წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2014

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რის საფუძველზე ელოდნენ პირველ საუკუნეში იუდეველები მესიას?

იოანე ნათლისმცემლის დღეებში „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკ. 3:15). რატომ შეიძლებოდა იმ დროს იუდეველები მესიის გამოჩენის მოლოდინში ყოფილიყვნენ? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

იესოს დაბადების შემდეგ იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა მწყემსებს, რომლებიც ბეთლემთან ახლოს მინდვრად ცხვარს მწყემსავდნენ. ანგელოზმა მწყემსებს აუწყა: „დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“ (ლუკ. 2:8—11). ამის შემდეგ ანგელოზს შეუერთდა «დიდძალი ზეციერი ლაშქარი . . . [რომელიც] ღმერთს ადიდებდა: * „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“» (ლუკ. 2:13, 14).

ცნობამ უდავოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თავმდაბალ მწყემსებზე. ისინი დაუყოვნებლივ გაეშურნენ ბეთლემისკენ, და როცა იოსები, მარიამი და ჩვილი იესო ნახეს, ხალხს „მის [ბავშვის] შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს“. შედეგად, „ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა“ (ლუკ. 2:17, 18). ამ მუხლში მოცემული სიტყვები, „ყველა, ვინც მოისმინა“, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ამბავი მწყემსებმა იოსებისა და მარიამის გარდა სხვებსაც უამბეს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ამის შემდეგ „მწყემსები უკან გაბრუნდნენ, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც მოისმინეს და ნახეს, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი“ (ლუკ. 2:20). დიახ, ეს კარგი ამბავი, მწყემსებმა სხვებსაც მოუთხრეს.

მარიამმა პირმშო იეჰოვას წინაშე წარსადგენად იერუსალიმში წაიყვანა, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვდა. პატარა იესოს დანახვაზე წინასწარმეტყველი ანა „ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“ (ლუკ. 2:36—38; გამ. 13:12). ამგვარად დაიწყო მესიის გამოჩენასთან დაკავშირებული ამბის გავრცელება.

მოგვიანებით «აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“» (მათ. 2:1, 2). „ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი. შეკრიბა უფროსი მღვდლები და მწიგნობრები და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე“ (მათ. 2:3, 4). ამრიგად, დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ქვეყანას მესია მოევლინა. *

 ზემოთ მოხსენიებული ბიბლიური მუხლიდან, კერძოდ, ლუკას 3:15-დან ჩანს, რომ ზოგიერთი იუდეველი ფიქრობდა, რომ იოანე ნათლისმცემელი შესაძლოა ქრისტე ყოფილიყო. თუმცა იოანე ნათლისმცემელმა ეს აზრი შემდეგი სიტყვებით გააბათილა: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო. ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ“ (მათ. 3:11). მესიის მოსვლასთან დაკავშირებული იოანეს ეს სიტყვები რა თქმა უნდა, უფრო გაამძაფრებდა ხალხის მოლოდინს.

შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებს მესიის მოსვლის დრო დანიელის 9:24—27-ში ჩაწერილი 70 კვირის შესახებ წინასწარმეტყველების საფუძველზე გამოეთვალათ? ეს გამორიცხული არ არის, თუმცა გადაჭრით ამის თქმა შეუძლებელია. ერთი რამ ფაქტია, რომ იესოს დღეებში არსებობდა არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტება 70 კვირის გაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთი გაგება არ შეესაბამებოდა ჩვენს ახლანდელ გაგებას. *

ესეები, რომელთაც იუდაური სექტის წევრებად მიიჩნევდნენ, ასწავლიდნენ, რომ 490-წლიანი მონაკვეთის ბოლო პერიოდში ორი მესია უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ რთულია იმის თქმა, ეყრდნობოდა თუ არა მათი გამოთვლები დანიელის წინასწარმეტყველებას. ასეც რომ ყოფილიყო, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ იუდეველებს ამ განდეგილი ჯგუფის შემუშავებული ქრონოლოგიით ეხელმძღვანელათ.

ახ. წ. მეორე საუკუნეში იუდეველთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ 70-კვირიანი პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 607  წელს, მაშინ, როცა პირველი ტაძარი განადგურდა და დასრულდა ახ. წ. 70 წელს, როცა მეორე ტაძარი განადგურდა; სხვა იუდეველები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველება შესრულდა მაკაბელთა მოღვაწეობის პერიოდში, რომელთა მოღვაწეობის პერიოდიც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან იწყება. ასე რომ, 70 კვირის გამოთვლასთან დაკავშირებით არ არსებობდა ერთი საერთო აზრი.

თუკი 70 კვირის გამოთვლასთან დაკავშირებით სწორი გაგება არსებობდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, მაშინ ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ გაგებას მოციქულები და I საუკუნეში მცხოვრები სხვა ქრისტიანები აუცილებლად მოიშველიებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ აღთქმული მესია, იესო ქრისტე დათქმულ დროს იყო მოსული. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის დამადასტურებელი არგუმენტები, რომ ქრისტიანები ამას აკეთებდნენ.

ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს შემდეგი რამ: სახარების დამწერები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ებრაულ წერილებში მოცემული წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეზე შესრულდა (მათ. 1:22, 23; 2:13—15; 4:13—16). თუმცა არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ იესოს გამოჩენით შესრულდა ის წინასწარმეტყველება, რომელიც 70 კვირას ეხებოდა.

დასკვნა: ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს დღეებში მცხოვრებ ხალხს სწორად ესმოდა წინასწარმეტყველება 70 კვირის შესახებ. მიუხედავად ამისა, სახარებებში მოხსენიებულია სხვა საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ იყო ხალხი მესიის მოლოდინში.

^ აბზ. 4 ბიბლიაში არ წერია, რომ ანგელოზები მღეროდნენ, როცა იესო დაიბადა.

^ აბზ. 7 შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: როგორ დაუკავშირეს ასტროლოგებმა აღმოსავლეთში ცაზე ვარსკვლავის გამოჩენა „იუდეველთა მეფის“ დაბადებას? ეს მაშინ ხომ არ მოხდა, როცა გზად ისრაელის მიწაზე იესოს დაბადება შეიტყვეს?

^ აბზ. 9 ამ წინასწარმეტყველების ახლანდელი გაგება იხილეთ წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11.