არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  მარტი 2014

მიიტანეთ ჭეშმარიტება ნათესავების გულებამდე

მიიტანეთ ჭეშმარიტება ნათესავების გულებამდე

„წადი სახლში შენიანებთან და უამბე ყველაფერი, რაც იეჰოვამ გაგიკეთა და როგორ შეგიწყალა“, — უთხრა ერთხელ იესომ ერთ კაცს. ამ დროს იესო, როგორც ჩანს, გალილეის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადარაში იმყოფებოდა და ელაპარაკებოდა მამაკაცს, რომელსაც უნდოდა, მისი მიმდევარი გამხდარიყო. ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს, რომ მას კარგად ესმოდა წმინდა ადამიანური ფაქტორი — რას ნიშნავს, როცა ადამიანს სურს, გაუმხილოს ახლობლებს და ნათესავებს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი (მარ. 5:19).

დიახ ასეა, ყველას აქვს ასეთი სურვილი, თუმცა სხვადასხვა კულტურიდან გამომდინარე, ზოგს მეტად, ზოგს — ნაკლებად. ამიტომ, როცა ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება, ჩვეულებრივ, უჩნდება სურვილი, თავის რელიგიაზე ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ილაპარაკოს. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ წამოიწყოს საუბარი და როგორ მიიზიდოს ნათესავების გული ჭეშმარიტებისკენ. მით უმეტეს, თუ ისინი სხვა რელიგიის მიმდევრები არიან ან — ურწმუნოები. შემოგთავაზებთ სხვადასხვა ბიბლიურ რჩევას.

„მესია ვიპოვეთ“

ანდრია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იესო ამოიცნო, როგორც მესია. როგორ გახსოვთ, ვის უთხრა მან უმალვე ეს ამბავი? ბიბლიაში ვკითხულობთ: «მან მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია ვიპოვეთ“ (რაც „ქრისტედ“ ითარგმნება)». შემდეგ მან პეტრე იესოსთან მიიყვანა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მისი ძმაც იესოს მოწაფე გახდა (იოან. 1:35—42).

ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 6 წელი გავიდა. პეტრე იოპეში იმყოფებოდა, როცა ჩრდილოეთით, კესარეაში რაზმის ასისთავის, კორნელიუსის სახლში დაპატიჟეს. გახსოვთ, კორნელიუსის გარდა, კიდევ ვინ დახვდა პეტრეს იქ? „კორნელიუსი ელოდა . . . [პეტრესა და მასთან მყოფებს]. ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა“. ასისთავის ასეთი საქციელი იმას ნიშნავდა, რომ მან თავის ნათესავებს მისცა შესაძლებლობა, მოესმინათ  პეტრესთვის და თავად მიეღოთ გადაწყვეტილება მეტად სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით (საქ. 10:22—33).

რაზე მოწმობს ანდრიასა და კორნელიუსის საქციელი?

მათ, ასე ვთქვათ, ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა. ანდრიამ პირადად გააცნო პეტრე იესოს, კორნელიუსმა კი მთელი შეკრება მოაწყო, რომ მის ნათესავებსა და ოჯახის წევრებს პეტრესთვის მოესმინათ. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ანდრიას და კორნელიუსს არც დაუძალებიათ და არც მზაკვრულად უცდიათ თავიანთი ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ასე ვთქვათ, გაქრისტიანება. ვსწავლობთ აქედან რამეს? დიახ, ისინი ნამდვილად სამაგალითონი არიან. შეგვიძლია, მოკლედ ვესაუბროთ ხოლმე ნათესავებს ან ოჯახის წევრებს ბიბლიურ თემებზე და მივცეთ ჭეშმარიტების გაგების და ჩვენი თანამორწმუნეების გაცნობის შესაძლებლობა. თუმცა, ამავე დროს, პატივი უნდა ვცეთ მათი არჩევნის თავისუფლებას; არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ რამე და თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი. მოდი ვნახოთ ერთი გერმანელი წყვილის, იურგენისა და პეტრას მაგალითი.

პეტრა იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას და ცოტა ხანში მოინათლა. მისი მეუღლე, იურგენი, იმ დროს სამხედრო ოფიცერი იყო. მას არ მოეწონა თავისი ცოლის გადაწყვეტილება. თუმცა მალევე მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ. ისიც მოინათლა და დღესდღეობით უხუცესად მსახურობს ერთ-ერთ კრებაში. მოდი ვნახოთ, რას გვირჩევს იურგენი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიტანოთ ჭეშმარიტება ჩვენი ნათესავებისა თუ ოჯახის წევრების გულამდე.

იურგენი ამბობს: «ნათესავებს თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი და 24 საათი სულიერ საკითხებზე არ უნდა ველაპარაკოთ. ამას უკურეაქცია მოჰყვება და შეიძლება მოსმენის სურვილი საერთოდ დავუკარგოთ. უმჯობესია პერიოდულად, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა „ლუკმები დავაგემოვნებინოთ“ ოღონდ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ტაქტიანად. აგრეთვე ურიგო არ იქნება, თუ მათ ჩვენს თანამორწმუნეებს გავაცნობთ, რომლებიც დაახლოებით მათი ასაკისანი არიან და რომლებთანაც უფრო ადვილად გამონახავენ საერთო ენას. ასეთი სახით, ისინი, შესაძლოა მივიზიდოთ ჭეშმარიტებისკენ».

„თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი ნათესავებს“ (იურგენი)

კორნელიუსის ნათესავებსა და მოციქულ პეტრეს ბევრი არ უფიქრიათ; მათ დაუყოვნებლივ მიიღეს ჭეშმარიტება. თუმცა პირველ საუკუნეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ცოტა მეტი დრო დასჭირდათ საამისოდ.

იესოს ძმები და ჭეშმარიტება

იესოს რამდენიმე ნათესავი უშუალოდ მისი მსახურების პერიოდში გახდა მისი მიმდევარი. მაგალითად, მოციქულები იაკობი და იოანე, რომლებიც შესაძლოა იესოს დეიდაშვილები იყვნენ, და მათი დედა სალომე. შესაძლოა სალომე იყო ერთ-ერთი იმ ქალებიდან, „რომლებიც . . . [იესოს და მის მოციქულებს] თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ (ლუკ. 8:1—3).

თუმცა იესოს ოჯახის სხვა წევრები არ გამხდარან მისი მსახურების დროს მისი მიმდევრები, ზოგს დრო დასჭირდა ამისთვის. მაგალითად, გავიხსენოთ ერთი შემთხვევა: იესოს მონათვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ერთ-ერთ სახლში მის მოსასმენად უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. მიაქციეთ ყურადღება ერთ რამეს: „ეს რომ მისმა ნათესავებმა გაიგეს, თქვეს, ჭკუაზე შეიშალაო“. მოგვიანებით, როცა იესოს ძმები მსჯელობდნენ იმაზე, თუ სად უნდა წასულიყო იესო, იესოს მათთვის პირდაპირი პასუხი არ გაუცია. საინტერესოა, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ბიბლიაში წერია, „სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ ის“ (მარ. 3:21; იოან. 7:5).

რას ვსწავლობთ ზემოთ განხილულიდან? იესო არ განაწყენებულა, როცა მასზე თქვეს, ჭკუიდან შეიშალაო. უფრო მეტიც, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის გამოეცხადა თავის ნახევარძმას, იაკობს და ამით ფაქტობრივად კიდევ ერთხელ გაამხნევა და ანუგეშა თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები. რეალურად, ეს ფაქტი დაეხმარებოდა იაკობს და იესოს სხვა ნახევარძმებსაც, რომ ერწმუნათ  ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი მესია. შედეგად, მათაც მიიღეს წმინდა სული, რომელიც იერუსალიმში, ზემოთა ოთახში შეკრებილ მოციქულებსა და სხვებზე გადმოვიდა. ამის შემდეგ წლები გავიდა; ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იაკობსა და იესოს სხვა ნახევარძმას, იუდას, გარკვეული პასუხისმგებლობები ჰქონდათ ღვთის კრებაში (საქ. 1:12—14; 2:1—4; 1 კორ. 15:7).

ზოგს მეტი დრო სჭირდება

„უდიდესი წარმატების საიდუმლო მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინებაა!“ (როსვითა)

დღესაც ანალოგიური სიტუაციაა; ჩვენს ზოგიერთ ნათესავს დრო სჭირდება, რომ ღმერთი შეიცნოს და ჭეშმარიტების გზას დაადგეს. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს როსვითა. 1978 წელს მისი ქმარი იეჰოვას მოწმე გახდა. ამ დროს ის თავგამოდებული კათოლიკე იყო. ის იმდენად ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო, რომ ქმარს დიდ წინააღმდეგობას უწევდა. თუმცა წლების გასვლის შემდეგ როსვითა ნელ-ნელა მოლბა, რადგან მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას საუბრობდნენ. საბოლოოდ, 25 წლის შემდეგ, 2003 წელს როსვითა მოინათლა. საინტერესოა, რამ შეაცვლევინა აზრი ამ გულმოდგინე კათოლიკეს? იმან, რომ როსვითას თავდაპირველ წინააღმდეგობაზე მეუღლე არ გაღიზიანებულა; პირიქით, ის როსვითას იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ შეცვლილიყო. ვნახოთ, რას გვირჩევს თავად როსვითა: „უდიდესი წარმატების საიდუმლო მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინებაა!“.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, ჩვენი დის, მონიკას, შემთხვევა. ის 1974 წელს მოინათლა. 10 წლის შემდეგ მისი ორი ვაჟიც მოინათლა. მართალია, მას ჰანსი, მისი მეუღლე, არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში არ იზიარებდა მის რწმენას. თუმცა საბოლოოდ, 2006 წელს ჰანსი მოინათლა. საგულისხმოა ის, რასაც ეს ოჯახი საკუთარი გამოცდილებიდან გვიზიარებს: „დარჩით იეჰოვას ერთგულები და არასოდეს წახვიდეთ კომპრომისზე.“ რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჰანსს ოდნავადაც არ შეჰპარვოდა ეჭვი ოჯახის სიყვარულში. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მათ ერთი წუთითაც არ ჩაუქნევიათ ხელი და სულ იმას ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ის მოვიდოდა ღმერთთან.

ჭეშმარიტების წყლით გამოცოცხლებულნი

ერთხელ იესომ ჭეშმარიტება შეადარა წყალს, რომელსაც მარადიული სიცოცხლე მოაქვს (იოან. 4:13, 14). ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმაც „შესვან“ ეს გამომაცოცხლებელი, ჭეშმარიტების სუფთა წყალი. თუმცაღა, როგორც დიდ წყალში შეიძლება დაიხრჩოს ადამიანი, ასევე შეიძლება ბევრმა ინფორმაციამ „დაახრჩოს“ ჩვენი ოჯახის წევრი თუ ნათესავი. ისინი გამოცოცხლდებიან ამ წყლით თუ „დაიხრჩობიან“, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვესაუბრებით მათ ჩვენი რწმენის შესახებ. ბიბლიაში წერია, რომ „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ და „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“. როგორ შეგვიძლია ამ რჩევების გათვალისწინება? (იგავ. 15:28; 16:23).

პირობითი სიტუაცია: ცოლს უნდა, რომ მეუღლეს თავის რწმენაზე დაელაპარაკოს. თუ ის „პასუხის გაცემამდე იფიქრებს“, ყურადღებით შეარჩევს სიტყვებს და არ აჩქარდება. ის არ ისაუბრებს ზედმეტად თავდაჯერებულად და ამაყად. კარგად შერჩეული სიტყვები საუბრის დროს სასიამოვნო და მშვიდობიან ატმოსფეროს შექმნის. აგრეთვე კარგია, თუ ის საუბრის დაწყებამდე დაფიქრდება: როდის არის ჩემი მეუღლე დასვენებული და როდის სცალია? რომელ საკითხებზე საუბარი უფრო სიამოვნებს და რა სახის ინფორმაციის კითხვა უყვარს ყველაზე მეტად? მეცნიერული საკითხები ხომ არ აინტერესებს? ან იქნებ პოლიტიკაზე უყვარს საუბარი? იქნებ სპორტი იტაცებს? როგორ შეუძლია ცოლს, თან ინტერესი გაუღვივოს ქმარს ბიბლიური საკითხებისადმი და თან პატივი სცეს მის გრძნობებსა და შეხედულებებს? თუ ცოლი ზემოთქმულს გაითვალისწინებს, შეძლებს ქმარს გონივრულად მიუდგეს.

თუ გვინდა, ოჯახის წევრების გულსაც ჩასწვდეს ჭეშმარიტება, მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენს სიტყვას თან უნდა ახლდეს საქმეები.

კარგი საქციელი

„ყოველთვის მიჰყევით ბიბლიურ პრინციპებს და იცხოვრეთ ამ პრინციპების თანახმად. ამას თქვენი ნათესავები აუცილებლად შეამჩნევენ და დაფიქრდებიან, თუმცა შეიძლება ყოველთვის არ გამოგიტყდნენ ამაში“, — ამბობს ზემოხსენებული იურგენი. ჰანსიც ეთანხმება ამ აზრს. როგორც აღვნიშნეთ, ის თავისი ცოლის ნათლობიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოინათლა. ის დასძენს: „კარგი ქრისტიანული საქციელი ძალიან მნიშვნელოვანია; ასე რომ, როცა ჭეშმარიტება უკეთესობისკენ გვცვლის, ეს ჩვენს ნათესავებს შეუმჩნეველი არ რჩებათ“. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნათესავები დაინახავენ, რომ სწორედ ჩვენი რწმენაა ის, რაც ნამდვილად გამოგვარჩევს სხვებისგან.

„კარგი ქრისტიანული საქციელი ძალიან მნიშვნელოვანია; ასე რომ, როცა ჭეშმარიტება უკეთესობისკენ გვცვლის, ეს ჩვენს ნათესავებს შეუმჩნეველი არ რჩებათ“ (ჰანსი)

პეტრე მოციქულმა ასეთი რამ ურჩია ცოლებს, რომელთა ქმრებიც არ იზიარებდნენ მათ რწმენას: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ. თქვენი სილამაზე  ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1 პეტ. 3:1—4).

პეტრე წერდა, რომ ზოგი ქმარი შესაძლოა ცოლს თავისი სამაგალითო საქციელით მოეპოვებინა. ამ პრინციპს ითვალისწინებს ერთი ჩვენი და, სახელად კრისტა. ის 1972 წელს მოინათლა და იმ დროიდან მოყოლებული ცდილობს, რომ თავისი კარგი საქციელით ჭეშმარიტება ქმრის გულამდე მიიტანოს. მართალია, ერთ დროს კრისტას ქმარი სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ მონათლულა. ხანდახან ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს და კრებაში ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. თავის მხრივ, ისინიც პატივს სცემენ მას და თავს არ ახვევენ თავიანთ რელიგიას. საინტერესოა, რას აკეთებს კრისტა, რომ მეუღლის გულამდე მიიტანოს ჭეშმარიტება?

«ძალიან მინდა, რომ არასდროს გადავუხვიო იმ გზიდან, რომელზეც იეჰოვამ დამაყენა. ამასთანავე, ყველაფერს ვაკეთებ, რომ „უსიტყვოდ“, კარგი საქციელით მოვიპოვო ჩემი მეუღლე. როცა ვხედავ, რომ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, ვცდილობ, ის გავაკეთო, რაც მას სურს. უდიდეს პატივს ვცემ მის აზრს და სხვა დანარჩენს იეჰოვას ვანდობ».

კრისტას მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამხელა ფასი აქვს გონივრულ მიდგომას. კრისტა აქტიურადაა ჩაბმული სულიერ საქმეებში; სისტემატურად ესწრება კრების შეხვედრებს და მთელ გულს დებს სამქადაგებლო საქმეში. თუმცა ისიც კარგად ესმის, რომ მის მეუღლეს აუცილებლად სჭირდება მისგან დრო, ყურადღება და სიყვარული. დიახ ასეა, გონიერება და საწინააღმდეგო აზრის პატივისცემა დიდად დამხმარეა ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. „ყველაფერს თავისი დრო აქვს“, — წერია ბიბლიაში. ამ დროში დროის ის მონაკვეთიც იგულისხმება, რომელსაც ვატარებთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მეუღლეებთან, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ. ერთად გატარებული დრო კარგ ურთიერთობებს უყრის საფუძველს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ნაკლებად გრძნობენ თავს ეულად და მიტოვებულად და, ამასთან, ნაკლებად ეჭვიანებიც არიან (ეკლ. 3:1).

არასოდეს გადაიწუროთ იმედი

„ოჯახის წევრებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ისინი ძალიან, ძალიან გვიყვარს; აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ვილოცოთ მათთვის“, — აღნიშნავს ჰოლგერი, რომლის მამაც თავისი ოჯახის წევრების ნათლობიდან 20 წლის შემდეგ მოინათლა. კრისტასაც გულის სიღრმეში სწამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი მეუღლეც მასთან ერთად განადიდებს იეჰოვას. ამიტომ არასოდეს გადაიწუროთ იმედი!

ჩვენი მიზანია, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან; დავეხმაროთ, შეიცნონ ჭეშმარიტება და ბიბლიურმა ცნობამ მათ გულამდეც მიაღწიოს. და რაც მთავარია, გახსოვდეთ ერთი რამ: ყველაფერი რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ! (1 პეტ. 3:15).