არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2014

იზრუნეთ ხანში შესულებზე

იზრუნეთ ხანში შესულებზე

„შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18).

1, 2. ა) რა სირთულეების წინაშე დგება ზოგი ოჯახი და რა კითხვები წამოიჭრება ასეთ დროს? ბ) როგორ შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება მშობლებსა და შვილებს?

თქვენთვის შეიძლება ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ერთ დროს ჯან-ღონით სავსე და დამოუკიდებელი მშობლები დღეს ვეღარ ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას. შეიძლება ერთ დღესაც თქვენი საყვარელი დედა ან მამა დაეცეს, ფეხი მოიტეხოს, ორიენტაციის უნარი დაკარგოს და უგზო-უკვლოდ დაიწყოს სიარული, ან სერიოზული დაავადება აღმოაჩნდეს. ამ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ხანდაზმულებს შეიძლება გაუჭირდეთ ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასა და თავისუფლების შეზღუდვასთან შეგუება (იობ. 14:1). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: რის გაკეთება შეგვიძლია ამ დროს? და როგორ უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე?

2 ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ასაკოვნების მოვლას ეხება, ნათქვამია: „მართალია, ადვილი არ არის ასაკობრივ პრობლემებზე მსჯელობა, მაგრამ ის ოჯახები, რომლებიც თადარიგს დაიჭერენ და წინასწარ შეთანხმდებიან, თუ როგორ იზრუნებენ ხანდაზმულებზე, უკეთ გაუმკლავდებიან ნებისმიერ მოსალოდნელ სიტუაციას“. ამგვარ მიდგომას მაშინ უფრო ვაფასებთ, როცა ვხვდებით, რომ ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებს ვერსად გავექცევით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის წინდაწინ მოვემზადებით. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს სიყვარულით ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს.

 „დამამწუხრებელი დღეებისთვის“ მზადება

3. რა უნდა გააკეთონ შვილებმა, როცა ხანში შესული მშობლები საჭიროებენ მხარში დგომას? (იხილეთ სურათი 25-ე გვერდზე)

3 მრავალი ხანდაზმულის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა მათ აღარ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა და სხვების მხარში ამოდგომა სჭირდებათ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1—7). ამ დროს შვილებმა მშობლებთან ერთად უნდა იმსჯელონ, რის გაკეთება შეუძლიათ, რომ საუკეთესო დახმარება აღმოუჩინონ მშობლებს. ძალიან სასარგებლოა ოჯახის ერთად შეკრება და იმაზე მსჯელობა, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებენ მშობლები და როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ამ შეხვედრაზე ყველამ, განსაკუთრებით მშობლებმა, თავიანთ გრძნობებზე გულღიად უნდა ილაპარაკონ და საკითხებს რეალურად მიუდგნენ. აგრეთვე უნდა იმსჯელონ იმაზე, რამდენად შეძლებენ მშობლები, უსაფრთხოდ იცხოვრონ შვილებისგან დამოუკიდებლად. * კარგი იქნება იმაზე საუბარიც, თუ ვინ რას გააკეთებს მშობლების მოსავლელად (იგავ. 24:6). მაგალითად, ზოგმა შეიძლება მშობლებს მოუაროს, ზოგმა კი ფინანსურად იზრუნოს მათზე. ერთი რამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს — ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია; თუმცა მათი პასუხისმგებლობები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

4. ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის შვილებმა?

4 ვიდრე ხანში შესული მშობლის მოვლას დაიწყებთ, ეცადეთ, უკეთ გამოიკვლიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ მას პროგრესირებადი დაავადება აქვს, გაიგეთ, რის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეთ სამომავლოდ (იგავ. 1:5). დაუკავშირდით სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც ხანდაზმულებზე ზრუნავენ. გაარკვიეთ, რა შეღავათები არსებობს ან რა პროგრამები ფუნქციონირებს იმისათვის, რომ უკეთ იზრუნოთ მშობელზე და შეგიმსუბუქდეთ მასზე ზრუნვა. მოსალოდნელი ცვლილებების გამო შესაძლოა ელდა გეცეთ, სულის სიმშვიდე დაკარგოთ და თავგზა აგებნეთ. ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე სანდო მეგობარს. რაც ყველაზე მთავარია, თქვენი გულისტკივილი იეჰოვას გაანდეთ. ის დაგამშვიდებთ და თქვენ შეძლებთ ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავებას (ფსალმ. 55:22; იგავ. 24:10; ფილ. 4:6, 7).

5. რატომ არის კარგი ხანდაზმულის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარ გარკვევა?

5 ზოგი ხანდაზმული თავისი ოჯახის წევრებთან ერთად გონივრულად იქცევა და წინასწარ არკვევს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, სად უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის ცხოვრება: ქალიშვილთან, ვაჟთან, თუ მოხუცებულთა თავშესაფარში; ან ისარგებლებს თუ არა ქვეყანაში ხელმისაწვდომი სხვა საშუალებებით. ამგვარად ოჯახი წინასწარ ემზადება „გასაჭირისა და ტანჯვისთვის“ (ფსალმ. 90:10). სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ასე არ იქცევა და მოულოდნელად წარმოქმნილი სიტუაციების დროს ნაჩქარევად იღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, გადაწყვეტილებების მისაღებად, უმეტეს შემთხვევაში, ეს ყველაზე არახელსაყრელი დროა. ასეთ სიჩქარეში ოჯახის წევრები დაძაბულები არიან და შესაძლოა მათ შორის უთანხმოებებმაც იჩინოს თავი. მეორე მხრივ, წინასწარ დაგეგმვის წყალობით ისინი ადვილად შეეგუებიან მოსალოდნელ ცვლილებებს (იგავ. 20:18).

ოჯახის წევრებს შეუძლიათ იმსჯელონ, თუ როგორ იზრუნებენ მშობელზე (იხილეთ მე-6—8 აბზაცები)

6. რატომ იქნება უპრიანი იმაზე მსჯელობა, თუ სად მოუწევთ მშობლებს მომავალში ცხოვრება?

6 შესაძლოა უხერხულობა შეგიქმნათ მშობელთან იმაზე საუბარმა, რომ მას მომავალში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი საუბრები მათ მოგვიანებით ძალიან წაადგათ. ეს იმიტომ, რომ მშვიდ და მეგობრულ გარემოში გაცილებით ადვილია ასეთ დელიკატურ საკითხებზე მსჯელობა და გეგმების დაწყობა. მშობლებმაც და შვილებმაც დაინახეს, რომ სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებულმა საუბრებმა მოგვიანებით მათ უფრო გაუადვილა გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულებს საკუთარ თავზე ზრუნვის ძალა შესწევთ და არ სურთ საცხოვრებლის შეცვლა, მაინც უპრიანი იქნება, თუ თადარიგს დაიჭერენ და შვილებს წინასწარ ეტყვიან, რა სახის მოვლა-პატრონობას ისურვებენ საჭიროების შემთხვევაში.

7, 8. რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ ოჯახის წევრებმა და რატომ?

7 მშობლებო, ამგვარი მსჯელობის დროს  გაანდეთ შვილებს თქვენი სურვილები, გააცანით მათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ისიც უთხარით, რა სახის მოვლა-პატრონობას ისურვებდით. ასეთი სახით, ისინი შეძლებენ თქვენთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღებას მაშინ, როცა თავად აღარ შეგეძლებათ ამის გაკეთება. ალბათ, თქვენი შვილები პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს სურვილებს და, რამდენადაც შესაძლებელია, არ შეგიზღუდავენ თავისუფლებას (ეფეს. 6:2—4). მაგალითად, ხომ არ ელით იმას, რომ რომელიმე შვილი თავისთან გადასვლას შემოგთავაზებთ? ან სხვა რაიმეს მოლოდინი ხომ არ გაქვთ? ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: რეალურად იმსჯელეთ და ნუ მოსთხოვთ ოჯახის წევრებს, რომ ისინიც თქვენნაირად ფიქრობდნენ. არც ის გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ მდგომარეობასთან შეგუებას დრო სჭირდება; გამონაკლისი არც თქვენ ხართ და არც თქვენი შვილი.

8 ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ პრობლემები, წინასწარ უნდა შევიმუშავოთ გეგმა და ვიმსჯელოთ ამა თუ იმ საკითხზე (იგავ. 15:22). მაგალითად, როგორი სამედიცინო დახმარების მიღება სურს მშობელს და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთ დროს უნდა იმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც მოცემულია სამედიცინო მინდობილობაში, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გაეცნოს შეთავაზებულ მკურნალობის მეთოდებს; დათანხმდეს ან უარი თქვას მათზე. პაციენტის მიერ წინდაწინ გაკეთებული ასეთი წერილობითი განაცხადი გამოხატავს მის სურვილს. სამედიცინო მინდობილობაში დასახელებული წარმომადგენელი (სადაც ეს იურიდიულად დაშვებულია), თუ საჭირო გახდება, პაციენტის ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას. კარგი იქნება, თუ მომვლელს, ხანდაზმულსა და მის წარმომადგენელს საჭიროების შემთხვევაში თან ექნებათ სამედიცინო მინდობილობის ასლები. ზოგი ხანდაზმული სამედიცინო მინდობილობას ანდერძთან, სადაზღვევო პოლისთან, საბანკო ანგარიშებთან და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად ინახავს.

ცვლილებებთან შეგუება

9, 10. რა ცვლილებების გამო შეიძლება დასჭირდეთ ხანდაზმულ მშობლებს შვილების დახმარება?

9 ხშირ შემთხვევაში, მშობელს, მიუხედავად ასაკისა, არ სურს ზედმეტად დამოკიდებული გახდეს შვილზე. ამის საწინააღმდეგო არც შვილებს აქვთ არაფერი, თუ მშობელს გარკვეულწილად მაინც შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. მაგალითად, ხანდაზმულებს შეიძლება არ უჭირთ საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, მედიკამენტების მიღება და კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, შვილები ზედმეტად არ უნდა ჩაერიონ მათ ყოველდღიურ საქმეებში და არ უნდა უკონტროლონ ყოველი ნაბიჯი. თუმცა დროთა განმავლობაში, თუ მშობელი ვეღარ მოახერხებს სიარულს, საყიდლებზე წასვლას ან მეხსიერება დაუქვეითდება, შვილებმა ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

10 ასაკობრივ პრობლემებს განეკუთვნება: გონებრივი აშლილობა, დეპრესია, შეუკავებლობა, სმენის, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება; თუ თქვენს მშობელს ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე აღენიშნება, შესაძლოა სამედიცინო დახმარების შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამ საკითხში ინიციატივა შვილებმა უნდა გამოიჩინონ. შვილებმა აგრეთვე შესაძლოა მშობლების საქმეებიც აკეთონ. თუ შვილებს სურთ, რომ საუკეთესოდ იზრუნონ მშობლებზე, მათ მოუწევთ არაერთი პროფესიის შეთავსება, მაგალითად, ისინი შესაძლოა „გახდნენ“ მათი ადვოკატები, მდივნები,  პირადი მძღოლები თუ ასე შემდეგ (იგავ. 3:27).

11. რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ მშობლებს გაუადვილოთ ცვლილებებთან შეგუება?

11 იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მშობლებს ქრონიკული დაავადება აწუხებთ, შეიძლება განსხვავებული სახის მოვლა და საცხოვრებელი პირობები დასჭირდეთ. ცხადია, რაც უფრო უმნიშვნელო იქნება ასეთი ცვლილებები, ხანდაზმულებს უფრო გაუადვილდებათ ცხოვრების ახალი წესისთვის ფეხის აწყობა. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: თუ მშობლებისგან მოშორებით ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, საკმარისია, რომ თქვენი მშობელი თანამორწმუნემ ან მეზობელმა რეგულარულად ინახულოს და შემდეგ შეგატყობინოს მისი ამბები? მხოლოდ სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება სჭირდება თქვენს მშობელს? სახლი ხომ არ საჭიროებს ხელის შევლებას, რათა თქვენი მშობელი უსაფრთხოდ გადაადგილდეს, ისარგებლოს აბაზანით და ასე შემდეგ? როგორც წესი, ხანში შესულ ადამიანს ყველაზე მეტად ის სურს, რომ ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ურჩევნიათ ხანდაზმულებს მომვლელის აყვანა. მაგრამ, თუ მათ გამუდმებით სჭირდებათ თვალყურის დევნება, შესაძლოა ვინმეს მუდმივად გვერდში ყოფნა დასჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიტყვეთ, რა სახის მომსახურებაა ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში * (წაიკითხეთ იგავების 21:5).

როგორ უმკლავდება სირთულეებს ზოგი

12, 13. როგორ სცემენ პატივს ხანდაზმულ მშობლებს და როგორ ზრუნავენ მათზე შვილები, რომლებიც მათგან შორს ცხოვრობენ?

12 მოსიყვარულე შვილებს ძალიან სურთ, რომ თავიანთ მშობლებს კომფორტული გარემო შეუქმნან. ისინი მშვიდად არიან მაშინ, როცა იციან, რომ მშობლებს არაფერი უჭირთ. თუმცა ბევრი შვილი რიგი მიზეზების გამო არ ცხოვრობს მშობლების სიახლოვეს. ამიტომ, ზოგიერთი შვილი მშობლების მოსანახულებლად შვებულებას იღებს, რომ იზრუნოს მათ საჭიროებებზე და გააკეთოს ის საოჯახო საქმეები, რომელთა კეთებაც ხანში შესულ მშობლებს აღარ შეუძლიათ. როცა შვილები მშობლებს ტელეფონით ეხმიანებიან — რამდენადაც შესაძლებელია ყოველდღიურად — უგზავნიან იმეილებსა და წერილებს, მათ თავიანთ სიყვარულში არწმუნებენ (იგავ. 23:24, 25).

13 შვილებო, გაიგეთ, რა სახის დახმარება სჭირდება თქვენს მშობლებს ყოველდღიურად. თუ მშობლებთან ახლოს არ ცხოვრობთ და ისინი იეჰოვას მოწმეები არიან, გაესაუბრეთ მათი კრების უხუცესებს და ჰკითხეთ რჩევა. ამასთანავე, ილოცეთ თქვენს მშობლებზე (წაიკითხეთ იგავების 11:14). მაშინაც კი, თუ თქვენი მშობლები იეჰოვას მოწმეები არ არიან, მაინც ძალაში რჩება შემდეგი პრინციპი: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამ. 20:12; იგავ. 23:22). რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის პირადი გადასაწყვეტია, თუ როგორ იზრუნებს თავის ხანდაზმულ მშობელზე. ზოგს თავის სახლში გადაჰყავს მშობელი, ზოგი კი თავისთან ახლოს აბინავებს მას. თუმცა ყველა ასე ვერ მოიქცევა. ზოგი მშობელი შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრებას საკუთარ სახლში დარჩენას ამჯობინებს; მათ მოსწონთ დამოუკიდებელი ცხოვრება და არ სურთ, შვილებს ტვირთად დააწვნენ. სხვებს მატერიალური მდგომარეობა ხელს უწყობს და ურჩევნია, რომ მომვლელი დაიქირაოს და საკუთარ სახლში დარჩეს (ეკლ. 7:12).

14. რა უნდა გაითვალისწინოს შვილმა, რომელიც მშობლებს უვლის?

14 ხშირად მშობლებზე ზრუნვა მათთან ახლოს მცხოვრებ ქალიშვილს ან ვაჟს უწევს. თუმცა იმ შვილმა, რომელიც მშობლებს უვლის, გაწონასწორებულად უნდა იზრუნოს როგორც მშობლების, ისე საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებებზე. ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან: ადამიანს ყოველთვის არ ექნება საკმარისი დრო და ენერგია. აქედან გამომდინარე, თუ ერთ დღესაც შვილი ვეღარ შეძლებს მშობლის მოვლას, ოჯახის წევრებმა უნდა გადახედონ თავიანთ მდგომარეობას და დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: მხოლოდ ერთ შვილს ხომ არ უწევს მთელი პასუხისმგებლობის ზიდვა? სხვა შვილებსაც ხომ არ შეუძლიათ მორიგეობით მოუარონ დედ-მამას?

15. რა უნდა გააკეთოს მომვლელმა შვილმა, რომ ქანცი არ გაუწყდეს?

15 როდესაც ხანდაზმულს გამუდმებით სჭირდება მოვლა-პატრონობა, დიდია იმის ალბათობა, რომ შვილს, რომელიც მას უვლის, არაქათი  გამოეცალოს (ეკლ. 4:6). მართალია მოსიყვარულე შვილებს სურთ, რომ საუკეთესოდ იზრუნონ თავიანთ მშობლებზე, მაგრამ დიდმა ჯაფამ შეიძლება მათ ქანცი გაუწყვიტოს. თუ მშობელს უვლით და მსგავს მდგომარეობაში ხართ, რეალურად შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა და ითხოვეთ დახმარება. თუ დროდადრო სხვებიც შეგაშველებენ ხელს, მაშინ აღარ დაგჭირდებათ მშობლის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

16, 17. რა სირთულეებს ხვდებიან ასაკოვანი მშობლების მომვლელი შვილები და როგორ ართმევენ ისინი თავს ამ სირთულეებს? (იხილეთ ჩარჩო „მადლიერი მომვლელი“)

16 ნამდვილად სამწუხაროა, რომ ჩვენს საყვარელ მშობლებს ასაკმა თავისი დაღი დაასვა. ბევრ შვილს, რომელიც მშობლებს უვლის, ეუფლება მწუხარებისა და დანაშაულის განცდა, დარდობს და სასოწარკვეთილია, ბრაზი ერევა და ნაწყენდება კიდეც. ხანდახან, შეიძლება ხანში შესულმა მშობელმა თავისი სიტყვებით გული გვატკინოს ან უმადურობა გამოავლინოს. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება, მყისვე ნუ გაუნაწყენდებით მშობელს. ერთ-ერთი ფსიქიატრი ამბობს: „თუ გსურთ უარყოფით გრძნობებს გაუმკლავდეთ, განსაკუთრებით იმ გრძნობას, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ, გამოუტყდით საკუთარ თავს და აღიარეთ, რომ ასეთი გრძნობები ნამდვილად გაქვთ. ნუ დაადანაშაულეთ საკუთარ თავს, რომ ასეთი გრძნობები მოგეძალათ“. ამის შესახებ შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენს მეუღლეს, ოჯახის რომელიმე წევრს ან სანდო მეგობარს. ამგვარი საუბრების წყალობით უკეთ გაერკვევით საკუთარ გრძნობებში და ემოციურ წონასწორობასაც შეინარჩუნებთ.

17 თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ შვილებს არც ფინანსური მდგომარეობა უწყობდეთ ხელს და არც საკმარისი ცოდნა ჰქონდეთ საიმისოდ, რომ სახლში მოუარონ ხანში შესულ ადამიანს. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ხანდაზმულის მოხუცებულთა თავშესაფარში გადაყვანა. ერთი და, რომელიც დედამისს თითქმის ყოველდღე აკითხავდა მოხუცებულთა თავშესაფარში, ასეთ რამეს ამბობს: „ჩვენ ფიზიკურად აღარ შეგვეძლო 24 საათის განმავლობაში დედის მოვლა. დედას ძალიან გაუჭირდა მოხუცებულთა თავშესაფარში გადასვლა. ემოციურად ეს უზომოდ რთული ასატანი იყო. თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში დედის მოხუცებულთა თავშესაფარში გადაყვანა საუკეთესო გამოსავალი იყო მისთვის; ეს დედასაც კარგად ესმოდა, ამიტომ დაგვთანხმდა იქ გადასვლაზე“.

18. რაში შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებულნი ისინი, ვინც ხანდაზმულ მშობლებს უვლიან?

18 ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა მათი ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით. მართალია, ასაკოვნების მოვლასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული წესები არ არსებობს, მაგრამ ბრძნული დაგეგმვის, თანამშრომლობის, კარგი ურთიერთობისა და რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი ლოცვების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ თქვენი პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევას და საყვარელი ხანდაზმულების პატივისცემას. თუ ამ ყოველივეს მხედველობაში მიიღებთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენს მშობლებს თქვენი სითბო და ყურადღება არ აკლიათ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—8). დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულნი იყავით, რომ მშობლებზე ზრუნვისა და მათი პატივისცემის სანაცვლოდ იეჰოვა მოგცემთ სულის სიმშვიდეს! (ფილ. 4:7).

^ აბზ. 3 მშობლებმა და შვილებმა შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თავიანთი კულტურიდან გამომდინარე მიიღონ. ზოგან არა მხოლოდ მისაღებია, არამედ კარგიცაა, როცა ოჯახში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს ან, როცა ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

^ აბზ. 11 თუ თქვენი ხანდაზმული მშობელი თავის სახლში ცხოვრობს, კარგი იქნება, თუ სახლის გასაღები მომვლელსაც ექნება, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს სახლში შესვლა.

[სურათი 27 გვერდზე]

ოჯახის წევრებს შეუძლიათ იმსჯელონ, თუ როგორ იზრუნებენ მშობელზე (იხილეთ მე-6—8 აბზაცები)