წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2014

ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა

ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა

„ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა . . . ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24).

1—3. ა) რა ეკონომიკურ პრობლემებს ხვდება ბევრი და როგორ ცდილობს ზოგი ამ პრობლემების მოგვარებას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა სირთულეები იჩენს თავს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, როცა მშობელი შორსაა?

„ჩემი მეუღლე ჯეიმზი სამსახურიდან ყოველდღე გათანგული ბრუნდებოდა, მისი ხელფასი ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს ძლივს სწვდებოდა, — გვიყვება მერილინი. * — ძალიან მინდოდა, მეუღლისთვის ტვირთი შემემსუბუქებინა და ჩვენი ბიჭუნასთვის, ჯიმისთვის, ისეთი ნივთები მეყიდა, როგორიც სკოლაში მის თანატოლებს ჰქონდათ“. მერილინს აგრეთვე სურდა, ხელი გაემართა ნათესავებისთვის და სამომავლოდ მცირედი დანაზოგიც გადაედო. მისი მეგობრებიდან ბევრი საზღვარგარეთ იყო წასული ფულის საშოვნელად. მაგრამ, როდესაც მერილინმა საზღვარგარეთ წასვლაზე დაიწყო ფიქრი, მას ურთიერთსაპირისპირო განცდები დაეუფლა. ალბათ გაინტერესებთ, რატომ იყო ის გაორებული?

2 მერილინს არც ძვირფასი ოჯახი ეთმობოდა და არც ის გრაფიკი, რომელშიც სულიერი საქმეებისთვის ნახულობდა დროს. თუმცა ის ფიქრობდა იმ ქრისტიანებზე, რომლებიც გარკვეული დროით საზღვარგარეთ იყვნენ წასული და მათი ოჯახები ერთი შეხედვით სულიერად კარგად იყვნენ. მაგრამ მას ერთი რამ აფიქრებდა: გაართმევდა კი თავს ასე შორიდან ჯიმის აღზრდას? შეძლებდა ინტერნეტის მეშვეობით თავისი შვილის იეჰოვას მოსაწონად აღზრდასა და დარიგებას?! (ეფეს. 6:4).

3 მერილინი სხვებს რჩევებს ეკითხებოდა. ქმარს არ უნდოდა მისი საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა მის შესაჩერებლად არც არაფერი  იღონა. მერილინს კრების უხუცესები და და-ძმები ურჩევდნენ, რომ არ წასულიყო საზღვარგარეთ. თუმცა ზოგი და პირიქით ეუბნებოდა: „შენ თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებლად უნდა წახვიდე. იეჰოვას მსახურებას იქაც შეძლებ“. იმის მიუხედავად, რომ მერილინი დარწმუნებული არ იყო საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, გამოემშვიდობა თავის ქმარ-შვილს და დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა.

ოჯახური პასუხისმგებლობები და ბიბლიური პრინციპები

4. რატომ ტოვებს ბევრი ოჯახს და ხშირად ვის უწევთ მათი შვილების მოვლა?

4 იეჰოვას არ სურს, რომ მისი მსახურები უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ; სიღატაკისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი უძველესი საშუალება საკუთარი ქვეყნიდან წასვლაა (ფსალმ. 37:25; იგავ. 30:8). მაგალითად, პატრიარქმა იაკობმა შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ, ვაჟები ეგვიპტეში საკვების საყიდლად გაგზავნა * (დაბ. 42:1, 2). დღეს უმრავლესობა შიმშილის გამო არ მიდის ოჯახიდან შორს სამუშაოდ. ზოგი შესაძლოა ვალებშია ჩაფლული. სხვებს უბრალოდ თავიანთი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ. ამ მიზნების მისაღწევად ბევრი ოჯახისგან ცალკე, სხვა ქვეყანაში ან თავისი ქვეყნის სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ხშირად ისე ხდება, რომ ეს ადამიანები მცირეწლოვან შვილებს მეუღლის, უფროსი შვილის, პაპა-ბებიის, სხვა ნათესავებისა თუ მეგობრების იმედად ტოვებენ. მართალია, ამ ადამიანებს უჭირთ მეუღლისა და შვილების დატოვება, მაგრამ მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ.

5, 6. ა) რა ასწავლა იესომ თავის მსმენელებს, რაში მდგომარეობდა ნამდვილი ბედნიერება და უსაფრთხოება? ბ) რომელ საჭიროებებზე უნდა ელოცათ იესოს მიმდევრებს? გ) რა მხრივ გვაკურთხებს იეჰოვა?

5 იესოს დღეებშიც ბევრი სიღარიბესა და არასახარბიელო პირობებში ცხოვრობდა; ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ და უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ, თუ მეტი ფული ექნებოდათ (მარ. 14:7). მაგრამ იესოს სურდა, რომ ხალხს იმედი ფულზე კი არა, სხვა რამეზე დაემყარებინა. მას უნდოდა, რომ ისინი ულევი სიმდიდრის წყაროზე, იეჰოვაზე ყოფილიყვნენ მინდობილნი. მთაზე ქადაგებისას იესომ ახსნა, რომ ნამდვილი ბედნიერება და უსაფრთხოება მატერიალურ ნივთებსა და ადამიანთა ძალისხმევაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ ჩვენს ზეციერ მამასთან მეგობრობაზე.

6 იესოს ლოცვის ნიმუშიდან ძალიან კარგად ჩანს, თუ რაზე უნდა ვილოცოთ; ჩვენ ღმერთს მატერიალური კეთილდღეობა კი არ უნდა ვთხოვოთ, არამედ ის, რომ დაგვიკმაყოფილოს ყოველდღიური საჭიროებები ანუ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“. იესომ უთხრა თავის მსმენელებს: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე . . . მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათ. 6:9, 11, 19, 20). ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და გვაკურთხებს. ღვთის კურთხევა გაცილებით მეტია, ვიდრე მისი მხრიდან მოწონების ნიშნად „თავის დაკვრა“; ამაში ის იგულისხმება, რომ ღმერთი ყველაფერს გვაძლევს, რაც რეალურად გვჭირდება. აქედან გამომდინარე, ნამდვილი ბედნიერებისა და უსაფრთხოების მოსაპოვებლად უნდა მივენდოთ ჩვენს მზრუნველ და მოსიყვარულე მამას და არა ფულს (წაიკითხეთ მათეს 6:24, 25, 31—34).

7. ა) ვის მიანდო იეჰოვამ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა? ბ) რატომ უნდა იყოს ორივე მშობელი შვილების აღზრდაში ჩაბმული?

7 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ უპირველესად ვეძებოთ ღვთის სიმართლე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს. ქრისტიანთათვისაც საყურადღებოა მოსეს კანონში მოცემული პრინციპი, რომლის თანახმადაც, შვილების სულიერ აღზრდაზე მშობლები არიან პასუხისმგებელნი (წაიკითხეთ კანონის 6:6, 7). ასე რომ, ღმერთმა შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა დედ-მამას დააკისრა, და არა პაპა-ბებიას ან სხვას. ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა მეფე სოლომონმა: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავ. 1:8). ის ამ სიტყვებში  იმას გულისხმობდა, რომ ორივე მშობელი, დედაც და მამაც, შვილების გვერდით ყოფილიყო და მათ აღზრდასა და სწავლებაზე ერთად ეზრუნა (იგავ. 31:10, 27, 28). ძირითადად, შვილები მშობლებისგან მაშინ სწავლობენ, განსაკუთრებით სულიერ საკითხებს, როცა აკვირდებიან მათ საქციელს და ესმით, რომ მათი მშობლების ყოველდღიური საუბრები იეჰოვას ირგვლივ ტრიალებს.

მოულოდნელი შედეგები

8, 9. ა) რა პრობლემები იჩენს ხშირად თავს, როცა ერთ-ერთი მშობელი ოჯახისგან შორს ცხოვრობს? ბ) რა ემოციურ და ზნეობრივ პრობლემებს იწვევს განშორება?

8 როგორც წესი, საზღვარგარეთ წასვლამდე ყველა ცდილობს, წინასწარ შეაფასოს რისკ-ფაქტორები და ის მსხვერპლი, რის გაღებაც მოუწევთ, მაგრამ ცოტა თუ ხედავს იმ შესაძლო შედეგებს, რაც ოჯახის დატოვებას მოჰყვება (იგავ. 22:3). * სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მერილინმა, მხოლოდ ოჯახთან განშორების შემდეგ იგრძნო დიდი ტკივილი. ეს ტკივილი არც მისი მეუღლისა და შვილისთვის ყოფილა უცხო. პატარა ჯიმი გამუდმებით ეკითხებოდა დედას: „რატომ დამტოვე, დედიკო?“. თავიდან მერილინი გეგმავდა, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩებოდა, მაგრამ თვე თვეს მისდევდა, წელი კი — წელს. ის მიხვდა, რომ მათ ოჯახში რაღაც რიგზე ვერ იყო. ჯიმი გულჩათხრობილი გახდა და რაც დრო გადიოდა, დედას უფრო და უფრო შორდებოდა ემოციურად. მერილინი გულისტკივილით იხსენებს: „ვხედავდი, ჯიმის ჩემ მიმართ სიყვარული უნელდებოდა“.

9 როდესაც ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შესაძლოა ემოციურმა და ზნეობრივმა პრობლემებმა იჩინოს თავი. * ემოციური ჭრილობა გაცილებით ღრმაა, როცა მშობელი დიდი ხნით ტოვებს თავის მცირეწლოვან შვილს. მერილინი უხსნიდა ჯიმის, რომ ყველაფერს მის საკეთილდღეოდ აკეთებდა. მაგრამ ჯიმი დედისგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. თავიდან გული სტკიოდა, რადგან დედა გვერდით არ ეგულებოდა; მაგრამ მოგვიანებით, როცა დედა მათ მოსანახულებლად ჩამოდიოდა ხოლმე, ის მის სახლში ყოფნას ვეღარ ეგუებოდა. როგორც მიტოვებულ ბავშვებს სჩვევიათ, ჯიმიც ფიქრობდა, რომ დედას აღარ ჰქონდა უფლება, მისგან მორჩილება და სიყვარული მოეთხოვა (წაიკითხეთ იგავების 29:15).

შვილს ინტერნეტის მეშვეობით ვერ ჩაეხუტებით (იხილეთ მე-10 აბზაცი)

10. ა) როგორ აისახება შვილებზე, როცა მშობელი თავის არყოფნას მათ საჩუქრებით უვსებს? ბ) რის ნაკლებობას განიცდის ოჯახი, როდესაც მშობელი შორიდან ცდილობს შვილის აღზრდას?

10 მართალია, მერილინი ცდილობდა, ფულითა და საჩუქრებით შეევსო შვილისთვის თავისი არყოფნა, მაგრამ ის ხედავდა, რომ მას უფრო და უფრო შორდებოდა და თავისდა უნებლიეთ შვილს სულიერსა და ოჯახურ ურთიერთობებზე მეტად მატერიალური ნივთების სიყვარულს უნერგავდა (იგავ. 22:6). ჯიმი დედას ეუბნებოდა: „შენ ნუ ჩამოხვალ. საჩუქრები გამომიგზავნე ხოლმე“. მერილინმა  დროთა განმავლობაში გააცნობიერა, რომ შვილს ვერ აღზრდიდა წერილების, სატელეფონო ზარებისა და კომპიუტერის მეშვეობით გამართული საუბრებით. მერილინი ამბობს: „შეუძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ჩაეხუტო შვილს ან ძილის წინ აკოცო“.

რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, როცა მეუღლისგან შორს ხართ? (იხილეთ მე-11 აბზაცი)

11. ა) როგორ მოქმედებს ქორწინებაზე ერთ-ერთი მეუღლის ოჯახისგან შორს ყოფნა? ბ) რამ გადააწყვეტინა მერილინს სახლში დაბრუნება?

11 მერილინს ურთიერთობა გაუფუჭდა როგორც იეჰოვასთან, ისე ქმართან. ის კრებასა და მსახურებას კვირაში ერთ დღეს უთმობდა, თუმცა ზოგჯერ ესეც არ გამოსდიოდა. გარდა ამისა, მერილინი გამუდმებით უწევდა წინააღმდეგობას თავის უფროსს, რომელიც მას სქესობრივ ურთიერთობას სთავაზობდა. პრობლემების დროს არც მერილინს და არც ჯეიმზს გვერდით არ ჰყავდათ ერთმანეთი, რომ გაემხილათ თავიანთი გულისტკივილი, ამიტომ ისინი ემოციურად სხვებზე გახდნენ დამოკიდებულნი და ლამის უზნეობაში გაეხვივნენ. მართალია მერილინსა და მის მეუღლეს არ უმრუშიათ, მაგრამ მერილინი მიხვდა, რომ ისინი ვერ ასრულებდნენ ბიბლიურ მითითებას: ვერ ავსებდნენ ერთმანეთს ემოციურად და ვერ აკმაყოფილებდნენ ერთმანეთის სქესობრივ მოთხოვნილებებს. მათ არ შეეძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, თვალებში ჩახედვა, გაღიმება, მოფერება, ჩახუტება, ალერსი და ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება (ქებ. 1:2; 1 კორ. 7:3, 5). ამასთანავე, ისინი იეჰოვას სრულად და ერთობლივად ვერ სცემდნენ თაყვანს თავიანთ შვილთან ერთად. მერილინი ჰყვება: „ერთხელ კონგრესზე მოვისმინე, რომ იეჰოვას დღის გადასატანად აუცილებელი ყოფილა ოჯახთან ერთად რეგულარულად იეჰოვას თაყვანისცემა; მაშინღა მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი შინ, აღმედგინა სულიერი მდგომარეობა და თავიდან ამეწყო ოჯახური ცხოვრება“.

კარგი და ცუდი რჩევები

12. რომელი ბიბლიური რჩევა შეგვიძლია მივცეთ მათ, ვინც ოჯახისგან შორს იმყოფება?

12 მერილინის გადაწყვეტილებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. მაგალითად, იმ კრების უხუცესებმა, სადაც მერილინი დადიოდა, ის შეაქეს რწმენისა და მიღებული გადაწყვეტილების გამო. თუმცა მათ, რომლებიც მერილინის მსგავსად თავიანთი ოჯახებისგან შორს ცხოვრობდნენ, არ მოუწონეს არჩევანი. იმის მაგივრად, რომ მისგან კარგი მაგალითი გადაეღოთ, ისინი მის გადარწმუნებას შეეცადნენ და უთხრეს: „იცოდე, ცოტა ხანში ისევ მოგიწევს ჩამოსვლა. სახლში რომ წახვალ, რით უნდა ირჩინო თავი?“. თანაქრისტიანებმა, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი კომენტარებით დათრგუნონ ამ მდგომარეობაში მყოფნი, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევას და ჭკუას დაარიგებენ „ახალგაზრდა ქალებს, რომ უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები . . . იყვნენ . . . მეოჯახეები . . . რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (წაიკითხეთ ტიტეს 2:3—5).

13, 14. რატომ არის რწმენა საჭირო, რომ იეჰოვა ოჯახზე წინ დავაყენოთ? მოიყვანეთ მაგალითი.

13 ბევრი ემიგრანტი ისეთ კულტურაში აღიზარდა, სადაც ტრადიციები და ოჯახური მოვალეობები, განსაკუთრებით მშობლების წინაშე, ყველაფერზე მაღლა დგას. როცა ამგვარ გარემოში აღზრდილი ქრისტიანი იეჰოვას საამებლად  საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებებისა და ოჯახური სურვილების წინააღმდეგ მიდის, ნამდვილად აჩვენებს, რომ რწმენა აქვს.

14 მოდი ახლა ვნახოთ კარინის მაგალითი. ის გვიამბობს: „როდესაც დანი შეგვეძინა, მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ ვიყავით სამუშაოდ; ამ დროს ახალი დაწყებული მქონდა ბიბლიის შესწავლა. ოჯახში ყველა ელოდა, რომ დანს აღსაზრდელად ჩემს მშობლებთან გავგზავნიდი, ვიდრე ჩვენ ფინანსურად წელში გავიმართებოდით“. როდესაც კარინმა გადაწყვიტა, რომ დანი თავად აღეზარდა, ნათესავებმა, მათ შორის მეუღლემ, მას ზარმაცი უწოდეს და დაცინვა დაუწყეს. კარინი ამბობს: „გულწრფელად რომ გითხრათ, იმ დროს ბოლომდე არ მესმოდა, რა იყო ცუდი იმაში, რომ დანი რამდენიმე წელი ჩემს მშობლებთან ყოფილიყო. მაგრამ ის კი მესმოდა, რომ იეჰოვამ ჩვენი ბიჭუნას აღზრდა ჩვენ, მშობლებს დაგვავალა“. როდესაც კარინი კიდევ დაორსულდა, მისი მეუღლე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, მოითხოვდა, რომ მას აბორტი გაეკეთებინა. კარინი სულიერად განამტკიცა ერთ დროს მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ და კვლავ იეჰოვას პრინციპების ერთგული დარჩა. ახლა ის, მისი მეუღლე და ბავშვები ბედნიერები არიან, რადგან ერთად არიან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კარინი სხვაგვარად მოიქცეოდა და თავის ერთ ან ორივე შვილს მშობლებთან გაგზავნიდა, დღეს ისინი ასე კარგად ვერ იგრძნობდნენ თავს.

15, 16. ა) მოჰყევით აბზაცში მოხსენიებულ ერთი დის შემთხვევას. ბ) რატომ გადაწყვიტა მან თავისი ქალიშვილის სხვაგვარად აღზრდა?

15 კიდევ ერთი ჩვენი და ვიკი გვიყვება: „რამდენიმე წელი ბებია მზრდიდა, ჩემი უმცროსი და კი მშობლებთან იზრდებოდა. როდესაც მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად, მათ მიმართ გრძნობები უკვე განელებული მქონდა. ჩემი და თავისუფლად გრძნობდა თავს, გულღიად საუბრობდა, მშობლებს ეხუტებოდა და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მე კი მშობლებთან არ ვიყავი გახსნილი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღემდე მიჭირს მათთან ჩემს გრძნობებზე საუბარი. მე და ჩემი და დავპირდით მშობლებს, რომ როდესაც ასაკში შევლენ, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. მართალია, მშობლებს მოვუვლი, მაგრამ მე ამისკენ უფრო მოვალეობის გრძნობა აღმძრავს, ჩემს დას კი — სიყვარული.

16 დედა მთხოვს, რომ ჩემი ქალიშვილი მას გავუგზავნო აღსაზრდელად ისე, როგორც მან ერთ დროს მე გამგზავნა ბებიასთან. მე ტაქტიანად ვეუბნები უარს. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ შვილები იეჰოვას პრინციპებით აღვზარდოთ. ნამდვილად არ მსურს, რომ მე და ჩემს გოგონას ურთიერთობაში ბზარი გაჩნდეს“. ვიკი დარწმუნებულია, რომ წარმატება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ფინანსურ მიზნებსა და ოჯახურ ინტერესებზე წინ იეჰოვა და მისი პრინციპები დგას. და ეს მართლაც ასეა, რადგან იესომ არაორაზროვნად თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა . . . ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24; გამ. 23:2).

იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას

17, 18. ა) რა არჩევნის წინაშე დგანან ყოველთვის ქრისტიანები? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, გვპირდება, რომ არაფერს მოგვაკლებს, თუ სამეფოს და მის სიმართლეს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს მივუჩენთ (მათ. 6:33). ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის დგანან არჩევნის წინაშე. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: იეჰოვა გვპირდება, რომ ნებისმიერი სირთულის დროს გამოსავალს მოგვიძებნის ისე, რომ არ მოგვიწიოს ბიბლიური პრინციპების უგულებელყოფა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13). როდესაც მოუთმენლად ველოდებით იეჰოვას, მასზე ვამყარებთ იმედს და ლოცვაში სიბრძნესა და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, აგრეთვე ვითვალისწინებთ მის პრინციპებსა და მითითებებს, „ის იმოქმედებს“ ჩვენ საკეთილდღეოდ (ფსალმ. 37:5, 7). იეჰოვა აკურთხებს ჩვენს გულწრფელ მცდელობას, რომ გვსურს მხოლოდ მას, ჭეშმარიტ ბატონს, ვემსახუროთ. თუ ღმერთს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის ხელს მოგვიმართავს (შეადარეთ დაბადების 39:3).

18 რა არის საჭირო იმისათვის, რომ განშორებით გამოწვეული ბზარი გავამთელოთ? როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე ისე, რომ მათგან შორს წასვლა არ მოგვიწიოს? და, როგორ შეგვიძლია ჩვენს და-ძმებს ამ საკითხში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

^ აბზ. 1 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 4 როცა იაკობის ვაჟები ეგვიპტეში მიემგზავრებოდნენ, მათ შესაძლოა თავიანთი ოჯახების დატოვება მხოლოდ სამი კვირით უწევდათ, ხოლო მოგვიანებით როდესაც იაკობი და მისი ვაჟები ეგვიპტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, თავიანთი ცოლ-შვილიც თან წაიყვანეს (დაბ. 46:6, 7).

^ აბზ. 8 იხილეთ 2013 წლის თებერვლის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ მოცემული სტატია „ემიგრაცია — ოცნებებიდან რეალობამდე“.

^ აბზ. 9 არაერთი ქვეყნის მონაცემების თანახმად, ოჯახში სერიოზული პრობლემები მაშინ იქმნება, როცა ერთ-ერთი მშობელი ტოვებს მეუღლესა და შვილს და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. ამ პრობლემებს განეკუთვნება: ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მხრიდან ღალატი, ჰომოსექსუალიზმი ან ინცესტი (სისხლის აღრევა), ბავშვებში ცუდი ყოფა-ქცევა და აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებელი, აგრესია, აფორიაქება, დეპრესია და თვითმკვლელობაზე ფიქრი.