე დღეს მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურთა ისტორია უთუოდ ადასტურებს, რომ იეჰოვა მათთან არის და ის „უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:33, 40).

ძველ დროში ღმერთი ორგანიზებას უწევდა თავის ხალხს

5. რამ შეაფერხა დედამიწის დასასახლებლად ადამიანთა გეგმაზომიერი გამრავლება?

5 იეჰოვამ პირველ მამაკაცსა და ქალს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბ. 1:28). ადამიანები თანდათანობით უნდა გამრავლებულიყვნენ, რათა დაესახლებინათ დედამიწა და სამოთხედ გადაექციათ. მაგრამ ეს ადამისა და ევას ურჩობის გამო დროებით შეფერხდა (დაბ. 3:1—6). გავიდა დრო და „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო . . . გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ და აივსო ძალადობით“. ამიტომ ღმერთმა უღვთოთა წარღვნით მოსპობა გადაწყვიტა (დაბ. 6:5, 11—13, 17).

6, 7. ა) რატომ იყო იეჰოვა ნოეს მიმართ კეთილგანწყობილი? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე) ბ) რა დაემართა ნოეს დროს მცხოვრებ ორგულ ადამიანებს?

6 „ნოემ კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში“, რადგან „მართალი კაცი იყო, მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“. ვინაიდან ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“, იეჰოვამ მას უზარმაზარი კიდობნის აგება დაავალა (დაბ. 6:8, 9, 14—16). წარღვნის დროს ადამიანთა თუ ცხოველთა გადასარჩენად ის შესაფერისი ნაგებობა იყო. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა“ და თავისი ოჯახის დახმარებით კიდობნის მშენებლობა დაასრულა. მას შემდეგ, რაც კიდობანში შემსვლელთაგან გარეთ აღარავინ დარჩა, „დაკეტა იეჰოვამ კარი“ (დაბ. 7:5, 16).

7 იეჰოვამ ძვ. წ. 2370 წელს წარღვნით აღგავა „ყოველი არსება მიწის პირიდან“, კიდობანში შესული ერთგული ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა (დაბ. 7:23). დღეს დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველა ნოესა და მისი ვაჟების შთამომავალია. კიდობნის გარეთ მყოფი ყველა უღვთო ადამიანი დაიღუპა, რადგან არ უსმენდნენ „სიმართლის მქადაგებელ ნოეს“ (2 პეტ. 2:5).

კარგი ორგანიზება დაეხმარა რვა ადამიანს, წარღვნის დროს გადარჩენილიყვნენ (იხილეთ მე-6 და მე-7 აბზაცები)

8. საიდან ჩანს, რომ ისრაელი კარგად ორგანიზებული იყო, როცა ღმერთმა მითითებები მისცა ქანაანში შესასვლელად?

8 წარღვნიდან 800-ზე მეტი წლის შემდეგ ღმერთმა ისრაელები ერად ჩამოაყალიბა. მათ ცხოვრების ყველა სფეროში  მოეთხოვებოდათ წესრიგის დაცვა, განსაკუთრებით თაყვანისმცემლობის საკითხებში. მაგალითად, მღვდლებისა და ლევიანების გარდა, „კარვის შესასვლელთან მოწესრიგებულად მომსახურე ქალებიც“ დაინიშნენ (გამ. 38:8). იეჰოვა ღმერთმა მითითებები მისცა ისრაელებს ქანაანში შესასვლელად, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს. ამიტომ ამ ორგულ თაობას მან უთხრა: „ვერ შეხვალთ იმ მიწაზე, რომელზეც ხელი ავწიე და დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა“, რომლებმაც აღთქმული მიწის დაზვერვის შემდეგ კარგი ამბავი მიუტანეს ხალხს (რიცხ. 14:30, 37, 38). მოგვიანებით მოსემ ღვთის მითითებისამებრ იესო ნავეს ძე ხალხის წინამძღოლად დანიშნა (რიცხ. 27:18—23). როცა იესო ნავეს ძეს ისრაელი ქანაანის მიწაზე უნდა შეეყვანა, ღმერთმა უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა“ (იეს. 1:9).

9. რა დამოკიდებულება ჰქონდა რახაბს იეჰოვასა და მისი ხალხის მიმართ?

9 მართლაც, სადაც არ უნდა წასულიყო იესო ნავეს ძე, იეჰოვა ღმერთი ყოველთვის მასთან იყო. ასე იყო ძვ. წ. 1473 წელსაც, როცა ისრაელი ქანაანის ქალაქ იერიხონთან იყო დაბანაკებული. იესო ნავეს ძემ ორი კაცი გაგზავნა იერიხონის დასაზვერად, რომლებიც მეძავი რახაბის სახლში დარჩნენ. მზვერავები იერიხონის მეფის ხალხს რომ არ შეეპყრო, რახაბმა ისინი თავისი სახლის ბანზე დამალა და უთხრა: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას . . . გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ . . . და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს . . . იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია“ (იეს. 2:9—11). ვინაიდან რახაბმა მხარი დაუჭირა იეჰოვას ხალხს, იეჰოვამ იზრუნა, რომ იერიხონის აღების დროს ის თავის სახლეულობასთან ერთად გადარჩენილიყო (იეს. 6:25). რახაბმა რწმენა და იეჰოვასადმი მოწიწება გამოავლინა. თავისი  დამოკიდებულებით მან ცხადყო, რომ პატივს სცემდა იეჰოვას ხალხს.

პირველი საუკუნის კარგად ორგანიზებული და აქტიური კრება

10. რა უთხრა იესომ იუდეველთა რელიგიურ წინამძღოლებს და რატომ?

10 იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ისრაელებმა თანდათანობით აიღეს ქანაანელთა ქალაქები და მათ მიწაზე დასახლდნენ. მაგრამ მოგვიანებით მათ ჩვევად ექცათ ღვთის კანონის დარღვევა. ღვთის ძის დედამიწაზე გამოგზავნის დროს ისრაელს ღვთისადმი ურჩი ერის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული, რადგან არ უსმენდა ღვთის წარმომადგენლებს. ამიტომ უწოდა იესომ იერუსალიმს „წინასწარმეტყველთა დამხოცველი“ (წაიკითხეთ მათეს 23:37, 38). ღმერთმა ორგულობის გამო უარყო იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები, რომელთაც იესომ უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43).

11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ პირველ საუკუნეში ისრაელი ერის ნაცვლად სხვა ჯგუფი აკურთხა? ბ) ვისგან შედგებოდა ახალჩამოყალიბებული ორგანიზაცია?

11 ახ. წ. პირველ საუკუნეში იეჰოვამ უარყო ორგული ისრაელი. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ დედამიწაზე მას აღარ ექნებოდა ერთგული მსახურებისგან შემდგარი ორგანიზაცია. ისრაელის ნაცვლად, იეჰოვამ აკურთხა ქრისტიანთა კარგად ორგანიზებული და აქტიური ჯგუფი, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვებოდა იესო ქრისტესა და მის სწავლებებს. ეს ჯგუფი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა. იმ დროს იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში იყო შეკრებილი, როცა „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ“. შემდეგ „მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე. აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ“ (საქ. 2:1—4). ამ გასაოცარმა მოვლენამ ცხადი გახადა, რომ იესოს მოწაფეებისგან შემდგარ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას იეჰოვა ედგა მხარში.

12 იმ ღირსშესანიშნავ დღეს იესოს მიმდევართა რიცხვს „დაახლოებით სამი ათასი სული შეემატა“. ამასთან, „იეჰოვა ყოველდღე მატებდა მათ გადარჩენილებს“ (საქ. 2:41, 47). პირველი საუკუნის მქადაგებელთა საქმიანობა იმდენად წარმატებული იყო, რომ „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა. რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (საქ. 6:7). ამ ახალი ორგანიზაციის წევრების გაცხადებულ ჭეშმარიტებას ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა. მოგვიანებით იეჰოვამ პირველ გაქრისტიანებულ უცხოტომელებსაც მისცა წმინდა სული, რითაც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქრისტიანულ კრებას (წაიკითხეთ საქმეების 10:44, 45).

13. რა ევალებოდა ღვთის ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას?

13 ქრისტეს მიმდევრებმა კარგად იცოდნენ, რის გაკეთებას მოითხოვდა ღმერთი მათგან. იესომ ნათლობიდან მალევე დაიწყო ზეციერი სამეფოს შესახებ ქადაგება, რითაც მაგალითი მისცა მათ (მათ. 4:17). ქადაგება მან თავის მოწაფეებსაც ასწავლა, ბოლოს კი უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ქრისტეს პირველ მიმდევრებს ნათლად ესმოდათ თავიანთი დავალება, რაც კარგად ჩანს იმ სიტყვებიდან, რომლებიც პავლემ და ბარნაბამ პისიდიის ანტიოქიაში განუცხადეს იუდეველ მოწინააღმდეგეებს: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ, მაგრამ, რადგან უარყოფთ მას და საკუთარ  თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან მივდივართ. იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ, რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“» (საქ. 13:14, 45—47). პირველი საუკუნიდან მოყოლებული ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი აცხადებს, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად.

მრავალთა განადგურებისას ღვთის მსახურთა გადარჩენა

14. რა დაემართა იერუსალიმს პირველ საუკუნეში და ვინ გადარჩა?

14 იუდეველთა უმეტესობა არ გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას, რის გამოც მათი განადგურება გარდაუვალი იყო. იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში“ (ლუკ. 21:20, 21). იესოს სიტყვები შესრულდა. იუდეველთა აჯანყების გამო ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმს ალყა შემოარტყა. თუმცა მათ უეცრად მოხსნეს ალყა, რამაც იესოს მიმდევრებს იერუსალიმიდან და იუდეადან გაქცევის შესაძლებლობა მისცა. ისტორიკოს ევსები კესარიელის სიტყვების თანახმად, ბევრმა იორდანეს გაღმა პერეაში ქალაქ პელას შეაფარა თავი. ახ. წ. 70 წელს რომის ჯარი გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით დაბრუნდა და მიწასთან გაასწორა იერუსალიმი. თუმცა ერთგული ქრისტიანები გადარჩნენ, რადგან ყურად იღეს იესოს გაფრთხილება.

15. რამ ვერ შეუშალა ხელი ქრისტიანული კრების სულიერ კეთილდღეობას?

15 გაჭირვების, დევნისა და რწმენის სხვა გამოცდების მიუხედავად, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება იზრდებოდა და სულიერად მტკიცდებოდა (საქ. 11:19—21; 19:1, 19, 20). ადრინდელი ქრისტიანები წინ მიიწევდნენ სულიერად, რადგან ღმერთი კურთხევებს არ აკლებდა მათ (იგავ. 10:22).

16. რა მოეთხოვებოდა თითოეულ ქრისტიანს სულიერი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად?

16 თითოეულ ქრისტიანს ძალისხმევა არ უნდა დაეშურებინა, რომ სულიერად ძლიერი ყოფილიყო. მნიშვნელოვანი იყო, მათ გულდასმით შეესწავლათ წმინდა წერილები, რეგულარულად დასწრებოდნენ კრების შეხვედრებს და აქტიურად ექადაგათ სამეფოს შესახებ. ყოველივე ეს ხელს უწყობდა იეჰოვას ხალხის სულიერ კეთილდღეობასა და ერთიანობას და ეს დღესაც ასეა. პირველი საუკუნის კარგად ორგანიზებული კრებებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენდნენ ზედამხედველები და მომსახურეები, რომლებიც ხალისით ზრუნავდნენ კრების წევრებზე (ფილ. 1:1; 1 პეტ. 5:1—4). მათ ძალიან გაამხნევებდა პავლეს ან სხვა მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება (საქ. 15:36, 40, 41). ჩვენსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების თაყვანისმცემლობას შორის დიდი მსგავსებაა. მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა დღესაც ისევე უწევს ორგანიზებას თავის მსახურებს, როგორც პირველ საუკუნეში! *

17. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

17 რაც მეტად უახლოვდება სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს, მით სწრაფად მიიწევს წინ ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი. მივყვებით ფეხდაფეხ მას და ვიზრდებით სულიერად? მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

^ აბზ. 16 იხილეთ 2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ სტატიები: „ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით“ და „ერთგული ქრისტიანები ჭეშმარიტებით დადიან“. ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საქმიანობა დაწვრილებით განიხილება წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“.