წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2014

გამხნევდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!

გამხნევდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!

«ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე“» (ებრ. 13:6).

1, 2. რა სირთულეებს ხვდება ბევრი ემიგრანტი ოჯახში დაბრუნების შემდეგ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

„საზღვარგარეთ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს ვასრულებდი და კარგ ფულსაც ვაკეთებდი. მაგრამ როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ თურმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მქონია შესასრულებელი — უნდა მეზრუნა ოჯახის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ კეთილდღეობაზეც. ასე რომ, დავტოვე ჩემი სამსახური და დავუბრუნდი ოჯახს“, — ამბობს ედუარდო. * (ეფეს. 6:4).

2 ედუარდომ იცოდა, რომ თუ ოჯახში დაბრუნდებოდა, ამით ის იეჰოვას ძალიან გაახარებდა. მაგრამ მას, ისევე როგორც მერილინს, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, დიდი დრო დასჭირდებოდა ოჯახური ურთიერთობების აღსადგენად; მას აგრეთვე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მოუწევდა თავის ოჯახზე მატერიალურად ზრუნვა. საინტერესოა, როგორ გაართმევდა იგი ამ საქმეს თავს? და როგორ დაეხმარებოდა მას კრება?

ოჯახური კვანძებისა და სულიერობის განმტკიცება

3. როგორ მოქმედებს შვილებზე ის, რომ მშობელი გვერდით არ ჰყავთ?

3 „მივხვდი, რომ, როცა ჩემს შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ხელმძღვანელობის გაწევა და სიყვარული, მათ გვერდით არ ვიყავი. ვერ ვუკითხავდი ბიბლიურ ისტორიებს, ვერ ვლოცულობდი მათთან ერთად, ვერ ვიხუტებდი გულში და ვერ ვეთამაშებოდი ჩემს პატარებს“,  — გვიზიარებს ედუარდო (კან. 6:7). ედუარდოს უფროსი გოგონა, ანა, იხსენებს: „იმ დროს, როცა მამა ჩვენ გვერდით არ იყო, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი. როცა შინ დაბრუნდა, ჩვენთვის მხოლოდ მისი სახე და ხმა იყო ნაცნობი. როდესაც მამა ჩამეხუტა, მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის უკვე უცხო ადამიანები ვიყავით“.

4. რა მხრივ უშლის ხელს ოჯახთან არყოფნა ქრისტიან მამას ოჯახისთავის მოვალეობის შესრულებაში?

4 მამა, რომელიც ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს, ოჯახისთავის მოვალეობას ვერ ასრულებს. ედუარდოს მეუღლე, რუბი, გვიზიარებს: „ოჯახში დედაც მე ვიყავი და მამაც. თითქმის ყველა გადაწყვეტილებას თავად ვიღებდი. როდესაც ედუარდო დაბრუნდა, ვისწავლე, თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს ქრისტიანი ცოლი ქმარს. ხანდახან დღესაც მიწევს საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ბოლო სიტყვა ჩემს ქმარს ეკუთვნის“ (ეფეს. 5:22, 23). ედუარდო დასძენს: „ჩემი დაბრუნების შემდეგაც ჩემი ქალიშვილები ნებართვის სათხოვნელად დედამისთან მიდიოდნენ, როგორც ამას ჩემს არყოფნაში მიეჩვივნენ. მე და რუბის შვილებისთვის უნდა დაგვენახვებინა, რომ ერთი აზრი გვქონდა. მეც ვისწავლე, თუ როგორ შემესრულებინა ჩემი, როგორც ოჯახისთავის, მოვალეობა“.

5. როგორ შეეცადა ედუარდო ოჯახური კვანძების განმტკიცებას და რა შედეგი გამოიღო ამან?

5 ედუარდომ გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა განემტკიცებინა ოჯახური კვანძები და ცოლ-შვილი სულიერად ფეხზე დაეყენებინა. „ჩემი მიზანი ის იყო, რომ შვილების გულში როგორც სიტყვით, ისე საქმით, ჩამებეჭდა ჭეშმარიტება — არა მხოლოდ მეთქვა მათთვის, რომ მიყვარს იეჰოვა, არამედ საქმითაც მეჩვენებინა ეს“ (1 იოან. 3:18). აკურთხა იეჰოვამ ედუარდოს მცდელობა? მისი ქალიშვილი, ანა გვეუბნება: „როცა ვხედავდით, როგორ ცდილობდა მამაჩვენი, რომ კარგი მამა ყოფილიყო და ოჯახი ერთ მუშტად შევეკარით, ამან ჩვენს ოჯახში ძირეული გარდაქმნა მოახდინა. გვეამაყებოდა, რომ მამა კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ ისწრაფოდა. მართალია, ქვეყნიერება კვლავაც თავისკენ გვექაჩებოდა, მაგრამ მშობლების შემხედვარე, რომლებიც ასე იყვნენ ჩაჭიდებული ჭეშმარიტებას, ჩვენც ვცდილობდით, მათსავით მტკიცენი ვყოფილიყავით. მამიკო დაგვპირდა, რომ აღარასდროს მიგვატოვებდა და მას სიტყვა არ გაუტეხავს. ის რომ კვლავ წასულიყო, მე დღეს ალბათ იეჰოვას ორგანიზაციაში აღარ ვიქნებოდი“.

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება

6. რა ისწავლეს ბალკანეთის ქვეყნებში მცხოვრებმა მშობლებმა ომიანობის დროს?

6 როდესაც ბალკანეთის ქვეყნები ომის ქარცეცხლში იყვნენ გახვეული, რეალობამ აჩვენა, რომ იეჰოვას მოწმეთა ბავშვები მიუხედავად მძიმე პირობებისა ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მართალია, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ისინი მართლაც ბედნიერები იყვნენ, რადგან მშობლები სამსახურში ვერ მიდიოდნენ და სახლში რჩებოდნენ. მათ მეტი დრო ჰქონდათ თავიანთი შვილებისთვის — ასწავლიდნენ, ეთამაშებოდნენ და ესაუბრებოდნენ. რის სწავლა შეუძლიათ აქედან მშობლებს? იმის, რომ ბავშვებს ფულზე ან საჩუქრებზე მეტად მშობლის გვერდით ყოფნა სჭირდებათ. ჭეშმარიტად, ღვთის სიტყვაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ თუ მშობლები არასდროს მოაკლებენ ყურადღებას თავიანთ შვილებს და დამოძღვრავენ, ეს მათ უკეთეს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება (იგავ. 22:6).

7, 8. ა) რა შეცდომას უშვებენ ზოგჯერ შინ დაბრუნებული მშობლები? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს, უარყოფითი გრძნობების დაძლევაში დაეხმარონ შვილებს?

7 სამწუხაროდ, ზოგჯერ შინ დაბრუნებული მშობლები შვილების მხრიდან გულისწყრომასა და გულგრილობას ხვდებიან; მშობლები კი მათ ამ დროს ასეთ რამეს ეუბნებიან: „ამხელა მსხვერპლზე თქვენი გულისთვის წავედით და მაინც, როგორი უმადურები ხართ!“. თუმცა შვილების ასეთი უარყოფითი განწყობა შეიძლება ძირითადად მშობლების არყოფნით იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს გაჩენილი ბზარის გასამთელებლად?

8 სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ თქვენი ოჯახის წევრებისთვის იმის დანახვებაში, რომ გესმით მათი მდგომარეობა. შემდეგ მათთან საუბრისას აღიარეთ, რომ თქვენც მიგიძღვით დანაშაული ამ პრობლემაში. აუცილებლად  დაგეხმარებათ გულწრფელი მობოდიშება. როდესაც მეუღლე და ბავშვები დაინახავენ, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად, შეუმჩნეველი არ დარჩებათ თქვენი სიალალე. სიმტკიცისა და მოთმინების წყალობით, თანდათანობით დაიბრუნებთ ოჯახში სიყვარულსა და პატივისცემას.

ოჯახზე ზრუნვა

9. რატომ არ უნდა შეალიოთ ძალ-ღონე გამდიდრებას, რომ ოჯახზე იზრუნოთ?

9 პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ხანში შესულ ქრისტიანებს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ თავიანთ თავზე ზრუნვა, შვილებმა და შვილიშვილებმა მათ „საკადრისი [უნდა] მიაგონ“. მაგრამ პავლემ ყველა ქრისტიანს მოუწოდა, რომ დაკმაყოფილებოდნენ აუცილებელს — საჭმელს, ტანსაცმელსა და თავშესაფარს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ კომფორტისა და ფინანსური კეთილდღეობისკენ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:4, 8; 6:6—10). ოჯახზე ზრუნვა იმას არ მოითხოვს, რომ ქრისტიანმა მთელი ძალ-ღონე შეალიოს სიმდიდრის მოხვეჭას ქვეყნიერებაში, რომელიც გადადის (1 იოან. 2:15—17). „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალასა“ და „ცხოვრებისეულ საზრუნავს“ გასაქანი არ უნდა მივცეთ, რომ საფრთხეში ჩააგდოს ჩვენი ოჯახის წევრების სულიერობა და მათ ვეღარ შეძლონ „მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, რომელიც ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გველის (მარ. 4:19; ლუკ. 21:34—36; 1 ტიმ. 6:19).

10. საიდან შეიძლება გამოჩნდეს, რომ ღვთიური სიბრძნით ვხელმძღვანელობთ?

10 იეჰოვა ღმერთმა იცის, რომ ჩვენ გვჭირდება ფული. მაგრამ ფული ღვთიური სიბრძნის მსგავსად ვერ დაგვიცავს და ვერ დაგვეხმარება (ეკლ. 7:12; ლუკ. 12:15). ხშირად მათ, ვინც საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის, ბოლომდე არ ესმით, თუ რის ფასად შეიძლება დაუჯდეთ ეს ნაბიჯი; მათ არანაირი გარანტია არა აქვთ იმისა, რომ ფულს იშოვიან. ფაქტობრივად, ისინი სერიოზულ საფრთხეში იგდებენ თავს. ბევრი ემიგრანტი შინ უფრო დიდი ვალითაც კი ბრუნდება. აქედან გამომდინარე, ღვთის მსახურების ნაცვლად მათ იმ ადამიანების მსახურება უწევთ, ვისი ვალიც აქვთ (წაიკითხეთ იგავების 22:7). ასე რომ, ბრძნულად მოვიქცევით, თუ ყველანაირად ვეცდებით, არ დავიდოთ ვალი.

11. რა მხრივ წაადგა ბიუჯეტის შედგენა ედუარდოს ოჯახს?

11 ედუარდომ იცოდა, რომ იმ შემთხვევაში შეძლებდა ოჯახთან ყოფნას და მათზე ზრუნვას, თუ ყაირათიანად დახარჯავდა ფულს. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ ფული მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად დაეხარჯათ. მათი ბიუჯეტი უწინდელთან შედარებით საკმაოდ მცირე იყო. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა, რომ არ ეყიდათ არასაჭირო ნივთები. * ედუარდო ამბობს: „ჩემი შვილები კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადავიყვანე“. მთელი ოჯახი ლოცულობდა, ედუარდოს ისეთი სამსახური ენახა, რომ სულიერი საქმეების კეთებაში ხელი არ შეშლოდათ. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ უპასუხა იეჰოვამ მათ ლოცვას?

12, 13. რა გააკეთა ედუარდომ ოჯახის შესანახად და როგორ აკურთხა იეჰოვამ მისი გადაწყვეტილება?

12 „პირველი ორი წელი, ფული ძლივს გვყოფნიდა. დანაზოგი თანდათან მცირდებოდა, ჩემი შემოსავალი ძლივს ფარავდა ყოველდღიურ ხარჯებს და ძალიან დავიღალე. სამაგიეროდ, კრების ყველა შეხვედრას ვესწრებოდით და მსახურებაშიც ერთად გავდიოდით“, — იხსენებს ედუარდო. მან გადაწყვიტა, არც კი დაფიქრებულიყო იმ სამუშაოებზე, რომლებსაც სთავაზობდნენ, რადგან ეს კვლავ დააცილებდა თავის ოჯახს თვეების ან წლების განმავლობაში. ედუარდო ამბობს: „სხვადასხვა საქმის კეთება ვისწავლე; როცა ერთ საქმეზე არ იყო მოთხოვნილება, სხვა საქმეს ვიღებდი და ასე ვირჩენდით თავს“.

შეგიძლიათ ისწავლოთ სხვადასხვა საქმე, რომ ოჯახს შეეხიდოთ? (იხილეთ მე-12 აბზაცი)

13 თუ ედუარდო ვალს ერთბაშად არ დაფარავდა, მას უფრო დიდი ხნის მანძილზე მოუწევდა პროცენტის გადახდა. მიუხედავად ამისა, მან არჩია, რომ ვალი ნელ-ნელა გადაეხადა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის და ყოფილიყო ისეთი მშობელი, როგორსაც იეჰოვა ისურვებდა. ედუარდო გვიზიარებს: „ახლა 10 პროცენტით ნაკლებს გამოვიმუშავებ, ვიდრე საზღვარგარეთ ყოფნის დროს, მაგრამ მშივრები არ ვართ. იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა. ჩვენ გადავწყვიტეთ, პიონერობა დაგვეწყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვიგვარდა,  ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვაც გამიიოლდა“ (ეს. 59:1).

ნათესავების ზეწოლა

14, 15. როგორ უმკლავდებიან ოჯახები ნათესავების ზეწოლას და რა შედეგი მოაქვს მათ კარგ მაგალითს?

14 მსოფლიოს ბევრ კუთხეში მიღებულია ნათესავებისა და მეგობრებისთვის ფულადი თუ სხვა სახის საჩუქრების გაკეთება. „ეს ჩვენს კულტურაშიც მიღებულია და თავადაც გვსიამოვნებს ამის კეთება“, — ამბობს ედუარდო. მაგრამ დასძენს: „ზომიერებაა საჭირო. ტაქტიანად ვუხსნი ჩემს ნათესავებს, რომ მზად ვარ, იმდენი გავაკეთო მათთვის, რომ ეს ჩემი ოჯახის სულიერებასა თუ გრაფიკზე უარყოფითად არ აისახოს“.

15 ის ემიგრანტები, რომლებიც სახლში დაბრუნებაზე ფიქრობენ და ისინი, ვინც უარს ამბობენ ოჯახის დატოვებაზე და საზღვარგარეთ წასვლაზე, ხშირად ნათესავებს იმედს უცრუებენ და მათი გულისწყრომისა და დაცინვის ობიექტები ხდებიან; ნათესავები თვლიან, რომ ისინი ვალდებულნი არიან, იზრუნონ მათზე. ზოგი ნათესავი მათ უსიყვარულობაში ადანაშაულებს (იგავ. 19:6, 7). ედუარდოს ქალიშვილი ანა შენიშნავს: „როდესაც სულიერ საკითხებს მატერიალურზე წინ ვაყენებთ, ნათესავებიდან ზოგი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქრისტიანული ცხოვრება. მაგრამ ისინი ვერასოდეს გაიგებენ ამას, თუკი მათ ყველა კაპრიზს შევუსრულებთ“ (შეადარეთ 1 პეტრეს 3:1, 2).

გამოავლინეთ ღვთისადმი რწმენა

16. ა) როგორ შეიძლება ადამიანმა თავი მოიტყუოს მცდარი აზროვნებით? (იაკ. 1:22). ბ) როგორ გადაწყვეტილებებს აკურთხებს იეჰოვა?

16 ერთი და, რომელიც განვითარებულ ქვეყანაში სამუშაოდ წავიდა მეუღლისა და შვილების გარეშე, უხუცესებთან მივიდა და ასეთი რამ უთხრა: „აქ ჩამოსასვლელად ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ჩემმა მეუღლემ უხუცესობაზეც კი უარი თქვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იეჰოვა მაკურთხებს“. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ღმერთი ყოველთვის აკურთხებს მისადმი რწმენით მიღებულ გადაწყვეტილებებს; მაგრამ განა აკურთხებს ღმერთი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ნებას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი წმინდა მსახურებაში დაკისრებულ ამა თუ იმ პასუხისმგებლობაზე სრულიად უსაფუძვლო მიზეზის გამო ამბობს უარს?! (წაიკითხეთ ებრაელების 11:6; 1 იოანეს 5:13—15).

17. რატომ უნდა მივმართოთ იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

17 იეჰოვამ რომ გიხელმძღვანელოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეთ მას და არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ლოცვაში სთხოვეთ მას, რომ მოგცეთ წმინდა სული და სიბრძნე (2 ტიმ. 1:7). საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: რა და რა ვითარებაში დავემორჩილები იეჰოვას? დევნების დროსაც  ვიქნები მისი მორჩილი? თუ ამ კითხვებს გულში დადებითად პასუხობთ, მაშ, დაფიქრდით შემდეგ კითხვაზე: „დავემორჩილები იეჰოვას და დავჯერდები იმ პირობებს, რა პირობებშიც ახლა ვცხოვრობ?“ (ლუკ. 14:33). სთხოვეთ უხუცესებს, რომ მოგცენ ბიბლიური რჩევები და თქვენი მხრიდან რწმენა და ნდობა გამოავლინეთ იეჰოვას დაპირებისადმი; გჯეროდეთ, რომ თუ რჩევას გაითვალისწინებთ, ის აუცილებლად დაგეხმარებათ. ერთი რამ დაიხსომეთ: უხუცესები თქვენ მაგივრად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მათ შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარონ, რომ ბედნიერები იყოთ (2 კორ. 1:24).

18. ვის ევალება ოჯახზე ზრუნვა და რა ვითარებაში შეუძლიათ თანაქრისტიანებს, რომ ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ?

18 იეჰოვა ოჯახისთავებს ავალებს, რომ თავიანთი ოჯახის წევრებს ყოველდღიური „ტვირთის“ ზიდვაში დაეხმარონ. ის ოჯახისთავები, რომლებიც ღირსეულად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ზეწოლისა თუ სხვადასხვა განსაცდელის მიუხედავად არ ტოვებენ თავიანთ ცოლ-შვილს, ნამდვილად საქებარნი არიან და ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის. ამას გარდა, ამ ძმების მიმართ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულისა და გულისხმიერების გამოვლენა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროსაც შეგვიძლია, მაგალითად, იქნება ეს სტიქიური უბედურებების დროს გვერდში დგომა თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (გალ. 6:2, 5; 1 პეტ. 3:8). შეგიძლიათ თანაქრისტიანებს გაჭირვების ჟამს ფულადი სახით დაეხმაროთ ან სამსახური უშოვოთ? თუ ამგვარად მოიქცევით, მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა და ოჯახების დატოვება (იგავ. 3:27, 28; 1 იოან. 3:17).

გახსოვდეთ, იეჰოვაა თქვენი შემწე!

19, 20. რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა დაეხმარება?

19 წმინდა წერილებში ვკითხულობთ: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრ. 13:5, 6). საინტერესოა, როგორ სრულდება ეს სიტყვები?

20 ერთ-ერთ განვითარებად ქვეყანაში მცხოვრები გამოცდილი უხუცესი ასეთ რამეს ამბობს: „ხალხი ხშირად აღნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან ბედნიერები არიან. ისინი იმასაც კი ამჩნევენ, რომ ხელმოკლედ მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც კი სხვებზე უკეთ გამოიყურებიან და ყოველთვის კოხტად აცვიათ“. ამ სიტყვებიდან ნამდვილად ჩანს, რომ იესოს დაპირება სრულდება; ამ ადამიანებმა ხომ სამეფო პირველ ადგილზე დააყენეს?! (მათ. 6:28—30, 33). დიახ, იოტისოდენა ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში, რომ თქვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, ძალიან უყვარხართ და თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. ღვთის სიტყვა გვაიმედებს: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). ღმერთი ჩვენ საკეთილდღეოდ მითითებებს გვაძლევს, იქნება ეს ოჯახურ ცხოვრებასთან თუ ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებით. როდესაც ამ მითითებებს მივყვებით, ამით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მას ვენდობით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3).

21, 22. რატომ გსურთ იეჰოვასადმი ნდობის გამოვლენა?

21 „ვიცი, რომ ის დრო, რომელიც ჩემს ოჯახთან არ გავატარე და საზღვარგარეთ დავყავი, დაკარგულია და ვერასოდეს დავიბრუნებ. მაგრამ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. ჩემი თანამშრომლებიდან ბევრი გამდიდრდა, მაგრამ ბედნიერები არ არიან. მათ ოჯახში უამრავი სერიოზული პრობლემაა. ჩემი ოჯახი კი უზომოდ ბედნიერია. ძალიან მამხნევებენ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ძმები, რომლებიც ხელმოკლეობის მიუხედავად, სულიერ საკითხებს თავიანთ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ აყენებენ. ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება“, — ამბობს ედუარდო (წაიკითხეთ მათეს 6:33).

22 გამხნევდით! დაემორჩილეთ იეჰოვას და მიენდეთ მას! დაე, ღვთის, მეუღლისა და შვილების სიყვარულმა მოგცეთ ძალა ოჯახის წინაშე თქვენი სულიერი პასუხისმგებლობების შესასრულებლად. თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებთ, თქვენ დაინახავთ და დარწმუნდებით, რომ იეჰოვაა თქვენი შემწე!

^ აბზ. 1 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 11 იხილეთ სტატიების სერია 2011 წლის სექტემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, სახელწოდებით „როგორ გავანაწილო შემოსავალი?“.