არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აპრილი 2014

მადლიერნი ხართ, რომ იეჰოვა გაკვირდებათ და ზრუნავს თქვენზე?

მადლიერნი ხართ, რომ იეჰოვა გაკვირდებათ და ზრუნავს თქვენზე?

„იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგავ. 15:3).

1, 2. რა მხრივ განსხვავდება ვიდეოთვალი მზრუნველი და მოსიყვარულე ღვთისგან?

მრავალ ქვეყანაში საგზაო მოძრაობისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დასაფიქსირებლად ინტენსიურად იყენებენ ვიდეოთვალს. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაარტყამს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალება, პოლიციელებს ვიდეოფირზე აღბეჭდილი ინფორმაციის მეშვეობით შეუძლიათ დამნაშავის ამოცნობა და დაკავება. მართლაც, დამნაშავეთათვის უფრო და უფრო რთულდება დანაშაულის დამალვა, ვინაიდან ვიდეოთვალი თითქმის ყველგან არის დამონტაჟებული.

2 რაღაცით ხომ არ გახსენებთ ეს მოწყობილობა ჩვენს მოსიყვარულე მამას, იეჰოვას?! ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მისი „თვალი ყველგან არის“ (იგავ. 15:3). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვითვალთვალებს, რათა როგორც კი მის კანონს დავარღვევთ, დაგვსაჯოს? (იერ. 16:17; ებრ. 4:13). არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა უმთავრესად იმიტომ გვაკვირდება, რომ ვუყვარვართ და სურს, ბედნიერები ვიყოთ (1 პეტ. 3:12).

3. იეჰოვას მზრუნველობისა და სიყვარულის დამადასტურებელ რომელ მხარეებს განვიხილავთ?

3 რა დაგვეხმარება, მადლიერნი ვიყოთ ღვთისა, რომელიც სიყვარულით გვაკვირდება? მოდი, განვიხილოთ, რას სახით ავლენს ღმერთი ჩვენ მიმართ მზრუნველობასა და სიყვარულს: 1) გვაფრთხილებს,  როცა ჩვენში არასწორ მიდრეკილებებს ხედავს, 2) გვაყენებს სწორ გზაზე, როცა არასწორ ნაბიჯს ვდგამთ, 3) გვხელმძღვანელობს თავის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპებით, 4) გვეხმარება განსაცდელების დროს და 5) კურთხევებს არ იშურებს, როცა კარგს ხედავს ჩვენში.

იეჰოვა გვაფრთხილებს

4. რა მიზნით გააფრთხილა ღმერთმა კაენი, რომ ცოდვა იყო „ჩასაფრებული კართან“?

4 თავდაპირველად, განვიხილოთ, რა სახით გვაფრთხილებს ღმერთი, როცა ჩვენში არასწორ მიდრეკილებებს ამჩნევს (1 მატ. 28:9). იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ გვაკვირდება ღმერთი, ვნახოთ, როგორ მიუდგა ის კაენს, რომელიც „რისხვით აენთო“ მას შემდეგ, რაც ღვთის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა (წაიკითხეთ დაბადების 4:3—7). იეჰოვამ კაენს კარგის კეთებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თუ არ დაემორჩილებოდა, „ცოდვა [იყო] ჩასაფრებული კართან“. შემდეგ ჰკითხა: „იბატონებ მასზე?!“. ღმერთს სურდა, კაენს ყურად ეღო მისი გაფრთხილება; თუ კაენი დაემორჩილებოდა, ღმერთი მიიღებდა მას. და თუ იგი იეჰოვას კეთილგანწყობილებას მოიპოვებდა, შეძლებდა კიდეც მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.

5. როგორ გვაფრთხილებს იეჰოვა, თუ ჩვენში არასწორ მიდრეკილებებს ამჩნევს?

5 როგორ დგას საქმე ჩვენს შემთხვევაში? იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, თუ რა ხდება ჩვენს გულში; მის თვალს ვერ გამოვაპარებთ ჩვენს მისწრაფებებსა თუ მოტივებს. ჩვენს მოსიყვარულე მამას უნდა, რომ სიმართლის გზაზე ვიაროთ, თუმცა ის არ გვაიძულებს, შევიცვალოთ მიმართულება. ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის დახმარებით გვაფრთხილებს, როცა არასწორი მიმართულებით ვიწყებთ სვლას. საინტერესოა, როგორ აკეთებს ის ამას? მაგალითად, როდესაც ყოველდღიურად კითხულობთ ბიბლიას, ალბათ ხშირად ხვდებით ისეთ მონაკვეთებს, რომლებიც გეხმარებათ, თავი დააღწიოთ არასწორ მიდრეკილებებსა თუ მისწრაფებებს. ამასთანავე, შესაძლოა ჩვენს პუბლიკაციებში სწორედ ის პრობლემა იყოს განხილული, რაც პირადად გაწუხებთ და მოცემული იყოს რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ქრისტიანულ შეხვედრებზე ყოველი ჩვენგანი დროულ რჩევებს ვიღებთ.

6, 7. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მილიონობით ადამიანისთვის მომზადებული სულიერი საზრდო იეჰოვას სიყვარულისა და მზრუნველობის მტკიცებულებაა? ბ) რა მხრივაა სასარგებლო თქვენთვის, რომ იეჰოვა პირადად თქვენზე ზრუნავს?

6 ამგვარი გაფრთხილებები ნამდვილად იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და თითოეულ ჩვენგანს მზრუნველობას არ გვაკლებს. დიახ, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები საუკუნეებს ითვლის, ღვთის ორგანიზაცია პუბლიკაციებს მილიონობით ადამიანისთვის ამზადებს და კრების შეხვედრებზე მოცემული რჩევები მთელი კრებისთვის არის გათვალისწინებული. თუმცა ამ გაფრთხილებების მეშვეობით ღმერთი თქვენს ყურადღებას თავისი სიტყვისკენ მიმართავს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია არასწორი მიდრეკილებების გულიდან აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვას უყვარხართ და ის ზრუნავს თქვენზე.

ბიბლიით განსწავლული სინდისი გვეხმარება, თავი ავარიდოთ მახეებს (იხილეთ მე-6 და მე-7 აბზაცები)

7 ღვთის გაფრთხილებებმა სიკეთე რომ მოგვიტანოს, უპირველესად უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთს ნამდვილად აფიქრებს ჩვენი კეთილდღეობა. ასეთ შემთხვევაში შევძლებთ დადებითად გამოვეხმაუროთ მის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს და ვეცდებით, რომ თავიდან მოვიშოროთ ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები და აზრები (წაიკითხეთ ესაიას 55:6, 7). თუ გულისყურით მოვეკიდებით გაფრთხილებებს, უამრავ გულისტკივილს ავიცილებთ თავიდან. თუმცა წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ ცუდ მიდრეკილებებს დავემონებით. საინტერესოა, ამ დროს როგორ დაგვეხმარება ჩვენი მოსიყვარულე მამა?

მზრუნველი მამა სწორ გზაზე გვაყენებს

8, 9. რა მხრივ მოწმობს ღვთის მსახურთა მიერ მოცემული რჩევები იეჰოვას უზომო მზრუნველობაზე? მოიყვანეთ მაგალითი.

8 იეჰოვას მზრუნველობას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ამა თუ იმ შეცდომაზე მიგვითითებენ (წაიკითხეთ ებრაელების 12:5, 6). რა თქმა უნდა, არ გვსიამოვნებს, როცა რჩევას გვაძლევენ და შეგვაგონებენ (ებრ. 12:11). თუმცა დაფიქრდით, ვინც რჩევას გაძლევთ,  რამდენი რამის გათვალისწინება უწევს. მან უნდა იცოდეს, რით ხართ დაკავებული, რადგან რასაც თქვენ აკეთებთ, ამან შესაძლოა იეჰოვა ღმერთთან თქვენს ურთიერთობაზე იქონიოს გავლენა; ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოს თქვენი გრძნობები, აგრეთვე უნდა გამოგიყოთ დრო და არ დაიშუროს ძალა, რომ ბიბლიის დახმარებით აგიხსნათ, როგორ მოიქცეთ ღვთის მოსაწონად. ცხადია, ჩვენ ვაფასებთ რჩევებს, რადგან გვესმის, რომ ამ რჩევების მიღმა იეჰოვა დგას.

9 მოდი, ახლა ვნახოთ ერთი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ შეიძლება მრჩეველმა იეჰოვას აზროვნებიდან გამომდინარე მოგვცეს რჩევა. ერთი ჩვენი ძმა ჭეშმარიტების მიღებამდე გამუდმებით უყურებდა პორნოგრაფიას; გარკვეულ ეტაპზე მან ეს ცუდი ჩვევა დასძლია. თუმცა ის ამ მიდრეკილებისგან ბოლომდე არ გათავისუფლებულა ანუ მისი გულიდან ეს ჩვევა ძირფესვიანად არ იყო ამოძირკვული. როცა მან ახალი მობილური ტელეფონი შეიძინა, მანკიერმა ჩვევამ კვლავ იჩინა თავი (იაკ. 1:14, 15). მან ტელეფონის მეშვეობით პორნოგრაფიული ვებ-გვერდების თვალიერება დაიწყო. ერთ დღესაც, როცა უხუცესთან ერთად ტელეფონით ქადაგებდა, მან უხუცესს თავისი მობილური მისცა, რათა მას ინტერნეტ რუკის დახმარებით მოეძებნა მისამართები. როცა უხუცესი ძებნას შეუდგა, მოულოდნელად ეკრანზე საეჭვო ვებ-გვერდები გამოჩნდა. საბედნიეროდ ეს შემთხვევა სულიერად მოსუსტებულ ძმას სასიკეთოდ წაადგა. მან უხუცესისგან მიიღო დროული რჩევა, დაემორჩილა მითითებას და საბოლოოდ დასძლია ეს მავნე ჩვევა. უზომოდ მადლიერნი ვართ ჩვენი ზეციერი მამის, რომელიც ხედავს ჩვენს ფარულ ცოდვებსაც კი და სერიოზული ცოდვის ჩადენამდე სწორ გზაზე გვაყენებს.

ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებას ჩვენთვის სიკეთე მოაქვს

10, 11. ა) როგორ შეგიძლიათ მიმართოთ ღმერთს ხელმძღვანელობისთვის? ბ) როგორ დაინახა ერთმა ოჯახმა, რომ ნამდვილად ბრძნულია იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა?

10 ფსალმუნმომღერალი იეჰოვას უმღეროდა: „შენი რჩევით წამიძღვები“ (ფსალმ. 73:24). როცა ვხედავთ, რომ გვესაჭიროება ხელმძღვანელობა, ჩვენ უნდა „გვახსოვდეს“ იეჰოვა ანუ რჩევის მისაღებად მის სიტყვას უნდა მივმართოთ და გამოვიკვლიოთ, რას ფიქრობს ის ამა თუ იმ საკითხზე. ბიბლიური პრინციპები არა მარტო ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ემსახურება, არამედ ზოგჯერ ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვაშიც გვეხმარება (იგავ. 3:6).

11 ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ჩვენი ძმა, რომელიც ფილიპინებში, მასბატეს მთიან რეგიონში იჯარით აღებულ მიწაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეს ძმა და მისი მეუღლე სრული დროითაც მსახურობენ და დიდ ოჯახსაც უძღვებიან. ერთხელ მოულოდნელად მიწის მეპატრონისგან წერილობითი  შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ მეპატრონის ადგილ-მამული; ისინი სახტად დარჩნენ. რატომ მიიღო მეპატრონემ ასეთი გადაწყვეტილება? მოწმეებს უსამართლოდ დასდეს ბრალი უპატიოსნო საქციელში. მართალია, ეს ძმა შეწუხებული იყო და ფიქრობდა, სად იშოვიდა საცხოვრებელ ადგილს თავისი ოჯახისთვის, მაგრამ მან ასეთი რამ თქვა: „იეჰოვა იზრუნებს. ის ყოველთვის ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე“. ამ ძმის ნდობა გამართლდა. რამდენიმე დღეში ოჯახმა შეიტყო, რომ აღარ მოუწევდათ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. საინტერესოა, რა მოხდა? მიწის მეპატრონეს შეუმჩნეველი არ დარჩენია უსამართლო ბრალდებაზე მათი რეაქცია — მთელი ოჯახი კვლავაც ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა; მათ თავაზიანობა და სიმშვიდე არ დაუკარგავთ. მეპატრონე ისე მოიხიბლა მათი დამოკიდებულებით, რომ დარჩენის უფლებაც მისცა და მეტი მიწაც — დასამუშავებლად (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12). დიახ, იეჰოვა თავისი სიტყვის დახმარებით გვხელმძღვანელობს, რომ თავი გავართვათ ცხოვრებისეულ სირთულეებს.

მეგობარი, რომელიც განსაცდელებისას ჩვენ გვერდითაა

12, 13. რა სიტუაციებში შეიძლება იფიქროს ზოგმა, რომ იეჰოვა ვერ ამჩნევს მათ მდგომარეობას?

12 ზოგჯერ განსაცდელები საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მაგალითად, თქვენ შესაძლოა ქრონიკული დაავადება გაქვთ, ოჯახის წევრები რწმენის გამო წლების განმავლობაში გეწინააღმდეგებიან ან გამუდმებით გიწევთ დევნის ატანა. გარდა ამისა, დროდადრო ყველა ვაწყდებით პიროვნული სხვადასხვაობის გამო უთანხმოებებს კრებაში.

13 მაგალითად, თქვენ შესაძლოა გული გატკინათ თანაქრისტიანის შენიშვნამ და აღშფოთებულს აღმოგხდათ: „ეს ღვთის ორგანიზაციაში არ უნდა ხდებოდეს!“. თუმცა ერთ დღესაც იგებთ, რომ ის ძმა, რომელმაც შენიშვნა მოგცათ, კრებაში დამატებით პასუხისმგებლობებს იღებს; ამასთანავე, კარგი რეპუტაციითაც სარგებლობს. ძალიან გიკვირთ და ამბობთ: „ნუთუ ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა?! იეჰოვა ვერ ხედავს ამ ყველაფერს?! ნუთუ ის არაფერს იღონებს?!“ (ფსალმ. 13:1, 2; აბაკ. 1:2, 3).

14. რა შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ იეჰოვა არ აგვარებს ჩვენს პრობლემას?

14 იეჰოვა შესაძლოა საფუძვლიანი მიზეზების გამო არ ერევა თქვენს საქმეში. დავუშვათ ფიქრობთ, რომ სხვა უფრო დამნაშავეა, ვიდრე თქვენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ღმერთი შეიძლება სხვანაირად აფასებდეს ვითარებას. იეჰოვას თვალში თქვენ შესაძლოა იმაზე მეტად დამნაშავე ხართ, ვიდრე თავად წარმოგიდგენიათ. ძმის რჩევა, რომელიც ასე მტკივნეულად აღიქვით, რეალურად, შეიძლება საკმაოდ მართებული იყო და ნამდვილად ღირდა მასზე დაფიქრება. ამ მხრივ საინტერესო შემთხვევას გვიზიარებს თავის ბიოგრაფიაში კარლ კლაინი; ის ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. როცა კარლი ახალგაზრდა იყო, ძმა რუტერფორდმა სერიოზული რჩევა მისცა. ამის შემდეგ, ცოტა ხანში, როცა კლაინს ძმა რუტერფორდი შემოხვდა და გულიანად მიესალმა, ის ცალყბად გამოეპასუხა, რადგან გულში წყენა ჰქონდა ჩარჩენილი. რუტერფოდს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მიხვდა, რომ კარლი გონებას უარყოფითი ფიქრებით კვებავდა; მან კარლს უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რათა ეშმაკის ლუკმა არ გამხდარიყო. გამოხდა ხანი და კარლმა ასეთი რამ დაწერა: „როდესაც გულში წყენას ვიტოვებთ იმ ძმის მიმართ, რომელმაც თავისი მოვალეობიდან გამომდინარე მართებული რჩევა მოგვცა, ამით ფაქტობრივად, ეშმაკის კერძი ვხდებით“. *

15. რა დაგვეხმარება განსაცდელების დროს?

15 თუმცა შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ მოთმინების გამოვლენა, როცა თქვენს განსაცდელებს, ერთი შეხედვით, ბოლო არ უჩანს. როგორ უნდა გაართვათ თავი ამ მდგომარეობას? პირობითი სიტუაცია: წარმოიდგინეთ, რომ გზატკეცილზე მანქანით საცობში მოყევით. არ იცით, რამდენი ხანი მოგიწევთ ლოდინი. თუ ამ დროს მოთმინება გიღალატებთ და სხვა გზის ძებნას დაიწყებთ, დიდი ალბათობაა, რომ გზა აგებნეთ და უფრო მეტი დრო მოანდომოთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას. ამის მსგავსად, თუ არ გადაუხვევთ ღვთის სიტყვაში მოცემული „გზიდან“, დროულად მიაღწევთ დანიშნულების ადგილს.

16. კიდევ რა მიზეზის გამო შეიძლება არ დაგვიხსნას იეჰოვამ განსაცდელებისგან?

 16 იეჰოვამ შესაძლოა განსაცდელისგან იმის გამოც არ გვიხსნას, რომ რაღაც გვასწავლოს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6—10). ერთი რამ ცხადია: ღმერთი არ იწვევს განსაცდელებს (იაკ. 1:13). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ განსაცდელების უმეტესობას ჩვენი „მოწინააღმდეგე, ეშმაკი“ იწვევს. თუმცა ღმერთს შეუძლია, რომ ძნელბედობის ჟამი თქვენი სულიერი აღზრდისთვის გამოიყენოს. იეჰოვა ხედავს თქვენს ტანჯვას და „რადგან ის ზრუნავს თქვენზე“, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ განსაცდელმა მცირე ხანს გასტანოს. პირადად თქვენ, ხართ მადლიერნი ღვთის, რომელიც გაკვირდებათ და ზრუნავს თქვენზე განსაცდელების ჟამს და გჯერათ, რომ გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან? (2 კორ. 4:7—9).

სიკეთის სანაცვლოდ კურთხევები არ მოგაკლდებათ!

17. ვის აკვირდება იეჰოვა და რატომ?

17 დაბოლოს, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რისთვისაც ღმერთი ჩვენ გვაკვირდება და იკვლევს ჩვენს ცხოვრებას. წინასწარმხილველმა ხანანმა მეფე ასას განუცხადა: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). ასა მთელი გულით არ იყო იეჰოვაზე მინდობილი; თუ თქვენ მთელი გულით მიენდობით ღმერთს და ყოველთვის სწორად მოიქცევით, იეჰოვა „თავისი ძალით“ დაგეხმარებათ.

18. რა უნდა გახსოვდეთ, როდესაც ფიქრობთ, რომ ვერავინ ამჩნევს თქვენს კეთილ საქმეებს? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე)

18 ღმერთს უნდა, რომ ვეძებოთ კარგი, შევიყვაროთ ის, რაც კარგია და ვაკეთოთ სიკეთე, რათა მან თავისი მოწყალე თვალით გადმოგვხედოს (ამოს. 5:14, 15; 1 პეტ. 3:11, 12). იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება მართლები და კურთხევებს არ იშურებს მათთვის (ფსალმ. 34:15). მაგალითად, გავიხსენოთ, რა გააკეთეს ებრაელმა ბებიაქალებმა, შიფრამ და ფუამ, როდესაც ისრაელებს ეგვიპტელთა მონობის უღელი ედგათ. მათ ღვთის უფრო ეშინოდათ, ვიდრე ფარაონის, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭი დაეხოცათ. როგორც ჩანს, მათ ღვთისადმი შიში კარნახობდა, რომ ცოცხლები დაეტოვებინათ ახალშობილები. გავიდა დრო და მათ ღმერთმა ოჯახები უბოძა (გამ. 1:15—17, 20, 21). დიახ, იეჰოვას თვალს არ გამოჰპარვია ამ ქალების სიკეთე. დროდადრო შეიძლება ისეთი განცდა დაგეუფლოთ, რომ ვერავინ ამჩნევს თქვენს კარგ საქმეებს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს. მას ახსოვს ყველა ის სიკეთე, რაც გაგიკეთებიათ და ის აუცილებლად მოგიზღავთ ამ სიკეთის წილ (მათ. 6:4, 6; 1 ტიმ. 5:25; ებრ. 6:10).

19. როგორ დარწმუნდა ავსტრიაში მცხოვრები ერთი და, რომ იეჰოვა ამჩნევს გაკეთებულ სიკეთეს?

19 ავსტრიაში მცხოვრები ერთი ჩვენი და დარწმუნდა, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი გულმოდგინება. ის წარმოშობით უნგრეთიდან იყო და ამიტომ მას უნგრულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანის მისამართი გადასცეს. იგი დაუყოვნებლივ გაეშურა ამ მისამართზე, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ის კვლავ და კვლავ აკითხავდა ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში არავინ ხვდებოდა. რამდენიმე მისვლისას დამ შენიშნა, რომ შინ ვიღაც იყო. ამიტომ კართან საკუთარი კოორდინატები დატოვა. ის კართან ყოველთვის ტოვებდა ლიტერატურასა და წერილებს. ასე განვლო წელიწად-ნახევარმა. ერთ-ერთი მორიგი მონახულების დროსაც კარი გაიღო. კართან მდგარმა ქალბატონმა მას მეგობრულად გაუღიმა და უთხრა: „შემობრძანდით. რაც დამიტოვეთ, ყველაფერი წავიკითხე; გელოდებოდით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვიდოდით“. როგორც აღმოჩნდა, ეს ქალბატონი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა და ხალხთან საუბარს ერიდებოდა. დამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ფაქტია, იეჰოვამ აკურთხა ამ დის გულმოდგინება.

20. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა იცით, რომ იეჰოვა გაკვირდებათ და ზრუნავს თქვენზე?

20 იეჰოვა თქვენს ყველა ნაბიჯს ხედავს და ის უსათუოდ მოგაგებთ მაგიერს. ნუ იფიქრებთ, რომ იეჰოვას თვალები ვიდეოთვალის მსგავსად იმ მიზნით გაკვირდებათ, რომ შეცდომაში გამოგიჭიროთ. პირიქით, იმაზე იფიქრეთ რომ მას, ვინც ნამდვილად წუხს თქვენზე, სურს, თავისი სიახლოვე და მზრუნველობა გაგრძნობინოთ.

^ აბზ. 14 კარლ კლაინის ბიოგრაფია იხილეთ 1984 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).