წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2014

როგორ შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი?

როგორ შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი?

„თუ კაცი მრავალი წელი იცოცხლებს, გაიხაროს მათით“ (ეკლ. 11:8).

1. რომელია ის კურთხევები, რაც გვაბედნიერებს?

იეჰოვას ძალიან უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ; საამისოდ ის ჩვენთვის კურთხევებს არ იშურებს. ერთ-ერთი კურთხევა ისაა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ. ჩვენი სიცოცხლით დიდება უნდა მივაგოთ ღმერთს, რადგან მან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ მიგვიზიდა (ფსალმ. 144:15; იოან. 6:44). იეჰოვა მუდამ გვარწმუნებს თავის სიყვარულში და ხელს გვიწყობს, რომ გავაგრძელოთ მსახურება (იერ. 31:3; 2 კორ. 4:16). ჩვენ ვტკბებით სულიერ სამოთხეში ყოფნით, სადაც უხვი სულიერი საზრდო გვაქვს და მოსიყვარულე საძმო გვყავს. ამას გარდა, გაგვაჩნია მომავლის უძვირფასესი იმედი.

2. რას ებრძვის ღვთის ზოგი ერთგული მსახური?

2 მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერებისთვის ამდენი მიზეზი გვაქვს, ღვთის ზოგი ერთგული მსახური სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ თავს და უარყოფით გრძნობებთან უწევს ჭიდილი. ეს ადამიანები შესაძლოა ფიქრობენ, რომ ღვთისთვის ძვირფასნი არ არიან და არც მათ მსახურებას აქვს ფასი. მათ, ვისაც უარყოფითი ფიქრები თავს არ ანებებს, ილუზიად მიაჩნიათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ შესაძლებელია ცხოვრებით გაიხარონ „მრავალი წელი“, ვინაიდან დღეს მათი ცხოვრება შესაძლოა სრულიად უფერული და უღიმღამოა (ეკლ. 11:8).

3. რამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გრძნობები?

3 ამ და-ძმების უარყოფითი გრძნობები შესაძლოა გამოწვეული იყოს გულგატეხილობით, ავადმყოფობითა თუ ასაკთან დაკავშირებული  სირთულეებით (ფსალმ. 71:9; იგავ. 13:12; ეკლ. 7:7). უფრო მეტიც, ვერავინ გავექცევით იმ რეალობას, რომ ვერაგი გული გვაქვს, რომელიც შეიძლება მსჯავრს გვდებს მაშინაც კი, როცა ღმერთი ჩვენით კმაყოფილია (იერ. 17:9; 1 იოან. 3:20). ამასთანავე, ეშმაკიც მზაკვრულად ადანაშაულებს ღვთის მსახურებს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომელთაც ეშმაკის აზროვნება აქვთ, შეიძლება ცდილობენ, „იობის“ წიგნში მოხსენიებული ელიფაზის მსგავსად, რომელსაც რწმენა აკლდა, გვაფიქრებინონ, რომ თითქოს არაფერს წარმოვადგენთ ღვთისთვის. ელიფაზის ნათქვამი ძალიან შორს იყო სიმართლისგან და ეს დღესაც ასეა (იობ. 4:18, 19).

4. რაზე ვიმსჯელებთ წინამდებარე სტატიაში?

4 წმინდა წერილებში ნათლად და გასაგებად წერია, რომ იეჰოვა იქნება მათთან, ვინც „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დააბიჯებს“ (ფსალმ. 23:4). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვერდითაა, არის მისი სიტყვა, ბიბლია. ეს არის წიგნი, რომელსაც „ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად“, რომელშიც შედის არასწორი წარმოდგენებიცა და უარყოფითი აზრებიც (2 კორ. 10:4, 5). ამიტომ მოდი ამ სტატიაში ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიის დახმარებით განვივითაროთ და შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი. აქ მოცემული რჩევები უდავოდ სასიკეთოდ წაგვადგება და სხვების გასამხნევებლადაც გამოგვადგება.

მიმართეთ ბიბლიას დადებითი თვალსაზრისის განსავითარებლად

5. რა დაგვეხმარება, განვივითაროთ დადებითი თვალსაზრისი?

5 პავლე მოციქულმა დაასახელა ზოგიერთი საშუალება, რაც შეიძლება დადებითი თვალსაზრისის განვითარებაში დაგვეხმაროს. მან კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა“ (2 კორ. 13:5). ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ „რწმენა“ ქრისტიანული მრწამსის საყრდენია. თუ სიტყვითა და საქმით ვეთანხმებით ქრისტიანულ მრწამსს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდა ჩავაბარეთ და „რწმენაში ვართ“. აგრეთვე, მთელი ჩვენი ცხოვრებით უნდა შევესაბამებოდეთ ყველა ქრისტიანულ სწავლებას. ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის ის, თუ რომელ სწავლებას მივყვეთ და რომელს — არა (იაკ. 2:10, 11).

6. რატომ უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, „რწმენაში ვართ თუ არა“? (იხილეთ მე-12 გვერდი)

6 ჩვენ შეიძლება „გამოცდაზე გასვლისგან“ თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვფიქრობთ, რომ ვერ შევძლებთ გამოცდის ჩაბარებას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ჩვენ შესახებ უფრო მნიშვნელოვანია და მისი აზრები ჩვენსაზე გაცილებით მაღლა დგას (ეს. 55:8, 9). ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს იმ მიზნით კი არ აკვირდება, რომ მსჯავრი დასდოს, არამედ იმიტომ, რომ მათში კარგი თვისებები იპოვოს და მხარი დაუჭიროს. როდესაც ღვთის სიტყვას მიმართავთ იმის შესამოწმებლად, „რწმენაში ხართ თუ არა“, უფრო უკეთ დაინახავთ თქვენს თავს, ანუ ისე, როგორც ღმერთი გხედავთ. ეს დაგეხმარებათ უღირსობის გრძნობის დაძლევასა და იეჰოვას თვალსაზრისის გათავისებაში, რომ თქვენ მის თვალში ძალიან ძვირფასნი ხართ. შედეგი შესაძლოა ჰგავდეს ფარდების გადაწევის შედეგად ჩაბნელებული ოთახის მზის სხივებით გაჩახჩახებას.

7. რა მხრივ შეიძლება წაგვადგეს ბიბლიაში მოხსენიებულ ერთგულ მსახურთა შემთხვევები?

7 საკუთარი თავის შესამოწმებლად ერთ-ერთი კარგი საშუალება ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის ერთგულ მსახურებზე ფიქრია. მაგალითად, შეგიძლიათ შეადაროთ მათი მდგომარეობა და გრძნობები თქვენსას და წარმოიდგინოთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას. ახლა მოდი, მიმოვიხილოთ ღვთის სიტყვაში მოხსენიებული სამი ადამიანის შემთხვევა და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ბიბლიის მეშვეობით იმის გამორკვევა, „რწმენაში ვართ თუ არა“ და ამგვარად საკუთარ თავზე დადებითი თვალსაზრისის განვითარება.

გაჭირვებული ქვრივი

8, 9. ა) რა მდგომარეობაში იყო გაჭირვებული ქვრივი? ბ) რა უარყოფითი ფიქრები შეიძლება დაუფლებოდა მას?

8 ერთხელ იესომ იერუსალიმის ტაძარში ერთი გაჭირვებული ქვრივი შენიშნა. ჩვენ ამ ქვრივის მაგალითი დაგვეხმარება, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, დადებითი თვალსაზრისი შევინარჩუნოთ (წაიკითხეთ ლუკას 21:1—4). ცოტა ხნით დაფიქრდით ამ ქალის  მდგომარეობაზე. ის არა მარტო მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ატარებდა გულით, არამედ რელიგიური წინამძღოლების სიხარბის ატანაც უწევდა; როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ისინი „ჭამდნენ ქვრივთა სახლებს“ და არ ზრუნავდნენ დაუცველ ხალხზე (ლუკ. 20:47). ეს ქვრივი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ მას ტაძარში მხოლოდ იმდენის შეწირვა შეეძლო, რასაც მუშა რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოიმუშავებდა.

9 ეცადეთ, წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა ქვრივი, როცა ტაძრის ეზოში მხოლოდ ორი პატარა მონეტით შევიდოდა. იფიქრებდა ეს ქალი, რომ მისი შესაწირავი ძალიან უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით, რასაც ქმრის სიცოცხლეში სწირავდა? თავს უხერხულად ხომ არ იგრძნობდა იმის ფონზე, რომ სხვები ასე გულუხვად სწირავდნენ? ან ხომ არ იფიქრებდა, რომ მის შესაწირავს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა? ქვრივს ასეც რომ ეფიქრა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად მაინც ის გაიღო, რის გაღებაც შეეძლო.

10. როგორ დაანახვა იესომ მსმენელებს, რომ ქვრივი ღვთის თვალში ძვირფასი იყო?

10 იესომ მსმენელებს დაანახვა, რომ ქვრივიცა და მისი შესაწირავიც იეჰოვასთვის ძვირფასი იყო. მან თქვა: „ღარიბმა ქვრივმა ყველაზე [მდიდრებზე] მეტი ჩააგდო“. მართალია, ქვრივის შესაწირავი სხვების შესაწირავებს შეერეოდა, მაგრამ იესომ ღვთის განსადიდებლად გაღებული მისი შესაწირავი გამოარჩია. ისინი, ვისაც მოგვიანებით საგანძურში ჩაყრილი ფული უნდა დაეთვალა, ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რაოდენ ძვირფასი იყო ეს ორი პატარა მონეტა და მათი შემწირველი იეჰოვასთვის. თუმცა ხალხის ან თუნდაც ქვრივის თვალსაზრისზე მნიშვნელოვანი ღვთის თვალსაზრისი იყო. ასე რომ, ამ შემთხვევით შეგიძლიათ შეამოწმოთ საკუთარი თავი და ნახოთ, „რწმენაში ხართ თუ არა“.

რას ვსწავლობთ გაჭირვებული ქვრივისგან? (იხილეთ მე-8—10 აბზაცები)

11. რას ვსწავლობთ ქვრივის შემთხვევიდან?

11 შეიძლება თქვენმა მდგომარეობამ უშუალოდ იმოქმედოს იმაზე, თუ რამდენს შესწირავთ იეჰოვას. მაგალითად, ასაკისა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ზოგი ვერ უთმობს ქადაგებას იმდენ დროს, რამდენსაც ისურვებდა. ამ ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათ მიერ შესრულებული საქმე ძალიან უმნიშვნელოა და არ ღირს ანგარიშების ჩაბარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა ხართ და ჯანიც მოგყვებათ, შეიძლება თქვენც გქონდეთ ისეთი  განცდა, რომ მსოფლიო სამქადაგებლო ანგარიშებში თქვენი წვლილი მიზერულია. თუმცა ღარიბი ქვრივის შემთხვევიდან ერთი რამის სწავლა შეგვიძლია: იეჰოვა ხედავს და ძალიან აფასებს თქვენს თითოეულ ნაბიჯს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის კეთება არ არის იოლი. აბა, ერთი წუთით თვალი გადაავლეთ ღვთისადმი თაყვანისცემაში გატარებულ ბოლო ერთ წელს და დაფიქრდით: ხომ არ გქონიათ ისეთი პერიოდები, როცა განსაკუთრებულ მსხვერპლზე მოგიწიათ წასვლა, რათა იეჰოვასთვის მიგეძღვნათ თქვენი დრო? და თუ მოგიწიათ ასეთი მსხვერპლის გაღება, დაიხსომეთ, რომ ღვთისთვის უძვირფასესია მისთვის მიძღვნილი თქვენი დრო. როდესაც გაჭირვებული ქვრივის მსგავსად თქვენც იმას აკეთებთ, რაც შეგიძლიათ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ „რწმენაში ხართ“.

„წაიღე ჩემი სული“

12—14. ა) როგორ იმოქმედა ელიაზე უარყოფითმა ფიქრებმა? ბ) რატომ შეიძლება ელიას ასე ეგრძნო თავი?

12 წინასწარმეტყველი ელია ღვთის ერთგული მსახური იყო; მას ძლიერი რწმენა ჰქონდა. თუმცა ერთხელ მან თავი ისე დათრგუნულად იგრძნო, რომ სიკვდილი ინატრა და იეჰოვას სთხოვა: „წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფ. 19:4). ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია მსგავსი მდგომარეობა, შეიძლება იფიქროს, რომ ელია ლოცვისას ვერ საზღვრავდა, რას ლაპარაკობდა (იობ. 6:3). თუმცა ელია არ აზვიადებდა თავის მდგომარეობას, ის მართლა ასე გრძნობდა თავს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოექცა იეჰოვა წინასწარმეტყველს; ღმერთმა მას არ უსაყვედურა, პირიქით, დაეხმარა.

13 საინტერესოა, რამ მიიყვანა ელია ამ მდგომარეობამდე? არც ისე დიდი ხნის წინ, მან ისრაელში სასწაული მოახდინა, საიდანაც გამოჩნდა, რომ იეჰოვა იყო ჭეშმარიტი ღმერთი; ამავე დღეს, მან ბაალის 450 წინასწარმეტყველი დახოცა (1 მეფ. 18:37—40). ალბათ, ელია იმედოვნებდა, რომ ღვთის ხალხი წმინდა თაყვანისმცემლობას დაუბრუნდებოდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ბოროტმა დედოფალმა იზებელმა ელიას მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა, რომ მოკვლას უპირებდა. შეშინებული წინასწარმეტყველი სამხრეთით, იუდას გავლით, უდაბნოში გაიქცა, რომელიც უნაყოფო და უკაცრიელი ტერიტორია იყო (1 მეფ. 19:2—4).

14 საკუთარ თავთან დარჩენილი ელია ფიქრობდა, რომ მან, როგორც წინასწარმეტყველმა, თავი ვერ გაართვა საქმეს. ელიამ იეჰოვას მიმართა: „არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“. მას მიაჩნდა, რომ ის ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც თავის წინაპართა მტვერი და ძვლები. ფაქტობრივად, ელიამ თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე შეაფასა საკუთარი თავი და დაასკვნა, რომ წარუმატებელი ადამიანი იყო და არც იეჰოვასა და არც სხვების თვალში ფასი არ ჰქონდა.

15. როგორ დაარწმუნა ღმერთმა ელია, რომ ის მის თვალში კვლავაც ძვირფასი იყო?

15 ყოვლისშემძლე ღმერთი კი ელიაზე სხვა აზრისა იყო. ელია ღვთის თვალში კვლავაც ძვირფასი ადამიანი იყო და ამაში დასარწმუნებლად ღმერთმა მას ანგელოზი გაუგზავნა, რომ გაემხნევებინა. ის საჭმელ-სასმლითაც მოამარაგა, რომ სამხრეთით, ხორების მთამდე მისასვლელად 40-დღიანი გზა გაევლო. გარდა ამისა, ღმერთმა ელიას რბილად შეუსწორა მცდარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისრაელში ღვთის ერთგული ადამიანები აღარ იყვნენ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ღმერთმა ელიას ახალი დავალებაც მისცა. მისთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა იეჰოვას დახმარება; წინასწარმეტყველი განახლებული ძალით შეუდგა თავისი დავალების შესრულებას (1 მეფ. 19:5—8, 15—19).

16. რა და რა საშუალებებით გამხნევებთ ღმერთი?

16 ელიას შემთხვევა დაგეხმარებათ იმის შესამოწმებლად, „რწმენაში ხართ თუ არა“; ის აგრეთვე ხელს შეგიწყობთ დადებითი თვალსაზრისის განვითარებაში. უპირველესად დაფიქრდით იმ საშუალებებზე, რითაც იეჰოვა დაგეხმარათ. მაგალითად, შეიძლება მისმა რომელიმე მსახურმა, უხუცესმა ან მოწიფულმა ქრისტიანმა, დახმარების ხელი გამოგიწოდათ მაშინ, როცა ძალიან გიჭირდათ (გალ. 6:2). ან შესაძლოა ძალა შეგმატათ ბიბლიისა და ჩვენი პუბლიკაციების კითხვამ და ქრისტიანულმა შეხვედრებმა. მომავალში, როცა ამგვარად გამხნევდებით, დაფიქრდით, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა და სამადლობელი ლოცვა აღუვლინეთ მას (ფსალმ. 121:1, 2).

17. რას აფასებს იეჰოვა თავის მსახურებში?

 17 მეორე, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ უარყოფითი თვალსაზრისი შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. ჩვენთვის მთავარი ის უნდა იყოს, თუ ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე (წაიკითხეთ რომაელების 14:4). იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება; საბედნიეროდ, იგი იმის მიხედვით არ გვაფასებს, თუ რამდენს ვაკეთებთ მისთვის. შესაძლოა ელიას მსგავსად იეჰოვასთვის თქვენც იმაზე მეტი გაგიკეთებიათ, ვიდრე გეგონათ. მაგალითად, შეიძლება თქვენს კრებაში არიან ის ადამიანები, ვისზეც თქვენმა კარგმა საქციელმა დადებითად იმოქმედა, ანდა თქვენმა კარგმა ქადაგებამ უბანზე მცხოვრები ხალხი ჭეშმარიტების მოსასმენად განაწყო.

18. რისი მტკიცებულებაა იეჰოვასგან მიღებული დავალება?

18 დაბოლოს, იეჰოვასგან მიღებული თითოეული დავალება იმის მტკიცებულებად ჩათვალეთ, რომ მას თქვენ უყვარხართ და ის თქვენ გვერდითაა (იერ. 20:11). ელიას მსგავსად, შეიძლება გულგატეხილნი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ თქვენი მსახურება უნაყოფოა ან ზოგიერთი სულიერი მიზნის მიღწევა შეუძლებელია. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ წილად გხვდათ უდიდესი პატივი — იქადაგოთ სასიხარულო ცნობა და იწოდებოდეთ ღვთის სახელით. მაშ ასე, ყოველთვის უერთგულეთ იეჰოვას! ამასთანავე, გახსოვდეთ: თუ ბოლომდე შეინარჩუნებთ ერთგულებას, თქვენზეც შესრულდება იესოს ერთ-ერთ იგავში მოცემული სიტყვები: „გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“ (მათ. 25:23).

„დაჩაგრულის ლოცვა“

19. რა ვითარებაში იყო 102-ე ფსალმუნის დამწერი?

19 ის, ვინც 102-ე ფსალმუნი დაწერა, სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი; თავს „დაჩაგრულად“ გრძნობდა, განიცდიდა დიდ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს. ის „ღონემიხდილიც“ იყო და არც იმის ძალა ჰქონდა, რომ ამ მდგომარეობას გამკლავებოდა (ფსალმ. 102, ეპიგრაფი). მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ტკივილს, მარტოობასა და საკუთარ გრძნობებს მოეცვა (ფსალმ. 102:3, 4, 6, 11). ფსალმუნის დამწერი ფიქრობდა, რომ იეჰოვას მისი „გადაგდება“ სურდა (ფსალმ. 102:10).

20. რა მხრივ შეიძლება ლოცვა დაეხმაროს მათ, ვინც უარყოფით ფიქრებს ებრძვის?

20 ამ მდგომარეობის მიუხედავად, ფსალმუნის დამწერი მაინც განადიდებდა იეჰოვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 102:19—21). როგორც ამ ფსალმუნიდან ვხედავთ, მათაც კი, ვინც „რწმენაშია“, შეიძლება სატკივარი ჰქონდეთ და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა უჭირდეთ. მაგალითად, 102-ე ფსალმუნის დამწერი „სახურავზე ეულად მჯდომი ჩიტივით“ გრძნობდა თავს, ფიქრობდა, რომ მის თავს კარგი აღარაფერი ხდებოდა (ფსალმ. 102:7). თუ ოდესმე ასეთი განცდები დაგეუფლებათ, იეჰოვას გაანდეთ თქვენი ნაღველი, როგორც ეს ფსალმუნის დამწერმა გააკეთა. ასეთ „დაჩაგრულ“ მდგომარეობაში წარმოთქმული ლოცვები უარყოფითი ფიქრების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნახეთ, რას გვპირდება იეჰოვა: „ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას, მათ ლოცვას არ უგულებელყოფს“ (ფსალმ. 102:17). ძვირფასო და-ძმებო, ენდეთ ამ სიტყვებს.

21. როგორ შეუძლია დადებითი თვალსაზრისის შეძენა მას, ვინც უარყოფით გრძნობებს ებრძვის?

21 ეს ფსალმუნი იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ განვივითაროთ დადებითი თვალსაზრისი. ამ ფსალმუნის დამწერმა ეს მაშინ მოახერხა, როცა ყურადღება იეჰოვასთან ურთიერთობაზე გადაიტანა (ფსალმ. 102:12, 27). მისთვის ძალიან მანუგეშებელი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ იეჰოვა მარტო არასოდეს ტოვებს თავის ხალხს განსაცდელების ჟამს. ასე რომ, თუ დროდადრო უარყოფითი გრძნობები თავს არ განებებთ და ვეღარ აკეთებთ ღვთისთვის იმდენს, რამდენსაც ისურვებდით, ილოცეთ ამის შესახებ. სთხოვეთ ღმერთს, რომ მოისმინოს თქვენი ლოცვა და გიხსნათ განსაცდელისგან; აგრეთვე ისიც სთხოვეთ, რომ „გაცხადდეს იეჰოვას სახელი“ (ფსალმ. 102:20, 21).

22. როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, რომ სიხარული მოვგვაროთ იეჰოვას?

22 ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ ბიბლიის მეშვეობით, რომ „რწმენაში ვართ“ და იეჰოვა გვაფასებს. თუმცა დღეს შეუძლებელია, ბოლომდე გავთავისუფლდეთ უარყოფითი გრძნობებისა და გულგატეხილობისგან. ამის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს იმის ძალა, რომ სიხარული მოვგვაროთ იეჰოვას და ბოლომდე ერთგულად მსახურების სანაცვლოდ ხსნა მოვიპოვოთ (მათ. 24:13).