წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2014

არის თქვენი სიტყვა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“?

არის თქვენი სიტყვა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“?

წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: უხუცესს, რომელიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრია, დაგეგმილი აქვს მსახურება შაბათ დილას ერთ ახალგაზრდა ძმასთან. დგება შაბათი დღე, დილა; მას მოულოდნელად ერთ-ერთი ძმა ურეკავს და ატყობინებს, რომ მისი მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ძმა სთხოვს მას, რომ მოაძებნინოს ისეთი ექიმი, რომელიც უსისხლო მკურნალობაზე დათანხმდება. საინტერესოა, როგორ მოიქცევა უხუცესი? ის უარს ეუბნება ახალგაზრდა ძმას მსახურებაში წასვლაზე, რადგან სურს, დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილ ოჯახს.

კიდევ ერთი შემთხვევა: ერთი ცოლ-ქმარი თავისთან სტუმრად ეპატიჟება მარტოხელა დედას, რომელსაც ორი შვილი ჰყავს; ისინი ერთ კრებაში მსახურობენ. როდესაც ბავშვები ამის შესახებ იგებენ, სახეები სიხარულით უბრწყინავთ; ერთი სული აქვთ, როდის დადგება ის დღე. თუმცა წინა დღეს ეს ცოლ-ქმარი დედას ეუბნება, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ შეძლებენ მათ გამასპინძლებას. მოგვიანებით დედა იგებს, თუ რატომ უთქვამს ამ ცოლ-ქმარს უარი. თურმე მას შემდეგ, რაც ამ წყვილს ეს მარტოხელა დედა თავისთან მიუწვევია, წყვილი თავიანთ მეგობრებს სტუმრად ზუსტად იმ დღისთვის დაუპატიჟებიათ.

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, მოგვეთხოვება, რომ ყოველთვის შევასრულოთ ჩვენი სიტყვა. ჩვენი სიტყვა არასოდეს უნდა იყოს ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“ (2 კორ. 1:18). თუმცა ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან გამომდინარე, სიტუაციები განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ არჩევნის გაკეთების საშუალება არ მოგვეცეს და მოგვიწიოს ჩვენი ნათქვამი სიტყვების შეცვლა. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა ერთხელ პავლე მოციქული.

პავლეს მერყეობაში დასდეს ბრალი

ახ. წ. 55 წელია. პავლე ეფესოში იმყოფება. ეს მისი მესამე მისიონერული მოგზაურობაა. ის გეგმავს ეგეოსის ზღვის გავლით კორინთში ჩასვლას და კორინთიდან მაკედონიაში გადასვლას. ხოლო იერუსალიმში ჩასვლამდე აპირებს, მეორედ მოინახულოს კორინთის კრება და შეაგროვოს მათ მიერ იერუსალიმელი ძმებისთვის გაღებული ძღვენი (1 კორ. 16:3). ეს კარგად ჩანს მის მიერ კორინთელებისთვის მიწერილი მე-2 წერილის 1:15, 16 მუხლებიდან: „ამაში დარწმუნებული აქამდეც ვაპირებდი თქვენთან მოსვლას, რათა მეორედ გაგეხარათ. მინდოდა, თქვენთან გამომევლო და ისე წავსულიყავი მაკედონიაში, მაკედონიიდან ისევ თქვენთან დავბრუნებულიყავი და იუდეაში გაგეცილებინეთ“.

პავლემ კორინთელებს თავისი გეგმების შესახებ წერილით შეატყობინა; როგორც ირკვევა, მან ეს წერილი კორინთელებს 1 კორინთელების სახელით ცნობილი წერილის დაწერამდე მისწერა (1 კორ. 5:9). თუმცა ამ წერილის დაწერიდან  პავლემ ქლოეს ოჯახისგან მალევე შეიტყო, რომ ამ კრებაში სერიოზული განხეთქილებები იყო (1 კორ. 1:10, 11). მოციქულმა შეცვალა თავისი თავდაპირველი გეგმა და დაწერა წერილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია პირველი კორინთელების სახელით. ამ წერილში პავლემ კორინთელებს რჩევები და მითითებები მისცა, საიდანაც გამოჩნდა, რომ მას ძალიან უყვარდა ისინი. წერილში აგრეთვე ისიც მოიხსენია, რომ სხვა მიმართულებით აპირებდა წასვლას — ჯერ მაკედონიაში ჩავიდოდა და შემდეგ კორინთში (1 კორ. 16:5, 6). *

როგორ ჩანს, როდესაც კორინთელმა ძმებმა პავლეს წერილი მიიღეს, მათ შორის ზოგმა „უაღმატებულესმა მოციქულმა“ პავლეს მერყეობაში დასდო ბრალი, რაკიღა მან არ შეასრულა პირობა. თავის დასაცავად პავლემ მათ ასეთი რამ მისწერა: «დაუფიქრებლად ხომ არ მოვიქეცი, ეს რომ დავაპირე? ანდა ხორციელად ხომ არ განვიზრახავ, რასაც განვიზრახავ, თითქოს „დიახ-დიახსაც“ ვამბობ და „არა-არასაც“»? (2 კორ. 1:17; 11:5).

შეიძლება ჩვენც გაგვიჩნდეს ასეთი კითხვა: მართლა დაუფიქრებლად ხომ არ მოიქცა პავლე? რა თქმა უნდა, არა! „დაუფიქრებლად“ ნათარგმნი სიტყვა ნიშნავს მერყეობას; მაგალითად, ეს სიტყვა მიესადაგება უნდო ადამიანს, რომელიც არ ასრულებს თავის სიტყვას. პავლეს დასმულ რიტორიკულ შეკითხვას, „ხორციელად ხომ არ განვიზრახავ?“, ცხადი უნდა გაეხადა კორინთელი ქრისტიანებისთვის, რომ მას თავისი გადაწყვეტილება იმის გამო არ შეუცვლია, რომ ის არასანდო პიროვნება იყო.

პავლე მოციქულმა კატეგორიულად უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდება და დაწერა: «ღმერთს შეგიძლიათ ენდოთ, რომ არ არის ჩვენი სიტყვები თქვენ მიმართ ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“» (2 კორ. 1:18). ცხადია, პავლეს საუკეთესო განზრახვები ჰქონდა კორინთელი და-ძმებისთვის, როცა მან თავისი გეგმები შეცვალა. 2 კორინთელების 1:23-იდან ვიგებთ, რომ მოციქულმა კორინთელები დაინდო, როცა მათთან ჩასვლა გადაიფიქრა. ნამდვილად, მან თანაქრისტიანებს მისცა შესაძლებლობა, რომ მის ჩასვლამდე მოეგვარებინათ პრობლემები. პავლემ მაკედონიაში ყოფნის დროს ტიტესგან შეიტყო, რასაც იმედოვნებდა კიდეც, რომ თურმე მის წერილს კორინთელი და-ძმები დაუმწუხრებია და მათ მოუნანიებიათ თავიანთი საქციელი; ამ ყოველივემ პავლე ძალიან გაახარა (2 კორ. 6:11; 7:5—7).

ღვთისთვის ნათქვამი „ამინ“

ბრალმდებლების აზრით, რომლებმაც პავლე მერყეობაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ის არ ასრულებდა თავის სიტყვას, მოციქულის ქადაგებაც არ იყო სანდო. თუმცა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ მან მათ იესო ქრისტეს შესახებ უქადაგა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ღვთის ძე, ქრისტე იესო, რომელიც ჩვენ, მე, სილვანუსმა და ტიმოთემ გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში» (2 კორ. 1:19). როგორ ფიქრობთ, პავლესთვის სამაგალითო პიროვნება, იესო ქრისტე, უნდო პიროვნება იყო? რა თქმა უნდა, არა! იესო მთელი თავისი სიცოცხლისა და მსახურების განმავლობაში ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა (იოან. 14:6; 18:37). თუ იესო ქრისტე მხოლოდ სიმართლეს ქადაგებდა და სანდო ადამიანი იყო და პავლეც იმავე ცნობას ქადაგებდა, მაშინ გამოდის, რომ პავლეს ქადაგებაც სანდო იყო.

ნამდვილად, იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“ (ფსალმ. 31:5). ამას ჩვენ პავლეს შემდეგი სიტყვებიდანაც ვხედავთ: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი [ქრისტეს] მეშვეობით». იესო დედამიწაზე ყოფნის დროს ბოლომდე ღვთის ერთგული იყო, რითაც დაამტკიცა, რომ იეჰოვას არასოდეს რჩება შეუსრულებელი თავისი დაპირებები. შემდეგ პავლემ დასძინა: «ამიტომ მისი [იესოს] მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“» (2 კორ. 1:20). იესო არის გარანტი ანუ „ამინი“ იმისა, რომ ღმერთი ყველა თავის დაპირებას შეასრულებს.

იესო ქრისტე და იეჰოვა ღმერთი ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. პავლეც რასაც ამბობდა, ყოველთვის იმას გულისხმობდა (2 კორ. 1:19). პავლე არ იყო მერყევი და არამდგრადი  პიროვნება, რომელიც დაპირებებს „ხორციელად“ იძლეოდა (2 კორ. 1:17). პირიქით, ის „სულით დადიოდა“ (გალ. 5:16). ადამიანებთან ურთიერთობისას პავლე ყოველთვის მათი კეთილისმყოფელი იყო. მისი „დიახ“ ნიშნავდა დიახს.

ნიშნავს თქვენი „დიახ“ დიახს?

დღეს ჩვეულებრივ რამედ ითვლება, როცა ადამიანები, რომლებიც ბიბლიური პრინციპების თანახმად არ ცხოვრობენ, პირობას დებენ და თუ უმნიშვნელო პრობლემა იჩენს თავს ან სხვა რაღაც უკეთესი გამოჩნდება, არღვევენ მას. საქმიან ურთიერთობებში „დიახ“ ყოველთვის არ ნიშნავს დიახს, მაშინაც კი, თუ წერილობითი შეთანხმებაა დადებული. ბევრისთვის ქორწინებაც აღარ არის ორ ადამიანს შორის დადებული სამუდამო კავშირი. დღითი დღე იზრდება განქორწინებათა რიცხვი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მრავალი ადამიანი ქორწინებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ის შეიძლება ადვილად დასრულდეს (2 ტიმ. 3:1, 2).

რის თქმა შეიძლება თქვენზე? ნიშნავს თქვენი „დიახ“ დიახს? როგორც სტატიის დასაწყისში დავინახეთ, ყოველთვის შეუძლებელია, უერთგულოთ თქვენს სიტყვას; ამის მიზეზი შესაძლოა თქვენი მდგომარეობა იყოს და არა ის, რომ მერყევი ადამიანი ხართ. მაგრამ თქვენ, როგორც ქრისტიანმა, როდესაც პირობას დებთ, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ შეასრულოთ ის (ფსალმ. 15:4; მათ. 5:37). თუ არასოდეს გადახვალთ თქვენს სიტყვას, სანდო ადამიანის რეპუტაციას შეიქმნით, ისეთი ადამიანისას, რომელიც ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობს (ეფეს. 4:15, 25; იაკ. 5:12). როდესაც გარშემო მყოფი ხალხი დაინახავს, რომ თქვენ ყოველმხრივ სანდო ადამიანი ხართ, უფრო მეტად განეწყობიან ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების მოსასმენად. მაშ ასე, ნუ იქნება თქვენი სიტყვა ერთდროულად „დიახიც„ და „არაც“!

^ აბზ. 7 „1 კორინთელების“ დაწერიდან მალევე პავლე ტროას გავლით მაკედონიაში ჩავიდა, სადაც „2 კორინთელები“ დაწერა (2 კორ. 2:12; 7:5). მოგვიანებით ის ჩავიდა კორინთში.