წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2014

იეჰოვა მზრუნველი და მფარველი ღმერთი

იეჰოვა მზრუნველი და მფარველი ღმერთი

„რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმ. 91:14).

1, 2. როგორი განსხვავებული ოჯახური მდგომარეობები აქვთ ზოგადად ადამიანებს და როგორ განვსხვავდებით „სულიერი წარმომავლობით“?

ოჯახის ინსტიტუტს იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი (ეფეს. 3:14, 15). თუმცა ერთ ოჯახში აღზრდილ ადამიანებსაც კი შეიძლება განსხვავებული ხასიათი და თვისებები ჰქონდეთ. თქვენ შეიძლება დაბადებიდან მშობლები გვერდიდან არ მოგცილებიან. სამწუხაროდ, სხვებს შესაძლოა მშობლები ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევის გამო უდროოდ გამოეცალა ხელიდან. ზოგმა ისიც კი არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები.

2 იეჰოვას ხალხშიც, ღვთის თაყვანისმცემელთა ამ დიდ ოჯახშიც განსხვავებული „სულიერი წარმომავლობის“ ადამიანებს მოუყრია თავი. შესაძლოა თქვენ, როგორც იტყვიან, ჭეშმარიტებაში აღიზარდეთ და გვერდით გყავდათ მშობლები, რომლებიც ღვთიურ პრინციპებს გინერგავდნენ (კან. 6:6, 7). ან შეიძლება როგორც ბევრმა სხვა ათასმა, ჭეშმარიტება რომელიმე იეჰოვას მოწმისგან გაიგეთ (რომ. 10:13—15; 1 ტიმ. 2:3, 4).

3. რა საერთო გვაქვს ყველას?

3 ზემოთ მოხსენიებული განმასხვავებელი ფაქტორების მიუხედავად, ადამიანებს მაინც გვაქვს რაღაც საერთო. ყველანი ვიმკით ადამის ურჩობის შედეგებს და ყველას გვერგო მემკვიდრეობად არასრულყოფილება, ცოდვა და სიკვდილი (რომ. 5:12). ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, უფლება  გვაქვს, მართებულად ვუწოდოთ იეჰოვას „ჩვენი მამა“. ესაიას 64:8-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, თუ როგორ მიმართავდა ძველად ღვთის რჩეული ხალხი ღმერთს: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!“. უფრო მეტიც, როცა იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა, მან ლოცვა ასე დაიწყო: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9).

4, 5. რომელ საკითხებზე მსჯელობა დაგვეხმარება ჩვენი ზეციერი მამისადმი მადლიერების გაღრმავებაში?

4 ჩვენი ზეციერი მამა გვიცავს და მზრუნველობას არ გვაკლებს, როცა მის სახელს რწმენით მოვუხმობთ. ფსალმუნების დამწერი გადმოგვცემს იეჰოვას სიტყვებს: „რადგან [ჭეშმარიტმა თაყვანისმცემელმა] შემიყვარა, მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმ. 91:14). დიახ, ღმერთი მართლაც სიყვარულით ზრუნავს თავის ხალხზე და იცავს მათ ავისმზრახველთა ხელიდან, რათა არ განადგურდნენ.

5 იმისათვის, რომ გავიღრმავოთ მადლიერება ჩვენი ზეციერი მამისადმი, მოდი განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: 1) იეჰოვა მზრუნველი მამაა, 2) ის მფარველი ღმერთია და 3) ღმერთი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ამ საკითხებზე მსჯელობა დაგვეხმარება, ჩავუფიქრდეთ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია მისთვის პატივის მიგება. ჩვენთვის სასარგებლო იქნება აგრეთვე იმ კურთხევებზე დაფიქრება, რომელსაც ღმერთი არ იშურებს მათთვის, ვინც მას უახლოვდება.

იეჰოვა უზომოდ მზრუნველი ღმერთია

6. რომელია ის ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა გვიმტკიცებს, რომ „ყოველი კარგი ძღვნის“ მბოძებელია?

6 მოწაფე იაკობმა დაწერა: „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკ. 1:17). სიცოცხლე თავისთავად დიდებული საჩუქარია იეჰოვასგან (ფსალმ. 36:9). თუ ცხოვრებას ღვთის ნების შესრულებას მივუძღვნით, დღესვე საკუთარ თავზე გამოვცდით უამრავ კურთხევას, ხოლო მომავალში ახალ ქვეყნიერებაში მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ (იგავ. 10:22; 2 პეტ. 3:13). მაგრამ ჩნდება ასეთი აზრი: დღეს ხომ ყველანი ადამის ცოდვის შედეგებს ვიმკით? ამიტომ რამდენად რეალურია ასეთი საოცარი კურთხევების მიღება ჩვენთვის?

7. როგორ გადმოდგა პირველი ნაბიჯი იეჰოვამ ჩვენკენ?

7 იეჰოვა მართლაც უზომოდ მზრუნველი ღმერთია; აურაცხელია მისი სიკეთე ჩვენდამი. სწორედ მისი წყალობაა ის, რომ ხსნის უდიდესი იმედი გაგვაჩნია. ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და პირველი მიწიერი მამისგან ყველას არასრულყოფილება გვერგო „ანდერძად“ (რომ. 3:23). თუმცა იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და მან თავად გადმოდგა პირველი ნაბიჯი ჩვენკენ, რათა დავეახლოებინეთ თავისთან. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოან. 4:9, 10).

8, 9. როგორ დაადასტურა იეჰოვამ აბრაამისა და ისაკის შემთხვევაში, რომ უზომოდ მზრუნველი ღმერთი იყო? (იხილეთ სურათი მე-16 გვერდზე)

8 ძვ. წ. მე-19 საუკუნეში მომხდარმა ერთმა შემთხვევამ ცხადი გახადა, თუ როგორ გამოავლენდა იეჰოვა სიყვარულსა და მზრუნველობას მორჩილი ადამიანების მიმართ, რათა მათ მარადიულად ეცხოვრათ. ებრაელების 11:17—19-ში ვკითხულობთ: «რწმენით აბრაამი, როცა გამოიცადა, ისაკს სწირავდა. კაცი, რომელმაც სიხარულით მიიღო დანაპირები, მხოლოდშობილ ძეს სწირავდა, თუმცა ღმერთს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“. მას მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი და დაიბრუნა კიდეც სიკვდილიდან და ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა». აქედან გამომდინარე, რთული არაა პარალელის გავლება. იეჰოვა ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე  კაცთა მოდგმის სახსნელად გაიღო (წაიკითხეთ იოანეს 3:16, 36).

9 წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ისაკი, ცოცხალი რომ გადარჩებოდა! ის უდავოდ მადლიერი იქნებოდა ღვთისა, რომელმაც მის ნაცვლად მსხვერპლშესაწირი ვერძი გამოაჩინა იქვე ბუჩქებში (დაბ. 22:10—13). ამიტომ ამ ადგილს მართებულად ეწოდა „იეჰოვა-ირე“, რაც ნიშნავს „იეჰოვა იზრუნებს“ (დაბ. 22:14, სქოლიო).

ღმერთთან შესარიგებელი გზა

10, 11. ვინ ხელმძღვანელობს „შერიგების მსახურებას“ და როგორ აკეთებენ ისინი ამას?

10 როდესაც ვფიქრობთ, თუ რა დიდად მზრუნველია ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, მადლიერების გრძნობით განმსჭვალულნი ვაღიარებთ იესო ქრისტეს მნიშვნელოვან როლს. პავლე მოციქულიც აცნობიერებდა ამას და ამიტომაც დაწერა: „ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:14, 15).

11 პირველმა ქრისტიანებმა სიხარულით მიიღეს „შერიგების მსახურება“, რადგან უყვარდათ ღმერთი და დიდად მადლიერნი იყვნენ, რომ წილად ხვდათ ღვთის მსახურების განუზომელი პატივი. მათმა ქადაგებამ და მოწაფეების მომზადების საქმემ ალალ-მართალ ადამიანებს გზა გაუხსნა, რომ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინათ, მასთან მეგობრობის სიხარული განეცადათ და საბოლოოდ მისი სულიერი შვილები გამხდარიყვნენ. დღეს იეჰოვას ცხებული მსახურებიც იმავე საქმეს ასრულებენ. მათი, როგორც ღვთისა და ქრისტეს ელჩების, საქმიანობა შესაძლებლობას აძლევს სუფთა გულის ადამიანებს, რომ ღმერთმა მიიზიდოს ისინი და მისი თაყვანისმცემლები გახდნენ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:18—20; იოან. 6:44; საქ. 13:48).

12, 13. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ არაერთი ძღვნისთვის?

12 მიწიერი იმედის მქონე ყველა ქრისტიანი ძალიან აფასებს იეჰოვას მზრუნველობას და ცხებულ ქრისტიანებთან ერთად მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმეში. ამ საქმის შესასრულებლად ჩვენ ვიყენებთ ბიბლიას, რომელიც ღვთის კიდევ ერთი ჩინებული საჩუქარია (2 ტიმ. 3:16, 17). თუ ღვთივშთაგონებულ სიტყვას მსახურებაში ოსტატურად გამოვიყენებთ, ადამიანებს მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას მივცემთ. ამ საქმეში რომ ხელი მოგვემართოს, თითოეული ჩვენგანი მინდობილნი ვართ იეჰოვას წმინდა სულზე; წმინდა სული ღვთის კიდევ ერთი საჩუქარია (ზაქ. 4:6; ლუკ. 11:13). სამქადაგებლო საქმიანობის გასაოცარი შედეგების შესახებ „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულის“ თითოეული გამოცემაც მოწმობს. რაოდენ დიდი პატივი გვხვდა წილად, მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმეში, რათა განვადიდოთ ]ჩვენი ზეციერი მამა და მზრუნველი ღმერთი!

13 მოდი მხედველობაში მივიღოთ ღვთის მიერ გამოვლენილი ყველა სიკეთე და დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: ვაკეთებ ყველაფერს მსახურებაში, რომ იეჰოვას დავუმტკიცო, თუ რა ძლიერ ვაფასებ მის სიკეთეს? რა მხრივ შემიძლია გავუმჯობესდე, რომ უფრო წარმატებული მქადაგებელი გავხდე? ღვთის არაერთი დიდებული ძღვნის მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ცხოვრებაში პირველ ადგილს დავუთმობთ სამეფოს საქმეს. ასეთ შემთხვევაში იეჰოვა ჩვენს საჭიროებებზეც იზრუნებს (მათ. 6:25—33). ღმერთს ვუყვარვართ და ის ზრუნავს ჩვენზე, ამიტომ ძალიან გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერი გავაკეთოთ მისი გულის გასახარად (იგავ. 27:11).

14. როგორ ევლინებოდა იეჰოვა თავის ხალხს მხსნელად?

14 ფსალმუნების დამწერი დავითი მღეროდა: „მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ. იეჰოვა იფიქრებს ჩემზე. შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმ. 40:17). იეჰოვა არაერთხელ მოვლენია თავის ხალხს მხსნელად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სასტიკად დევნიდნენ და მათი საქმიანობის შეჩერებას ცდილობდნენ. დიდად მადლიერნი ვართ ღვთისა, როცა ის ასეთ დროს გვეხმარება და სულიერ მზრუნველობას არ გვაკლებს.

 იეჰოვა გვმფარველობს

15. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ იცავს მზრუნველი მამა თავის შვილს.

15 შვილებზე გადაგებული მამა არა მარტო ზრუნავს შვილებზე, არამედ იცავს მათ და მყისვე არიდებს საფრთხეებს. ერთხელ ერთმა ძმამ გაიხსენა ბავშვობაში მომხდარი ერთი შემთხვევა. ის და მამამისი მსახურებიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გზად პატარა მდინარე უნდა გაევლოთ. დილით ძლიერი წვიმა მოსულიყო და წყალი საშიშად ადიდებულიყო. მამა-შვილს ისღა დარჩენოდა, რომ ქვიდან ქვაზე უნდა გადამხტარიყვნენ. ბიჭი წინ მიდიოდა, მამა — უკან. უცებ ბიჭს ფეხი დაუსხლტა და ადიდებულ წყალში ჩავარდა. მამამ ხელი სტაცა შვილს და წყლიდან ამოიყვანა. ასე გადაარჩინა თავისი შვილი დახრჩობას. ჩვენი ზეციერი მამაც ასე გვიხსნის ამ ბოროტი ქვეყნიერების ბობოქარი მორევიდან და მისი მმართველის, სატანა ეშმაკის კლანჭებიდან. იეჰოვა უდავოდ შეუდარებელია ამ მხრივ. დიახ, ხალხები ვერც კი იოცნებებენ მისნაირ მფარველზე (მათ. 6:13; 1 იოან. 5:19).

16, 17. როგორ ეხმარებოდა და მფარველობდა იეჰოვა ისრაელებს ამალეკელების წინააღმდეგ ბრძოლაში?

16 ბიბლია გვატყობინებს, რომ ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა და წითელი ზღვა სასწაულებრივად, უსაფრთხოდ გაატარა. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, რომ ღმერთს უყვარდა თავისი ერი და იცავდა მათ. ისრაელმა სინას მთის გავლით გადაკვეთა უდაბნო და ჩავიდა რეფიდიმში.

17 თუ გავითვალისწინებთ დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, სატანა იმ დროს ალბათ საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა; ის ხომ შანსს ეძებდა, თავს დასხმოდა დაუცველ ისრაელებს და დაესხა კიდეც! მან ამისათვის ამალეკელები გამოიყენა. ამალეკელები ღვთის ხალხის დაუძინებელი მტრები იყვნენ (რიცხ. 24:20). მოდი ვნახოთ, რა გააკეთა იეჰოვამ და როგორ გამოიყენა 4 ერთგული ადამიანი — იესო ნავეს ძე, მოსე, აარონი და ხური. იმ დროს, როცა იესო ნავეს ძე ამალეკელებს ებრძოდა, მოსე,  აარონი და ხური შორიახლოს იდგნენ გორაზე. როცა მოსე ხელებს მაღლა სწევდა, ბრძოლაში უპირატესობა ისრაელების მხარეზე გადადიოდა. ბიბლიაში წერია, რომ ბრძოლის დროს მოსეს ხელები დაუმძიმდა და აარონი და ხური შეეშველნენ მას; მათ მისი ხელები ეჭირათ. სწორედ იეჰოვას დახმარებით და მფარველობით „დაამარცხა იესო ნავეს ძემ ამალეკი და მისი ხალხი“ (გამ. 17:8—13). ამ ადგილას მოსემ სამსხვერპლო ააგო და მას „იეჰოვა-ნისი“ უწოდა, რაც ნიშნავს „იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“ (წაიკითხეთ გამოსვლის 17:14, 15, სქოლიო).

სატანის კლანჭებიდან დახსნილნი

18, 19. როგორ იცავს ღმერთი დღეს თავის ხალხს?

18 იეჰოვა იცავს მათ, ვისაც უყვარს ის და ემორჩილება მას. ისრაელების მსგავსად, რომლებიც რეფიდიმში ამალეკელებს ებრძოდნენ, ჩვენც იეჰოვას იმედად ვართ და ხსნას მისგან მოველით. მას არაერთხელ დავუცვივართ როგორც ჯგუფი და დღესაც გვიცავს სატანის კლანჭებიდან. გაიხსენეთ, რამდენჯერ დაიცვა ღმერთმა ჩვენი და-ძმები, რომლებიც ერთგულად იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება 1930—1940-იან წლებში მომხდარი შემთხვევებიდან. ეს ის პერიოდია, როცა ნაცისტები მართავდნენ გერმანიას და ზოგიერთ ქვეყანას. ბიოგრაფიებსა და წელიწდეულებში მოთხრობილი შემთხვევების კითხვა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ იცავდა ღმერთი თავის ხალხს დევნების დროს, გაგვიძლიერებს იეჰოვასადმი, ჩვენი თავშესაფრისადმი ნდობას (ფსალმ. 91:2).

იეჰოვას შეუძლია თანაქრისტიანების მეშვეობით დაგვეხმაროს, რომ ერთგულები დავრჩეთ ძნელბედობის ჟამს (იხილეთ მე-18—20 აბზაცები)

19 იეჰოვას ორგანიზაციისა და პუბლიკაციების მეშვეობით ვიღებთ საჭირო შეხსენებებს, რომლებიც ჩვენს დაცვას ემსახურება. თუ შეიძლება წამით დაფიქრდით, როგორ გვეხმარება ეს შეხსენებები. რაც დრო გადის, ქვეყნიერება უფრო და უფრო იძირება აღვირახსნილობისა და პორნოგრაფიის ჭაობში; იეჰოვა კი დროულად გვაწვდის რჩევებს და გვეხმარება, თავი ავარიდოთ ზნეობრივ საფრთხეებს. მაგალითად, გვაძლევს მამა-შვილურ რჩევებს, რომ არ გავერიოთ ცუდ საზოგადოებაში, რომელსაც შესაძლოა სოციალური ქსელების არასწორად გამოყენების დროს გადავეყაროთ * (1 კორ. 15:33).

20. როგორ გვხელმძღვანელობენ და გვიცავენ ქრისტიანულ კრებაში?

20 როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას მიერ ვართ განსწავლულნი? ამას იმით ვაჩვენებთ, თუ მთელი გულისყურით გავითვალისწინებთ მის მითითებებს (ეს. 54:13). ჩვენს უსაფრთხო „ნავსაყუდელში“, კრებაში, საუკეთესოდ გვხელმძღვანელობენ და თავს დაცულად ვგრძნობთ; კრებაში მსახურობენ ერთგული ძმები, უხუცესები, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან და ბიბლიური პრინციპებით გვმოძღვრავენ (გალ. 6:1). იეჰოვას სათუთი ზრუნვის დასტური სწორედ რომ კრებებში დანიშნული უხუცესები არიან; მათ ბიბლია უწოდებს „ძღვენს ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:7, 8). რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ძმების მიმართ? სიხარულით უნდა დავემორჩილოთ მათ, რადგან ამას ღვთის კურთხევები სდევს თან (ებრ. 13:17).

21. ა) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? ბ) რომელი საკითხის განხილვას დაეთმობა შემდეგი სტატია?

21 დაე, ყოველთვის წმინდა სულმა გვიხელმძღვანელოს და ამგვარად მივყვეთ ჩვენი ზეციერი მამის ხელმძღვანელობას. დავფიქრდეთ იმაზეც, თუ უმწიკვლობის რა მაგალითი დაგვიტოვა მისმა ძემ, ქრისტე იესომ და ერთგულად მივსდიოთ მის ნაკვალევს. მორჩილების საზღაურად იესომ უდიდესი კურთხევა მიიღო (ფილ. 2:5—11). თუ მთელი გულით მივენდობით იეჰოვას, ის ჩვენც გვაკურთხებს (იგავ. 3:5, 6). ამიტომ მოდი, ყოველთვის გვქონდეს მიპყრობილი მზერა იეჰოვასკენ, უბადლოდ მზრუნველი და მფარველი ღვთისკენ. ჭეშმარიტად უზარმაზარი პატივია ღვთის მსახურება! ჩვენი ღვთისადმი სიყვარული გაიზრდება, თუ ჩავუფიქრდებით იმ მესამე ფაქტორს, რომელიც აჩვენებს, თუ რაოდენ მზრუნველი და მოსიყვარულეა ღმერთი. ეს მესამე ფაქტორი იეჰოვასთან მეგობრობაა. სწორედ ამ თემას დაეთმობა მომდევნო სტატია.

^ აბზ. 19 ამგვარი შეხსენებები მოცემულია 2011 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში სახელწოდებით „ინტერნეტი — გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელი“, გვერდები 3—5 და 2012 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში „უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!“ და „მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!“, გვერდები 20—29.