არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  თებერვალი 2014

მივესალმოთ ქრისტესდიდებულ მეფეს!

მივესალმოთ ქრისტესდიდებულ მეფეს!

„წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით“ (ფსალმ. 45:4).

1, 2. რატომ არის 45-ე ფსალმუნი ჩვენთვის საინტერესო?

დიდებული მეფე თეთრ ცხენზეა ამხედრებული ჭეშმარიტებისა და სიმართლის გულისთვის და გამოდის, რათა დაიპყროს თავისი მტრები. საბოლოო გამარჯვების შემდეგ საყვარელ პატარძალზე ქორწინდება. მეფე მარადიულად ემახსოვრება თაობებს და მუდამ პატივს მიაგებენ მას დიდი ღვაწლისთვის. ეს არის 45-ე ფსალმუნის მთავარი თემა.

2 ეს ფსალმუნი მხოლოდ აღმაფრთოვანებელი მოვლენების ბედნიერ დასასრულზე როდი მოგვითხრობს. მოვლენებს, რომლებიც ამ ფსალმუნშია აღწერილი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის მარტო ჩვენს აწმყოს კი არა, მომავალსაც ეხება. ამიტომ მოდი ვიყოთ ყურადღებით და დაწვრილებით განვიხილოთ ეს ფსალმუნი.

„გული კარგი საქმისკენ მეწევა“

3, 4. ა) რა არის „კარგი საქმე“, რომელიც გვეხება და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს ჩვენს გულზე? ბ) რა მხრივ ეძღვნება ჩვენი საქმეები მეფეს და როგორ ხდება ჩვენი ენა „კალამივით“?

3 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:1. „კარგი საქმე“, რომელიც მეფეს ეძღვნება, ფსალმუნების დამწერის გულს ეხება და შედეგად, მას გული რაღაცის კეთებისკენ „ეწევა“. ებრაული ზმნა, რომელიც მუხლში ნათარგმნია როგორც „მეწევა“, დედნისეულ ენაზე ნიშნავს „დუღილს“. მეფესთან დაკავშირებული ამბავი ფსალმუნების  დამწერს გულზე ისე ღრმად შეეხო, ისე „აუდუღა“ გრძნობები და ემოციები, რომ მისი ენა „დახელოვნებული გადამწერის კალამივით“ გახდა.

4 როგორ არის საქმე ჩვენს შემთხვევაში? სამეფოსთან დაკავშირებული სასიხარულო ცნობა არის ის კარგი რამ, რაც ეხება ჩვენს გულს. სამეფოს ცნობა განსაკუთრებულად „კარგი“ გახდა 1914 წელს. ამ წლიდან მოყოლებული ეს ცნობა მომავალ სამეფოს კი არ ეხება, არამედ რეალურ ხელისუფლებას, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს ზეცაში. ეს ცნობა არის „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). გვეწევა გული სამეფოს ცნობის ქადაგებისკენ? ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელი მონდომებით? ფსალმუნების დამწერისა არ იყოს, ჩვენი „საქმეებიც მეფეს ეძღვნება“, ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს; ჩვენ ვაუწყებთ მის, როგორც გამეფებული ზეციერი სამეფოს მეფის შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენ ყველას ვიწვევთ — მმართველებს და მათ ქვეშევრდომებს — დაემორჩილონ მის მეფობას (ფსალმ. 2:1, 2, 4—12). როდესაც ქადაგების დროს ღვთის სიტყვას ვიყენებთ, ჩვენი ენა „დახელოვნებული გადამწერის კალამივით“ ხდება.

სიხარულით ვაუწყებთ ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას

მეფის ბაგეებიდან მშვენება იღვრება

5. ა) რა მხრივ იყო იესო წარმოსადეგი? ბ) როგორ იღვრება მეფის ბაგეებიდან მშვენება და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მის მაგალითს?

5 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:2. წმინდა წერილებში თითქმის არაფერია ნათქვამი იესოს გარეგნობაზე. იესო სრულყოფილი მამაკაცი იყო და ორი აზრი არ არსებობს, რომ ის წარმოსადეგი და თვალტანადი ადამიანი იქნებოდა. თუმცა მას ყველაზე წარმოსადეგს იეჰოვასადმი მტკიცე და ურყევი ერთგულება ხდიდა. ამასთანავე, იესო ღვთის სამეფოს ცნობას მადლიანი სიტყვებით ამცნობდა ხალხს (ლუკ. 4:22; იოან. 7:46). პირადად ჩვენ თუ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ იესოს მაგალითი მსახურებაში და ისეთი სიტყვებით ვესაუბროთ ხალხს, რომ მათ გულებამდე მივაღწიოთ? (კოლ. 4:6).

6. რა მხრივ აკურთხა ღმერთმა იესო სამარადისოდ?

6 ვინაიდან იესო მთელი სულითა და გულით ემსახურებოდა მამას, მამამ აკურთხა თავისი ძე როგორც დედამიწაზე მსახურების დროს, ისე მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „როცა [იესომ] ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილ. 2:8—11). ღმერთმა იესო სამარადისოდ აკურთხა, მკვდრეთით აღადგინა და უკვდავი სიცოცხლე უბოძა (რომ. 6:9).

მეფე თავის „მოზიარეებზე მეტად“ განდიდდა

7. რა გაგებით სცხო ღმერთმა იესო თავის „მოზიარეებზე მეტად“?

7 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:6, 7. იეჰოვამ იესო სამეფოს მეფედ სცხო, რადგან მას ძალიან უყვარს სიმართლე და სძულს ნებისმიერი რამ, რაც მამას შეურაცხყოფს. ღმერთმა იესო „სიხარულის ზეთით“ სცხო თავის „მოზიარეებზე მეტად“, ანუ იუდას იმ მეფეებზე მეტად, რომლებიც დავითის საგვარეულო  ხაზიდან იყვნენ. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვამ იესო იუდას სხვა მეფეებზე მეტად სცხო სიხარულის ზეთით? პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ იესო თავად იეჰოვამ სცხო და მეორე, იეჰოვამ ის მეფედაც სცხო და მღვდელმთავრადაც (ფსალმ. 2:2; ებრ. 5:5, 6). გარდა ამისა, ღმერთმა იესო წმინდა სულით სცხო და არა ზეთით; მისი მეფობა ზეციურია და არა მიწიერი.

8. ა) რას ნიშნავს სიტყვები, „ღმერთი იესოს ტახტია“? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მისი მეფობა სამართლიანია?

8 იეჰოვამ თავისი ძე ზეციური სამეფოს მეფედ 1914 წელს დანიშნა. მისი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. ეს კი იმაში გვარწმუნებს, რომ მისი მმართველობა სამართლიანი იქნება. იესოს აქვს მეფობის უფლება, რადგან „ღმერთი მისი ტახტია“, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, თავად იეჰოვამ უბოძა მას მეფობა. უფრო მეტიც, იესოს „ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ“ იარსებებს. აქედან გამომდინარე, ნუთუ არ გეამაყებათ, რომ ემსახურებით იეჰოვას მის მიერ დანიშნული ასეთი ძლევამოსილი მეფის ხელმძღვანელობით?!

მეფემ მახვილი შეიბა

9, 10. ა) როდის შეიბა ქრისტემ მახვილი და როგორ გამოიყენა ის დაუყოვნებლივ? ბ) როგორ გამოიყენებს ქრისტე თავის მახვილს მომავალში?

9 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:3. იეჰოვა მეფეს ავალებს, რომ „გვერდზე შეიბას მახვილი“. ამგვარად ღმერთი მას იმის უფლებას აძლევს, რომ ომი გაუმართოს ღვთის უზენაესობის მოწინააღმდეგეებს და მისი განაჩენი აღასრულოს მათზე (ფსალმ. 110:2). ქრისტე უძლეველი, მებრძოლი მეფეა, ამიტომ ბიბლია მას „ძლევამოსილს“ უწოდებს. მან მახვილი 1914 წელს შეიბა, როცა სატანასა და მის დემონებზე გაიმარჯვა და ისინი ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:7—9).

10 ეს მხოლოდ წარმატებული დასაწყისი იყო მეფის მმართველობისა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას სრულად უნდა დაეპყრო (გამოცხ. 6:2). იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი განაჩენი აღასრულოს სატანის ქვეყნიერებაზე და ის და მისი დემონები გაანადგუროს. პირველად უნდა განადგურდეს დიდი ბაბილონი, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. იეჰოვა საზარელი „მეძავის“ გასანადგურებლად პოლიტიკურ მმართველებს გამოიყენებს (გამოცხ. 17:16, 17). შემდეგ მებრძოლი მეფე სატანის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრებს და გააცამტვერებს მას. ქრისტე, რომელსაც „უფსკრულის ანგელოზიც“ ეწოდება, ბოლოს სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის, რითაც, როგორც ბიბლიაში წერია, სრულად დაიპყრობს (გამოცხ. 9:1, 11; 20:1—3). ახლა ვნახოთ, როგორ აღწერს ამ ამაღელვებელ მოვლენებს 45-ე ფსალმუნი.

„ჭეშმარიტების გულისთვის“ ამხედრებული მეფე

11. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე ჭეშმარიტების გულისთვის?

11 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:4. იესო, მებრძოლი მეფე, ომს იმ მიზნით არ მართავს, რომ ტერიტორიები დაიპყროს და ხალხი დაიმონოს; მას სამართლიანი და კეთილშობილი მიზნები ამოძრავებს. ის ამხედრებულია „ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის“. ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ხომ იეჰოვას უზენაესობის საკითხია და ამ ჭეშმარიტებას უდავოდ სჭირდება დაცვა. სატანამ სადავო გახადა იეჰოვას მმართველობის უფლება, როდესაც მის წინააღმდეგ ამხედრდა. იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვას უზენაესობა ანუ მთავარი ჭეშმარიტება, დემონებმა და ადამიანებმა საკამათოდ აქციეს. ახლა კი დადგა დრო, რომ იეჰოვას ცხებულმა მეფემ ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცოს ეს ჭეშმარიტება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია.

12. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე თავმდაბლობის გულისთვის?

12 ქრისტე აგრეთვე ამხედრებულია „თავმდაბლობის გულისთვის“. ღვთის მხოლოდშობილმა ძემ თავმდაბლობისა და მამის  უზენაესობისადმი მორჩილების უბადლო და გასაოცარი მაგალითი დაგვიტოვა (ეს. 50:4, 5; იოან. 5:19). მეფის ყველა ერთგული ქვეშევრდომი მის მაგალითს უნდა მიჰყვეს და ყველაფერში თავმდაბლად დაემორჩილოს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ვინც ასე მოიქცევა, ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში დასახლდება (ზაქ. 14:16, 17).

13. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე სიმართლის გულისთვის?

13 ქრისტე „სიმართლის გულისთვისაც“ არის ამხედრებული. სიმართლე, რასაც მეფე იცავს, არის „ღვთის სიმართლე“ — იეჰოვას მოთხოვნები სწორსა და არასწორთან დაკავშირებით (რომ. 3:21; კან. 32:4). ამ მეფის, იესო ქრისტეს, შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „სიმართლისთვის იმეფებს მეფე“ (ეს. 32:1). იესოს მმართველობა საფუძველს ჩაუყრის „ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). თითოეული ადამიანი, ვინც ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, უნდა შეესაბამებოდეს იეჰოვას მოთხოვნებს (ეს. 11:1—5).

მეფე „შიშის მომგვრელ საქმეებს“ აკეთებს

14. როგორ მოიმოქმედებს ქრისტეს მარჯვენა „შიშის მომგვრელ საქმეებს“? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

14 ცხენზე ამხედრებულ მეფეს გვერდზე მახვილი აქვს შებმული (ფსალმ. 45:3). დადგება დრო, როცა ის თავის მარჯვენას ჩასჭიდებს მახვილს და საბრძოლველად მომართავს. ფსალმუნების დამწერმა იწინასწარმეტყველა, რომ მეფის მარჯვენა „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებდა (ფსალმ. 45:4). როდესაც ცხენზე ამხედრებული იესო ქრისტე იეჰოვას განაჩენს აღასრულებს არმაგედონში, ის მტრების წინააღმდეგ „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებს. ჩვენთვის უცნობია, როგორი სახით გაანადგურებს იესო სატანის ქვეყნიერებას; მაგრამ ის ვიცით, რომ მისი მოქმედება შიშის ზარს დასცემს დედამიწის მკვიდრთ, მათ, ვინც ყურად არ იღო გაფრთხილება და არ დაემორჩილა მეფის მმართველობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:11, 12). როდესაც იესო აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, ასეთი რამ თქვა: „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა“. შემდეგ დასძინა: „მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს“ (ლუკ. 21:26, 27).

15, 16. ვინ იბრძოლებს „ზეციერ ლაშქარში“ ქრისტესთან ერთად?

15 წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია მეფეზე, რომელიც „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით“ მოდის განაჩენის აღსასრულებლად. ეს მოვლენა ამ წიგნში შემდეგნაირად არის აღწერილი: „ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება. ის სიმართლით ასამართლებს და სიმართლით იბრძვის . . . მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი. მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს, და რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ. ის წნეხს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის მძვინვარების საწნახელსაც“ (გამოცხ. 19:11, 14, 15).

16 ვინ იბრძოლებს ქრისტეს „ზეციერ ლაშქარში“ მასთან ერთად? როდესაც იესომ პირველად შეიბა მახვილი და ზეციდან სატანა და მისი დემონები განდევნა, მის გვერდით „მისი ანგელოზები“ იბრძოდნენ (გამოცხ. 12:7—9). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ არმაგედონის ომში ქრისტეს ლაშქარში ანგელოზები იბრძოლებენ. საინტერესოა, ამ ბრძოლაში კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას. იესო თავის ცხებულ ძმებს დაჰპირდა: „მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“  (გამოცხ. 2:26, 27). აქედან გამომდინარე, ქრისტეს ზეციერ ლაშქარში ცხებული ძმებიც იბრძოლებენ, რომლებსაც ზეციერი ჯილდო ექნებათ მიღებული. ქრისტეს ცხებული თანამმართველები იქნებიან მის გვერდით, როცა ის „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებს და რკინის კვერთხით დამწყემსავს ერებს.

მეფე სრულად იპყრობს

17. ა) რისი სიმბოლოა თეთრი ცხენი, რომელზეც ამხედრებულია ქრისტე? ბ) რას წარმოადგენს მახვილი და მშვილდი?

17 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:5. თეთრი ცხენი, რომელზეც ამხედრებულია მეფე, ომის სიმბოლოა, ომისა, რომელიც სამართლიანია იეჰოვას თვალში (გამოცხ. 6:2; 19:11). მეფეს მახვილის გარდა მშვილდიც აქვს, რის შესახებაც შემდეგი ბიბლიური მუხლიდან ვიგებთ: „გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. მახვილიცა და მშვილდიც ის სიმბოლური საშუალებებია, რომლებსაც ქრისტე მტრებზე განაჩენის აღსასრულებლად გამოიყენებს.

დედამიწის გასასუფთავებლად ფრინველებს მოუხმობენ (იხილეთ მე-18 აბზაცი)

18. როგორ დამტკიცდება, რომ ქრისტეს „ისრები“ „ბასრია“?

18 ფსალმუნის დამწერმა წინასწარმეტყველება პოეტური ენით წარმოთქვა: „შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა; შენ ფეხქვეშ ეცემიან“. ბრძოლის ველი მთელ დედამიწაზე გაიშლება. როგორც იერემიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ, „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერ. 25:33). ამ მოვლენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველება ასეთ რამეს გვაუწყებს: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“» (გამოცხ. 19:17, 18).

19. როგორ ისწრაფებს ქრისტე წარმატებისკენ და როგორ დაიპყრობს სრულად?

19 სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ ქრისტე წარმატებისკენ ისწრაფებს თავისი სიდიადით (ფსალმ. 45:4). ის სრულად დაიპყრობს ანუ სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის; ისინი იქ მთელი მისი ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში იქნებიან სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში (გამოცხ. 20:2, 3). ადამიანები გათავისუფლდებიან სატანის მარწუხებისგან და ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ დაემორჩილონ თავიანთ გამარჯვებულ და დიდებულ მეფეს. თუმცა სანამ ისინი დედამიწის სამოთხის ბაღად გადაქცევას იხილავენ, მათ კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ, რომ გაიხარონ თავიანთ მეფესთან და მის ზეციერ თანამმართველებთან ერთად. ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.