წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2014

ვის როგორი პასუხი გავცეთ?

ვის როგორი პასუხი გავცეთ?

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს . . . რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6).

1, 2. ა) რომელი მაგალითი ცხადყოფს კარგად შერჩეული კითხვების დასმის აუცილებლობას? (იხილეთ სურათი ზემოთ) ბ) რატომ არ უნდა გვაშინებდეს სადავო საკითხებზე მსჯელობა?

წლების წინ ერთი ჩვენი თანამორწმუნე ბიბლიურ თემაზე მსჯელობდა თავის ქმართან, რომელიც მის რწმენას არ იზიარებდა. მისი მეუღლე ერთ-ერთი ეკლესიის პასიური წევრი იყო. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ სამების სწამდა. ცოლმა იფიქრა, რომ მის ქმარს შეიძლება არ სცოდნოდა, რა იყო სამების დოგმატი, ამიტომ ტაქტიანად ჰკითხა: „გჯერა, რომ ღმერთიც ღმერთია, იესოც ღმერთია, წმინდა სულიც ღმერთია, მაგრამ ეს სამი ერთია?“. გაკვირვებულმა ქმარმა წამოიძახა: „არა, მაგის არ მჯერა!“. ამას საინტერესო მსჯელობა მოჰყვა.

2 ეს შემთხვევა ცხადყოფს ტაქტიანი და კარგად შერჩეული კითხვების დასმის აუცილებლობას, აგრეთვე ხაზს უსვამს ერთ რამეს: არ უნდა გვაშინებდეს სადავო საკითხებზე მსჯელობა, მაგალითად, სამებაზე, ჯოჯოხეთსა თუ ღვთის არსებობაზე. თუ ვენდობით იეჰოვას და ვიყენებთ იმ მიდგომებს, რომლებსაც ის გვთავაზობს, ჩვენი დამაჯერებელი პასუხები მსმენელის გულს შეეხება (კოლ. 4:6). ახლა განვიხილოთ, როგორ მსჯელობენ კარგი მქადაგებლები ზოგიერთ საკამათო  თემაზე. წინამდებარე სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: 1) როგორ ჩავაბათ მსმენელი საუბარში კითხვების მეშვეობით? 2) როგორ ვიმსჯელოთ ბიბლიის გამოყენებით? 3) როგორ მივიყვანოთ მსმენელი სწორ დასკვნამდე მაგალითების მეშვეობით?

კითხვების დახმარებით საუბარში ჩავაბათ მსმენელი

3, 4. განმარტეთ, რატომ არის აუცილებელი კითხვების დასმა თანამოსაუბრის შეხედულების გასარკვევად, და როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

3 კითხვების მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, რა სწამს ადამიანს. თუ რატომ არის კითხვების დასმა საჭირო, პასუხს იგავების 18:13 გვცემს: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“. ვიდრე ბიბლიიდან რომელიმე საკითხის ღრმად განხილვას შევუდგებით, კარგს ვიზამთ, თუ ჯერ იმას გავარკვევთ, სინამდვილეში რა სწამს ჩვენს მსმენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დრო ტყუილად დავკარგოთ იმ აზრის გაბათილებაზე, რომელიც მას საერთოდ არ სწამს (1 კორ. 9:26).

4 დავუშვათ, ვინმესთან ჯოჯოხეთის თემას განვიხილავთ. ყველას როდი სჯერა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი სატანჯველია. ზოგის აზრით, იგი ღვთისგან განდგომაა. აქედან გამომდინარე, შეგვეძლო ასეთი რამ გვეთქვა თანამოსაუბრისთვის: „ადამიანებს სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ ჯოჯოხეთზე. თქვენი აზრით, რა არის ჯოჯოხეთი?“. მისი პასუხი დაგვეხმარება, უკეთესად ავუხსნათ ბიბლიიდან ეს საკითხი.

5. როგორ გვეხმარება კითხვები იმის გარკვევაში, რატომ აქვს ადამიანს კონკრეტულ საკითხზე ესა თუ ის შეხედულება?

5 ტაქტიანად დასმული შეკითხვებით იმასაც გავიგებთ, რატომ აქვს ადამიანს კონკრეტულ საკითხზე ესა თუ ის შეხედულება. მაგალითად, რას ვეტყოდით მას, ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ სწამს? მაშინვე არ უნდა დავასკვნათ, რომ ეს ადამიანი ამა თუ იმ გავრცელებული შეხედულების, მაგალითად, ევოლუციური თეორიის გავლენის ქვეშ არის (ფსალმ. 10:4). ზოგს ღვთის რწმენას ცხოვრებაში გადატანილი უბედურება ან ირგვლივ არსებული მდგომარეობა უკარგავს. ასეთები ერთმანეთს ვერ უთავსებენ უსამართლობისა და მოსიყვარულე შემოქმედის არსებობას. ასე რომ, თუ მობინადრე გვეტყვის, რომ ღმერთი არ სწამს, შეგვიძლია ვკითხოთ: „ღმერთი არასდროს გწამდათ?“. თუ იტყვის: „არა“, ვკითხოთ, რამ დააეჭვა ღვთის არსებობაში. მისი პასუხი დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, როგორ ავუხსნათ მას ეს საკითხი საუკეთესოდ (წაიკითხეთ იგავების 20:5).

6. რა უნდა გავაკეთოთ კითხვის დასმის შემდეგ?

6 კითხვის დასმის შემდეგ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მობინადრეს და ყველანაირად ვეცადოთ, გავუგოთ მას. მაგალითად, მან შეიძლება გვითხრას, რომ მის ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ ღვთის არსებობის რწმენა დაუკარგა. სანამ ღვთის არსებობის დამამტკიცებელ არგუმენტებს მოვუყვანთ, კარგი იქნება, თუ თანავუგრძნობთ და ვეტყვით, რომ დანაშაული არ არის, თუ ადამიანს ასეთი აზრები უჩნდება (აბაკ. 1:2, 3). ჩვენი მოთმინებისა და რბილი მიდგომის შედეგად მობინადრემ შეიძლება მეტის გაგება მოისურვოს. *

ვიმსჯელოთ ბიბლიის საფუძველზე

7. რაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება მსახურებაში?

7 ახლა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ წმინდა წერილების საფუძველზე. ყველამ ვიცით, რომ ბიბლია ჩვენი  ძირითადი სახელმძღვანელოა. ის ყოველმხრივ გვამზადებს „ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). მსახურებაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია არა წაკითხული მუხლების რაოდენობაზე, არამედ მათ კარგ ახსნა-განმარტებაზე (წაიკითხეთ საქმეების 17:2, 3). თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ სამი პირობითი სიტუაცია.

8, 9. ა) როგორ შეიძლება მსჯელობა მასთან, ვისაც სწამს, რომ იესო ღვთის თანასწორია? ბ) თქვენ როგორი მსჯელობა გადგებათ მასთან, ვისაც სჯერა, რომ მამა და ძე თანასწორნი არიან?

8 სიტუაცია 1. ვხვდებით ადამიანს, რომელსაც სწამს, რომ იესო ღვთის თანასწორია. რომელი ბიბლიური მუხლების გამოყენება შეგვიძლია სამსჯელოდ? შეგვიძლია გამოვიყენოთ იოანეს 6:38, რომელშიც იესო ამბობს: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“. შემდეგ ვკითხოთ: „თუ იესო ღმერთია, ვინ გამოგზავნა ის ზეციდან? განა მისი გამომგზავნელი იესოზე დიდი არ უნდა იყოს? როგორც წესი, გამგზავნელი გაგზავნილზე მაღლა დგას“.

9 გარდა ამისა, შეგვიძლია წავუკითხოთ ფილიპელების 2:9, რომელშიც პავლე მოციქული ამბობს, რა გააკეთა ღმერთმა იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“. ამის შემდეგ შეიძლება მსმენელს დასაფიქრებლად ვკითხოთ: „თუ იესო სიკვდილამდე ღვთის თანასწორი იყო და მოგვიანებით ღმერთმა ის აამაღლა, გამოდის რომ იესო ღმერთზე მაღლა დადგა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ღმერთზე მაღლა ვინმე იდგეს?“. თუ მსმენელი აფასებს ღვთის სიტყვას და გულწრფელია, ასეთმა მსჯელობამ შეიძლება აღძრას ამ საკითხის უკეთ გამოსაკვლევად (საქ. 17:11).

10. ა) როგორ ვიმსჯელოთ მასთან, ვისაც ჯოჯოხეთის სწამს? ბ) თქვენ როგორი მსჯელობა გადგებათ მასთან, ვისაც ჯოჯოხეთის სწამს?

10 სიტუაცია 2. ღრმად მორწმუნე მობინადრეს უჭირს იმის დაჯერება, რომ ბოროტი ადამიანები ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში არ დაიტანჯებიან. მისი ასეთი შეხედულება შეიძლება ბოროტი ადამიანების დასჯის ძლიერი სურვილით იყოს განპირობებული. როგორ ვიმსჯელოთ ასეთ ადამიანთან? პირველ ყოვლისა, უნდა დავარწმუნოთ, რომ ბოროტები აუცილებლად დაისჯებიან (2 თეს. 1:9). შემდეგ შეგვიძლია წავაკითხოთ დაბადების 2:16, 17, საიდანაც ჩანს, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია, და ავუხსნათ, რომ ადამის ცოდვის გამო დაბადებიდან ყველა  ცოდვილია (რომ. 5:12), მაგრამ იქვე ისიც დავამატოთ, რომ ღმერთს არაფერი უთქვამს ადამიანების ცეცხლით დასჯაზე. ვკითხოთ: „თუ ადამსა და ევას მარადიული ტანჯვა ელოდათ, განა ღმერთი ამის შესახებ არ გააფრთხილებდა?“. ამის შემდეგ დაბადების 3:19-დან წავუკითხოთ პირველი ადამიანებისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელშიც არაფერია ნათქვამი ჯოჯოხეთის ცეცხლზე. განაჩენის თანახმად, ადამი და ევა მტვერს უნდა დაბრუნებოდნენ. კარგი იქნება, თუ ვკითხავთ: „თუ ადამი ჯოჯოხეთში უნდა დატანჯულიყო, მართებული იქნებოდა მისთვის იმის თქმა, რომ მიწას დაუბრუნდებოდა?“. ასეთმა კითხვამ საღად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება ჩააფიქროს.

11. ა) როგორ ვიმსჯელოთ მასთან, ვისაც სწამს, რომ ყველა კეთილი ადამიანი ზეცაში მიდის? ბ) თქვენ როგორი მსჯელობა გადგებათ მასთან, ვისაც ზეციერი სამოთხის სწამს?

11 სიტუაცია 3. ვხვდებით ადამიანს, რომელსაც სწამს, რომ ყველა კეთილი ადამიანი ზეცაში მიდის. ასეთი შეხედულების მქონე მობინადრემ შეიძლება არასწორად გაიგოს ბიბლიის ესა თუ ის მუხლი. დავუშვათ, წავუკითხეთ გამოცხადების 21:4 (წაიკითხეთ). მობინადრემ შეიძლება დაასკვნას, რომ ამ მუხლში ზეციერი კურთხევებია აღწერილი. როგორ ვიმსჯელოთ მასთან? ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტად სხვა მუხლები მოვუყვანოთ, აჯობებს, ამავე მუხლის ერთ-ერთ დეტალზე გავუმახვილოთ ყურადღება. მუხლში წერია: „აღარ იქნება სიკვდილი“. შეგვიძლია ასეთი რამ ვუთხრათ: „როცა რაღაცაზე ვამბობთ, რომ აღარ იქნება, ესე იგი, ის ოდესღაც უკვე იყო“. თუ დაგვეთანხმება, აღვნიშნოთ, რომ სიკვდილი ზეცაში არასდროს ყოფილა. იგი მხოლოდ დედამიწაზე არსებობს. აქედან გამომდინარე, გამოცხადების 21:4 ეხება დედამიწაზე სამომავლო კურთხევებს (ფსალმ. 37:29).

მაგალითების მეშვეობით სწორ დასკვნამდე მივიყვანოთ მსმენელი

12. რატომ მოჰყავდა იესოს მაგალითები?

12 კითხვების დასმის გარდა ქადაგების დროს იესოს მაგალითებიც მოჰყავდა (წაიკითხეთ მათეს 13:34, 35). მათი მეშვეობით ის თავის მსმენელთა გულის ზრახვებს ააშკარავებდა (მათ. 13:10—15). გარდა ამისა, მაგალითები იესოს სწავლებას საინტერესოსა და დაუვიწყარს ხდიდა. ჩვენ როგორ ვიმსჯელოთ მაგალითების მეშვეობით?

13. რომელი მაგალითით შეგვიძლია დავანახვოთ მობინადრეს, რომ ღმერთი იესოზე მაღლა დგას?

13 ყველაზე კარგი მარტივი მაგალითების მოყვანაა. მაგალითად, თუ იმის ახსნა გვინდა, რომ ღმერთი იესოზე მაღლა დგას, შეგვიძლია მობინადრეს ვუთხრათ, რომ ღმერთსა და იესოს მამაშვილური ურთიერთობა აქვთ. ღმერთი მას ძეს უწოდებს, იესო კი მას — მამას (ლუკ. 3:21, 22; იოან. 14:28). შემდეგ ვკითხოთ: „ოჯახის რომელ წევრებზე იტყოდით, რომ თანასწორნი არიან?“. მობინადრემ შეიძლება დაასახელოს დედმამიშვილები, მაგალითად, ტყუპები. აღვნიშნოთ, რომ ეს ლოგიკური პასუხია, და დავძინოთ: „თუ ჩვენ ასე ადვილად მივხვდით ამას, განა იესოს, ყველაზე დიდებულ მასწავლებელს, ღვთის თანასწორი რომ ყოფილიყო, გაუჭირდებოდა მსგავსი რამის თქმა?! ის ღმერთს მამას უწოდებდა, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ ღმერთი მასზე ასაკით უფროსია და მასზე მეტ ძალაუფლებას ფლობს“.

14. რომელი მაგალითი ცხადყოფს იმის ალოგიკურობას, რომ ეშმაკი ადამიანებს ღვთის ნებით ჯოჯოხეთში ტანჯავს?

14 ბევრს სწამს, რომ სატანა ჯოჯოხეთის მბრძანებელია. შემდეგი მაგალითი მობინადრეს დაანახვებს, რამდენად ალოგიკურია იმის დაჯერება, რომ ღვთის ნებით ეშმაკი ადამიანებს ჯოჯოხეთში ტანჯავს. შეგვიძლია მას ასეთი რამ ვუთხრათ: „თქვენი შვილი ცუდად რომ იქცეოდეს  და ბევრს აშავებდეს, როგორ მოიქცევით?“. მობინადრე ალბათ გვეტყვის, რომ ეცდება შვილი ცუდ გზას ჩამოაშოროს და გამოასწოროს (იგავ. 22:15). მაშინ შეგვიძლია ვკითხოთ, რას გააკეთებს, თუ შვილი არაფრად ჩააგდებს მის მცდელობას. მშობლების უმეტესობა ალბათ იმას იტყვის, რომ შვილს დასჯის. შემდეგ ვუთხრათ: „დავუშვათ გაიგეთ, რომ თქვენი შვილი ვიღაცამ დააყენა ცუდ გზაზე“. ფაქტია, ასეთ ადამიანზე ყველა მშობელი გაბრაზდებოდა. სწორ აზრამდე რომ მივიყვანოთ მსმენელი, შეგვიძლია ვკითხოთ: „დაასჯევინებდით თქვენს შვილს იმას, ვინც ის ცუდ გზაზე დააყენა?“. პასუხი, ცხადია, უარყოფითი იქნება. მაშ, ღმერთი რატომღა დაასჯევინებდა სატანას იმ ადამიანებს, რომლებიც თავად სატანამ დააყენა ცუდ გზაზე?!

გაწონასწორებული დამოკიდებულება

15, 16. ა) რატომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამეფოს შესახებ ცნობას ყველა გამოეხმაურება? ბ) მსახურებაში წარმატების მისაღწევად რატომ არ არის აუცილებელი განსაკუთრებული უნარიანობა? (იხილეთ ჩარჩო „ მსჯელობაში დამხმარე სტატიები“)

15 ჩვენ გვესმის, რომ სამეფოს შესახებ ცნობას ყველა არ მიიღებს (მათ. 10:11—14). ეს ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ კარგად შერჩეულ შეკითხვებს დავსვამთ, ლოგიკურად ვიმსჯელებთ და შესაფერის მაგალითებს მოვიყვანთ. თვით იესოს, ყველა დროის საუკეთესო მასწავლებელსაც ხომ ბევრი არ გამოხმაურებია! (იოან. 6:66; 7:45—48).

16 მეორე მხრივ, თუ თავს უნარიან მქადაგებლებად არ მივიჩნევთ, მაინც შეგვიძლია მსახურებაში წარმატების მიღწევა (წაიკითხეთ საქმეების 4:13). ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ „ყველა, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის“ არის განწყობილი, სასიხარულო ცნობას გამოეხმაურება (საქ. 13:48). კარგია, თუ გაწონასწორებული დამოკიდებულება გვექნება როგორც საკუთარი თავის, ისე მათ მიმართ, ვისაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ. მთავარია, გამოვიყენოთ ყველაფერი, რასაც იეჰოვა გვასწავლის, და გვჯეროდეს, რომ ეს როგორც ჩვენს, ისე ჩვენი მსმენელების კეთილდღეობას მოემსახურება (1 ტიმ. 4:16), და იეჰოვას დახმარებით განვსაზღვრავთ, „ვის როგორი პასუხი“ გავცეთ. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, თუ როგორ დაგვეხმარება ოქროს წესად წოდებული პრინციპის გამოყენება მსახურებაში.

^ აბზ. 6 იხილეთ 2009 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია: „შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?“.