წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2014

პატივი ეცით ხანდაზმულებს

პატივი ეცით ხანდაზმულებს

„მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი“ (ლევ. 19:32).

1. რა სავალალო მდგომარეობაშია ადამის მოდგმა?

იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა ადამიანთა ტანჯვა, რაც, როგორც წესი, ასაკში შესვლას ახლავს თან. პირიქით, მისი სურვილი ის იყო, რომ სამოთხეში ადამის მოდგმას სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონოდა. მაგრამ ამჟამად სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომ. 8:22). თქვენი აზრით, რა გრძნობა ეუფლება ღმერთს, როცა ხედავს, რომ ადამიანები ედემის ბაღში ჩადენილი ცოდვის სავალალო შედეგებს იმკიან? ან როდესაც ამჩნევს, რომ ხანდაზმულებს მაშინ აქცევენ ზურგს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ გვერდში დგომა (ფსალმ. 39:5; 2 ტიმ. 3:3).

2. რატომ არიან ბედნიერები ქრისტიანები, რომელთაც კრებებში ხანდაზმული და-ძმები ჰყავთ?

2 იეჰოვას ხალხი ბედნიერია, რომ ქრისტიანულ კრებებში მათ ხანში შესული და-ძმები უმშვენებენ გვერდს. ჩვენ უამრავ რამეს ვსწავლობთ მათი სიბრძნისა და რწმენის მაგალითიდან. ბევრ ჩვენგანს შესაძლოა გვყავდეს ხანში შესული ნათესავი — ერთი ან რამდენიმეც კი. თუმცა იმის მიუხედავად, გვყავს თუ არა ასეთი ნათესავები, მაინც უნდა გვაღელვებდეს ხანდაზმულების კეთილდღეობა (გალ. 6:10; 1 პეტ. 1:22). ამ სტატიაში გავიგებთ, თუ რას ფიქრობს ღმერთი ასაკოვან ადამიანებზე; ეს ინფორმაცია, უდავოდ, მრავალმხრივ წაგვადგება. აგრეთვე ვიმსჯელებთ იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ოჯახის წევრებსა და კრებას აკისრიათ ძვირფასი ხანდაზმულების წინაშე.

„ნუ მიმაგდებ“

3, 4. ა) რას ევედრებოდა 71-ე ფსალმუნის დამწერი იეჰოვას? ბ) რის შესახებ შეიძლება ილოცონ ხანში შესულმა და-ძმებმა?

3 ფსალმუნების დამწერი ღმერთს ევედრებოდა: „ნუ მიმაგდებ სიბერეში,  ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება“. ეს სიტყვები 71-ე ფსალმუნის მე-9 მუხლშია ჩაწერილი. ეს ფსალმუნი 70-ე ფსალმუნის გაგრძელებაა, რომელსაც ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული შემდეგი სიტყვები: „დავითის ფსალმუნი“. როგორც ჩანს, 71:9-ში ჩაწერილი სათხოვარი დავითს ეკუთვნის. დავითი იეჰოვას სიჭაბუკიდან ღრმა სიბერემდე ემსახურებოდა; მისი მეშვეობით ღმერთმა დიდებული საქმეები მოიმოქმედა (1 სამ. 17:33—37, 50; 1 მეფ. 2:1—3, 10). თუმცა დავითი ყოველთვის გრძნობდა, რომ იეჰოვას წყალობის გარეშე ვერაფერს გახდებოდა და რომ ყოველთვის უნდა მიემართა ღვთისთვის თხოვნით (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:17, 18).

4 დღეს ბევრი დავითის მსგავს მდგომარეობაშია. ხანში შესულობისა და „დამამწუხრებელი დღეების“ მიუხედავად, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ ღვთის განსადიდებლად (ეკლ. 12:1—7). ამჟამად ბევრს შეიძლება აღარ შესწევს იმდენის კეთების ძალა, რამდენსაც ერთ დროს აკეთებდა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მსახურებაში. მაგრამ დავითივით ამ ადამიანებსაც შეუძლიათ სთხოვონ იეჰოვას, რომ მოწყალე თვალით გადმოხედოს და იზრუნოს მათზე. ასეთ ერთგულ და-ძმებს ეჭვი არ უნდა შეეპაროთ იმაში, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს მათ ლოცვებს. უფრო მეტიც, ასეთი ლოცვები ძალიან ჰგავს დავითის საწუხარს, რის შესახებაც ის ღვთის შთაგონებით წერდა.

5. როგორ უყურებს იეჰოვა ერთგულ ხანდაზმულებს?

5 წმინდა წერილებში არაორაზროვნად წერია, რომ იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასნი არიან ერთგული ხანდაზმულები; მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღმერთი მოელის თავისი მსახურებისგან, პატივი მიაგონ ასეთ და-ძმებს (ფსალმ. 22:24—26; იგავ. 16:31; 20:29). „ჭაღარას წამოუდექი, მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი და გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ იეჰოვა“, — ვკითხულობთ ლევიანების 19:32-ში. მოხუცების დაფასება მეტად სერიოზულ პასუხისმგებლობად ითვლებოდა ღვთის ხალხის კრებულში მაშინ, როცა ეს სიტყვები იწერებოდა. ამ სიტყვებს არც დღეს დაუკარგავს ძალა. მაგრამ იბადება კითხვა: ვის პასუხისმგებლობაში შედის ხანდაზმულებზე ზრუნვა?

ოჯახის პასუხისმგებლობა

6. რის მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

6 ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამ. 20:12; ეფეს. 6:2). ამ სიტყვების მნიშვნელოვნებას იესომ ხაზი გაუსვა მაშინ, როცა გაკიცხა ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც უარს ამბობდნენ თავიანთი მშობლების მოვლაზე (მარ. 7:5, 10—13). თავად იესომ ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ძელზე გაკრულმა იესომ დედა, რომელიც როგორც ჩანს, უკვე დაქვრივებული იყო, საყვარელ მოწაფეს, იოანეს, ჩააბარა (იოან. 19:26, 27).

7. ა) რა პრინციპი მოგვცა პავლემ მშობლებზე ზრუნვასთან დაკავშირებით? ბ) რა კონტექსტში მისწერა პავლემ ტიმოთეს ეს პრინციპი?

7 პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა, რომ მორწმუნეებს უნდა ეზრუნათ თავისიანებზე (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:4, 8, 16). მოდი, ახლა განვიხილოთ და ვნახოთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილი სიტყვების კონტექსტი. მოციქულმა ისაუბრა, თუ ვის შეეძლო ჰქონოდა კრების მხრიდან ფინანსური დახმარების იმედი და ვის — არა. მან ნათლად და გასაგებად თქვა, რომ მოხუც ქვრივებზე ზრუნვა მორწმუნე შვილების, შვილიშვილებისა და სხვა ნათესავების უმთავრესი მოვალეობა უნდა ყოფილიყო. ამგვარად, კრებას აღარ დააწვებოდა ზედმეტი „ტვირთი“. დღესაც ერთ-ერთი საშუალება, რითაც ქრისტიანები „ღვთისადმი ერთგულებას“ ავლენენ, ისაა, რომ მატერიალურად ეხმარებიან გაჭირვებულ ნათესავებს.

8. რატომ შეიძლება ბრძნულად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ბიბლიაში არ არის მოცემული კონკრეტული მითითებები ასაკოვან მშობლებზე ზრუნვასთან დაკავშირებით?

8 მარტივად რომ ვთქვათ, მშობლების მატერიალური უზრუნველყოფა ქრისტიანი შვილების პასუხისმგებლობაა. მართალია, პავლე საუბრობდა მორწმუნე ნათესავებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უყურადღებოდ დავტოვოთ ჩვენი მშობლები, რომლებიც არ არიან ქრისტიანული კრების წევრები.  მშობლებზე ზრუნვასთან დაკავშირებით წესები არ არის დადგენილი, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ორი ზუსტად ერთნაირი სიტუაცია არ არსებობს. ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული ჯანმრთელობა, ხასიათი თუ საჭიროება გააჩნია. ზოგი ხანდაზმული მრავალშვილიანია, ზოგს კი მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. ზოგზე მთავრობა ზრუნავს, ზოგზე კი — არა. აგრეთვე განსხვავდება ასაკოვანი ადამიანების სურვილები და შეხედულებები. აქედან გამომდინარე, არაგონივრული და სიყვარულის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნება იმ ადამიანების გაკრიტიკება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესოდ იზრუნონ თავიანთ ასაკოვან ნათესავებზე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იეჰოვა აკურთხებს ბიბლიის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორც ეს მოსეს დღეებში გამოჩნდა (რიცხ. 11:23).

9—11. ა) რა რთულ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ზოგი? (იხილეთ სურათი მე-20 გვერდზე) ბ) რატომ არ უნდა თქვან ნაჩქარევად უარი შვილებმა სრული დროით მსახურებაზე? მოიყვანეთ მაგალითი.

9 როდესაც შვილები მშობლებისგან შორს ცხოვრობენ, შეიძლება მათთვის საკმაოდ რთული იყოს ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა. ასაკოვან მშობელს ჯანმრთელობა შესაძლოა მოულოდნელად შეერყეს — დაეცეს, რაიმე მოიტეხოს ან სხვა სახის კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს — რის გამოც აუცილებელი გახდეს მისი მონახულება. აქედან გამომდინარე, მშობელს შვილის გვერდში დგომა შესაძლოა დროებით ან უფრო დიდი ხნის მანძილზე დასჭირდეს. *

10 ისინი, ვინც სრული დროით მსახურობენ და თავიანთი ოჯახებიდან შორს იმყოფებიან, შესაძლოა დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ბეთელელები, მისიონერები და მიმომსვლელი ზედამხედველები ძლიერ აფასებენ თავიანთ მსახურებას და ამას იეჰოვას კურთხევად მიიჩნევენ. მაგრამ, თუ მშობლების ჯანმრთელობა გაუარესდება, პირველად თავში შესაძლოა ის აზრი მოუვიდეთ, რომ შეწყვიტონ თავიანთი მსახურება და მათ მოსავლელად სახლში დაბრუნდნენ. ასეთ დროს ნამდვილად ბრძნულია ამ საკითხზე ლოცვა და იმის კარგად აწონ-დაწონა, რამდენად საჭიროებენ მშობლები მოვლას. ნაჩქარევად ნუ იტყვით უარს ამგვარი მსახურების პატივზე; შესაძლოა თქვენი მხრიდან ასეთი მსხვერპლის გაღება სულაც არ გახდეს საჭირო. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა არც ისე სერიოზული იყოს და გარკვეული დროის განმავლობაში კრებამ თქვენს მშობლებს სიხარულით გაუწოდოს დახმარების ხელი (იგავ. 21:5).

11 მოდი, ვნახოთ, ორი ხორციელი ძმის მაგალითი, რომლებიც სახლიდან შორს მსახურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი მისიონერი იყო პარაგვაიში (სამხრეთი ამერიკა), ხოლო მეორე მსახურობდა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი). ერთ დღესაც მათ ხანში შესულ მშობლებს შვილების მოვლა-პატრონობა დასჭირდათ. შვილები თავიანთ მეუღლეებთან ერთად დაუყოვნებლივ ჩავიდნენ იაპონიაში მშობლების მოსანახულებლად. წყვილმა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მსახურობდა, დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ შეეწყვიტათ მსახურება და მშობლიურ კერას დაბრუნებოდნენ. მოულოდნელად მათ ტელეფონით შეეხმიანა მშობლების კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი. მან საბჭოს სახელით უთხრა წყვილს, რომ სურდათ, ხელი შეეწყოთ მათთვის, რათა რაც შეიძლება მეტ ხანს ემსახურათ მისიონერებად. უხუცესები აფასებდნენ მათ მსახურებას და მზად იყვნენ, ყველანაირად ამოდგომოდნენ გვერდში მათ მშობლებს. წარმოიდგინეთ, რა მადლიერი იქნებოდა ოჯახის თითოეული წევრი ამგვარად გამოვლენილი გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის!

12. რა არის თითოეული ოჯახის პირადი გადასაწყვეტი?

12 თითოეული ოჯახის პირადი გადასაწყვეტია, თუ როგორ მოუვლიან ხანში შესულ მშობლებს. მაგრამ მათ მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რომ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ იეჰოვას სახელი უნდა განადიდოს. ნამდვილად არ გვსურს, რომ ოდესმე იესოს თანამედროვე წინამძღოლებს დავემსგავსოთ (მათ. 15:3—6). ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით პატივი მივაგოთ ღმერთს  და არ შევლახოთ კრების რეპუტაცია (2 კორ. 6:3).

კრების პასუხისმგებლობა

13, 14. წმინდა წერილებიდან გამომდინარე, რატომ ვასკვნით, რომ კრებას შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ხანდაზმულებზე ზრუნვა?

13 ყველა ვერ შეძლებს ისეთი სახით დაუჭიროს მხარი სრული დროით მსახურებს, როგორც ამის შესახებ ზემოთ წავიკითხეთ. თუმცა პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ ჩვენ, კრების წევრებმა, უნდა ვიზრუნოთ ერთგულ ხანდაზმულ და-ძმებზე. იერუსალიმის კრების წევრებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ „არც ერთ მათგანს არ უჭირდა“; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ულხინდათ. ერთი რამ ფაქტია, რომ ზოგი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ მათ მოციქულები ყველაფერს „საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ“ (საქ. 4:34, 35). მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ძმებს „საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ“ ბერძნულენოვანი ქვრივები. ამიტომ მოციქულებმა მოწაფეებს დაავალეს, რომ მოეძებნათ სანდო მამაკაცები, რომლებიც ღირსეულად გაართმევდნენ თავს დაკისრებულ საქმეს და მიუკერძოებლად იზრუნებდნენ ქვრივების საჭიროებებზე (საქ. 6:1—5). საკვების ყოველდღიური განაწილება დროებითი ღონისძიება იყო მათთვის, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაქრისტიანდნენ და გარკვეული ხნის მანძილზე რწმენაში განსამტკიცებლად იერუსალიმში დარჩნენ. მაგრამ მოციქულების ამგვარი დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ კრებას შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს გაჭირვებულებზე ზრუნვა.

14 როგორც უკვე აღვნიშნეთ, პავლემ კონკრეტული მითითებები მისცა ტიმოთეს, თუ რომელი კატეგორიის ქვრივები იმსახურებდნენ კრებისგან მატერიალურ მხარდაჭერას (1 ტიმ. 5:3—16). იაკობმაც თავის წერილში, რომელიც ღვთის შთაგონებით დაწერა, ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, იზრუნოს ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებზე (იაკ. 1:27; 2:15—17). მოციქულმა იოანემაც მსგავსი აზრი თქვა: „თუ ვინმეს საარსებო საშუალება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს, მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს, როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოან. 3:17). მაშ, თუ გაჭირვებულებზე ზრუნვა ცალკეულ ქრისტიანს მოეთხოვება, განა იმავეს თქმა არ შეიძლება მთელ კრებაზე?!

როგორ შეუძლია კრებას მხარში ამოუდგეს ხანდაზმულს, თუ ის მოულოდნელად დაშავდება? (იხილეთ მე-15 და მე-16 აბზაცები)

15. რა განსაზღვრავს იმას, თუ რა სახის დახმარებას აღმოვუჩენთ ასაკოვან და-ძმებს?

15 ზოგ ქვეყანაში მთავრობა ხანდაზმულ მოქალაქეებს პენსიას უხდის, მომვლელებს უნიშნავს და სოციალური ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამით უზრუნველყოფს (რომ. 13:6). თუმცა ამგვარი მომსახურება ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ასაკოვანი ქრისტიანის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავენ მისი ნათესავები და კრების წევრები, თუ რა სახის მხარდაჭერა  აღმოუჩინონ მას. თუ ქრისტიანი შვილები მშობლებისგან შორს ცხოვრობენ, შესაძლოა ამან მათ გაუძნელოს ხანში შესულ მშობლებზე ზრუნვა. შვილები კარგს იზამენ, თუ თავიანთ ოჯახში შექმნილ ვითარებას გააცნობენ იმ კრების უხუცესებს, სადაც მათი მშობლები არიან. მაგალითად, უხუცესებს შეუძლიათ გაიგონ, მოქმედებს თუ არა ხანდაზმულთათვის რაიმე სოციალური პროგრამა. მათ აგრეთვე შეუძლიათ შეატყობინონ შვილებს იმ წერილების შესახებ, რომლებიც მათმა მშობლებმა მიიღეს, მაგრამ არ წაუკითხავთ; ამასთანავე, გააგებინონ, რომ მათი მშობლები არ სვამენ დანიშნულ მედიკამენტებს. ამგვარად გამოვლენილი სიკეთისა და თანამშრომლობის წყალობით სიტუაცია არ გაუარესდება და გამოსავალიც ადვილად გამოინახება. მართლაც, ასეთი დამხმარეები და მრჩევლები შვილების მაგივრად ადევნებენ თვალს მოხუც მშობლებს, რითაც ოჯახს საწუხარსა და დარდს უმსუბუქებენ.

16. როგორ ეხმარებიან ქრისტიანები თავიანთი კრების ხანდაზმულებს?

16 ასაკოვანი მეგობრების მიმართ სიყვარულითა და სითბოთი განმსჭვალული ზოგიერთი ქრისტიანი შესაძლებლობიდან გამომდინარე სიამოვნებით უთმობს მათ თავის დროსა და ენერგიას. ეს და-ძმები ცდილობენ, ხანდაზმულებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. ისინი ხანში შესულებს მორიგეობით უვლიან. ამ თანაქრისტიანებს კარგად ესმით, რომ თავიანთი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იმსახურებენ სრული დროით, ამიტომ სიამოვნებით ეხიდებიან ასაკოვანი ქრისტიანების შვილებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტ ხანს იმსახურონ სრული დროით. მართლაც, რა გასაოცარი სულისკვეთება აქვთ ამ და-ძმებს! თუმცა მათი გულუხვობა და სიკეთე არ ათავისუფლებს შვილებს მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან.

გამამხნევებელი სიტყვებით ესაუბრეთ ხანდაზმულებს და პატივი ეცით მათ

17, 18. რა როლს თამაშობს განწყობა, როცა საქმე ხანდაზმულების მოვლას ეხება?

17 ხანდაზმულებიცა და მათი მომვლელებიც, სიძნელეების მიუხედავად, ყველანაირად უნდა ეცადონ, შექმნან სასიამოვნო გარემო. თუ თქვენ ხანში შესული ბრძანდებით ან ხანდაზმულის მომვლელი ხართ, შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. ზოგჯერ ასაკში შესვლას თან სდევს გულგატეხილობის გრძნობა და დეპრესიაც კი. ამიტომ განსაკუთრებული ძალ-ღონე გჭირდებათ საიმისოდ, რომ გამამხნევებელ თემებზე ესაუბროთ ხანდაზმულ და-ძმებს და პატივი სცეთ მათ. ნამდვილად იმსახურებენ ქებას ის და-ძმები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. იეჰოვა არ ივიწყებს მათ ერთგულებას; მათი ერთგულება თანაქრისტიანებსაც ახსოვთ (წაიკითხეთ მალაქიას 3:16; ებრაელების 6:10).

18 ამასთანავე, ყოველდღიური საზრუნავი გაცილებით ადვილი ასატანია, როდესაც ხანდაზმულებიცა და მათი მომვლელებიც ინარჩუნებენ იუმორის გრძნობას (ეკლ. 3:1, 4). ბევრი ხანში შესული ცდილობს, რომ ზედმეტად მომთხოვნი არ იყოს. მათ ესმით, რომ თუ სულ ცუდ ხასიათზე იქნებიან, თანაქრისტიანებს გაუჭირდებათ მათი ხშირი მონახულება და ყურადღების მიქცევა. ამიტომაც მათგან, ვინც ხანდაზმულებს ინახულებს, ხშირად გვსმენია ასეთი სიტყვები: „ასაკოვანი მეგობრის გასამხნევებლად წავედი, მაგრამ აქეთ დავრჩი გამხნევებული“ (იგავ. 15:13; 17:22).

19. რაზე უნდა დაამყარონ იმედი ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა?

19 სულმოუთქმელად ველით იმ დღეს, როცა ტანჯვისა და არასრულყოფილების კვალი საბოლოოდ წაიშლება. ამ დღის დადგომამდე ღვთის მსახურებმა იმედი მარადიულ მომავალზე უნდა დაამყარონ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გასაჭირისა და სირთულეების დროს ღვთის დაპირებებისადმი გამოვლენილი რწმენა ღუზასავით იქნება. სწორედ რწმენაა ის, რის წყალობითაც „სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორ. 4:16—18; ებრ. 6:18, 19). და მაინც, კიდევ რა დაეხმარება მათ, ვისაც ხანდაზმულებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრია? შემდეგ სტატიაში განხილული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული რჩევები.

^ აბზ. 9 შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ რჩევებზე, რომლებიც შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს როგორც ხანში შესული მშობლებისთვის, ისე მათი შვილებისთვის.